„სააკაშვილი ავაზაკია, რომელმაც ავაზაკი - გუნავა შეიწყალა“

„სააკაშვილი ავაზაკია, რომელმაც ავაზაკი - გუნავა შეიწყალა“

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილმა სამეგრელოს გუბერნატორი თენგიზ გუნავა შეიწყალა, რომელსაც ნასამართლეობაც მოეხსნა. პატიმრობიდან გუნავას გათავისუფლების მიზნით, ქვეყნის პირველმა პირმა შესაბამისი განკარგულება დღეს გამოსცა, სადაც აღნიშნულია, რომ „საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის შესაბამისად, შეწყალებულ იქნა თენგიზ გუნავა, რომელიც თავისუფლდება სასჯელის (თავისუფლების აღკვეთა და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა) შემდგომი მოხდისაგან და მას ეხსნება ნასამართლობა.

მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას შეფასებები პოლიტიკურ წრეებში უკვე მოჰყვა. ნაციონალები გუნავას „2008 წლის ომის გმირს“ უწოდებენ, ხოლო მმართელი გუნდის წარმომადგენლები „ავაზაკს“.

პრეზიდენტის მტკიცებით, გუნავა ადამიანის უფლებების დარღვევასა და წამებაში ეჭვმიტანილი რომ იყოს, საპრეზიდენტო შეწყალებას ვერასოდეს მიიღებდა.

„გუნავა არის ადამიანი, რომელიც კორუფციაში არასდროს გარეულა. ციხიდან პედოფილებს და მარეკ დუდაევს უშვებენ და ამ ფონზე, ის ციხეში არ უნდა იყოს. ამასთან, ყველამ კარგად იცის, გუნავა თუ რისთვის არის დაპატიმრებული. მას ჯერ ნარკოტიკი და იარაღი შეუგდეს, შემდეგ კი, ეს აღიარეს და ის პოლიციელები, რომელთაც ეს გააკეთეს, სამსახურიდან გააგდეს, თუმცა, მათი ნაწილი სამსახურში ჩუმად აღადგინეს. ვინც თენგიზ გუნავას იცნობს, იცის, რომ ის ღარიბულად და მოკრძალებულად ცხოვრობს, მაგრამ ის ხელს არაფერს მიაკარებდა. ეს არის ადამიანი, ვინც 2008 წელს, სენაკის ბაზაზე ასობით მილიონი ლარის ქონება და ქართული სანაპირო თავდაცვა გადაარჩინა, რომლებიც აფეთქებას გადაურჩა“, - განაცხადა სააკაშვილმა, რომლის პათოსსაც უმცირესობაც იზიარებს.

პრეზიდენტის მსგავსად, უმცირესობის ლიდერები თენგიზ გუნავას „გმირს“ უწოდებენ და  ინტერესდებიან, უმრავლესობის „გმირი - ბედუკაძე“ რატომ უნდა იყოს გარეთ და გუნავა ციხეში.

ირმა ნადირაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდის ხელდასმით, ბედუკაძე გმირად გამოცხადდა, რომლის მსგავსად, ბევრი მწამებელი გარეთ არის და ხელშეუხებელია.

„ჩემთვის გაუგებარია, ბენზინის ტალონების ჩადების გამო, 2008 წლის ომის გმირი - გუნავა რატომ უნდა იყოს ციხეში და გარეთ, ის პირები რატომ უნდა დასეირნობდნენ, რომელთაც ადამიანები აწამეს?! ამას გარდა, გაუგებარია, რატომ უნდა იყვნენ გარეთ ის პირები, რომელთაც გუნავას ნარკოტიკები და იარაღი  ჩაუდეს და რატომ არ არიან ისინი დასჯილები?!  პრეზიდენტის გადაწყვეტილება მისაღებია, რაც შეეხება უმრავლესობის შეფასებებს, მათი გმირი ხომ -  ბედუკაძეა?!“, - აღნიშნავს ნადირაშვილი.

უმცირესობისგან განსხვავებით, ხელისუფლების წარმომადგენლები პრეზიდენტის გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ გუნავას სასჯელის 1/3 არ აქვს მოხდილი, შესაბამისად, სააკაშვილს პატიმრობიდან მისი გათავისუფლების უფლება არ აქვს.

როგორც for.ge-ს ცაგარეიშვილმა განუცხადა, სააკაშვილმა გუნავას შეწყალებით, აღიარა, რომ გუნავა იყო დამნაშავე.

„მანამდე საპირისპირო განცხადებები გვესმოდა, კერძოდ, ის, რომ თურმე, გუნავა  პოლიტპატიმარია. სააკაშვილმა აღიარა, რომ ის დამნაშავეა. არ მგონია, სადმე იმის პრეცედენტი იყოს, რაც დღეს მოხდა! გუნავა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია, სააკაშვილი კი, მათი ლიდერი. შესაბამისად, მან გუნავა პარტიული ნიშნით შეიწყალა და იქედან გამომდინარე, რომ მას სასჯელის 1/3 არ ჰქონდა მოხდილი, ეს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება! ამას გარდა მაინტერსებს, სააკაშვილმა რატომ არ შეიწყალა გვანცა ყუფარაძე, რომელიც სინდისის პატიმრად აქცია და მას ოთხწლიანი სასჯელი მოახდევინა?! ყუფარაძე, რომელიც სამარტოო საკანში იყო გამოკეტილი და არასწრულწლოვანი იყო, სააკაშვილმა ის რატომ არ გაათავისუფლა?! მართალი გითხრათ, სააკაშვილისგან სხვას არ ველოდი, რადგან ის არის ავაზაკი, რომელიც ავაზაკებს ათავისუფლებს, მაგრამ „ნაყოფი ხისგან შორს არ ვარდება“ და ეს იგივეა გუნავა-სააკაშვილის ტანდემის შემთხვევაში“, - განუცხადა for.ge-ს ცაგარეიშვილმა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არადეკვატურს უწოდებს და აცხადებს, რომ სააკაშვილს „გმირობასთან“ დაკავშირებით, უცნაური განმარტებები აქვს.

„ეტყობა, სააკაშვილს ეროვნული გმირის სტატუსთან დაკავშირებით, პირადი დამოკიდებულებები აქვს, მაგრამ სამწუხაროდ, ქვეყნის პრობლემაა ის, როდესაც საქართველოს ასეთი პრეზიდენტი ჰყავს! ქვეყნის პირველი პირია სააკაშვილი, რომელმაც გირგვლიანის მკვლელები შეიწყალა“, - განუცხადა for.ge-ს კობახიძემ.

თენგიზ გუნავა ე.წ. მატროსოვის ციხეს, დღეს ღამის განმავლობაში დატოვებს. რაც შეეხება მის ბრალდებას, 12 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გუნავას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რის შედეგადაც ის სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს.