წარმოგიდგენთ თბილისის ი.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატ, გიორგი ბარამიძის ხედვებს უნივერსიტეტის განვითარების შესახებ
ივანე ჯავახიშვილს სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნება საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას უკავშირდება, რაც განსაზღვრავს კიდეც მის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
ცხადია, რომ უნივერსიტეტის დაკნინებისა და დაცემის ტენდენცია ეროვნული სახელმწიფოს დაკნინებისა და დაცემის ტენდენციას გამოხატავს.
წინა ხელისუფლების იდეოლოგები ქადაგებდნენ ძალაუფლების სიმულაკრების ანდა ვითომ და ცრუ ძალაუფლების და ვითომ და ცრუ ინსტიტუტების შესახებ. მათ ბრძოლა ვითომდა ძალაუფლების სიმულაკებს გამოუცხადეს. სინამდვილეში კი ძალაუფლების სიმულაკრების ნაცვლად სიმულაკრების - უტრადიციო, უფესვო და უსამშობლო - ინდივიდების ძალაუფლება მივიღეთ.
საუნივერსიტეტო განათლების სფეროში ამან უნივერსიტეტის იდეის და შესაბამისად უნივერსიტეტის როგორც ინსტიტუციის დაკნინება და დაცემა გამოიწვია.
წინა პოლიტიკური რეჟიმის პირობებში უნივერსიტეტში ერთმანეთს შეერწყა კორუმპირებული სახელმწიფო ხელისუფლება და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია. ამან გამოიწვია ძირეული ცვლილება უნივერსიტეტის სტრუქტურაში; იგი აღარ არის სტუდენტებისა და პროფესორების ერთობა.
ამ გლობალური პროცესის პარალერულად მოხდა ის, რომ საუნივერსიტეტო ადმინისტრაციამ შეისრუტა პროფესურის სოლიდური ნაწილი, ხოლო კორუმპირებულმა ხელისუფლებამ - სტუდენტური თვითმმართველობები, რამაც დააჩქარა უნივერსიტეტის შინაგანი რღვევა.
ამის შედეგად მივიღეთ ერთობ სავალალო და პარადოქსული ვითარება, როცა უნივერსიტეტი პოლიტიკურ-პარტიულ დაწესებულებად გადაგვარდა. საზოგადოების უდიდეს ნაწილში ეჭვს არ იწვევს ის, რომ იგი მთელი ამ წლების განმავლობაში მიზანმიმართულად ახორცილებდა კვალიფიციური პროფესურის დევნას; ხელს უწყობდა და დანაშაულებრივად ახალისებდა არაკვალიფიციურობასა და აკადემიურ კორუფციას.
ორმაგი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა უნივერსიტეტის სტუდენტობა. ერთის მხრივ, ისინი აღარ არიან დამოუკიდებელი მოთამაშეები საუნივერსიტეტო სივრცეში. მეორეს მხრივ, სიტემურად ირღვევა მათი ყველაზე არსებითი უფლება, დაუბრკოლებლად მიიღონ ხარისხიანი განათლება.
მაშინ როცა უნივერსიტეტი როგორც დასავლური ჰუმანისტური ტრადიციის ნაყოფი გამუდმებით უნდა იღვწოდეს უნივერსალური ცოდნის მოპოვებისთვის; არ უნდა იზღუდებოდეს პოლიტიკური და მით უმეტეს პარტიული საზღვრებით.
უნივერსიტეტი და სამართლიანობის აღდგენა
უნივერსიტეტმა უნდა შეასრულოს თავისი სამოქალაქო და საკაცობრიო ფუნქცია სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით; ეს ნიშნავს:
- თავის უფლებებში უნდა იქნეს აღდგენილი უნივერსიტეტის ის აკადემიური პერსონალი, რომელიც უსამართლოდ დაითხოვეს უნივერსიტეტიდან ბოლო წლების განმავლობაში. ამასთანავე აღდგენილი უნდა იქნეს ყველა ის მიმართულება, აკადემიური დანაყოფი თუ ქვედანაყოფი, რომელიც იმავე წლებში უსამართლოდ და თვითნებურად იქნა გაუქმებული.
- უნივერსიტეტმა მისი ადმინისტრაციის სახით საჯაროდ უნდა მოიხადოს ბოდიში იმ ადამიანთა ხსოვნის და მათი ოჯახების წინაშე, რომლებიც მისი მესვეურებისა და სტრუქტურების მიერ გატარებულ რეპრესიულ ქმდებებს შეეწირნენ.
- უნდა იქნეს დათვლილი ის მატერიალური ზარალი, რომელიც თსუ-ს მესვეურების უსამართლო გადაწყვეტილებების შედეგად მიადგა რეპრესირებულ თანამშრომლებს და უნდა შედგეს გეგმა, რომლის მიხედვითაც მათ აუნაზღაურდებათ მიყენებული მატერიალური ზარალი.
- დაუშვებელია, რომ სამართლიანობის აღდგენამ მიიღოს რევანშისტული ხასიათი. ამიტომ არჩეული აკადემიური პერსონალი განაგრძობს საქმიანობას; და ამის შემდეგ იგი თავის უფლებებში აღდგენილ აკადემიურ პერსონალთან ერთად მონაწილეობას იღებს ახალ კონკურსებში; ეს უკანასკნელი ტარდება სრული აკადემიური მიუკერძოებლობის პირობებში, გარეშე რეფერირებისა და საერთაშორისოდ აღიარებული ყველა სტანდარტის(საჯარო ლექციები, ნაშრომების საერთაშორისო ექსპეტიზა აკადემიურ ხარისხსა და პლაგიატზე და ა.შ.) გამოყენებით, რომელიც ეჭვშეუვალი ობიექტურობის გარანტს წარმოადგენს.
უნივერსიტეტი უნდა იყოს სტუდენტებისა და პროფესორების ერთობის ფორმა; ასევე - კვლევისა და სწავლების ერთიანობა. მისი მიზანია არის არა მარტო ის, რომ სტდენტებს პროფესიული უნარ-ჩვევები გამოუმუშაოს, არამედ -აღზარდოს განათლებული და თავისუფლად მოაზროვნე ადამიანები.
- უნივერსიტეტი როგორც დასავლური ჰუმანისტური ტრადიციის ნაყოფი გამუდმებით უნდა იღვწოდეს უნივერსალური ცოდნის მოპოვებისთვის;
- არ უნდა იზღუდებოდეს არანაირი - მათ შორის - პოლიტიკური საზღვრებით.
- უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, მისი მმართველობა უნდა ემსახურებოდეს უნივერსიტეტის სტუდენტებს და პროფესორებს და არა პირიქით.
- საზოგადოებას არ სჭირდება უნივერსიტეტი როგორც ადმნისტრაციული მონსტრი.
- დაუშვებელია არსებული მდგომარეობა, როცა ადმინისტრაციის თანამშრომელთა რაოდენობა თითქმის ხუთჯერ აღემატება პროფესორთა რიცხვს.
- საზოგადოებას არ სჭირდება ტოტალიტარული ტიპის რეპრესიული უნივერსიტეტი.
- პროფესორის ანაზღაურება საგრძნობლად უნდა გაიზარდოს. უნდა დამთავრდეს ის მდგომარეობა, როცა უნივერსიტეტის ბიუჯეტის ზრდა არ აისახება ხელფასის ზრდაზე.
- საუნივერსიტეტო საზოგადოებამ სტუდენტობის არსებითი მონაწილეობით მკაცრი კონტროლი უნდა დააწესოს უნივერსიტეტის ბიუჯეტის ხარჯვაზე.
- თითოელი თეთრი მიზანმიმართულად და გამჭვირვალედ უნდა იხარჯებოდეს მხოლოდ მაღალეფექტურ კვლევასა და სწავლებაზე და მის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე.
- უნივერსიტეში არ უნდა არსებობდეს პრივილიგირებული კასტა, რომელიც შეუზღუდავად სარგებლობს საბიჯეტო სიკეთეებით.
- უნივერსიტეტი უნდა უზრუნველყოფდეს ყველა მომსახურებას სტუდენტებისა და პროფესორებისთვის, რომლებიც განსაზღვრულია თანამედროვე საერთაშორისო სტადარტებით.
- უნდა გამოცხადდეს გარდამავალი ეტაპი, რომლის დროსაც უნივერსიტეტის მართვის არსებული ორგანოები გამოაცხადებენ თვითდაშლას და საერთო საუნივერსიტეტო კონსენსუსის საფუძველზე ხელახლა დააფუძნებენ ყველა ადმინისტრაციულ სტრუქტურასა და აკადემიურ დანაყოფს.
- დაუშვებელია, ყოველივე ამან დაბრკოლება შეუქმნას სასწავლო პროცესს და უნივერსიტეტის ფუქნციონირებას. ამიტომ უნივერსიტეტი თვითვე ქმნის დროებით ორგანოებს დაუბრკოლებელი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.
- უნდა მოხდეს ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელახალი თვით(გა)დაფუძნება.
ეს აუცილებელია, ვინაიდან ყველასთვის ცხადია, რომ უსამართლო უნივერსიტეტი ვერ შეასრულებს თავის ფუნქციებს და ვერ უპასუხებს თანამედროვე გამოწვევებს.
უნივერსიტეტში, რა თქმა უნდა, ყოველთვის იღვწოდნენ და ახლაც იღვწიან მაღალკვალიფიციური პროფესორები, რომლებიც თითქმის მარტონი დარჩნენ სისტემური გადაგვარების არნახული მასშტატების პირისპირ.
ყოველივე ამის შედეგად ძირი გამოეთხარა უნივერსიტეტის ავტონომიურობასა და პროფესურის აკადემიურ თავისუფლებას.
აუცილებელია უნივერსიტეტი დაუბრუნდეს მათ, ვისაც ის ეკუთვნის: სტუდენტებსა და პროფესორებს, ხოლო მათი საშუალებით - ქართველ ერს, საქართველოს მოქალაქეებს და საერთაშორისო აკადემიურ საზოგადებას.
ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია: უნივერსიტეტს მიენიჭოს ჭეშმარიტი ავტონომია, პროფესურას აკადემიური - თავისუფლება, სტუდენტს - საუნივერსიტეტო ინსტიტუციის სრულუფლებიანი წევრობა.
უნივერსიტეტის ავტონომია არ ნიშნავს უპასუხისმგებლობას ანდა პარტიულ პასუხისმგებლობას. იგი ანგარიშვალდებულია არა რომელიმე პარტიის, არამედ მთელი საზოგადოების წინაშე.
უზრუნველყოფილი იქნება როგორც ე.წ. გარეგანი დამოუკიდებლობა, როცა უნივერსიტეტი დამოუკიდებელია მაგ. სახელმწიფოსგან; - ისე ე.წ. შინაგანი დამოუკიდებლობა, რაც გულისხმობს პროფესურის თავისუფლებას საუნივერსიტეტო ადმინისტრაციის სტრუქტურებისგან.
უნდა დამთავრდეს ის მდგომარეობა, როცა პროფესორი იძულებულია, ეჭიროს ადმინისტრაციული თანამდებობაც როგორც დამატებითი შემოსავლის წყარო. ეს ის მდგომარეობაა, როცა ეკონომიკური სარგებელი აკადემიური კორუფციის საწინდრად გვევლინება.
უნივერსიტეტი ღია იქნება ახალი დისციპლინებისა და საერთაშორისოდ აღიარებული ყველა აკადემიური ინოვაციის მიმართ.
შეიქმნება სათანადო პირობები იმისთვის, რომ პროფესორი მთელს თავის დროს უნდა ახმარდეს სწავლებასა და კვლევას.
განხორციელდება უნივერსიტეტის რეალური დეცენტრალიზაცია, რაც გულისხმობს იმას, რომ
- იგი არ შეასრულებს რომელიმე ცენტრის დირექტივებს;
- ფაკულტეტებს მიენიჭებათ მაქსიმალური - მათ შორის ფინანსური - დამოუკიდებლობა საუნივერსიტეტო ცენტრისგან.
- გადაიხედება საფაკულტეტო მოწყობის სტრუქტურა და პრიორიტეტი მიენიჭება ამგვარი მოწყობის შედეგზე გათვლილსა და მაღალეფექტურ ფორმას.
- უზრუნველყოფილი იქნება აკადემიური თავისუფლება როგორც ახალი საუნივერსიტეტო მოწყობის ქვაკუთხედი.
- ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ უნივერსიტეტში დამკვიდრდეს აკადემიური მიუკერძოებლობა როგორც უნივერსიტეტის სტაბილური განვითარების გარანტი;
- აღმოიფხვრება აკადემიური კორუფცია, რომლის საფუძველი სწორედ აკადემიური პერსონალის მნშვნელოვანი ნაწილისა და საუნივერსიტეტო სტრუქტურების მიკერძოება, არაობიექტურობა, არაპროფესიონალიზმი და სათანადო კვალიფიკაციის არქონაა.
- შეუძლებელი გახდება ის, რომ საუნივერსიტეტო სტრუქტურები - ასევე ე.წ. კონკურსები - აკადემიურად კორუმპირებულმა თუ სხვაგვარად პრივილიგირებულმა ჯგუფებმა თავიანთი კორუმპირებული მიზნების გასახორციელებლად გამოიყენონ.
- ყოველივე ამით ნიადაგი გამოეცლება აკადემიურად კორუმპირებულ სქემებს, რომლებიც გათვლილია სტუდენტისგან - და საბოლოო ჯამში სახელმწიფოსგან სახსრების გამოძალვაზე, როცა სტუდენტი სამართლიანად ითხოვს ხარისხიან განათლებას ნაცვლად ამისა კი უხარისხოსა და გაფუჭებულ პროდუქტს აჩეჩებენ.
- ნიადაგი გამოეცლება სტუდენტების დისკრიმინაციისა და პროფესურის რეპრესიის მექანიზმებს.
სწავლება და კვლევა
უნივერსიტეტი დაუბრკოლებლად შეასრულებს თავის ფუნქციას: განავითაროს ცოდნა ორიგინალური და კრიტიკული კვლევით. ასევე უზრუნველყოფს წარსულის მემკვიდრეობის გადაცემასა და უნარების დაუფლებას.
სწავლება დაემყარება ჭეშმარიტების დაუინტერესებელ ძიებას. ამ ძიებაში ჩართული იქნება სტუდენტობა.
არსებითად იქნება გათვალისწინებული კვლევის ორი მომენტი:
- ინდივიდუალური კვლევა როგორც ინდივიდუალური პროფესორის საქმიანობის კომპონენტი, რომელიც ხელს უწყობს სწავლებას. სასწავლო კომპონენტთან ერთად დაფინანსდება პროფესორის მოღვაწეობის კვლევითი კომპონენტი.
- სპეციალიზებული კვლევა, რომლის უშუალო ამოცანაა სახელმწიფოს როგორც ინტელექტუალური ისე ეკონომიკური სიმძლავრეების ზრდა. პრიორიტეტი მიენიჭება ფუნდამენტურ კვლევას, რომელიც ექსპერტების შეფასებით არ არის დაკავშირებული ძალზე დიდ დანახარჯებთან და განვითარებადი საზოგადოების უნივერსიტეტი შეძლებს მის გაწევას.
- ცოდნის სპონსორირებამ არ უნდა გამოიწვიოს ის მდგომარეობა, როცა ჰუმანიტარული მეცნიერებები უტილიტარული დარგების მძევლად იქცევიან.
- კვლევით პროექტებში თანამშრომლობა არ იქნება თანამშრლომობა თანამშრომლობის გულისთვის, რასაც ძალზე ხშირად მხოლოდ კულტურული ურთიერთობის სახე აქვს.
- პრიორიტეტი მიენიჭება ისეთ კვლევებს, რომლებიც მსოფლიოს მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ცენტრებთან თანამშრომლობით ხორცილდება. ვინაიდან ეს შესაძლებლობას მისცემს უნივერსიტეტს:
- ჩაერთოს მაღალეფექტურ საერთაშორისო კვლევით პროექტებში;
- დააკმაყოფილოს მაღალრეიტინგული უნივერსიტეტის ყველა საერთაშორისოდ აღიარებული კრიტერიუმი.
თანამედროვე უნივერსიტეტი უნდა აკმაყოფილებდეს საშუალო კლასის მოთხოვნებს და უნდა იყოს არა ელიტური, არამედ მასური; ეს იმას ნიშნავს, რომ უნივერსიტეტი ანგარიშს უნდა უწევდეს ცოდნის მარკეტიზაციისა და მისი კომერციალიზაციიის მოთხოვნებს.
ჩვენ არ გვაქვს მდიდრული, ხელგაშლილი - „საყოველთაო კეთილდღეობის უნივერსიტეტის „ ფუფუნება, მაგრამ ვერც იმას დავუშვებთ, რომ იგი კლანური თუ კასტური ფუფუნების ინსტიტუციად იქცეს.
მაგრამ მეორეს მხრივ არსებითად იქნება გათვალისწინებული ის, რომ უნივერსიტეტს საქმე აქვს უნივერსალურ ცოდნასთან, რომელიც ვერ თავსდება საბაზრო და კომერციულ ჩარჩოებში. უნივერსიტეტი უმაღლესსა და მარადიულ ღირებულებებს ემსახურება.
უნივერსიტეტი გამოუშვებს არა ვიწრო პროფილის სპეციალისტებს, არამედ უნივერსალურ სწავლულებს; ისინი განსწავლულნი იქნებიან არა მარტო პროფესიულ საგნებში, არამედ ხელოვნებებსა და წმინდა მეცნიერებებში, რომლებიც იმგვარად წვრთნის გონებას, რომ მისი გამოყენება შესაძლებელი ხდება სხვადასხვა პროფესიების დასაუფლებლად.
მაგრამ მეორეს მხრივ არსებითად იქნება გათვალისწინებული ის, რომ თანამედროვე ეპოქაში შეიცვალა ცოდნის სტატუსი, რაც უნივერსიტეტის სტატუსზეც აისახა. იგულისხმება როგორც ცოდნის მარკეტიზაცია ისე მისი პროფესიონალიზაცია;
ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რომ ინტელექტი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს კრეატიული, შემოქმედებითი ძალა, როცა იგი თავისუფალია. განუხრელად იქნება უზრუნველყოფილი აკადემიური თავისუფლება და ავტონომია:
- ინდივიდუალური სწავლული და მეცნიერი თავისუფალია ჭეშმარიტების ძიებაში. ასევე - სწავლებასა და მონაპოვრების გამოქვეყნებაში. უნივერსიტეტი დაცული იქნება რელიგიური და პოლიტიკური ჩარევებისგან.
- შეიქმნება ყველა პირობა იმისთვის, რომ პროფესორებმა რეალიზება უყონ თავიანთ უფლებას: იყონ აქტიური მოქალაქეები.
უნივერსიტეტი იქცევა საჯარო ინტელექტუალთა კერად. იგი ჩამოყალიბდება როგორც კრეატიული და დამოუკიდებელი საგანმანათლებო ძალა.
მეორეს მხრივ, უნივერსიტეტი გახდება ჭეშმარიტად თვითმმართველი ინსტიტუცია, რომელიც შეესაბამება პლურალისტურ საზოგადოებებში განსხავებულობისა და თავი- სუფლების დაცვის საქმეს.
თანამედროვე პირობებში გაიზარდა ე.წ. მენეჯერიალიზმი აკადემიური თვითმმართველობის ხარჯზე. ამ მოვლენამ გამოიწვია ის, რომ უნივერსიტეტი ზეგავლენას განიცდის გარეშე ფონდების, მედიისა და სახელმწიფოს მხრიდან. ამან საფრთხე შეუქმნა უნივერსიტეტის ავტონომიას.
მეორეს მხრივ, უტილიტარული ხედვა საფრთხეს უქმნის დაუინტერესებელი ინტელექტუალური კვლევის იდეალს.
უნივერსიტეტის იმიჯს აღარ განსაზღვრავს მისსავ კედლებში დამოუკიდებლად ჩამოყალიბებული ცოდნისმოყვარეობა, კრეატიულობა და ახალი საგნები.
ამ საფრთხეების გათვალისწინებით
უნივერსიტეტი განუხრელად დაიცავს შემდეგ პრინციპებს:
ავტონომიურობას;
კვლევისა და სწავლების განუყოფლობას;
კვლევისა და სწავლების თავისუფლებას.
უნივერსიტეტის ავტონომია
ხშირად ლაპარაკია იმაზე, რომ უნივერსიტეტის ავტონომიას საფრთხეს უქმნის სახელმწიფო. მაგრამ ასევე ხშირად ავიწყდებათ ის, რომ უნივერსიტეტის ავტონომიას საფრთხე თავისუფალი ბაზრის მხრიდნაც ექმნება. საქმე ის არის, რომ საბაზრო კრიტერიუმებს მხოლოდ ბაზარი ადგენს და არა უნივერსიტეტი. თუ უნივერსიტეტი საბაზრო პრიორიტეტებს ემსახურება, მაშინ იგი გარეშე, საბაზრო ძალებს უწევს ანგარიშს, რითაც იზღუდება მისი ავტონომია.
- აუცილებელია, უნივერსიტეტმა გამოიმუშაოს ბალანსირების პოლიტიკა და ისეთი პროცედურები შეიმუშაოს, რაც მაქსიმალურად დაიცავს მის ავტონომიურობას უშუალო გარეშე ზეგავლენებისგან.
- თანამედროვე განვითარება იმაზე მიუთითებს, რომ უნივერსიტეტის ავტონომიურობა ფარდობითია. სწორედ ამის დასტურია საეთაშორისო რეიტინგები, სტანდარტები და კვლევის პრიორიტეტები.
- ავტონომია არ ნიშნავს იმას, რომ უნივერსიტეტი ოდიოზურმა ჯგუფებმა მოწყვეტონ დანარჩენ საზოგადოებას და იგი დანაშაულებრივ ტყვეობაში ამყოფონ.
- აბსოლუტური დამოუკიდებლობა არ არსებობს, არცერთი ინსტიტუტი - მათ შორის სახელმწიფოც - არ არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი.
- დამოუკიდებლება ყოველთვის ნიშნავს ახლებურ დამოკიდებულებას.
- უნივერსიტეტის ავტონომიის მოდელია „დამოკიდებული დამოუკიდებლობა“.
- მთავარია სახელმწიფო იჩენდეს ე.წ. ჩაურევლობის ნებას, არ ერეოდეს უნივერსიტეტის შიდა საქმეებში და არ ზღუდავდეს მის თვითმმართველობას.
- უნივერსიტეტი უნდა იჩენდეს გონივრული ავტონომიურობის ნებას და იცავდეს ე.წ. კრიტიკულ დისტანციას როგორც სახელმწიფოს ისე ეკონომიკური ცენტრების და ზეგავვლენის ყველა სხვა ინსტანციის მიმართ.
უნივერსიტეტი და სამოქალაქო საზოგადოება
- სამოქალაქო საზოგადოებას აქვს კრიტიკული ფუნქცია სახელმწიფოსა და ძალაუფლების სხვა ფორმების მიმართ.
- სამოქალაქო საზოგადოება არ არის კრიტიკის უკანასკნელი ინსტანცია და ასეთი რამ არც არსებობს. ამის გარანტი კი სხვა არაფერია თუ არა უნივერსიტეტი, რომელიც არიტიკებს კრიტიკულ ცნობიერებას;
- სამოქალაქო საზოგადოება სვამს შეკითხვებს, უნივერსიტეტის ფუნქცია კი არის ის, რომ შეკითხვები დაუსვას თვითონ შემკითხველ ცნობიერებას.
- უნივერსიტეტში - იურიდიული, სოციალ-პოლიტიკური და ჰუმანიტარული ფაკულტეტების სახით - მუდმივად უნდა ხდებოდეს იმის გასიგრძეგანება თუ ვინ არის ადამიანი და როგორ უნდა ხდებოდეს მისი უფლებების გააზრება.
- უნივერსიტეტი ეწინააღმდეგება ინტერპრეტაციებზე მონოპოლიების დამყარებას და ამით არ იძლევა მენტალური და სხვა სახის ძალადობრივი სტრუქტურების ჩამოყალიბების შესაძლებლბას.
- საზოგადოდ, სამოქალაქო საზოგადოება და უნივერსიტეტი ხელს უნდა უწყობდეს ერთმანეთის გაძლიერებას.
- უნივერსიტეტი სარგებლობს უფლებით, იქცეს ე.წ. არაძალადობრივი, სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კერად.
სტუდენტები
- სტუდენტებს მიენიჭებათ მთავარი როლი ახალ საუნივერსიტეტო მოწესრიგებაში.
- ჩვენ გვჭირდება ისეთი უნივერსიტეტი, რომელშიც სტუდენტი არსებით მონაწილეობას მიიღებს როგორც აკადემიური პროდუქტის ხარისხის უზრუნველყოფაში ისე ამ პროდუქტის მიმწოდებლის შეფასებაში როგორც ხდება ეს მსოფლიოს მოწინავე უნივერსიტეტებში.
- სტუდენტთა მოსაზრებებისა და ინტერესების გათვალსწინება მოხდება უნივერსიტეტის მმართველბითი სტრუქტურების მიერ ამათუიმ გადაწყვეტილების მიღებამდე. ამას არ უნდა ჰქონდეს ფორმალური და მოჩვენებითი ხასიათი.
- სტუდენტი არ არის უნივერსიტეტის დანამატი, იგი მისი არსებითი შემადგენელი ნაწილია და მის ყველა არსებით გადაწყვეტილებაში ასევე არსებითად მონაწილეობს როგორც სათათბირო ისე გადაწყვეტი ხმის უფლებით.
- სტუდენტები პასუხისმგებლები არიან იმ საკითხების ფორმულირებასა და პოლიტიკაზე, რომლებიც ეხება სტუდენტურ ცხოვრებას, სერვისებსა და ინტერესებს. მათ უნდა ჰყავდეთ თავიანთი წარმომადგენლები და აქტიურად უნდა მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის მართვსა და საუნივერსიტეტო პოლიტიკის ჩამოყალიბებაში.
- აუცილებელი, უნივერსიტეტმა ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ სტუდენტობა უზრუნველყოს კლასიკური და თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურის მაღალხარისხიანი თარგმანებით.
გამომდინარე უნივერსიტეტის იდეიდან და განსაკუთრებული მსიიდან, რომელიც მას ისტორიამ დააკისრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის უნივერსიტეტს უნდა მიენიჭოს ეროვნული უნივერსიტეტის სტატუსი.