საქართველოს პრეზიდენტმა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი თენგიზ გუნავა შეიწყალა. ივნისში თბილისის საქალაქო სასამართლომ გუნავას ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რომელიც დამნაშავედ ცნო ბენზინის ტალონებისა და სახელმწიფო ქონების მითვისებაში.
თენგიზ გუნავა ნაციონალების მმართველობის პერიოდში სამეგრელოს რეგიონის პოლიციის უფროსად მუშაობდა, ხოლო შემდეგ შსს-ს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი იყო, რამდენიმე ეპიზოდთან დაკავშირებით იყო ბრალდებული და გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული.
ნოემბრის შუა რიცხვებში ის იარაღთან და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისთვის დააკავეს. 10 000 ლარიანი გირაოს გადახდის შედეგად გათავისუფლების შემდეგ, გუნავამ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ ბრალდებები გამოგონილი იყო, რადგან მას იარაღი და ნარკოტიკები ჩაუდეს. მართალია მისი ეს ეჭვი არ დადასტურა, თუმცა შსს-მ ამ საქმის შესწავლის შედეგად ხუთი პოლიციელი დაითხოვა სამსახურიდან. ნოემბრის ბოლოს, პირველი დაკავებიდან ორ კვირაში, გუნავა ისევ დააკავეს გაფლანგვის ცალკე საქმეზე და ისევ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
10 იანვარს პროკურატურამ კიდევ ერთი ახალი ეპიზოდის შესახებ განაცხადა, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსად გუნავას მუშაობის პერიოდს უკავშირდება. საქმე ეხება 2012 წლის მარტში ზუგდიდის რკინიგზის სადგურზე მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც, პროკურატურის განცხადებით, გუნავამ საკუთარ მძღოლს შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ ამოიღო იარაღი, რისი წართმევის მცდელობის დროს დაჭრა ადგილზე მყოფი სვანეთის სოდ-ის უფროსი ბაკურ გულუა და ასევე შემთხვევის ადგილიდან უკვე საკმაოდ დაშორებული მისი მძღოლი, კახაბერ იზორია, რომელსაც „დამიზნებით ესროლა“ - ორივე მათგანი ფეხის არეში დაიჭრა.
2 აპრილს მძღოლი აიყვანეს მოსმენაზე, საბაბით, თითქოს, იგი იყო ნარკოტიკების მომხმარებელი. თუ ის ჩვენებას მისცემდა, იტყოდენ, რომ უსმენდნენ, ჩაუდებდნენ ნარკოტიკს და დააკავებდნენ, როგორც ნარკოტიკების მომხმარებელს.
თენგიზ გუნავა 2012 წლიდან ბაჩო ახალაიას მინისტრობის დროს, დაინიშნა შსს-ს გენინსპექციის უფროსად. ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, 2012 წლის აგვისტოში მიითვისა დიდი რაოდენობით საწვავი.
სოზარ სუბარის სახალხო დამცველობის პერიოდში, მის მოხსენებაში სამეგრელოში წამების ფაქტების შესახებ არაერთი ინფორმაცია შევიდა. გუნავა მოსმენების საქმეში, 2008 წლიდან ფიგურირებს, რაზეც გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
ჯერ კიდევ არჩევნებამდე „ამომრჩეველთა ლიგის“ ერთ-ერთი ლიდერი, კახა მიქაია აცხადებდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ახლადდანიშნული უფროსი თენგიზ გუნავა გარეული იყო ყველა იმ კრიმინალურ საქმიანობაში, რასაც ახალაიები ეწეოდნენ სამეგრელოში, რომ გუნავა ბაჩო და დათა ახალაიების მამის, როლანდ ახალაიას მარჯვენა ხელი იყო და სამეგრელო-ზემო სვანეთში ოპოზიციონერებზე ზეწოლით გამოირჩეოდა. მიქაია ადგილობრივი არჩევნების დროს სვანეთში მომხდარ ფაქტზეც საუბრობდა.
„არსებობს კონკრეტული ფაქტი, როდესაც გუნავა გოროზიასთან ერთად სვანეთში ავიდა ადგილობრივი არჩევნების დროს და აიძულა ოპოზიციონერი მაჟორიტარი დეპუტატები საკუთარი ნებით, ოფიციალური განცხადების საფუძველზე, მოეხსნათ კანდიდატურები. მან გაიყვანა ისინი გამგეობის შენობაში. მარტო იქ იყო შუქი, რადგან მთელ სვანეთში ჩააქრეს. გუნავა ხელმძღვანელობდა ამ ტერორს და მაშინ მას ნელი ნავერიანმა (რომელსაც შემდეგ 4-წლიანი პატიმრობა მიესაჯა) გაუწია წინააღმდეგობა. ამის დამადასტურებელი ფაქტებიც არსებობს.
სამეგრელო-ზემო სვანეთში პირადად გუნავა კურირებდა არჩევნებს. საპრეზიდენტო არჩევნები როლანდ ახალიას მითითებით, გუნავამ ჩაიბარა. ყველა არჩევნებს აკონტროლებდა პირადად, ზეწოლას ახორციელებდა ოპოზიციაზე და მის მაჟორიტარ დეპუტატებზე. ამ ფაქტების ამსახველი ვიდეომასალაც არსებობს“, - აცხადებდა მიქაია.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, თენგიზ გუნავა ირაკლი ალასანიას მიერ უშიშროების საბჭოსთვის წარდგენილ უკანონო ბანდფორმირებების შემქნელთა სიაშიც იყო მოხსენიებული. ალასანია მას უკანონო შეიარაღებული ბანდფორმირების შექმნაში სდებდა ბრალს.
ასეთი წარსულის მქონე თანაპარტიელს გუბერნატორად წარდგენისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა თენგიზ გუნავას 2008 წლის ომის „გმირი“, „საქართველოს პატრიოტი, ძალიან წესიერი და გამორჩეული მოქალაქე“ უწოდა.
საია–ს თავმჯდომარის კახა კოჟორიძის თქმით, მართალია, პრეზიდენტს პატიმრის შეწყალების უფლება აქვს, მაგრამ თუ მსჯავრდებულს სასჯელის ერთი მესამედი არ აქვს მოხდილი, შეწყალების აქტის გამოყენება არ შეიძლება. ეს აქტი არ გამოიყენება ასევე იმ პირის მიმართ, რომელიც არ ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
თენგიზ გუნავას საქმესთან დაკავშირებით, სამეგრელოს ეპიზოდზე ძიება გრძელდება და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მას კვლავ სასამართლოს წინაშე წარდგენა მოუწევს.
არის თუ არა პრეზიდენტის გადაწყვეტილება სასამართლოს შეურაცხყოფა და სასამართლოს გადაწყვეტილების უგულებელყოფა, ამას დიდი განსჯა არ სჭირდება, რადგან სააკაშვილის დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ კარგადაა ცნობილი.
როგორც ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე აცხადებს, ეს უფრო სააკაშვილი გამოწვევაა ახალი ხელისუფლების მიმართ, იმისათვის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ საპრეზიდენტო არჩევნების წინ საბრძოლო სულისკვეთება აუმაღლოს.
„ამ შემთხვევაში, სამართლებრივ მხარეზე ვერ გავამახვილებ ყურადღებას, ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია პოლიტიკური ნაწილი. რაკი საია ასეთ განცხადებას აკეთებს, ცხადია, რომ მართლაც საქმე გვაქვს პრეზიდენტის მხრიდან კანონის საწინააღმდეგოდ მიმართულ ქმედებასთან.
მეორე მხრივ, საინტერესოა, რატომ გააკეთა ეს სააკაშვილმა. აქ რამდენიმე მოტივი შეიძლება არსებობდეს. ერთ-ერთი მთავარი ის არის, რომ წინასაარჩევნოდ მას სურს, საკუთარ გუნდს აჩვენოს, ვინ არის „პირველი სკრიპკა“ და რომ მისი ჩამოწერა პოლიტიკური რინგიდან ძალიან ნაადრევია.
ფაქტობრივად, ეს არის გამოწვევა „ქართული ოცნებისა“, მაგრამ ძალზე საინტერესოა, რომ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია ეს ფაქტი ძალიან კარგად გამოიყენოს იმის საილუსტრაციოდ, რომ კოაბიტაციის მახინჯი ფორმები არაეფექტურია, თუნდაც იმიტომ, რომ პრეზიდენტი არაკონსტრუქციულ და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს ეწევა. ხაზი გაუსვას იმას, რომ დღევანდელი ხელისუფლება ხელოვნურად ცდილობს, შეუნარჩუნოს ყოფილ ხელისუფლებას ოპოზიციის ნიშა. მისცეს ჯერ პოლიტიკაში დარჩენის შანსი, შემდეგ კი რას იზამს „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი მარიფათით, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რადგან ყველა პარტია ძალიან სუსტია“,- აცხადებს ლაგაზიძე.
საზოგადოებისთვის ასევე გაურკვეველია, ასე რატომ უფრთხილდება მიხეილ სააკაშვილი გუნავას და რით არის მისგან ასე დავალებული, რომ ყველა ზომას მიმართავს მის გადასარჩენად. რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა მიხეილ სააკაშვილმა გუნავას შეიწყალებისას, როდესაც მას სასჯელის 1/3-იც კი არ აქვს მოხდილი. არსებობს ეჭვი, რომ სააკაშვილი, შესაძლოა, გუნავას ალაპარაკებასაც არიდებდეს თავს, თუმცა ხათუნა ლაგაზიძე თვლის, რომ გუნავა არ არის ის ფიგურა, ვისაც ახალაიებზე ან მერაბიშვილზე მეტი ეცოდინება და სააკაშვილის გადაწყვეტილება უფრო პოლიტიკურ მოტივებს ემყარება.
პოლიტიკური თუ სხვა მოსაზრებით, სააკაშვილს კრიმინალთა შეწყალება ნამდვილად არ უჭირს.
პრეზიდენტის მიერ მიერ შეწყალებულთა სია საკმაოდ დიდია, ჩენ ის რამდენიმე კატეგორიად დავყავით, რათა უფრო თვალსაჩინო გახდეს, ვის თვლის სააკაშვილი საზოგადოებაში დაბრუნების ღირსად, სხვანაირად რომ ვთქვათ, როგორია ჩვენი პრეზიდედნტის მორალური ღირებულებები.
დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ
ი. კ-შვილი - მსჯავრდებული სსკ-ს 108-ე მუხლით. მისჯილი ჰქონდა 10 წელი. 2005 წელს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანით მოკლა კ. ნ -ძე. სასჯელი შესწყალების აქტით გაუნახევრდა.
რ. ხ-ოვი - მსჯავრდებული სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ემუხლით. რესტორანში ჩხუბისას, 5-ჯერ ჩაარტყა დანა გულმკერდსა და მუცელში ს. ლ-იას. მისჯილი ჰქონდა 9 წელი. გათავისუფლდა პატიმრობისგან 04. 12. 2012 წელს.
პ. ბ-ლი _ მსჯავრდებული სისხლის სამართლის კოდექსის 108-ემუხლით. რესტორანში, დანით 4 ჭრილობა მიაყენა და მოკლა ქ. ქ-შვილი. მისჯილი ჰქონდა 13 წელი. სასჯელი შეწყალების აქტით გაუნახევრდა 2-ჯერ. 12.11. 2012 წდა 28. 12. 2012 წელს.
მ. ბ-ძე _ მსჯავრდებული სისხლის სამართლის კოდექსის 108-ემუხლით. მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღითმოკლა ზ. ს-ძე. მიესაჯა 17 წელი. შეწყალების აქტით შეუმცირდა სასჯელი 5 წლით. 13. 12. 2012 წელს
ა. მ-შვილი - მსჯავრდებული 117-ემუხლისმე-2 ნაწილით. მ. ჭ-ძეს დანით მიაყენა ჭრილობა. დაზიანების შედეგად მ. ჭ. გარდაიცვალა. მისჯილი ჰქონდა 11 წელი. შეწყალების აქტით გაუნახევრდა. 04. 12. 2012 წელს
გ. ხ-შვილი - ჩაიდინა ნივთების ქურდობა და მანვე მცირეწლოვანის მიმართ განახორციელა გარყვნილი ქმედება ძალადობის გარეშე. მისჯილი ჰქონდა 2 წელი. გათავისუფლდა. 13. 12. 2012 წელს დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ
ო. გ-ძე - სამართალდამცავი ო. გ მსჯავრდებულია არასრულწლოვნის წამებაში, რათა მას ეღიარებინა არჩადენილი დანაშაული. მისჯილიჰქონდა 11 წელი. შეწყალების აქტით გაუნახევრდა სასჯელი 28. 12. 2012 წელს.
პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ე. წ „ქურდული სამყაროს“ წევრები
ე. გ-იანი - მსჯავრდებული ქურდული სამყაროს წევრობისთვის, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნისთვის და ჯგუფური გამოძალისთვის დიდი ოდენობის ქონების მიღების მიზნით. მისჯილიჰქონდა 24 წელი. შეწყალებული იქნა და გათავისუფლებული საპატიმრო სასჯელის მოხდისგან 2012 წლის 28 დეკემბერს.
ი. ს-ია - მსჯავრდებული ქურდული სამყაროს წევრობისთვის. მისჯილი ჰქონდა 5 წელი. გათავისუფლდა 2012 წლის 28 დეკემბერს.
ნარკოტიკული დანაშაულისთვის შეწყალებულნი
ლ.მ-შვილი - უკანონოდ გასაღების მიზნით დაუდგენელი პირებისგან შეიძინა 11 წონად დაფასოებული 3,6658 გრ. ჰეროინი. მისჯილი ჰქონდა 14 წელი. გათავისუფლდა 20.10. 2012 წელს.
ი. ბ-ძე _ საფრანგეთის რესპუბლიკაში შეიძინა და გადმოზიდა 32 აბი „სუბოტექსი“. მისჯილი ჰქონდა 10 წელი. მოიხადა მხოლოდ 8 თვე. შეწყალებული იქნა 04. 12. 2012 წელს.
დ. მ-შვილი _ პირადი ჩხრეკისას აღმოაჩნდა 20,8639 გრ ჰეროინი. მისჯილი ჰქონდა 14 წელი. შეწყალებული იქნა 04. 12. 2012 წელს.
ამას დავუმატოთ გირგვლიანის მკვლელები, ალანია, ბიბილურიძე, ღაჭავა, აფციაური და ცხადი გახცდება, რომ გუნავა პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა სიაში, ღირსეულ ადგილს იკავებს.