„ვირჩევთ ივანიშვილს, მაგრამ ხმას ვაძლევთ მარგველაშვილს“

„ვირჩევთ ივანიშვილს, მაგრამ ხმას ვაძლევთ მარგველაშვილს“

პრემიერ მინისტრი აცხადებს, რომ თანამდებობიდან „ახალ წლამდე“ გადადგება. ბელგურმა გამოცემამ „Euobserver“ პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუ ურეკის საზაფხულო რეზიდენციაში ჩაწერა. სტატიის ავტორი, ანდრიუ რეტმენი აღნიშნავს, რომ საქართველოს მილიარდერ პრემიერ-მინისტრს თავისი ქვეყნის მომავლისთვის „ოცნება“ აქვს, მაგრამ ოპონენტები მას დემოკრატიისთვის შექმნილ საფრთხედ მიიჩნევენ. პუბლიკაციის თანახმად, ივანიშვილს საქართველოს „ტიპიურ“ ევროპულ საზოგადოებად და დუბაის მსგავს ბიზნესცენტრად გარდაქმნა სურს.

„ეს ჩემი ოცნებაა. ამის შესაძლებლობა არსებობს, თუკი ყველაფერი იდეალურად განვითარდება. რა თქმა უნდა, ამის ძალიან ხმამაღლა თქმა არ მინდა, რომ ვიღაცას არ გაეცინოს. მაგრამ გულის სიღრმეში, მჯერა, რომ ამის შესაძლებლობა არის“, - აცხადებს ივანიშვილი ინტერვიუში.

ვის ტოვებს ივანიშვილი მის მემკვიდრედ, ამაზე პრემიერი არ საუბრობს. თუმცა ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა არ გამორიცხავა, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატურად მისი საკითხიც განიხილებოდეს.

„არ ვიცი, კანდიდატურები ვინ შეიძლება იყვნენ. ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი გვყავს და შეიძლება ვიღაც დასახელდეს. შეიძლება ერთი კანდიდატურა ჩემი კანდიდატურაც იყოს, თუმცა კიდევ ხაზს ვუსვამ, რომ არაერთი ღირსეული კანდიდატურა გვყავს“, - განუცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს. 

„ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წასვლის კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებს. 
როგორც მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ვინ შეცვლის ბიძინა ივანიშვილს, თავიდან ბოლომდე პრემიერ-მინისტრის კომპეტენციაა. 

„მაინტერესებს, როდის შეეჩვევა ქართული საზოგადოება, რომ პრემიერი მიდის, 725-ედ რომ იტყვის თუ 1035-ედ? ყველაზე წონიანი პოლიტიკოსი არ მიდის პოლიტიკიდან, ის მიდის თანამდებობიდან. მნიშვნელოვანია, ამ დროს რა პასუხისმგებლობას იღებს საზოგადოება და როგორ გააქტიურდება. მისი შემცვლელის კონკრეტული კანდიდატურა უნდა განიხილოთ ბატონ ბიძინასთან“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ზაქარია ქუცნაშვილი სურს, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან არ წავიდეს. მისივე განცხადებით, დღევანდელ პოლიტიკურ და სოციალურ გარემოში ივანიშვილი პოლიტიკაში უფრო საჭიროა ვიდრე პოლიტიკის მიღმა.

„ჩემი სუბიექტური აზრით, ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში უნდა დარჩეს. რადგან ის ამ სფეროში უფრო ბევრს გააკეთებს ქართველი ხალხისთვის ვიდრე სხვა სფეროში გადანაცვლებით“, - ამბობს ზაქარია ქუცნაშვილი.

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი კანდელაკის აზრით, ბიძინა ივანიშვილი არაფორმალური მმართველობისთვის ემზადება. როგორც კანდელაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, სწორედ აღნიშნულზე მიუთითებს პრემიერ-მინისტრის მიერ უცხოური მედიისთვის გაკეთებული განცხადება, რომ პოლიტიკიდან შესაძლოა ახალ წლამდე წავიდეს.

„ცხადზე ცხადია, რომ ბიძინა ივანიშვილს დემოკრატიული წეს-წყობილება წარმოუდგენია არა ისე, როგორც დასავლეთში და თავისუფალ სამყაროშია, არამედ სურს გვერდიდან მართავდეს სისტემას, ჰქონდეს არაფორმალური ძალაუფლება და ფორმალური ინსტიტუტების სათავეში დასვას მისი მარიონეტები. ამის დასტურია, მის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად პოლიტიკურად ნაცრისფერი და იდენტობის არმქონე პირის, გიორგი მარგველაშვილის დასახელება. დიდი ალბათობით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზეც ის ერთ-ერთ მარიონეტს დაასახელებს, თუმცა თავად მაშინაც კი, როცა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აღარ ექნება, გადაწყვეტილების მიმღებად დარჩება“, - განაცხადა კანდელაკმა.

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე კი აცხადებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლებას წინამორბედისგან განსხვავებით განსხვავებულ გარემოში უწევს მოღვაწეობა და ძალიან ბევრი ფორმალური შეზღუდვა აქვა კოაბიტაციის სახით, რაც მისივე თქმით, რეალურად ხელს უშლის ბევრი პროექტის განხორციელებაში. ლაგაზიძე ვფიქრობს, რომ ამ ეტაპზე ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა, ბევრ კითხვის ნიშანს ტოვებს, - ძირითადად, პოლიტიკური სივრცის სტაბილურობასთან დაკავშირებით.

გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ის არ მიდის პოლიტიკიდან, არამედ ის ტოვებს თანამდებობას...

- თუ ის მიდის თანამდებობიდან, მაგრამ არ მიდის პოლიტიკიდან, მაშინ შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ სწორედაც რომ არაფორმალურ მართვასთან შეიძლება გვქონდეს საქმე. კონსიტიტუცია განსაზღვრავს იმ ორგანოებს და იმ თანამდებობის პირებს, რომლებსაც აკისრებს სახელისუფლებო უფლება-მოსილებას. კონსტიტუციის მიღმა არსებობდეს პოლიტიკური ჯგუფი, თუ პოლიტიკური პერსონა, რომელიც არაფორმალურად იტვირთებს სახელისუფლებო ფუნქციებს,  რამდენად ჯანსაღი პროცესი იქნება, ეს არის ერთ-ერთი მთავარი კითხვა.

თუმცა, მეორეს მხრივ შეიძლება ის გულისხმობდეს იმას, რომ ის ერთგვარად იქნება საზოგადოებრივი არბიტრი იმ პროცესებისა რაც განვითარდება ქვეყანაში, ალბათ, ყველაზე ძლიერი და ანგარიშგასაწევი არბიტრი. ამ თვალსაზრისით მისაღებია მისი ეს პოზიცია, მაგრამ კიდევ ვამბობ, თუ აქ საქმე გვაქვს იმისათან, რომ კონსტიტუციით განსაზღვრული სახელისუფლებო ორგანოების და თანამდებობის მიღმა, ჩვენ მივიღებთ ხელისფლების არაფორმალურ ცენტრს, ეს არაა ჯანსაღი მოვლენა.

საპრეზიდენტო არჩევნების წინ ამ თემის გააქტიურება, ამცირებს თუ არა მარგველაშვილის შანსებს?

- ძალიან ამცირებს მარგველაშვილის შანსებს. ისედაც ყველა გამოკითხვით მისი რეიტინგი დაბალია, მანამდე არსებული საპრეზიდენტო კანდიდატებისგან განსხვავებით. 35%-იანი სტარტაპით არც ერთ სახელისუფლებო საპრეზიდენტო კანდიდატს საქართველოს ისტორიაში არ დაუწყია საპრეზიდენტო კამპანია. დასავლეთის გამოცდილებით თუ შევხედავთ, ეს ძალიან კარგია და ამბობენ კიდეც, რომ ეს იქნება პირველი საპრეზიდენტო კამპანია, რომელიც ბელადის გარეშე ჩაივლის. იქნება გარკვეულწილად თანაბარი შანსების მქონე კანდიდატების კამპანია და ამას აქვს თავისი დადებითი მხარეები. მაგრამ ივანიშვილის ეს განცხადება, ყველაზე მძიმედ ურტყამს წინასაარჩევნოდ მარგველაშვილის რეიტინგს.

რეალურად ჩნდება კითხვა, თუ მიდის ივანიშვილი, მაშინ ვის უტოვებს ასარჩევად მარგველაშვილს? რეალურად, ისევე როგორც საპარლამეტო არჩევნების დროს, ამ საპრეზიდენტო არჩევნებშიც ჩვენ ვირჩევთ ბიძინა ივანიშვილს, რისკ-ფალავანი არის ბიძინა ივანიშვილი. შეიძლება ასეთი ფორმულაც ვიხმაროთ - ვირჩევთ ივანიშვილს, მაგრამ ხმას ვაძლევთ მარგველაშვილს. თუ კი გაგრძელდა ივანიშვილის მხრიდან ეს განცხადებები, ეს ფაქტობრივად ნიშნავს, რომ მარგველაშვილს მარტოს ტოვებს ბრძოლის ველზე.

ივანიშვილის წასვლის შემდეგ როგორი იქნება პოლიტიკური ველი?

- ამ გადასახედიდან თუ ასე გაგრძელდა, ალბათ, მივიღებთ ორ დაპირისპირებულ პოლუსს, პროდასავლურს და პრორუსულს. ასეთი ძლიერი პრორუსული პოლუსი კარგა ხანია ჩვენ არ გვყოლია. ერთ მხარეს იქნება რესპუბლიკელები, „თავისუფალი დემოკრატები“, „ნაციონალური მოძრაობის“ ის ჯგუფი, რომელიც გააგრძელებს ბრძოლას პოლიტიკური მომავლისთვის. ივანიშვილის წასვლით ამ ჯგუფის შანსები მნიშვნელოვნად იზრდება. აქვე იქნება, ალბათ, „ქრისტიან დემოკრატები“ და „ახალი მემარჯვენეები“.

ამ პოლიტიკური პარტიებიდან რომელ ექნება პოლიტიკური წონა?

- საინტერესო კითხვაა. მე ვიტყოდი, რომ ისეთი ლიდერი პარტია როგორსაც ჩვენ მიჩვეული ვიყავით „მოქალაქეთა კავშირის“ და შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, ასეთს ჩვენ ვერ მივიღებთ, რაც იქნება ივანიშვილის ხელისუფლების ყველაზე დიდი მიღწევა. სხვა ტიპის პოლიტიკურ სპექტრთან გვექნება საქმე. ივანიშვილის დაპირება რომელიც ეხებოდა მრავლაპარტიული პოლიტუკური სპექტრის ფორმირებას, რეალურად იქცევა. ანუ, ჩვენ გვეყოლება რამდენიმე თანაბარი პოლიტიკური წონის ძალა როგორც ერთ, ასევე მეორე ფლანგზე. ეს ორი ფლანგი ერთმანეთს დააბალანსებს. ამ გადასახედიდან ასე ჩანს.

საინტერესოა რა რადიკალური ძვრები შეიძლება მოხდეს ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ?

- რადიკალურ ძვრებს მე ვერ ვხედავ. ვხედავ უბრალოდ იმ შიშს, რომ ჩვენ რეალურად დღემდე ვცხოვრობდით მხოლოდ ისეთი პარტიული სისტემის პირობებში, როდესაც ერთი პარტია და ერთი პოლიტიკური ლიდერი მართავდა ქვეყანას და ყველა სხვა დანარჩენი ნაკლებად ანგარიშგასაწევი იყო. ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ვიღებთ ახალ პოლიტიკურ რეალობას, ისეთს, რომელიც ახასიათებს რეალურად განვითარებულ ევროპულ დემოკრატიებს, რამდენიმე თანაბარი ძალის პოლიტიკური პარტიით და რამდენიმე თანაბარი ძალის პოლიტიკური ლიდერით.

რა ბედი ეწევა თვითონ პოლიტიკურ პარტიასქართულ ოცნებასის დარჩება თუ არა პარტიის სახით?

- „ქართული ოცნება“ როგორც პარტია, შეიძლება დაიშალოს და ამის ალბათობაც არსებობს. მაგრამ სად წავა მასში დღეს აკუმლირებული რამდენიმე ცნობილი ფიგურა? ალბათ, ისინიც გაიფანტებიან, რადგან საუბარი იმაზე, რომ პარტია „ქართულ ოცნებას“ რაიმე ხიბილი აქვს, რითიც ის იქნება სასურველი პარტნიორი რომელიმე ფლანგისთვის, გადაჭარბებული იქნება. პარტია „ქართულმა ოცნებამ“ არასრული ორი წლის განმავლობაში ვერანაირი პარტიული სტრუქტურა ვერ ჩამოაყალიბა, გარდა რეგიონებში დაპირისპირების შეტანისა. როგორც პარტიული სტრუქტურის და ადამიანური რესურსის თვალსაზრისით, „ქართული ოცნება“ როგორც პარტია არანაირ მომხიბვლელობას არ წარმოადგენც. იქნება ერთ-ერთი რიგითი პარტია, მაგრამ ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

სამაგიეროდ, ივანიშვილსგან მინიჭებული შანსი ძალიან აქტიურად გამოიყენეს რესპუბლიკელებმა, რასაც ისინი ვერსადროს დამოუკიდებლად ვერ შეძლებდნენ - ისინი აკონტროლებენ პარლამენტს. იმ ფონზე როდესაც პარლამენტარების ნაწილი საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობაში ნაკლებად ერკვევა, ისინი ფავორიტები არიან საკანონმდებლო ორგანოში, მიუხედავად იმისა, რომ რიცხოვნობით დიდად არ აჭარბებენ სხვა პარტიის წარმომადგენლებს. გარდა ამისა, რესპუბლიკელები სერიოზულად იძლიერებენ პოზიციებს რეგიონებში, რაც მათ საშუალებას მისცემს ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე სოლიდური შედეგი დადონ და სერიოზულად აფართოვებენ პარტნიორების წრეებს.

რესპუბლიკელები ემზადებიან იმისათვის, რომ ივანიშვილის წასვლის შემდეგ ძლიერი დასაყრდენი პარტია გახდნენ, მაგრამ რამდენად შეძლებენ ამას?

- სრულიად ბეცური გათვლა იქნებოდა მათი მხრიდან, რომ ეს შანსი არ გამოეყენებინათ. ბუნებრივიც არის, ნებისმიერი პოლიტიკოსი ამ შანსს გამოიყენებდა საკუთარი პარტიის გასაძლიერებლად, მაგრამ კოალიციაში შემავალ სხვა პარტიებს რომ შევხედოთ ისინი ამას ვერ ახერხებენ. სამაგიეროდ ძალიან ოსტატურად ახერხებენ რესპუბლიკელები. რაც არ უნდა მოხდეს, მე გამოვრიცხავ, რომ „რესპუბლიკური პარტია“, თუნდაც მას შეერწყას „ნაციონალური მოძრაობის“ მომავალზე ორიენტირებული ის ნაწილი, რომლის გადარჩენასაც თავგამოდებით ცდილობს დასავლეთი, მაინც ვერ გახდება მომავალში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „მოქალაქეთა კავშირის“ მსგავსი ერთპიროვნული სახელისუფლებო პარტია. დღეს „რესპუბლიკურ პარტია“, მიუხედავად მისი ივანიშვილთან ასოცირებისა, ვერ ინატრებს იმ რეიტინგს და იმ მხადრაჭერას საზოგადოების მხრიდან, რაც ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“. პირიქით, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის „რესპუბლიკური პარტია“ არის მიუღებელი.