„771 გვერდიან ნაციონალურ ჯოჯოხეთს“ შვიდმა ნაციონალმა მოუსმინა

„771 გვერდიან ნაციონალურ ჯოჯოხეთს“ შვიდმა ნაციონალმა მოუსმინა

მერვე მოწვევის პარლამენტმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დამკვიდრებული მანკიერი ტრადიცია დაარღვია და სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშზე დადგენილება მიიღო, მაშინ როდესაც, წლების განმავლობაში, საკანონმდებლო ორგანო ომბუდსმენის სქელტანიან დოკუმენტებს, სადაც ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე იყო საუბარი, მხოლოდ ცნობად იღებდა.

საკანონმდებლო ორგანოში 2012 წლის ანგარიშზე მსჯელობა დაახლოებით სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და უჩა ნანუაშვილმა წინამორბედის, გიორგი ტუღუშის მიერ მომზადებული დოკუმენტი წარადგინა.

ომბუდსმენმა გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა - პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ განხორციელებულ სხვადასხვა ხასიათის ქმედებებზე, საგამოძიებო ორგანოების მიერ დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტების რეაგირების გარეშე დატოვებაზე, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სისტემური დანაშაულების ჩადენაზე, პატიმართა მიმართ სასტიკი და არაადამიანური მოპყრობის კონკრეტულ შემთხვევებსა და საკუთრების უფლების ხელყოფის ფაქტებზე.

ასევე, უჩა ნანუაშვილმა 2012 წლის ყველაზე ხმაურიან სპეცოპერაციაზე - ლაფანყურის საქმეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საკითხის შესწავლისას გამოვლინდა გარემოებები, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ იმ დროს მოწოდებულ მოვლენათა ოფიციალურ ვერსიას ეწინააღმდეგება.

ომბუდსმენის განმარტებით, სახალხო დამცველის აპარატის მიერ ინციდენტის შესწავლამ გამოავლინა ფაქტები, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ შეტაკებაში მონაწილე შეიარაღებული დაჯგუფება შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ შექმნა, აღჭურვა და გაწვრთნა.

ლაფანყურის თაობაზე ანგარიშის ნაწილი მხოლოდ ერთმა ოპოზიციონერმა გააკრიტიკა, რადგან სხდომათა დარბაზში ანგარიშს სულ შვიდი ნაციონალი უსმენდა, რომელთა შორის იყვნენ - ირმა ნადირაშვილი, ტარიელ ლონდარიძე, პავლე კუბლაშვილი, დავით ჭავჭანიძე, ვახტანგ ლემონჯავა და ლევან ბეჟაშვილი.

კუბლაშვილის შეფასებით, ლოპოტას ხეობაში მიმდინარე პროცესებზე ნანუაშვილმა საკუთარი შეფასებები წარადგინა.

„სახალხო დამცველმა საკუთარი ვერსია შემოგვთავაზა როგორც შემდგარი ფაქტი. მისი პოზიცია რუსეთის მაღალჩინოსნების მხრიდან გაჟღერებულ განცხადებებს დაემთხვა, რაც კითხვის ნიშანს აჩენს. ამას გარდა, სახალხო დამცველი ლაფანყურის ოპერაციაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, თუმცა, ის სანამ, ამ იდეით გამოვიდოდა, უნდა დაფიქრებულიყო იმაზე, რომ ეს წინადადება მიმართულია არა რომლიმე ხელისუფლების წინააღმდეგ, არამედ - ქვეყნის“, - აცხადებს კუბლაშვილი, რომელსაც კითხვა არ დაუსვამს - პატიმართა პირობებზე, განსხვავებით ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძისგან, რომელიც საპატიმროებში ვანო მერაბიშვილისა და ბაჩანა ახალაიას ყოფით დაინტერესდა.

„ეს არის 771 გვერდიანი ნაციონალური ჯოჯოხეთი! ამ ორი ტომის წაკითხვის შემდეგ, მხოლოდ ეს შთაბეჭდილება დამრჩა. შესაბამისად, მაინტერესებს, მერაბიშვილისა და ბაჩანა ახალაიას აქვთ თუ არა საწოლი, ლეიბი, საბანი და ბალიში?! მათ ხომ არ უკრძალავენ სიცილს ან რადიოს მოსმენას?! მათ ხომ არ აიძულებენ შეჭამონ საკუთარი ჩვენების ფურცელი?! მათ აიძულებენ თუ არა ჩაიცვან სველი ტანსაცმელი?! მათ ასევე ხომ არ აიძულებენ დაიძინონ რიგ-რიგობით?! მათ ხომ არ აიძულებენ სხვათა წინააღმდეგ მისცენ ჩვენება?! ასევე მაინტერესებს, ისინი ხომ არ გახდნენ ცოცხითა და დუბინკით გაუპატიურების მსხვერპლნი?! მათ ხომ არ აიძულებენ მუხლებით იარონ ბეტონის იატაკზე?! მათ იძულებით ხომ არ აყურებინებენ სექსუალურ სცენებს?! - ეს არის პრაქტიკა, რომელიც, სამწუხაროდ, გადმოცემულია ამ ანგარიშში და უფრო მეტიც, წინა რეჟიმის ნაცისტურ გერმანიასაც შეშურდებოდა!“, - აღნიშნა კობახიძემ, რომლის კითხვების საპასუხოდაც ნანუაშვილმა ყოფილი პრემიერის სასაკნო ცხოვრებაზე ისაუბრა.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, აპარატის თანამშრომლები მერაბიშვილთან რამდენჯერმე იმყოფებოდნენ და პირობების მხრივ, მას არანაირი პრობლემა არ აქვს.

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთ-ერთ შეხვედრაზე, მან ტელევიზორი მოითხოვა, რომელიც მას მაჟამად აქვს. გარდა ამისა, მას ოჯახის წევრებთან შეხვედრის სურვილი ჰქონდა, მაგრამ მოქმედი კანონით, რომელიც სწორედ მათი რეჟიმის დროს არის მიღებული, საპატიმროებში ოჯახის წევრების ვიზიტები იკრძალება, მანამ, სანამ გამოძიება არ არის დასრულებული. ამას გარდა, ის სეირნობისას პერიმეტრის დანახვის უფლებას ითხოვს. მას სხვა პრეტენზია არ გამოუთქვამს“, - აღნიშნა სახალხო დამცველმა, რომელსაც უმცირესობამ სულ რამდენიმე შეკითხვა დაუსვა, ისიც მხოლოდ 1-ელი ოქტომბრის შემდეგ მიმდინარე პროცესებზე.

რაც შეეხება უმრავლესობას, მათგან განსაკუთრებით კრიტიკული კობახიძისა და ცაგარეიშვილის გამოსვლა იყო, რის შემდეგაც პარლამენტმა 81 ხმით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ მომზადებული ექვსგვერდიანი დადგენილების პროექტი დაამტკიცა, რომელშიც ომბუდსმენის ანგარიშზე დაყრდნობით წარმოდგენილია კონკრეტული მითითებები და რეკომენდაციები აღმასრულებელი სტრუქტურების მისამართით.

კერძოდ, კომიტეტი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მიერ საკუთრების ხელყოფის და მაღალი ინტერესის მქონე დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით პარლამენტმა საგამოძიებო კომისია უნდა შექმნას. ასევე პარლამენტი პროკურატურას რეკომენდაციით მიმართავს, ლაფანყურის სპეცოპერაციაზე წარმოებულ გამოძიებაში მონაწილეობა არ მიიღონ პირებმა, რომლებიც აღნიშნულ საქმესთან რაიმე ფორმით იყვნენ დაკავშირებული. ამას გარდა, პარლამენტი შსს-ს რელიგიის თავისუფლების შეზღუდვისა და რელიგიურ ნიადაგზე დისკრიმინაციის ნიშნების შემცველი მოპყრობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ბოლომდე მიყვანის რეკომენდაციით მიმართავს. ამასთან, პარლამენტი შსს მიმართავს, უზრუნველყოს არასრულწლოვანთა დაცვა მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მხრიდან უფლებათა ბოროტად გამოყენებისგან და კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები აამოქმედოს ბავშვთა უფლებების დამრღვევ პირთა მიმართ. ასევე უზრუნველყოს ქალთა დაცვა ოჯახში ძალადობისაგან.

პარლამენტის რეკომენდაციებს მოჰყვება თუ არა რეაგირება, ამ საკითხზე ნანუაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის დადგენილება სერიოზული ტესტია - დარჩება თუ არა ეს დოკუმენტი, ფარატინა ქაღალდად.

„იმედი მაქვს, სამთავრობო სტრუქტურები ანგარიშში წამოწეულ კონკრეტულ ფაქტებსა და პარლამენტის დადგენილებაში დაფიქსირებულ რეკომენდაციებზე ყურადღებას სერიოზულად გაამახვილებენ. ჩემთვის წარმოდგენილი დოკუმენტი ანგარიში არ არის, რადგან ეს არის სარკე. ჩვენ დღეს ამ სარკეში ჩავიხედეთ და დავინახეთ, რა ხდებოდა გასულ წლებში. წარსულში რომ ცუდი რამ ხდებოდა, ამის გარშემო ყველა უნდა გავერთიანდეთ, რათა აღარ განმეორდეს ის, რაზეც ამ ანგარიშშია საუბარი. სტანდარტები უნდა გაიზარდოს, ის, რომ მემკვიდრეობა მძიმეა, არანაირი გამართლება არ არის ახალი დარღვევებისთვის“, - განაცხადა ნანუაშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას, სახალხო დამცველმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიმდინარე გამოძიებები უნდა იყოს გამჭირვალე, ობიექტური და წარსულზე აპელირება არ უნდა მოხდეს.

საგულისხმოა, ერთი დეტალიც, კერძოდ, წლების განმავლობაში, ომბუდსმენს სხდომათა დარბაზში მხოლოდ ხუთი დეპუტატი უსმენდა, რომელთაგან ორი ოპოზიციონერი იყო. დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ნანუაშვილს დაახლოებით 40-მა დეპუტატმა მოუსმინა, შესაბამისად, თუ წინა წლების პრაქტიკას გავითვალისწინებთ, კანონმდებელთა აღნიშნული რაოდენობა პროგრესად უნდა ჩაითვალოს.