ვის მხარესაა სააკაშვილი?

ვის მხარესაა სააკაშვილი?

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პიარ მანქანის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მისმა ლობისტებმა ამერიკელი კონგრესმენი მაიკლ ტერნერი დაარწმუნეს, რომ საქართველო დესპოტური, სასტიკი და მოძალადე სახელმწიფოა, რომელიც არ იმსახურებს ამერიკის მხარდაჭერას. ჩნდება კითხვა, ვის მხარესაა სააკაშვილი?

მემარჯვენე რესპუბიკელმა ტერნერმა, მხარი დაუჭირა ცვლილებებს შეერთებული შტატების თავდაცვის ავტორიზაციის აქტში (Defense Authorization Act (NDAA)), რომლის მიღების შემთხვევაშიც საქართველოს შეუმცირდება შეერთებული შტატებისგან სამხედრო დახმარების მოცულობა „თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების“ მშენებელობის გზიდან გადახვევის გამო.

2007 წელს, სააკაშვილმა ქართულ დემოკრატიის სტანდარტი განსაზღვრა, როდესაც მისმა არაკორუმპირებულმა პოლიციამ ძალადობრივად დაარბია პოლიტიკური დემონსტრაცია და აგრესიულად დახურა დამოუკიდებელი ტელევიზია. თავის მხრივ, გზას ტერნერმაც გადაუხვია. არასამთავრობო ორგანიზაციამ „მოქალაქეები პასუხისმგებლობისა და ეთიკისათვის ვაშინგტონში“ (Citizens for Responsibility and Ethics) ტერნერი ეთიკის თვალსაზირისით ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ კონგრესმენად დაასახელა – მისმა მეუღლემ კონკურსის გარეშე მიიღო მარკეტინგული კონტრაქტი ჯგუფისგან, რომელსაც ფედერალური ბიუჯეტი აფინანსებდა.

ეს ის ტერნერია, რომელიც ამტკიცებს, რომ ქამრების შემოჭერის მომხრეა, თუმცა იმავდროულად ამატებს დებულებას აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის აქტში ნიუ-მექსიკოს შტატში მდებარე ბირთვული ობიექტისათვის ექვსი მილიარდი დოლარის დაფინანსების აღსადგენად, მიუხედავად იმისა, რომ პენტაგონმა და ბირთვული უსაფრთხოების ეროვნულმა ადმინისტრაციამ განაცხადეს, რომ აღნიშნული ობიექტი საჭირო არ არის.

მაგრამ მოგვიანებით, ტერნერმა დაახლოებით 70 000 დოლარის შემოწირულობა მიიღო კამპანიის ფონდში ბირთვულ ლაბორიატორიასთან დაკავშირებული ფირმებისგან. ამ თაღლითობას ადგილი ჰქონდა მალევე მას შემდეგ, რაც სააკაშვილის პოლიციის ოფიცრებმა კვლავ სასტიკად სცემეს დემონსტრანტები 2011 წელს. ამ დარბევამ ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ტერნერს და აშშ-ს კონგრესს საქართველოს დემოკრატიულ პროგრესთან დაკავშირებით კითხვები არ უჩნდებოდათ, როდესაც საქართველოს სამხედრო დახმარების სახით 2007 წელს 11 მილიონი დოლარი, ხოლო 2011 წელს 17.9 მილიონი დოლარი უბოძეს. მაგრამ პრეტენზიები ახლა, ისტორიული მოვლენის – ხელისუფლების დემოკრატიული გადაცემის შემდეგ გაჩნდა. მეტიც, ტერნერი, რომელიც კლასიკური გაგებით chickenhawk-ია (ომის და სამხედრო კამპანიების მომხრე პოლიტიკოსი), იმ ქვეყნის დასჯას ცდილობს, რომელსაც ნატოს ავღანურ მისიაში ყველა სხვა ქვეყანაზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ჰყავს. 34 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა ამერიკის ხელმძღვანელობით მიმდინარე სამხედრო მისიების მხარდაჭერის დროს ერაყსა და ავღანეთში.

სააკაშვილის ლობისტური ძალისხმევის წყალობით, ამერიკის კონგრესი ამტკიცებს, რომ საქართველოს მთავრობის კურსს (რომელსაც სათავეში უდგას სააკაშვილის მოსისხლე მტერი, პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი) პოლიტიკური და პირადი მოტივები განსაზღვრავს და გაფრთხილებას იძლევა, რომ ეს შეიძლება ნეგატიურად აისახოს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე. ცინიზმია, როდესაც სააკაშვილიც იგივე კურსს მისდევს და ლობირებს იმას, რომ კონგრესის მხრიდან მისი ქვეყნის მხარდაჭერა არა გაიზარდოს, არამედ შემცირდეს.

foreignpress.ge