ნაციონალები საკუთარი ხელით დანგრეული ეკონომიკისთვის პასუხს ივანიშვილს სთხოვენ

ნაციონალები საკუთარი ხელით დანგრეული ეკონომიკისთვის პასუხს ივანიშვილს სთხოვენ

ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ აჟიოტაჟის ატეხვა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პიარკამპანიის მუდმივი ატრიბუტი გახდა. სავარაუდოდ, რაც უფრო მოახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები, ქვეყნის ეკონომიკის შავ-ბნელ ფერებში დახატვა ყოფილი ხელისუფლების მთავარი ამოცანა გახდება. საარჩევნო კამპანიის ბუნებიდან გამომდინარე, ამომრჩევლის განწყობაზე ზემოქმედებისთვის ეკონომიკურ და სოციალურ თემებს გამოიყენებენ სხვა პოლიტიკური პარტიებიც.

ქვეყნის ეკონომიკა რომ რთულ მდგომარეობაშია, ეს ხელისუფლებამაც კარგად იცის, თუმცა, ამ ეტაპზე, ძნელი სათქმელია, რამდენად ქმედით ღონისძიებებს ატარებს მთავრობა.

რატომ აღმოჩნდა ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაში, ამის ასახსნელად, შესაძლოა, არსებობს სუბიექტური ფაქტორებიც, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ობიექტური მიზეზები სჭარბობს და ეკონომისტებმაც მშვენივრად იციან, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაცია, პირველ რიგში, ეკონომიკაზე აისახება.

არც ის არის ვინმესთვის სიახლე, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებამდე როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ბიზნესმენები მოლოდინის რეჟიმში არიან და ინვესტიციის განხორციელებას მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვეტენ, რაც პოლიტიკური სტაბილურობის შეგრძნება გაუჩნდებათ.

ამჯერად აჟიოტაჟის მიზეზი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაცია, გახდა, რომლის თანახმადაც 2013 წლის მეორე კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 1,3%, ხოლო პირველი ექვსი თვის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 1,8% შეადგინა.

საქართველოს მთავრობის მრჩეველი გია ხუხაშვილი თვლის, რომ საპრეზიდენტო კამპანია დაიწყო და ეს ის თემაა, რომელზეც მიიჩნევენ, რომ მისი დრამატიზება უნდა მოხდეს. ხუხაშვილი ოპონენტებს ურჩევს, „წიწილები შემოდგომაზე დაითვალონ“.

„თამაშის წესები ასეთია. მათ მაქსიმალურად უნდა გაამუქონ ყველაფერი. ეს მონაცემები, რა თქმა უნდა, სასიამოვნო და კარგი არ არის, მაგრამ ვფიქრობ, ყველაფერი დასტაბილურდება და უახლოეს მომავალში სურათი რადიკალურად შეიცვლება“, - აცხადებს ხუხაშვილი.

წინასწარი შეფასებით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლმა მიმდინარე წლის ივნისში - 0.8% შეადგინა. რაც შეეხება მიმდინარე წლის გასულ თვეებს, აპრილში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 4,6%, მაისში კი 0,2% იყო.

ექსპერტ დემურ გიორხელიძის შეფასებით, სტატისტიკის სამსახურის მონაცემები ადასტურებს, რომ ეკონომიკური აქტივობა იანვრიდან ძალიან დაცემულია და ეკონომიკაში კარგი მდგომარეობა არ არის, მაგრამ ის, რაც დღეს საქართველოს ეკონომიკას სჭირს, ოპოზიციის ნახელავია.

„ის სიმახინჯე, რასაც „ნაცმოძრაობის“ ეკონომიკური ზრდა ერქვა, არ შეიძლებოდა, გაგრძელებულიყო, ის იყო ბლეფი. ის ეკონომიკა ნელ-ნელა ინგრევა. ცხადია, ამ ნგრევის პროცესში ზრდის ტემპები მაღალი ვერ იქნება, მაგრამ 2013 წელი მოსამზადებელია ყველა მხრივ, რომ ჩვენ შემდეგი წლიდან ეკონომიკური ზრდა მივიღოთ. შედეგები ნამდვილად ცუდია, მაგრამ არა - საგანგაშო“, - აცხადებს გიორხელიძე. რომელიც თვლის, რომ ამ ყველაფერში საბანკო სექტორიც არანაკლებ სცოდავს.

მისივე შეფასებით, „ადამიანებს არ შეუძლიათ დაიწყონ საქმიანობა, რადგან ქვეყანა ბანდიტური საბანკო სისტემის ხელშია. არაფერი გასაკვირი არ არის. ცხადია, ნულოვანი ზრდა მაისში და მინუს 0,8 პროცენტი ივნისში მიანიშნებს იმაზე, რომ ეკონომიკა სერიოზული პრობლემების წინაშეა და ამის თაობაზე რამდენიმე დღის წინ შეხვედრაზე ვესაუბრე პრემიერს. ასევე, თვეებია, ვაფრთხილებ მთავრობას“, - აცხადებს გიორხელიძე.

ეკონომიკაში არსებულ ვითარებას საგანგაშოს უწოდებს ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე, რასაც მთავრობის პრობლემებისადმი არასწორი და ზერელე მიდგომით ხსნის.

„ამ მიდგომების შედეგად მივიღეთ სურათი, რომ ტენდენციურად კლებადია მშპ, დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და საგადასახადო შემოსავლები სახელმწიფო ბიუჯეტში. როდესაც ეკონომიკური კლება ტენდენციის ხასიათს იღებს, ეს უკვე გადამჭრელი ზომების მიღების საფუძველია“, - აცხადებს კალანდაძე.

მისივე განცხადებით, არაერთხელ მიუთითა ხელისუფლებას ანტიკრიზისული გეგმის შემუშავების შესახებ, თუმცა უარი მიიღო.

გია ხუხაშვილი „საქსტატის“ მონაცემებს საგანგაშოდ და დრამატულად არ მიიჩნევს. როგორც ხუხაშვილი ამბობს, ეს არ არის სისტემური პრობლემა, დროებითი შეფერხებებია, რომელიც მალე დასტაბილურდება.

სტატისტიკურ მონაცემებს, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობაც“ გამოეხმაურა. დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე ხელისუფლებას ურჩევს, „სირაქლემას პოზაში“ ყოფნას თავი დაანებოს და ეკონომიკურ პრობლემებს თვალი გაუსწოროს. მისი შეფასებით, ეკონომიკაში გაჯანსაღების ნაცვლად გაუარესების ტენდენციები აღინიშნება.

„ეს ნიშნავს, რომ მთავრობის მხრიდან ეკონომიკურ პრობლემებზე თვალის დახუჭვამ და სირაქლემას პოზაში ყოფნამ არ გაამართლა. ეს ნიშნავს, რომ დღეს გაცილებით მეტ საქართველოს მოქალაქეს უჭირს, ვიდრე უჭირდა ერთი წლის წინ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შევედით ერთგვარ ნეგატიურ სპირალში, საიდანაც გამოსვლა ძალიან რთული იქნება“, - აცხადებს ჯაფარიძე.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“, შესაძლოა, თავის დროზე მსოფლიო ბანკიც დაარწმუნა, რომ მისი მმართველობის პერიოდში ეკონომიკური ზრდის ორნიშნა მაჩვენებელს მიაღწია, მაგრამ საქართველოს მოქალაქეების კეთილდრეობაზე ეს მაჩვენებლები არ ასახულა. ჯერ კიდევ შარშან სააკაშვილი საკუთარ მოსახლეობას არწმუნებდა, რომ მოთმინებით შეხვედროდნენ გაზრდილ ეკონომიკურ მაჩვენებლებს, რადგან ეს მათ ყოფაზე მოგვიანებით აისახებოდა. უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის კი ხან სიღარიბის დაძლევის, ხან დასაქმების პროგრამებით „უადვილებდა“ ხალხს ბედნიერი ცხოვრების მოლოდინს. ბოლოს კი ვანო მერაბიშვილის მეთაურობით, 1000-ლარიანი ვაუჩერებით აპირებდნენ მათი სიღატაკის შემსუბუქებას. ასე რომ, როდესაც ნაციონალები ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობენ უმჯობესია საკუთარი „რეფორმები“ გაიხსენონ.

გია ხუხაშვილის განმარტებით, ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელებას კი თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები აქვს.

„ის სისტემა, ეკონომიკური კონსტრუქცია, რომელიც სააკაშვილმა შექმნა, ე.წ. ნომენკლატურული კაპიტალისტური ურთიერთოებები მთლიანად, სისტემურად შესაცვლელი იყო. ამას სჭირდებოდა გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოები. რეორგანიზაციის დროს გარკვეული შეფერხებები ყოველთვის არის. როდესაც ეკონომიკის სისტემური რეორგანიზაცია მიმდინარეობს, ასეთი ტიპის შეფერხებები, სამწუხაროდ, გარდაუვალია. პირდაპირ ვერ დავიწყებდით იმ წერტილიდან, რა წერტილშიც მოვედით ხელისუფლებაში, იმიტომ, რომ ჩვენ მივიღეთ აბსოლუტურად მონოპოლიზებული, არაკონკურენტული, მაღალი პოლიტიკური რისკების შემცველი ეკონომიკა. იმისთვის, რომ რამე ააშენო, რამე ჯანსაღი და კარგი, არასწორად აშენებულის ნგრევა გიწევს. ნგრევის პერიოდში, პარალელურად შენება ძალიან ძნელია. ნგრევის პროცესი დაახლოებით, დასრულდა და ახლა დაიწყება შენება. ასე რომ, არაფერი დრამატული არ ხდება. თქვენც ნახავთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, - აცხადებს ხუხაშვილი.

ასე რომ, საზოგადოებას დიდხანს ლოდინი არ მოუწევს, რაკი შენების პროცესი დაწყებულია, იმედია ხალხი ახლა უკვე საკუთარ თავზე გამოცდის წარმატებებს და ეკონომიკური მაჩვენებლებიც წინა ხელისუფლების მსგავსად, მხოლოდ მედიაში მოსმენილი ინფორმაციით არ გახდება მისთვის ცნობილი.