„ივანიშვილი ვერ იქნება დენ სიაოპინი, ხალხს გზა რომ აჩვენოს“

„ივანიშვილი ვერ იქნება დენ სიაოპინი, ხალხს გზა რომ აჩვენოს“

პრეზიდენტმა ფავორიტი თანაპარტიელი სასჯელის მისჯიდან ერთ თვეში შეიწყალა და სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოუხსნა. ციხიდან გათავისუფლებულმა ყოფილმა გუბერნატორმა უკვე სამადლობელი სიტყვაც წარმოთქვა - თენგიზ გუნავამ პირობა დადო, რომ პრეზიდენტი სხვა სასჯელმისჯილ თანაპარტიელებსაც გაათავისუფლებს. სააკაშვილის ქმედებებითა თუ განცხადებებით სულ უფრო აშკარა ხდება, რომ პრეზიდენტი ქვეყნის დღევანდელ ხელისუფლებას არ ცნობს და აქ მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ სახელისუფლებო შტოს დისკრიმინაციაზე არ არის ლაპარაკი. თუ გავიხსენებთ ვეტოდადებულ კანონებს, ქვეყნის იმიჯის შემლახველ განცხადებებს, სააკაშვილის მიზნების შესახებ კითხვის ნიშნები არ ჩნდება. სამაგიეროდ, ისევ დიდ გაუგებრობად რჩება, როგორ შეიძლება, ქვეყნის პრეზიდენტი საკუთარი სახელმწიფოს ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწეოდეს. უნდა ველოდეთ თუ არა უახლოეს მომავალში მოვლენების გამწვავებას ან პირიქით, რა შემთხვევაში დავდგებით განვითარების სწორ გზაზე, ამ თემებზე ექსპერტი ვაჟა ბერიძე გვესაუბრება.

ბატონო ვაჟა, რჩება შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილი დღევანდელ ხელისუფლებას არ აღიარებს და ამის დეკლარირებას ეწევა, თქვენი შეფასებით, შესაძლებელია ბოლოდროინდელი მოვლენების, მათ შორის გუნავას გათავისუფლების ამ ჭრილში განხილვა?

- უნდა შევეგუოთ, რომ აბსურდის თეატრში ვცხოვრობთ. ეს არის არა პოლიტიკური პროცესი, არამედ ყოველგვარ ლოგიკას და ცივილიზებული საზოგადოებისთვის დამახასიათებელ პრინციპებს მოკლებული მდინარება ამბებისა, რამდენადაც უპასუხისმგებლოა არა მხოლოდ პრეზიდენტის მიერ სასჯელმისჯილთა შეწყალება, არამედ უპასუხისმგებლოა პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის განცხადება თანამდებობიდან და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ.

უპასუხისმგებლობის ზეიმია ქვეყანაში და სამწუხაროდ, განმკითხავი არავინ არის იმიტომ, რომ დროთა განმავლობაში, ჩვენი სუვერენიტეტი, სამწუხაროდ, ფიქციად იქცა. საზოგადოებას, მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო სექტორი თითქოს აქტიურობს, არანაირი ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია ხელისუფლებაზე, მის არც ერთ შტოზე და ასეთი სიტუაცია დღეს არ შექმნილა.

ჩვენი მართლმსაჯულება ამოყირავებული რომ იყო, ამის თაობაზე მხოლოდ განცხადებებით იფარგლებოდნენ ისეთი ამერიკული ორგანიზაციები, როგორებიც არიან საია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, „სამართლიანი არჩევნები“ და ა.შ. მაგრამ ეს ზეგავლენის ხარისხს ვერ ამაღლებდა. ანუ, ეს სექტორი საზოგადოების ზეგავლენის მექანიზმად ვერ ჩამოყალიბდა. ვერ ახდენდა გავლენას იმაზე, რა უკანონობასაც სჩადიოდა აღმასრულებელი, საკანონმდებლო თუ სასამართლო ხელისუფლება.

ასეა დღესაც, როდესაც ადამიანი, რომელსაც ქვეყნის გაძღოლა ანდო უმრავლესობამ, 9 თვის შემდეგ ამბობს, რომ საერთოდ მიდის ხელისუფლებიდან, ესეც უპასუხისმგებლო განცხადებაა.

ასევე უპასუხისმგებლო განცხადებაა ვადაგასული პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების აქტების პოლიტიკური ნიშნით მიღება. ის გარდა იმისა, რომ პრეზიდენტია, ამავდროულად არის პოლიტიკური პარტიის ლიდერიც და პარტიული ნიშნით ნებისმიერ საკუთარი პარტიის წევრს იწყალებს, იმის მიუხედავად, რომ მისი პარტია სასამართლოზე გავლენას დღემდე ინარჩუნებს. იმ სასამართლოს გავლენასაც კი არ აღიარებს, რომელზეც ნაციონალებს აქვთ გავლენა, მათი წარმატებული რეფორმის გამოვლინებად ითვლება და ა.შ.

ასეთი სიტუაცია მიუღებელია და იმაზე მიანიშნებს, რომ ქართული სახელმწიფო სერიოზული ნაბიჯებით მიდის არშემდგარი სახელმწიფოების რიგისკენ, სადაც არ არსებობს სამართლიანი სასამართლო, მართლმსაჯულება, უპასუხისმგებლოდ იქცევა პრეზიდენტი, უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებს პრემიერ-მინისტრი.

ეს ავისმომასწავებელია - არაჩვეულებრივი ინფორმაცია გავრცელდა, რომ 6 მილიარდია მობილიზებული თანადაფინანსების ფონდში, რომელიც ახლა ყალიბდება, მაგრამ თუ ჩაიხედავთ, ყველა წამოვიდა და ინვესტირებას გააკეთებენ იმიტომ, რომ ივანიშვილს სცემენ პასტივს. თუ ივანიშვილი მიდის, მაშინ ვინ იქნება გარანტი იმისა, რომ ეს უზარმაზარი ინვესტიციები დაცული იქნება? რა თქმა უნდა, - არავინ.

ასევეა მაგალითად, სააკაშვილის მხრიდანაც, შეიწყალებს გუნავას, მიუხედავად იმისა, დამნაშავეა თუ არა ის. მიუხედავად იმისა, რომ მისი განხორციელებულია სასამართლო რეფორმა. ასეთი ნაბიჯი არის ერთგვარი ვაკხანალიის მაჩვენებელი ქვეყანში.

თითქოს ქაოსური სიტუაციისკენ მივდივართ, როგორ ფიქრობთ შეიძლება ამით ისარგებლოს ყოფილმა ხელისუფლებამ? გვახსოვს, ვანო მერაბიშვილი 4 წელი ლოდინს არ აპირებდა ხელისუფლებაში დასაბრუნებლად. სააკაშვილიც, ხან კანონს ადებს ვეტოს და ხან პატიმრებს ათავისუფლებს საკუთარი სურვილისამებრ. როგორ ფიქრობთ, რაღაც ბუნტისმაგვარ პროვოკაციაზე ხომ არ წავანაცმოძრაობა“, ასეთი ნიშნები იკვეთება?

- ვფიქრობ, ქაოსი გამორიცხული არ არის, არ ვიცი რა ფორმით, მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ საკუთარ თავში უნდა იპოვოს ძალა, რომ წინ აღუდგეს იმ დესტრუქტივიზმს, რომელიც შეინიშნება როგორც პრეზიდენტის, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან. საამისოდ ვფიქრობ, ივანიშვილმა დღესვე უნდა მოახერხოს საკუთარი განცხადების დეჟავუირება და მკაფიოდ თქვას, რომ მიდის მხოლოდ იმ ვადის ამოწურვის შემდეგ, რა მანდატიც, ფაქტობრივად, პირადად მას, ხალხმა მისცა. ამის შემდეგ უნდა ჩავატაროთ საპრეზიდენტო არჩევნები.

ივანიშვილის ასეთი განცხადებები მარგველაშვილის შანსებს უკიდურესად ამცირებს, პრინციპში ეს ტრაგედია არ არის, მაგრამ ზრდის ნინო ბურჯანაძის და პროცესში შემოსვლის შემთხვევაში,  ლევან ვასაძის შანსებს. თუ ივანიშვილი ჯიუტად დადგება იმ პოზიციაზე, რომ ის უნდა წავიდეს ახალ წლამდე, მაშინ უნდა გამოცხადდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დრო, რადგან ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლით, ფაქტობრივად, ინგრევა პოლიტიკური სისტემა.

ნგრევის თავიდან ასაცილებლად ასეთი ვადა უნდა გამოცხადდეს, მაგრამ დარწმუნებული იყავით, ეს ქაოსის და განუკითხაობის გარკვეულ მოლოდინს ვერ შეაჩერებს, რადგან ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე და ძალთა რეალური განლაგების დადგენამდე ჩვენ გვექნება ე.წ. ინტერექსი, ანუ უმეფობის ხანა.

დღეს ფაქტობრივად, ივანიშვილია ქვეყნის პირველი პირი და განცხადებით, რომ მიდის ქვეყნის ხელისუფლებიდან, უკვე დაუდო დასაბამი უხელისუფლებობის პერიოდს. გამოდის, რომ ფორმალურად არის პრემიერი, მიუხედავად იმისა, რომ გავლენა შენარჩუნებული აქვს. ეს უმეფობის ხანა კი ნიშნავს, რომ ჩვენთან არ შემოვა ინვესტიციები, არ გაგვიწევენ ანგარიშს, არ დაგველაპარაკებიან და ა.შ.

სამწუხაროდ, არც ვადამდელი არჩევნების დანიშვნა არ განაპირობებს იმას, რომ მთელი ეს პროცესი მშვიდობიანად წარიმართოს.

სამწუხაროა კიდევ სხვა რამ, მნიშვნელობა იმას კი არ აქვს, ეს უპასუხისმგებლო პრეზიდენტი რა უპასუხისმგებლო ვეტოებს გამოიყენებს და როგორ გაუკეთებს იგნორირებას სასამართლოს ნებნისმიერ გადაწყვეტილებას. მთავარი ის არის, რას აკეთებს და რას ამბობს ივანიშვილი, რომელსაც ხალხმა მანდატი მისცა. ეს მანდატი ქვეყნისთვის სასარგებლოდ უნდა იყოს გამოყენებული.

თუ გავითვალისწინებთ რომ მარგველაშვილისა და ივანიშვილის სახელი დღეს გაიგივებულია, ივანიშვილის ასეთი განცხადება გამოდის, რომ საპრეზიდენტო კანდიდატებს უკვე თანაბარ პირობებში ჩააყენებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მარგველაშვილის უპირობო გამარჯვება ეჭვსაც კი არ იწვევს, სამაგიეროდ დემოკრატიულობას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგან მას აქვს ფორა, რომელიც არ ექნება სხვა კანდიდატებს...

- ვერ დაგეთანხმებით. თამაზ ბიბილურს აქვს ერთი მოთხრობა „ჟამი კითხულისა“, სადაც სოფლის მმართველი კოშკში ზის და ხალხს არ ეჩვენება. გამოვიდა ივანიშვილი კოშკიდან და ისევ კოშკში ბრუნდება. მმართველი არენაზე უნდა იყოს. საქართველო არ არის ჩინეთი და დენ სიაოპინი ვერ იქნება ივანიშვილი, რომ ხალხს გზა აჩვენოს.

თვითონვე ვერ მოძებნა ვერანაირი გზა იმისათვის, რომ ორი მთავარი დანაპირები შეესრულებინა - სამართლიანობის აღდგენა და სამართლიანი არჩევნების ჩატარება - საქართველოში სამართლიანი არჩევნები ჯერ არ ჩატარებულა. ხალხმა მას მანდატი ამისთვის მისცა და რომელიმე მაინც შეასრულოს თუ ორივეს ვერ ასრულებს.

არჩევნების სამართლიანობის საკითხი წინასწარ ეჭვქვეშ დგება?

- სიები არ არის, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი ძველებურია, უკმაყოფილებას გამოთქვამენ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. პოლიტიკური სისტემა არ არის ფორმირებული. საქართველოში დღეს არის ორი ფული, ივანიშვილისა და ნაციონალების. აქედან გამომდინარე, ორი რეალური პარტიაა. ბურჯანაძე ცდილობს, რომ მესამე პოლიტიკურ ცენტრად დაფიქსირდეს, მაგრამ ჯერჯერობით უჭირს.

ეს სისტემა ხომ უნდა შეიქმნას -მყიფეა პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც ივანიშვილმა ჩამოაყალიბა - პარტია ვერ შექმნა, უფრო სწორად არ შექმნა. დარჩნენ ნაციონალები - ეს პარტიაც არალეგიტიმურია რადგან 9-წლიანი კრიმინალური საქმეები უმძიმებს ზურგს.

ფაქტობერივად, ჩვენ გავანადგურეთ პოლიტიკური სისტემა იმ 9-წლიანი ავტორიტარული რეჟიმით და შემდეგ ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით რასაც „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში აქვს ადგილი.

ივანიშვილს ეკისრება პასუხისმგებლობა რაც ხდება დღეს და რაც მოხდება მომავალში, ამას გულისხმობთ?

- მთავარი პასუხისმგებლობა ივანიშვილს ეკისრება, რადგან ამ შემთხვევში ის არის საქართველოს მანდატით აღჭურვილი.

ამ შემთხვევაში ვინ რჩება, ვის როლს ხედავთ აქტიურად, საზოგადოების? თქვენ აღნიშნეთ, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება არ არის, რბილად რომ ვთქვათ, ეფექტური...

- ეფექტური კი არა, საერთოდ არ არსებობს. რამდენიმე ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელთა მეშვეობითაც ჩვენი ძირითადი პარტნიორი, ამერიკა ცდილობს, სწორი მიმართულება მოგვცეს, საზოგადოებრივი აზრის სწორად ფორმირება უზრუნველყოს, თუმცა ისინი ამას ვერ ახერხებენ, რადგან ძალიან ძნელია ადეკვატური მოქმედება როდესაც არეალია საკმაოდ რთული, სიტუაცია საკმაოდ მძიმე და მიზანს ვერ აღწევენ.

სამოქალაქო სექტორი არ არსებობს საქართველოში იმიტომ, რომ არ არსებობს მათი ლეგალური და ნეიტრალური დაფინანსების წყარო. არც კაპიტალია ქვეყანაში არც ფული და ეს გასაგებია. რაც შეეხება ამერიკელებს, აქაურ სიტუაციას მეტ-ნაკლებად იცნობენ, ბევრს რამეს ვერ ხვდებიან, არ იციან და ბევრი არასწორი პროგნოზიც გააკეთეს. ბევრი მათი მოლოდინი არ მართლდება. თუნდაც სააკაშვილის რეჟიმის მხარდაჭერა ავიღოთ და კიდევ, უამრავი დახარჯული ფული, რომლის მეშვეობითაც მათ საქართველოში არადემოკრატიული რეჟიმი მიიღეს ავტორიტარი მმართველით სათავეში.

თუ ივანიშვილი სამოქალაქო სექტორში გადაინაცვლებს, შესაძლებელია მივიღოთ ისეთი სამოქალაქო სექტორი, რომელიც ნებისმიერ ხელისუფლებაზე ზემოქმედებას შეძლებს? როგორ ფიქრობთ, ასეთი სურათი წარმოსადგენია?

- ძნელად წარმომიდგენია, როგორ შეიძლება არასამთავრობო სექტორში გადანაცვლებულმა ივანიშვილმა პროცესებზე გავლენა მოახდინოს. ჩვენ დიდი საქმეები გვაქვს გაკეთებული ამ ეროვნული მასშტაბის ადამიანის მიერ, მაგრამ ავიღოთ თუნდაც ფონდი „ქართუ“, რომელიც დახურული სისტემა იყო, რადგან საზოგადოებრივი საბჭოც კი არ არსებობდა, რომლის გადაწყვეტილებითაც დაფინანსდებოდა რომელიმე ეროვნული პროექტი - ერთპიროვნულად ხდებოდა გადაწყვეტილებების მიღება. ასეთი პრინციპებით მოქმედი, დავუშვათ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ერთი, თუნდაც ძალიან დიდი და მასშტაბური მოღვაწის ინტერესებს ითვალისწინებს, სამწუხაროდ, ვერ მოახდენს აბსოლუტურად კეთილისმყოფელ გავლენას პროცესებზე.

გაქვთ ქვეყანაში სიტუაციის დალაგების რეცეპტი? რა თქმა უნდა, თეორიულად...

- ქართველ ხალხს ნებისმიერი ლიდერის არჩევისას შეიძლება ვუსაყვედუროთ, რომ სწორ არჩევანს ვერ აკეთებდა. შეიძლებდა აკეთებდა და ჩვენ ვერ შევაფასეთ, მაგრამ ხალხი ყოველთვის მართალია. ჩვენ მათ უნდა ვკითხოთ არჩევნების, რეფერენდუმების მეშვეობით, ყველა საკითხზე უნდა გავიგოთ ხალხის პოზიცია. ხალხის და არა ბრბოს, მაგრამ ხალხს თუ არ ვკითხეთ, მასში ბრბოს ინსტიქტები ყოველთვის იმძლავრებს. აქედან გამომდინარე, ხალხი საკუთარი ქვეყნის მართვას უნდა მივაჩვიოთ. ხანდახან ხალხი ძალზე სწორ მესიჯს გვაძლევს. მაგალითად, ევროპაში როდესაც საფრანგეთმა და ჰოლანდიამ ევროპის კონსტიტუციაზე უარი თქვეს, პროგრესი არ შეუჩერებიათ, უბრალოდ, ნაჩქარევი და ნაადრევი იყო ამ კონსტიტუციის მიღება. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ხალხი უფრო ბრძენი აღმოჩნდა ვიდრე ამ ქვეყნების ხელისუფლებები და ფაქტობრივად დააბალანსა ევროპის განვითარების პროცესი. ასე არის ჩვენთანაც. ინტელექტუალურმა ელიტამ ხალხთან უნდა ისაუბროს კიდეც და ყურიც უნდა დაუგდოს. ხალხისთვის ყურის გდებით უნდა შევძლოთ, რომ გამოვიდეთ იმ მდგომარეობიდან, რომელშიც აღმოვჩნდით ქარიზმატული ლიდერების არჩევით - ყველა ლიდერი, რომელიც დღემდე გვყოლია, ივანიშვილის ჩათვლით, არის ქარიზმატული. ჩვენ კი სისტემა გვჭირდება რომელიც იმუშავებს, ამას ხალხის დაკვეთის გარეშე ვერ გავაკეთებთ - ხალხმა უნდა დაგვიკვეთოს, მაგალითად, ვადამდელი საპარალამენტო არჩევნების გონივრულ ვადაში დანიშვნა და ივანიშვილის ნაჩქარევი განცხადების დეზავუირება - ეს არის ჩემი აზრით, გამოსავალი გონივრული გადაწყვეტილებების მიღების გზაზე, თორემ ხალხის არჩევანის უარყოფა და იგნორირებაც შეიძლება, როდესაც ეს არჩევანი მცდარია, ან თუ ასე ჩათვლის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, როგორც მოხდა მაგალითად, ეგვიპტეში. ეს ფაქტი ქართული საზოგადოებისთვის უნდა იყოს მესიჯი, რომ პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება მივიღოთ ყოველ ჯერზე. ქვეყანა უნდა მართონ არა ქარიზმატულმა ლიდერებმა თავისი იპოქონდრიებით, არამედ ხალხმა სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნებისა და რეფერენდუმების მეშვეობით.