ხანგრძლივმა უამინდობამ თავისი მძიმე შედეგები მოიტანა. საქართველოში სტიქიურმა შემოტევებმა ყოველდღიური ხასიათი მიიღო. კახეთი, სამეგრელო, გურია აჭარა მონაცვლეობით ისეტყვება და იტბორება.
ბოლო ინფორმაციით, ძლიერმა სეტყვამ გურჯაანის რაიონის სოფლები არაშენდა, ნანიანი, მელაანი და ჩალაუბანი დააზარალა. სტიქიამ 400 ჰექტრამდე სასოფლო სავარგულებზე მოსავალი დაახლოებით 70%-ით გაანადგურა. დაზიანდა ვენახები, საზამთროს ბაღები და სხვადასხვა ერთწლიანი კულტურები.
სეტყვას ქარიშხალი ერთვოდა, რის გამოც არაშედაში სიმინდის ყანები მიწაზე დააფინა. გურჯაანის რაიონის გამგებლის, ჯონი ოსიაშვილის განცხადებით, სტიქიით მიყენებულ ზარალს გამგეობა დაითვლის და ინფორმაციას ცენტრალურ ხელისუფლებას გადაუგზავნის.
„არაშენდას თემი, რომელში რამდენიმე სოფელი შედის, მთლიანად დასეტყვილია. ზიანი ძირითადად ვენახებს მიადგა, მოსავალი დაახლოებით 70%–ით განადგურდა. 300–400 ჰექტრამდე ტერიტორია დაისეტყვა“, - აღნიშნა ოსიაშვილმა.
ერთი დღით ადრე კი ძლიერი სეტყვის შედეგად, ლაგოდეხის რაიონის სოფლები დაზარალდა. სტიქიის შედეგად რამდენიმე ათეული ჰექტარი საზამთროსა და კიტრის ბაღები მთლიანად განადგურდა. დაზიანდა სიმინდის ყანები და სხვადასხვა სახის ბოსტნეული. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. სტიქიის ზონის სოფლებში ჩავიდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალერი ალობეგაშვილი. მისი განცხადებით, ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის და ინფორმაციას ცენტრალურ ხელისუფლებას მიაწვდის.
4 დღის წინ კი ძლიერმა სეტყვამ გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში ხეხილის ბაღები და ნათესები გაანადგურა. ასე რომ, კახეთს ყოველდღიურად სტიქია უტევს. მოსახლეობა მთელი რეგიონის მასშტაბით ზარალდება.
თუმცა, სეტყვა მხოლოდ კახელების პრობლემა არ არის. განსაკუთრებულმა უამინდობამ დასავლეთ საქართველოც ერთობ აზარალა. ხელვაჩაურის სოფლებს, სიმონეთსა და მახოს ისეთი სტიქია დაატყდა თავს, რომ სიმინდის ყანები მიწასთან გაასწორა, ხოლო ძლიერმა სეტყვამ მცენარეთა ნაყოფი ძირს ჩამოყარა. სეტყვას ზედ ძლიერი წვიმაც დაერთო, რომელმაც დატბორვის საფრთხე შექმნა.
„იყო უძლიერესი სეტყვა, ქარიშხალი, წვიმა. მცენარეები, სიმინდის ყანა, ვენახები, თხილი და ბოსტნეული გაანადგურა. ჩემი სიმინდის ყანა მიწასთანაა გასწორებული“, - აღნიშნავს ადგილობრივი ნუგზარ ბერიძე.
სოფელ სიმონეთში მცხოვრები ჯამბულ დიასამიძე აცხადებს, რომ სამანქანე გზა ძლიერმა წვიმამ გადარეცხა და მსუბუქ ავტომობილებს მოძრაობა უჭირთ. სეტყვა 10 წუთს გრძელდებოდა.
„ვენახი სულ ეზოშია დაფენილი. რომ ვუყურებ მგონია, ავტომატით დაცხრილეს. სიმინდის ყანა ისე დააწვინა სეტყვამ, თითქოს, მორები დააგორეს. ბაღში თხილი სულ დარეკილია“, - აღნიშნა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას დიასამიძემ
მანამდე კი სენაკს იმდენად დიდი საშიშროება შეექმნა, რომ ქალაქის ნაწილიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. საბოლოო ჯამში, არანორმალური წვიმისა და თავსხმის შედეგად სენაკს 800 000 ლარამდე ინფრასტრუქტურული ზიანი მიადგა. სტიქიის შედეგად უმეტეს წილად საგზაო და წყლის სისტემები დაზიანდა.
„სენაკში გუშინ მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა დაახლოებით დათვლილია. საუბარია, 800 000 ლარამდე ინფრასტრუქტურულ ზიანზე, რაც საგზაო და წყლის სისტემებს მიადგა. აქედან გამომდინარე, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დავაყენებ საკითხს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით“, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ. ამჟამად მოსახლეობის ის ნაწილი, რომელთა ევაკუაცია გუშინ სენაკიდან მოხდა საკუთარ საცხოვრებელ სახლებს უკვე დაუბრუნდა.
მიუხედავად იმისა, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე გამოიდარა, სინოპტიკოსები დამაიმედებელ პროგნოზს არ აკეთებენ. 4 აგვისტოდან ამინდის კვლავ გაუარესებაა მოსალოდნელი და არც ბუნებრივი კატაკლიზმებია გამორიცხული.