„ლტოლვილების დაბრუნების საკითხი კარგად წარიმართება“, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, სიონის ტაძარში განაცხადა. როგორც პატრიარქმა ბრძანა, მათ ჰქონდათ შეხვედრა რუსეთის პატრიარქთან და ასევე იყო საუბარი რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან.
„მთავარი, რაც არის, დაიძრას საკითხი ჩვენი ლტოლვილების. ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვეთ, რომ ლტოლვილები უნდა დაბრუნდნენ თავის ოჯახებში, თავის სახლებში, ასე რომ, ღვთის იმედით ვართ და ვფიქრობთ, რომ კარგად წარიმართება ეს საკითხი. ღმერთმა დალოცოს საქართველო. საქართველოს არაფერი სჯობს. თქვენი ლოცვითა და ღვთის წყალობით მშვიდობით ჩამოვედით”, - აღნიშნა ილია მეორემ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა რუსეთის პრეზიდენტისგან მიიღო დაპირება, რომ ახლო მომავალში ლტოლვილების დაბრუნებაში ჩაერთვება. ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტის, მეუფე თეოდორე ჭუაძეს განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში ძალიან ბევრი საკითხი იყო განხილული, მათ შორის, დაისვა საკითხი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის შესახებ, საზღვრის თაობაზე, რომლის მოწყობა უკანონოდ მიმდინარეობს და დაისვა დევნილების საკითხი.
„პატრიარქმა მიიღო დაპირება რუსეთის პრეზიდენტისგან, რომ ახლო მომავალში ჩაერთვება ლტოლვილების დაბრუნებაში და შეძლებისდაგვარად დაგვეხმარება მათ დაბრუნებაში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში”, - აღნიშნა მეუფე თეოდორემ.
მიტროპოლიტ თეოდორეს განცხადებით, რუსეთის პატრიარქისგან მათ მიიღეს დაპირება, რომ ამის შესახებ ახალი დოკუმენტი მომზადდება, რომელიც შეეხება მთლიანად აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს. რაც შეეხება აფხაზეთში არსებულ ტაძრებს, როგორც მან აღნიშნა, ეს ტაძრები ისევ მძიმე მდგომარეობაშია.
„რუსეთი, თითქოს, ცდილობს დაგვეხმაროს და ამბობს, რომ ის შეძლებისდაგვარად ყველაფერს აკეთებს ამისთვის. იყო შეხვედრა ჩვენი ეპისკოპოსის აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტთან და შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, რომ ჩართულები ვიყოთ და შეძლებისდაგვარად ქართული სამღვდელოება შევიდეს აფხაზეთში. ყოველ შემთხვევაში, პირველ რიგში, კოდორის ხეობასა და გალის რაიონში“, - დასძინა მეუფე თეოდორემ.
For.ge-სთან საუბრისას ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მიტროპოლი, მეუფე სერაფიმე აცხადებს, რომ არის საკითხები როდესაც აფხაზი საზოგადოება ითვალისწინებენ სხვის აზრს, მაგრამ არის საკითხები როდესაც აფხაზები რჩებიან თავის აზრზე.
მეუფე სერაფიმე: ჩვენ პატრიარქის და ჩვენი მამის ნაბიჯი ჩემთვის არის მისაღები. ზოგიერთი პოლიტიკოსისგან თუ ერის ადამიასგან, ზოგიერ სასულიერო პირისგან განსხვავებით, მე არასოდეს ეჭვი არ მეპარება ჩვენი პატრიარქის ქმედებაში და იმ ნაბიჯებში, რასაც დგამს ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ. პატრიარქის ყოველი ცხოვრების ნაბიჯი გამომდინარეობს იმ უდიდესი სიყვარულისგან, რაც მას გააჩნია ჩვენი სამშობლოს მიმართ, ეს არის მთავარი.
მისმა უწმინდესობამ ბრძანა, რომ დაპირება მიიღო რუსეთის პრეზიდენტისგან, რომ ახლო მომავალში ჩაერთვება დევნილების დაბრუნების საკითში და შესაძლებლობისდაგვარად დაგვეხმარება. რამდენად დამაჯერებელია პუტინის განცხადება?
- რაც შეეხება პირველი პირის დაპირებას, ის არის პოლიტიკოსი, ჩვეულებრივი ადამიანია. ის არაა სერაფინ საროველი, ამიტომ მე მჯერა სერაფინ საროველის და რუსი წმინდა მამების. მე იმედი მაქვს, რომ რუსეთის პრეზიდენტი გულახდილი იყო ჩვენს პატრიარქთან. რაც შეეხება იმას, როდის შესრულდება ეს დანაპირები, ეს ძალიან რთული საქმეა. გარდა სურვილის არის ურთიერთობა აფხაზ ხალხთან და ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ არ გვაქვს ჯერ მოგვარებული ჩვენი ურთიერთობა უშუალოდ აფხაზ საზოგადოებასთან.
თქვენ გქონდათ შეხვედრა აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტთან, იცით მათი პოზიცია და როგორ იქნება პრეზიდენტ პუტინის ეს განცხადება აღქმული მათი მხრიდან? მითუმეტეს, რომ აფხაზები პირდაპირ დამოკიდებული არიან რუსეთზე?
- აბსოლუტურად გეთანხმებით, ეს არის სიმართლე, მაგრამ არის საკითხები, სადაც აფახაზები შეიძლება არ დაეთანხმონ სხვას და თავის აზრზე დარჩნენ. მე იმედი მაქვს და მჯერა ჩვენი პატრიარქის, ხოლო რაც შეეხება იმას - შეასრულებს თუ არა რუსული მხარე თავის სიტყვებს, ამას მომავალი გვაჩვენებს.
ფაქტია, რომ 35 წლის მანძილზე, ჩვენი პატრიარქის შრომა, მონდომება და სურვილი, როგორმე გააძლიეროს საქართველო, როგორმე განამტკიცოს ერი და ჩადოს სიყვარული, ეს არის ფასდაუდებელი და ქართულ საზოგადოებას ეს ყოველთვის უნდა ახსოვდეს. ჩვენ ეკლესიას აქვს დიდი დამსახურება.
ხშირად მესმის განკითხვა რაღაცა ჯიპები და არსებული მილონები, გაიხსენონ იმ პარლამენტარებმა რა როლი აქვს ქართულ ეკლესიას, ვინ არის მოწამებრივად აღსრულებული სამშობლოს თავდადებული მღვდელი ანდრია ყურაშვილი, რომელსაც არც ბოკერია, არც „თავისუფლების ინსტიტუტი“ არც თეა თუთბერიძე და არც თამარ ჩორგოლეიშვილი არასდროს ერთი სიტყვით არ იხსენებენ.
მღვდელი ანდრიას საფლავს აფხაზები უვლიან სოფელ კამანში...
- დიახ ასეა. როდესაც ქართველი დაჭრილი ბიჭები და ჩვენი ჯარისკაცების გვამები მიტოვებული იყო, ქართულმა ეკლესიამ და სასულიერო პირებმა ლოცვით, გალობით და ცრემლით დაუბრუნეს სამშობლოს ეს ახლგაზრდები ცოცხალი თუ მიცვალებულები. არც ერთი სამადლობელი სიტყვა მე იმ ახალგაზრდებისგან ვინც განიკითხავს ეკლესიას და პატრიარქს - არც ბოკერიასგან, არც „თავისუფლების ინსტიტუტისგან“ და არც რესპუბლიკელებისგან მე არ მსმენია. ისმის მხოლოდ განკითხვა და ეს მიმანიშნებს, რომ ეს არის მართული გარკვეული მტრული გეგმა და შეგნებულად ხდება ამ თემის გაღვივება. არაერთხელ მითქვამს, კარგია, რომ ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიას, მაგრამ აქვე ვამბობ, რომ ეროვნული სულისკვეთება და ეროვნული სახელმწიფო უფრო მაღლა დგას ვიდრე დემოკრატია.
აფხაზი ხალხი, რომელიც არ ცნობს ქართულ ხელისუფლებას არის დღეს მზად იმისათვის, რომ მისი უწმინდესობის ეს განცახდება მიიღოს?
- მე ვერ ვილაპარაკებ აფხაზების მაგივრად. რა თქმა უნდა, იქ არის საზოგადოება, ნაწილი, რა თქმა უნდა, არ ცნობს და არ უნდა დაბრუნება საქართველოს წიაღში, მაგრამ საზოგადოების მეორე ნაწილი სხვანაირად ფიქრობს. მე ყოველთვის ვფრთხილობ ამ თემაზე საუბრისას. მესმის, რომ ქართველი ჟურნალისტებისთვის და ხელისუფლებისთვის ადვილია ამ თემაზე საუბარი, მაგრამ იქ სხვანაირად ფიქრობენ. ყოველი სიტყვა იქ სხვა მასშტაბით არის გაგებული, ყოველ სიტყვას აქვს მნიშვნელობა.
„თავისუფლების ინსტიტუტის“ წევრებმა შეიძლება გალანძღონ, უწმაწური სიტყვები თქვან აფხაზი ხალხის მიმართ, მაგრამ ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. მე ყოველთვის ვფიქრობ, ჩვენი პასუხი ხომ არ გამოიწვევს დაძაბულობას, უფრო მეტი ურთიერთობის გართულებას? ერთი ფაქტია, რომ ეს მისია აქვს ჩვენს პატრიარქს, რომელსაც აქვს უფლება, რომ მოუწოდოს ისე, რომ დაიცვას ქართველი და აფხაზი ხალხის ინტერესები და სურვილი.
ჯერჯერობით მხოლოდ ის ჩანს, რომ 20 წელია ერთმანეთს ტყვიას ვესვრით. მაგალითად, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ მიუღებელია როცა პატრიარქი ერევა პოლიტიკურ საკითხებშიო. ამ პატარა გოგოს მინდა შევუთვალო, რომ როდესაც ასეთი პატარა გოგო ბედავს ასე განიკითხავს ამხელა დამსახურებულ ადამიანს, რა უნდა თქვა ამის შემდეგ? ის ისეა აღზრდილი, რომ მას შეუძლია გალანძღოს და განიკითხოს მისი უწმინდესობა. პატრიარქი არ ერევა პოლიტიკაში, ის არის დიდი მამა, რომელიც ცდილობს თავისი შვილების ჭრილობა განუკურნოს. მითუმეტეს, რომ ის არის ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს...