რამდენიმე დღის წინ მედიასთან საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა და აღნიშნა, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რუსეთის გარეშე ვერ მოხდება, მაგრამ უნდა შევეცადოთ, რომ რუსეთის როლი შემცირდეს. შესაძლოა, ამ განცხადების გამოხმაურებად მივიჩნიოთ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადება, სადაც ნათქვამია, რუსეთი იმედოვნებს, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება მეზობლებთან, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ჩათვლით ურთიერთობის ნორმალიზაციის გზით წავა, თუმცა მათი სტატუსის ცვლილების შესახებ მოლაპარაკებებს შეუძლებლად მიიჩნევს.
„ვიმედოვნებთ, რომ ცვლილებები საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც ჩამოყალიბდება, მეზობლებთან, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ჩათვლით, ურთიერთობის ნორმალიზაციის საშუალებას მისცემს. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მომავლის შესახებ რაიმე სახის მოლაპარაკებების წარმოებას არც მათთან და არც სხვასთან ვაპირებთ, რადგან ამ რესპუბლიკების ბედი, თავად ხალხმა გადაწყვიტა“, - განაცხადა ლავროვმა.
არსებობს თუ არა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თუნდაც თეორიული ფორმულა, ამ თემაზე პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გვესაუბრება.
ბატონო სოსო, ამასწინათ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება რუსეთის გარეშე შუძლებელია, მაგრამ უნდა შევეცადოთ, რომ რუსეთის როლი შემცირდეს. ამ გადასახედიდან რამდენად არის შესაძლებელი რუსეთის როლის შემცირებაზე ფიქრი?
- ამ ეტაპზე რაც ჩანს, არის ის, რომ რუსეთი უფრო ამკვეთრებს თავის პოლიტიკას. საზღვრების გადმოწევა, დაპატიმრებები ადმინისტრაციული საზღვრის დარღვევისთვის, ჰუმანიტარული ტვირთის არშეშვება და სხვა. ეს ყველაფერი რუსეთის ქმედებებია და არა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების, მათ არავინ არაფერს ეკითხება, ჯერჯერობით ეს რეალობა გვაქვს.
თუ ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი ასეთი იქნება, როგორიც დღეს - დეკლარაციული რაკურსი მაქვს მხედველობაში - ვინაიდან ჩვენი ევროპული გზა ჯერჯერობით იწყება ქართული დიპლომატიის და ქართველი პოლიტიკოსების დეკლარაციებით, სხვა, რეალურად ხელმოსაკიდი არაფერი გაგვაჩნია. არ ვგულისხმობ ნოემბერში მოხდება დოკუმენტის პარაფირება თუ არა, 30 წელზე მეტია დიპლომატიას ვსწავლობ და ვიცი, რას ნიშნავს პარაფირება, მისი რეალური ფასიც ვიცი. შემიძლია, ასობით პარაფირებული, მაგრამ შეუსრულებელი, მივიწყებული ხელშეკრულება გავიხსენო.
ივანიშვილი აცხადებს, რომ საიმედო აქცენტები პუტინის განცხადებებში შენიშნა...
- პუტინის პოზიციასთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელი და კონკრეტულია და ზედაპირზე დევს. რუსეთი დღეს არ მიმართავს ბიზანტიურ დიპლომატიას აბლაბუდასავით დახლართულს, სადაც უნდა ეძებო, სინამდვილეში რას გულისხმობს, სტრიქონებს შორის წაიკითხო, რა იმალება მის ნათქვამში. რუსეთმა საქართველოსთან მიმართებაში აირჩია ძალზე ღია პოლიტიკური ტაქტიკა და სტრატეგია - კონკრტეტულად დგას საკითხი - გინდათ ჩემთან ურთიერთობები, დაწყებული კიტრის და პომიდვრის შეტანით, დამთავრებული აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნებით? - იცით რაც უნდა გააკეთოთ.
თეორიულად მაინც, შესაძლებელია დაბრუნებაზე ლაპარაკი?
- არავითარ შემთხვევაში ისე, როგორც იყო 90-იან წლებამდე, მაგრამ შეიძლება რაღაც ისეთი ფორმულის მოძებნა, რომელიც არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს. არსებობს ანდორის, ჩრდილოეთ იტალიის მაგალითი. მსოფლიო დიპლომატიამ უამრავი ასეთი კონსტრუქციები და ფორმულები გამოძებნა, როდესაც ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილია, მაგრამ მხარეებმა სახე შეინარჩუნეს. არის შესაძლებლობა, რუსეთმაც სახე შეინარჩუნოს, არ წაიღოს უკან თავისი აღიარება, რაღაცნაირად, დავარცხნოს დიპლომატიურად და საქართველომაც დასაწყისისთვის იდეალური შანსი მიიღოს, რომ თანდათანობით დაიბრუნოს ამ ხალხის ნდობა. ამისათვის რუსეთი თხოულობს ერთ რამეს და ამ საკითხში კომპრომისზე არ წავა - ნატოს შეეშვითო.
თან გვინდა და თან არა, ეს რუსეთთან არ გამოვა, ვიდრე არ შევხედავთ მწარე სიმართლეს თვალებში და საშინაო მოხმარებისთვის მაინც არ ვიტყვით, რომ ჩვენ მესამე გზა არ გაგვაჩნია, ან ვივიწყებთ სოხუმს და ცხინვალს, ან ნატოსთან ისეთ კურსს ვადგენთ, როგორიც აქვს, მაგალითად, სომხეთს, აზერბაიჯანს. სომხეთის და აზერბაიჯანის მიმართ არანაირი პრობლემა არ აქვს რუსეთს ნატოსთან მიმართებაში.
თუმცა, რუსი ექსპერტის, საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის ლიდერ ალექსანდრე დუგინის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ხაზგასმულია, რომ პუტინი აზერბაიჯანთან მხოლოდ დასავლეთის გარეშე ერთი-ერთზე მოილაპარაკებს ყველა საკითხზე. ყოველ შემთხვევაში, აზერბაიჯანის მიმართაც საკმაოდ მკაცრი განცხადებები ისმის, „ამერიკელებო და ევროპელებო გაეთრიეთ, ჩვენ დავსხდებით და მოვილაპარაკებთ“. დუგინის ინტერვიუს მიხედვით, სავარაუდოდ, რუსეთის ეს პოზიცია მხოლოდ აზერბაიჯანის მიმართ არ იკვეთება. შეიძლება, ჩავთვალოთ, რომ ეს კრემლის პოზიციაა?
- დუგინი იცით რას ამბობს საქართველოსთან მიმართებაში? რომ შესაძლებელია აფხაზეთი, ოსეთი და საქართველო ერთ სახელმწიფოდ შევიდნენ ევრაზიულ კავშირში. დუგინი უფრო რადიკალია ვიდრე პუტინი, ის არ არის პოლიტიკოსი, უფრო იდეოლოგია, მისთვის XIX საუკუნის რუსეთია იდეალი.
პუტინთან ურთიერთობა ძალზე რთულია, მაგრამ დიპლომატიური ურთიერთობაც ის არის, რომ საერთო ენის გამოძებნა ყველასთან უნდა მოახერხო. აქ ყველაფერი ებჯინება ქართულ დიპლომატიურ პრიოფესიონალიზმს.
როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტროში არ მოიძებნება თანამშრომელი 10-15 წლის სტაჟითაც კი, სადაც კადრების ცვლა ყოველ ახალ მინისტრთან ერთად ხდება, მინისტრები კი ძალზე ხშირად იცვლებიან, ასე არაფერი გამოდის.
მსოფლიო დიპლომატია ასეთ პრაქტიკას არ ცნობს. კი, შეიძლება, მოადგილეები შეცვალო, ივანიშვილს ძალზე კარგი პოზიცია ეკავა შარშან აგვისტოში, როდესაც ამბობდა, რომ შევცვლი მხოლოდ მინისტრებს და გამონაკლისის სახით ზოგიერ მოადგილეს, მაგრამ მოვიდნენ მინისტრები და რომელ მოადგილეზეა ლაპარაკი, შეცვლეს ყველა, მთელი შემადგენლობა, მდივანი და დამლაგებელი არ დატოვეს, ყველას თავისი კადრი მოჰყავს. თანაპარტიელების ნათესავების, მეგობრების 10 კილომეტრიანი შლეიფი მოჰყვათ. რატომ გაცოფდა ივანიშვილი და რატომ უთხრა მაჟორიტარებს, ფეოდალები ხართო, დღეს დაიწყო მაჟორიტარების ფეოდალობა? ეს გვაქვს არჩევნების მეორე დღიდან და მას შემდეგ უკვე დიდი ხანი გავიდა.
როგორც ივანიშვილი ამბობს, მთავარია, დავარწმუნოთ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები, რომ კარგ ქვეყანას ვაშენებთ და მათაც მოუნდებათ ამ კარგ ქვეყანაში ცხოვრება. შეიძლება იმედი ვიქონიოთ რომ სცენარი ასე განვითარდება?
- რითი და როგორ უნდა დავაჯეროთ?! რა გარანტია აქვს იმ აფხაზს, რომელმაც 300 ათასი კაცი გამოყარა იმ ტერიტორიიდან ან ოსს, რომელიც ათას საშინელებას უკეთებდა ქართველებს, რომ არ მოითხოვენ ლტოლვილები და მათი მფარველი პოლიტიკოსები, სამართლიანობის აღდგენას? ლუდოვიკო XVIII ნაპოლეონის შემდეგ რომ დაბრუნდა საფრანგეთში, პირველად მან გამოიყენა ტერმინი, „პოლიტიკური დევნა არ იქნება“, მაგრამ არ იყო? ფუშეს დასახვრეტთა 100-კაციანი სია მოსთხოვა და ტალეირანმა იქიდან 20 კაცი ძლივს გადაარჩინა.
გეკითხებით, რა გარანტია აქვთ, რომ ასე არ მოხდება? ჩვენ სულ ახალი და ახალი სასამართლო პროცესებისათვის ვემზადებით და როგორც ჩანს, ეს დაუსრულებელი პროცესი იქნება. აფხაზებს და ოსებს, რომლებსაც „ნედლი ნახშირი აქვთ დამწვარი“, როგორ გგონიათ, არ ეშინიათ ამისი? ვეკითხები ბატონ ბიძინას, რითი დაარწმუნებს აფხაზებს და ოსებს, რომ მათთვის ცხოვრება იქნება კომფორტული, რითი დაარწმუნებს, რომ აფხაზი და ოსი ისევე მიიღებს აქ თანამდებობას, როგორც ქართველი, როდესაც ქართველიც კი ვერ ღებულობს თანამდებობას, როგორც ეკუთვნის, -პროფესიონალიზმის გათვალისწინებით?..
კიდევ მეტყვით, თემას გადაუხვიეთო, მაგრამ რაც განათლების სამინისტროში მოხდა, მინდა ორი სიტყვით შევეხო, ჩემი არც თანაპარტიელია, არც ნაცნობი და არც მეგობარი დათო ზურაბიშვილი, ისიც მახსოვს, თავის სტატიაში ბოლონიის პროცესზე რა შავი დღე აყარა განათლების მაშინდელ მინისტრს, კახა ლომაიას, აფხაზები და ოსები ამას გგონიათ არ უყურებენ? მეცნიერებასთან ახლოს ვარ და ვიცი - მოვიდა ეს ქალბატონი (განათლების ახალი მინისტრი) და უკვე 30-მდე თანამშრომელი შავ სიაშია, დღე-დღეზე ელოდებიან გათავისუფლებას. გეკითხებით, რითი უნდა მოვაწონოთ თავი აფხაზებს და ოსებს? სააკაშვილის დროს იბარებდნენ და განცხადების დაწერას აიძულებდნენ, ამათ პირდაპირ დაბეჭდილი განცხადებები მიუტანეს თანამშრომლებს და უბრალოდ, ხელი მოაწერინეს - ასეთ რამეს, გამიგია, მხოლოდ მაფიოზები აკეთებდნენ იტალიაში. თავი რომ უნდა მოვაწონოთ ეს მხოლოდ სლოგანად და ლოზუნგად გამოდგება.
რეალურად რა შეიძლება გაკეთდეს? ლავროვიც პუტინის პოზიციას იმეორებს, რომ აფხაზებისა და ოსების გადასაწყვეტია, რა გზას აირჩევენ...
- პუტინმა არა ერთხელ და ორჯერ გააკეთა ამაზე უფრო მნიშნელოვანი განცხადებები, როდესაც „რაშენ თუდეის“ ჟურნალისტებს, შეხვდა, მან თქვა, რომ შეუძლებელი არაფერია. მას შემდეგ 9 თუ 10 თვე გავიდა და პუტინმა 5-6-ჯერ გააკეთა დაახლოებით მსგავსი განცხადება.
მე არ ვიცი, ივანიშვილს რა მრჩევლები ჰყავს. მის გარემოცვაში მხოლოდ ერთი მეგულება პროფესიონალი, ეს თედო ჯაფარიძეა, რომელსაც ჩემი ინფორმაციით, დიდ არაფერს ეკითხებიან. შემთხვევითი ხალხი მომრავლდა ივანიშვილის გარემოცვაში ცოტა არ იყოს, ავანტურისტული ცდუნებებით.
როგორ არა, პუტინმა ბევრი ასეთი მინიშნება გააკეთა, მათ შორის ომის შემდეგაც, ჩვენს აღიარებას უკან წავიღებთ, თუ ამას აფხაზები და ოსები მოგვთხოვენო. მერე რაგოზინმაც გაიმეორა, თუ ქართველები აფხაზებს და ოსებს დააჯერებენ, რომ მოდით ერთად ვიცხოვროთ, აღიარებას უკან წავიღებთო - ეს ლირიკა და რიტორიკაა. ვიდრე საქართველო ასე ჯიუტად მიიწევს ნატოსკენ, არა ევროპისკენ - ნუ ურევთ ერთმანეთში - ევროპა მხოლოდ ნატო არ არის. ევროპა ნატოს გარეშე არსებობდა საუკუნეები და ნატოს მერეც იარსებებს საუკუნეები. ჩვენ დავიციკლეთ რატომღაც ნატოზე და არავის არ უნდა ჩაწვდეს ტრანსფორმაციას, რომელსაც განიცდის ნატო გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან დღემდე.
ნატო არც ერთი კავკასიური სახელმწიფოს ინტერესებისთვის არ იომებს. ერთადერთი, ვისთვისაც ნატომ იომა, ეს იყო სერბეთი, იმიტომ, რომ ის ევროპაა. ის არ არის აზია და კავკასია. მილოშევიჩი ევროპის წურბელა იყო, ავთვისებიანი სიმსივნე ევროპის გულზე და იქ იმიტომ იომა ნატომ.
ერთადერთი გზა, რითაც შეიძლება იმედი გაგვიჩნდეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ნატოზე უარის თქმაა?
- ერთადერთი გზა არის რუსეთთან საერთო ენის გამოძებნა. საერთო ენის გამოძებნა კი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ უნდა გამოხვიდე და თქვა, ნატოს ზურგი შევაქციე და აღარ მინდაო. დიპლომატია იმიტომაც არის ხელოვნება და მეცნიერება ერთად აღებული, რომ მილიარდი კომბინაცია არსებობს სასურველი შედეგის მიღებისთვის, მაგრამ ამას გუშინ პარტიული ნიშნით დანიშნული დიპლომატი ვერ გააკეთებს. გადახედეთ, ვინ არიან ჩვენი ელჩები, რომელს აქვს პროფესიული განათლება?
რამდენი პოლიტიკოსიც არის საქართველოში, ყველას ჰყავს თავისი გუნდი, ყველა ამბობს, რომ მის გუნდში პროფესიონალები არიან. ევროპასაც კი არ ჰყავს ამდენი პროფესიონალი.
კი, შეიძლება ივანიშვილი გულწრფელიც არის, მაგრამ ბოლო დროს ვერ ხედავთ გულგატეხილობის, იმედგაცრუების ნოტებს? ვერ ატყობთ რომ სულ სხვას ელოდა და სხვა მიიღო? ახლა თუ ივანიშვილმა კიდევ გაიტანა თავისი და თავს მოგვახვია თავისი ფავორიტი კანდიდატი, მაშინ „ჭირი მოგჭამა“ საქართველომ. ივანიშვილისთვის ტესტია საპრეზიდენტო არჩევნები. უნდა, რომ მაინც და მაინც თავისი გუნდიდან შეარჩიოს პრეზიდენტი, ასე ვერ გამოვა დემოკრატია. ასე ვერც რუსეთთან დავალაგებთ, ურთიერთობებს, ვერც სომხეთთან და ვერც აზერბაიჯანთან.
რაც შეეხება აფხაზებსა და ოსებს, ამ ეტაპისთვის შესაძლებლად მიგაჩნიათ ადამიანური, ეკონომიკური, კულტურული ურთიერთობების დამყარება?
- რასაკვირველია, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ვარ და მშვენივრად ვიცი, კაცობრიობის ისტორიაში ორ ერს ერთმანეთისადმი ისეთი სიძულვილი არ ჰქონია, როგორც ფრანგებს და გერმანელებს - დღეს სად არის გერმანიისა და საფრანგეთის საზღვარი ვერ გაიგებ - ეს მოხდა. შეუძლებელი არაფერი არ არის, მაგრამ ამისათვის, პირველ რიგში, ურთიერთობებია მნიშვნელოვანი. ვიდრე საქართველოში 300 ათასი ლტოლვილია, რომელსაც თავისი სატკივარი და ემოციები აქვთ, ძალიან დიდხანს შეუძლებელს გახდის ასეთ ურთიერთობებს. ესენი საკუთარ სახლში დაბრუნებას თხოულობენ. დღეს ეს აუხდენელი ოცნებაა და ემოციები შეუთავსებლობის ინსტიქტში გადადის. თვითონ აფხაზებიც დღეს მაინც და მაინც არ არიან განწყობილი დადებითად.
ივანიშვილი საუბრობს ამ ურთიერთობის დალაგებაზე, ის შესაძლებლად თვლის იმას რაც დღეს, თითქოს, შეუძლებელია...
- ყველაფერი თავის კალაპოტში რომ მოექცეს, ამისათვის პუტინის და ივანიშვილის შეხვედრაა საჭირო. ისე კი არა, როგორც ივანიშვილის პირველი შეხვედრა მოამზადა ბრიუსელში ქართველმა დიპლომატიამ და არც ისე, როგორც ივანიშვილის შეხვედრა მოამზადეს აზერბაიჯანსა და სომხეთში.
ძალიან რთულია, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს. დავოსში, თითქოს, ყინული დაიძრა, მაგრამ შემდეგ ჩაკვდა ეს ყველაფერი. იმიტომ, რომ ივანიშვილი ორ წნეხს შუაა, ერთი მხრიდან ოპოზიციაა, რომელიც რუსეთს თუ ახსენებ, სამშობლოს მოღალატედ გაცხადებს. მეორე მხრიდან ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური ელიტა, რომელიც კვირაში ერთხელ ბრიუსელში სიარულს მიეჩვია. ბარიერს მიღმა მოლაპარაკებებს კაცობრიობის ისტორიაში დადებითი შედეგი არ მოჰყოლია. ამიტომ ივანიშვილი და პუტინი აუცილებლად უნდა შეხვდნენ ერთმანეთს.