„მარგველაშვილს და ბაქრაძეს ბურჯანაძესთან დებატები უნდა აფიქრებდეთ“

„მარგველაშვილს და ბაქრაძეს ბურჯანაძესთან დებატები უნდა აფიქრებდეთ“

,,ნაციონალური მოძრაობისთვის“ გაუგებარია, რატომ ამბობს უარს გიორგი მარგველაშვილი დავით ბაქრაძესთან დებატებზე.

უმცირესობის დეპუტატი გიორგი გაბაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ფაქტობრივად, უარი განაცხადა დავით ბაქრაძის შეთავაზებაზე, რომ დაინიშნოს და ჩატარდეს დებატების მთელი სერია გიორგი მარგველაშვილსა და დავით ბაქრაძეს შორის ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, პრეზიდენტის ფუნქცია და მთავრობის კონტროლის უნარი საპრეზიდენტო კანდიდატების მხრიდან.

ამის მიუხედავად, გიორგი მარგველაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატს დავით ბაქრაძეს უპასუხა, რომ დებატები ჩატარდება ისეთ ფორმატში, სადაც ყველა საპრეზიდენტო კანდიდატს თავისი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა მიეცემა. მეტიც, „ქართული ოცნება“ ამ ნაწილში დაიცავს ერთიან სტანდარტს და ექსკლუზივი არავის მიეცემა.

საინტერესოა, რას ფიქრობენ პოლიტოლოგები გიორგი მარგველაშვილისა და დავით ბაქრაძის შესაძლო დებატებზე. ფაქტია, რომ დებატებსა და ინტრიგებში გამობრძმედილ ნაციონალებს უნდა აწყობდეთ ერთი-ერთზე „ქართული ოცნების“ კანდიდატთან სატელევიზიო დებატებში დაჯდომა. მართალია, არც გიორგი მარგველაშვილი უჩივის ოპონენტებთან ურთიერთობას და მისი პოლემიკა ნაციონალებისადმი აგრესიულად განწყობილ ადამიანებს სიამოვნებას ანიჭებდა, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ გიორგი მარგველაშვილისთვის საპრეზიდენტო დებატები მიხეილ თავხელიძესთან ჩვეული დებატები არ იქნება, სადაც მარგველაშვილი ფილოსოფოსობდა, ცინიზმსაც უხმობდა და ცდილობდა, მოწინააღმდეგე ამით დაეჩრდილა.

ნაციონალებს მისი ტაქტიკა და მანევრირება უკვე კარგა ხნის შესწავლილი ექნებათ. ამიტომ საკითხავია, ვინ დარჩება მოგებული ამ დებატებით და რა უნდა იყოს „ქართული ოცნების“ კანდიდატის კოზირი აღნიშნული დებატებისას? უნდა გამოიყენოს თუ არა მან დებატების დროს ჩვეული ფილოსოფიური წიაღსვლები, თუ უფრო მარტივად გადმოსცეს აზრი ტელემაყურებლის წინაშე?

ამის შესახებ For.ge პოლიტიკურ ექსპერტებს ესაუბრა.

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ გიორგი მარგველაშვილს დებატების არანაირი პრობლემა არ აქვს და სწორედ ამით დაგვამახსოვრა მან თავი წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც გამოუსწორებელ ნაციონალებთან დისკუსიისას არასოდეს რჩებოდა წარუმატებელი. თუმცა, როგორც ჩანს, საპრეზიდენტო დებატებისას რაღაც განსხვავებული ფორმატია ჩაფიქრებული „ოცნების“ მიერ, რაც გამორიცხავს პრივილეგიებს ცალკეული კანდიდატების მიმართ. ამდენად, სოსო ცისკარიშვილი ფიქრობს, რომ დრო დაგვანახებს, რამდენად დამაჯერებელი იქნება თავად ეს ფორმატი, რითაც ადვილად მივხვდებით, ვის სურს რეალური დებატები და ვის - არა.

ფილოსოფოსობა არა მარტო ფიქრს, არამედ მეტყველებასაც ითვალისწინებს და ამიტომ, სოსო ცისკარიშვილს ეეჭვება, სწორედ მჭევრმეტყველებაში ვინმეს რაიმე დაუთმოს „ოცნების“ კანდიდატმა.

რაც შეეხება დავით ბაქრაძის შესაძლებლობებს, სოსო ცისკარიშილი აცხადებს, „დისკუსიის რა მოგახსენოთ, მაგრამ დამაჯერებელი ტონით საუბრის გამოცდილება ბაქრაძეს მეტი აქვს. სხვა არის, რამდენად გულწრფელია ეს საუბარი და რამდენად ასახავს რეალობას. ჩემი აზრით, ორივე კანდიდატს, უპირველეს ყოვლისა, უნდა აფიქრებდეს დებატები ნინო ბურჯანაძესთან, რადგან ის ჩამოთვლილ კანდიდატებთან შედარებით ყველაზე ძლიერი პოლიტიკოსია და ინარჩუნებს რა აკადემიზმს, ამავე დროს, არის მახვილგონიერი ასეთ ვითარებაში. სათქმელი ორივე პოლიტიკური ძალის მიმართ, რომელსაც წარმოადგენენ მარგველაშვილი და ბაქრაძე, ნინო ბურჯანაძეს უფრო მეტი აქვს, რადგან თავად მისი პოლიტიკური გუნდი არ ყოფილა ხელისუფლებაში და ამ მხრივ გარკვეული შავი ლაქები არ გააჩნია“.

ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი აცხადებს, რომ მისთვის უცნობია ის მოტივაცია, რის გამოც გიორგი მარგველაშვილი უარს ამბობს დავით ბაქრაძესთან დებატებზე, თუმცა არ გამორიცხავს, რომ, შესაძლოა, მარგველაშვილს ფსიქოლოგიურად უჭირს იმის დაშვება, რომ იმ მოძრაობის კანდიდატთან მოუწევს დებატები, რომლის ლიდერებიც უამრავ დანაშაულში არიან ეჭვმიტანილნი და საზოგადოებრივი აზრი მკვეთრად უარყოფითია მათ მიმართ.

ამის მიუხედავად, მარგველაშვილის ადგილზე რომ ყოფილიყო, ზაზა ფირალიშვილი რაღაც ეტაპზე აუცილებლად მიიღებდა მონაწილეობას დებატებში. მით უმეტეს, რომ, ამ შემთხვევაში, მარგველაშვილს ისეთი მნიშვნელოვანი კაპიტალი ექნება, როგორიცაა გაუსვრელი სახელი და, ასევე, ის, რომ თავად საზოგადოებრივი განწყობა ნაციონალების კანდიდატის მიმართ მთლად დადებითი არ არის.

ზაზა ფირალიშვილი არ გამორიცხავს, რომ თვითონ ნაციონალებს, როგორც ჩანს, ძალიან სურთ, პოლემიკაში გამოუცდელ მარგველაშვილთან დაპირისპირებით ერთგვარად შეალამაზონ და გამოასწორონ თავიანთი იმიჯი. თუმცა ექსპერტის აზრით, საეჭვოა, მათ ეს ისეთნაირად შეასრულონ, რომ ძალზე დიდი ეფექტი მიიღონ ამისგან. ყველაზე დიდი შანსი კი, რაც ნაციონალებს აქვთ, მეორე ტურში გასვლის შანსია. თუმცა ისინი ზრუნავენ იმ კაპიტალის შექმნაზე, რომელიც მათ შემდეგ არჩევნებში გამოადგებათ და არა ახლა.

„თუ რამდენად გამოადგება ფილოსოფიური აზროვნება გიორგი მარგველაშვილს დებატებისას, ამას შედეგი გვიჩვენებს. ყველაზე რთული აზრიც კი შესაძლოა, ძალიან სადად იქნას გადმოცემული, ისე, რომ ადამიანებისთვის გასაგები იყოს. თუმცა გიორგი მარგველაშვილის მესმის, რომ მას ძალიან უჭირს თავისი პროფესიის ფარგლებიდან გამოსვლა და სხვა როლში ჩაჯდომა. თუმცა, ეს მან უნდა შეძლოს, რადგან სხვა გზა არ არის. ამიტომ ერთგვარი ძალდატანებაც უნდა განახორციელოს საკუთარ თავზე“, - აცხადებს ზაზა ფირალიშვილი.

პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას აზრით, დებატებში მონაწილეობა დემოკრატიის აუცილებელი პირობაა, განსაკუთრებით, არჩევნების პერიოდში, რაც საშუალებას აძლევს საზოგადოებას, გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი. აქედან გამომდინარე, დებატების ჩატარება აუცილებელია. რაც შეეხება ქართულ კონტექსტს, პოლიტოლოგი თვლის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი უფრო გაწაფულია ამ საქმეში და, რაც მთავარია, მას პიროვნულად უფრო დიდი რეიტინგი და მოწონების ხარისხი აქვს, ვიდრე მარგველაშვილს.

კორნელი კაკაჩიას თქმით, ჩვენ არ გვინახავს, როგორია მარგველაშვილი დებატებში, მაგრამ, სავარაუდოდ, ბაქრაძესთან დებატებში წააგებს. უფრო მეტიც, თუ არ დათანხმდება დებატებში მონაწილეობას, შეიძლება, საზოგადოების რაღაც ნაწილმა მას ესეც მინუსად ჩაუთვალოს.

პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ აქ კიდევ ერთი ფაქტორია გასათვალისწინებელი. კერძოდ, ბაქრაძე მაინცდამაინც არ მოიაზრება „ნაციონალური მოძრაობის“ იმ ფრთის წარმომადგენლად, რომლის მიმართაც საზოგადოება უარყოფითადაა განწყობილი. ბაქრაძე შედარებით ზომიერი ფრთის წარმომადგენელია, რომელთანაც ნაკლებად ასოცირდება უარყოფითი მომენტები, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ახასიათებდა. გარდა ამისა, დავით ბაქრაძე თვითონვე ემიჯნება იმ ხალხს, ვინც ჩაიდინა სისტემური ძალადობა ციხეებში და სხვაგან, მიუხედავად იმისა, რომ ბაქრაძეც სისტემის ნაწილი იყო.

ამიტომ, კორნელი კაკაჩიას თქმით, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბაქრაძე ცოტა სხვა ტიპის პოლიტიკოსია, ვიდრე ნებისმიერი ნაციონალი, რომლებიც უფრო აგრესიულები არიან და დავით ბაქრაძესთან ცოტა სხვა ტიპის საუბარია საჭირო.

„ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, პიროვნებას აძლევს ხმას თუ პარტიას. თუ პიროვნებას აძლევენ ხმას, მაშინ, სავარაუდოდ, დავით ბაქრაძეს უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე მარგველაშვილს, მაგრამ, თუ ხალხმა გააკეთა ასეთი არჩევანი, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი მოიაზრა პარტიად, მაშინ, რა თქმა უნდა, მარგველაშვილს აქვს უპირატესობა“, - აცხადებს კორნელი კაკაჩია.

თუ რა უნდა იყოს „ქართული ოცნების“ კანდიდატის კოზირი დებატებისას, პოლიტოლოგი ასეთ რეცეპტს ვერ გვთავაზობს, თუმცა ახსენდება ის უარყოფითი მომენტები, რომლებიც ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“. ამ ნეგატიურ მომენტებზე კი ჯერჯერობით კიდევ შეიძლება აპელირება, მაგრამ ორი-სამი წლის შემდეგ ამაზე გაცილებით ნაკლები ყურადღება იქნება გადატანილი.

„ბაქრაძე კარგი ორატორი და გამოცდილი პოლიტიკოსია, ფილოსოფოსობა კი შეიძლება უარესიც გახდეს გიორგი მარგველაშვილისთვის დებატებისას. წესით, მარგველაშვილს უნდა ჰყავდეს გარკვეული პიარკონსულტანტები, რომლებიც ურჩევენ, გაითვალისწინოს პლიუსები და მინუსები, რაც აქვს ბაქრაძეს, ასევე, ის, თუ რა საკითხებზე არ უნდა გაამახვილოს ყურადღება. ამის გარეშე ბაქრაძესთან დებატები, მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, მარგველაშვილს გაუჭირდება“, - აღნიშნა პოლიტოლოგმა.