CNN-ზე საქართველოს რეკლამირებისთვის 27 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა

CNN-ზე საქართველოს რეკლამირებისთვის 27 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა

ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი სიგუას გადაწყვეტილებამ, რომლის თანახმადაც, BBC-სა და CNN-ზე რეკლამების განთავსებაზე თანხა აღარ დაიხარჯება, სააკაშვილის განაწყენება გამოიწვია.

გიორგი სიგუა აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი ზემოხსენებული ტელევიზიების მიერ რეკლამებზე დაწესებული მაღალი ტარიფებია. სიგუას მტკიცებით, წინა ხელისუფლებამ მხოლოდ CNN-ზე საქართველოს რეკლამირებისთვის 27 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა, მიღებული შედეგი კი, არცთუ ისე ეფექტურია. კერძოდ, წელიწადში, საშუალოდ, ამერიკიდან საქართველოში 20 ათასი საერთაშორისო მოგზაური შემოდის, საიდანაც ტურისტი არის  მხოლოდ 7-8 ათასი. ამიტომ 7 ათასი ტურისტისთვის 27 მილიონი არ უნდა გაიფლანგოს და მიზნობრივ ბაზრებზე უნდა გაკეთდეს აქცენტი.

ამის საპასუხოდ მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ BBC-სა და CNN-ზე რეკლამირებას ტურიზმის პოპულარიზაციის გარდა, უსაფრთხოების დატვირთვაც ჰქონდა.

„რაც მე დაცინვა ავიტანე ბოლო წლებში ტურიზმის რეკლამირებასთან დაკავშირებული, რაც მე ათასგვარი უმსგავსობები მოვისმინე, რომ საქართველოში რა ტურიზმი, სასაცილოა და სააკაშვილის სიგიჟეაო (სიტყვა „გიჟი“ ყველაზე ხშირად ისმოდა იმასთან დაკავშირებით, რასაც ტურიზმთან მიმართებაში ვაკეთებდი), ერთადერთი, რაც აცოცხლებს ქართულ ეკონომიკას და არის ჩვენს მიერ შექმნილი, მათ მიერ დაწუნებული ტურიზმია. მაგრამ ამას თუ მუდმივად წყალი არ უსხი, გაიფურჩქნება და დაჭკნება. წყალი არის უსაფრთხოება, წყალი არის რეკლამა, წყალი არის ქვეყანაში დადებითი კლიმატი“,- განაცხადა სააკაშვილმა.

უკვე ცნობილია, რომ ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისათვის საქართველომ უკრაინის სამ ქალაქში- კიევში, ხარკოვსა და დონეცკში ფართომასშტაბიანი სარეკლამო კამპანია დაიწყო.

ცნობილია ისიც, რომ უკრაინა საქართველოსთვის ერთ-ერთ პირველად მიზნობრივ ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2011 წელს უკრაინიდან საქართველოში 58 966 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2011 წლიდან 2012 წლამდე დაფიქსირდა უკრაინიდან ტურისტების 29%-იანი ზრდა.

ამ დროისთვის, 2013 წლის პირველ 6 თვეში უკრაინიდან საქართველოში 49 887 საერთაშორისო მოგზაური ჩამოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 73%-ით აღემატება.

საქართველოს ტურისტული პოტენციალის სატელევიზიო რეკლამირების შესახებ For.ge-სთან საუბარში საკუთარ აზრს გამოთქვამს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე დემურ დიასამიძე. მისი თქმით, რა თქმა უნდა, BBC-სა და CNN-ზე რეკლამის განთავსება კარგია, მაგრამ მთავარია, რეალურად ვინ არის ჩვენი ტურისტული ინფრასტრუქტურის პოტენციური მომხმარებელი, რამდენად მოიცავს BBC და CNN პოტენციური კლიენტებისა და მომხმარებლების საჭიროებას, ვისაც უნდა მივაწოდოთ რეკლამა. ამიტომ დემურ დიასამიძის შეფასებით, დეტალურად უნდა მოხდეს კონკრეტული ბაზრების, კონკრეტული სეგმენტების შესწავლა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იქნას მიწოდებული რეკლამა, რათა ჩვენი პოტენციური სტუმარი დავაინტერესოთ.

„BBC და CNN არის სულ სხვა სეგმენტი, რომლის მომხმარებელთა მხოლოდ მცირე ნაწილი ჩამოდის საქართველოში. დღევანდელ ვითარებაში კი ჩვენი კონკრეტული სამიზნე ქვეყნებია პოლონეთი, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ბელორუსია, ისრაელი და ყაზახეთი. სწორედ ამ ქვეყნებში ვაწარმოებთ რეკლამას. თუმცა სამომავლოდ, შესაძლოა, ამ ქვეყნებს კიდევ შეემატოს ახალი სამიზნე ქვეყნები“, - აღნიშნა დემურ დიასამიძემ ჩვენთან საუბარში.

მანვე განმარტა, რომ გასულ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით, დაახლოებით 30%-ანი ზრდა აღინიშნება და აღნიშნული მონაცემები ითვლება სასტუმროებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. იქიდან გამომდინარე, რომ თურქეთი მეზობელი რეგიონია, ცხადია, ამ ქვეყნიდან ჭარბობს ტურისტების რაოდენობა, თუმცა შესამჩნევი ზრდა გვაქვს უკრაინის, პოლონეთისა და რუსეთის მიმართულებითაც.     

დემურ დიასამიძის თქმით, აჭარის მთავარი „პროდუქტია“ ბათუმი და ზღვა. შესაბამისად, ტურისტებს ყველაზე მეტად ბათუმი იზიდავთ. ის, რომ მოსახლეობა ჩივის, რომ ჩვენთან ფასები მაღალია, ხოლო მომსახურება თურქეთის სხვა კურორტებთან შედარებით, დაბალი, დემურ გიორხელიძეს თავისუფალი ბაზრის პრინციპად მიაჩნია. მისი თქმით, სახელმწიფო ვერ ჩაერევა კერძო სექტორის საბაზრო პოლიტიკაში, რადგან ეს ეწინააღმდეგება საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს. შესაბამისად, ფასი თუ მაღალია, ეს უნდა დაარეგულიროს ბაზარმა და არა სახელმწიფომ.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ მარტო CNN-ზე  სარეკლამოდ გაღებული 27 მილიონი დოლარი სერიოზული თანხაა და საინტერესოა,  შესაძლებელია კი, საქართველო საკუთარ თავს აძლევდეს იმის უფლებას, რომ ეს თანხა რეკლამაში გადაყაროს?

„თავის მხრივ, რეკლამა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ, გააჩნია, ეს არის წმინდა წყლის მოგებაზე გათვლილი, თუ ამას არაფერი უდევს საფუძვლად. რეალურად, საქართველოს ამ რეკლამის სანაცვლოდ მოგება არ ჰქონია და ეს იყო წინა ხელისუფლების ახირება, თითქოსდა, გრანდიოზულ ტურისტულ ქვეყნად აპირებდნენ საქართველოს გადაქცევას. ამაშიც ისინი მზაკვრული გეგმის ფარგლებში მოქმედებდნენ. თქვენ წარმოიდგინეთ, 2 და 3 მილიონი ტურისტი საქართველოში რომ ჩამოვიდეს, ხომ დაიღუპა ქვეყანა, რადგან მთელი მოსახლეობა ტურისტების მომსახურე ვერ გახდება, მით უმეტეს, ასეთი ატროფირებული ფორმით. ამიტომ ყველაფერს სწორი გათვლა სჭირდება, ტურიზმი ერთი ნორმალური სექტორია საქართველოს ეკონომიკისთვის და ასე იქნება მომავალშიც, მაგრამ მისი გადამეტებული შეფასება არ შეიძლება“, - აღნიშნა ჩვენთან საუბარში დემურ გიორხელიძემ.

ამასთან, ტურისტული მექის ისეთი ქვეყნების მაგალითიც გაიხსენა, როგორებიც ესპანეთი და საბერძნეთია, თუმცა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს ეს ქვეყნები საშინელი კატასტროფის წინაშე აღმოჩნდნენ, რადგან კრიზისის გამო ადამიანები ვერ ჩავიდნენ სამოგზაუროდ ამ ქვეყნებში. ამდენად, ექსპერტი მიიჩნევს, რომ, მართლია, ჩვენ ესპანეთის და საბერძნეთის დონემდე ვერ მივალთ, მაგრამ ცოტა სხვა ტიპის ტურიზმი უნდა განვითარდეს საქართველოში და სწორი პოლიტიკის ფარგლებში ესეც განსასაზღვრია.