პრეზიდენტის პოსტის დატოვების შემდეგ, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს წინაშე წარდგეს. პრემიერ-მინისტრი ბელგიურ გამოცემა Euobserver-სთან ინტერვიუში არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილი სასამართლოს წინაშე მას შემდეგ წარდგეს, რაც მას იმუნიტეტი მოეხსნება.
„პოლიტიკურად, ამის სურვილი არ მაქვს, მაგრამ კანონის უზენაესობა ყველაზე ვრცელდება“, - აღნიშნავს ივანიშვილი, რომლის განცხადების პათოსსაც მმართველი გუნდის ლიდერები იზიარებენ და აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ყველა იმ უკანონობაზე უნდა აგოს პასუხი, რომელსაც ადგილი ცხრაწლიანი მმართველობის დროს ჰქონდა.
როგორც for.ge-ს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ განუცხადა, სასამართლოს წინაშე სააკაშვილის წარდგომა ძალიან ლოგიკური იქნებოდა.
მისი თქმით, სააკაშვილის იმპიჩმენტის პროცედურა ძალიან რთული და მიუღწეველი იქნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ამის ყველანაირი საფუძველი არსებობდა.
„სასამართლოსა და პარლამენტში არსებულ რეალობაში ამის წამოწყება რთული იქნებოდა, მაგრამ როცა სააკაშილი პრეზიდენტი აღარ იქნება, მან, როგორც რიგითმა მოქალაქემ პასუხი უნდა აგოს კანონდარღვევებსა და ყველა იმ უსამართლობაზე, რომელიც მისი ხელისუფლების პირობებში იყო. სამწუხაროდ, ის ამ რეჟიმის ხელმძღვანელი იყო და ამ საკითხში არანაირი პოლიტიკური მოტივი არ არსებობს. ყველას მიეზღვება ის, რაც მან თავისი საქმიანობით დათესა და დატოვა“, - აცხადებს ვიცე-სპიკერი.
საკითხზე საუბრისას, მანანა კობახიძე იმ საქმეებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელზეც ქვეყნის პირველ პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.
„მან 2008 წლის აგვისტოს მოვლენებზეც უნდა აგოს პასუხი, რადგან მაშინ ის იყო პრეზიდენტი და მშვიდობიანი მოსახლეობის გამოყვანაზე პასუხისმგებლობა მას ჰქონდა. ამას გარდა, მას პასუხი მოეთხოვება - 26 მაისის, 7 ნოემბერის, გირგვლიანისა და აფრასიძეების საქმეზე, რომელზეც მან ბრძანება პირადად გასცა და იყო თუ არა ამ ადამიანების ლიკვიდიაცია მისი განკარგულება, ეს უნდა გაირკვეს?! ის ნულოვანი ტოლერანტობის იდეით გამოვიდა და აცხადებდა, რომ ადამიანი ძალიან მცირე დანაშულზეც უნდა დასჯილიყო და პოლიციელებს ადამიანებისთვის ესროლათ. მან ამ რეჟიმს, ფაქტიურად, მწვანე გზა მისცა. ზემოთ აღნიშნული საქმეების გარდა, სააკაშვილმა კითხვებს პასუხები უნდა გასცეს ასევე ზურაბ ჟვანიას საქმეც, რომლის ძიება დასასრულისკენ არის წასული და დარწმუნებული ვარ, ამ საქმეშიც იქნება ის გარემოებები, რომელიც, შესაძლოა, სააკაშვილამდე მივიდეს. ხალხმა სიმართლე უნდა გაიგოს, თუმცა, ამ საქმეს დიდი კითხვის ნიშანი მაშინ დაესვა, როცა ამ ფაქტიდან რამდენიმე საათში, მერაბიშვილი გამოვიდა და ღიად თქვა, რომ ეს იყო „უბედური შემთხვევა“, მაშინ, როდესაც ექსპერტიზის დასკვნა არ არსებობდა. თუ ეს უბედური შემთხვევა იყო, მაშინ რატომ არ ხურავდნენ საქმეს და თუ არ იყო, მაშინ გამოძიება რატომ არ წავიდა წინ?!“, - აღნიშნავს დეპუტატი.
ევროინტერგაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ კანონზე მაღლა არცერთი ადამიანი არ დგას. შესაბამისად, კანონის წინაშე პასუხისმგებელია როგორც პრემიერი, ასევე პრეზიდენტი.
„თუ სამართლებრივ სახელმწიფოს ვაშენებთ, ამას უნდა დავემორჩილოთ. არ მომეწონება, რომ ჩემი ქვეყნის ნებისმიერი ლიდერი გისოსებს მიღმა აღმოჩნდეს და ეს არც ქვეყანას წაადგება, მაგრამ კანონი ყველაფერზე მაღლა დგას. თუ კანონის პატივისცემა არ დავამკვიდრეთ, აზრი არანაირ რეფორმას არ აქვს. თუ საქმეები გაჯერებული იქნება მტკიცებულებებით, იმ სულელურ განცხადებებს, რომელსაც აკეთებენ, აღარ დავიმსახურებთ. ევროპარლამენტსა და სტრასბურგში პირად საუბრებში მეუბნებიან, რომ „არ დავეძებთ მერაბიშვილი არის თუ არა დამნაშავე, ის არის პოლიტიკურად ბრალდებული“. ეს შეფასება კი, მე არ მაინტერესებს და ჩემთვის პირველი არის კანონი და შემდეგ დემოკრატიული ქვეყნის შენება“, - განუცხადა for.ge-ს დოლიძემ.
პრეზიდენტის მომავალ ბედზე საუბრისას, უმცირესობა აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არცერთი საქმის გამოძიება არ არის დაწყებული. შესაბამისად, მსგავსი განცხადებების გაკეთება არაკორექტულია.
როგორც for.ge-ს ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა, პრემიერის შეფასება, რომ „სააკაშვილი სასამართლოს წინაშე მას შემდეგ წარდგეს, რაც მას იმუნიტეტი მოეხსნება“ მინიშნებაა სამართალმცავების მისამართით - თუ როგორ უნდა წარმართონ საქმიანობა.
„ეს განცხადება ბევრ კითხვის ნიშანს სვამს, რადგან არცერთ კონკრეტულ გამოძიებაზე არ არის საუბარი და წინასწარი განცხადება, რომ პრეზიდენტი, შესაძლოა, დაიჭირონ, ეს არაკორექტულია როგორც სამართლებლივად, ასევე პოლიტიკურად. პრემიერის ეს განცხადება, შესაძლოა, სამართალდამცავებისთვის მინიშნება იყოს - თუ როგორ წარმართონ საქმეები. როცა, მსგავს განცხადებას ხელმძღვანელი აკეთებს, ამას ქვემდგომი პირები მინიშნებად აღიქვამენ და შესაბამის მოქმედებას იწყებენ. რაც შეეხება ჟვანიას საქმეს, ამ და ბევრ სხვა საქმეზე გვესმის, რომ გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ ვერცერთ საქმეს ვერ ვხედავთ, რომელზეც კითხვის ნიშნები არ არსებობდეს. ეს არ ვიცი, უნიათობის ბრალია თუ ფაქტების არარსებობის. საზოგადოებას ბრალდებები ესმის, მაგრამ მტკიცებულებები არ არსებობს. მართალი გითხრათ, ძალიან ცუდია როცა კონკრეტული ოჯახის ტრაგედიის გამოყენება პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე ხდება“, - განუცხადა for.ge-ს ბეჟაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის თანამდებობას მიმდინარე წლის ოქტომბერში დატოვებს, შესაბამისად, ვანო მერაბიშვილისა და ბაჩო ახალაიას მსგავსად, მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება თუ არა, ამას ქართული საზოგადოება შემოდგომაზე იხილავს.