ივანიშვილს „რუსთავი 2“-ის, „კავკასუს ონლაინის“ და „მაესტროს“ წილების შესყიდვაში ადანაშაულებენ

ივანიშვილს „რუსთავი 2“-ის, „კავკასუს ონლაინის“ და „მაესტროს“ წილების შესყიდვაში ადანაშაულებენ

ახალი მედიაგადანაწილება დაიწყო - ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას გაზეთი „პრაიმტაიმი“ ავრცელებს. გაზეთის ცნობით, ცვლილებები, მეტ-ნაკლებად, თითქმის, ყველა ტელეკომპანიას შეეხება, თუმცა სიახლეების შესახებ ტელეკომპანიებში ჯერჯერობით ღიად არ საუბრობენ.

„პრაიმტაიმის“ წყაროს ინფორმაციით, უახლოეს ხანში სერიოზული ცვლილებები იგეგმება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში. კერძოდ, საუბარია, რომ არხის 90%-ანი წილის მფლობელები, ძმები ყარამანაშვილები საკუთარ წილს ყიდიან, მოლაპარაკებებს კი ბიძინა ივანიშვილის გარემოცვასთან აწარმოებენ. გაზეთის წყარო არ აკონკრეტებს, ივანიშვილის წარმომადგენლების ვინაობას, თუმცა სტატიაში ნათქვამია, იმ შემთხვევაში, თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, გამოდის, რომ „რუსთავი 2“-ზე კონტროლს პრემიერ-მინისტრის გარემოცვა დაამყარებს.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ივანიშვილის წარმომადგენლები „კავკასუს ონლაინითაც“ არიან დაინტერესებულები.

„მოლაპარაკებები უკვე დასრულდა „მაესტროსა“ და ტელეკომპანია „ევრიკას“ შორის. კომუნიკაციების ყოფილი მინისტრის ფრიდონ ინჯიას კუთვნილმა ტელეკომპანია „ევრიკამ“ საპატრიარქოს არხთან ხელშეკრულება შეწყვიტა და ლიცენზია „მაესტროს“ გადასცა. საუბარია იმაზეც, რომ მალე „მაესტრო“ „ევრიკას“ შენობაში გადავა. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ახალი ლიცენზიის გარდა, „მაესტრომ“ შესაძლოა, მალე, ახალი დაფინანსებაც მიიღოს. მოლაპარაკებები ამ თემაზე „მე-9 არხის“ გენერალურ დირექტორთან ლუბა ელიაშვლითან მიმდინარეობს. „მე-9 არხს“ ივანიშვილმა დაფინანსების სახით დამატებით 20 მილიონი ლარი გამოუყო. ამ თანხის ნაწილით კი შესაძლოა, „მაესტროც“ დაფინანსდეს“, - ნათქვამია „პრაიმტაიმის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

For.ge შეეცადა ამ სტატიის ფიგურანტებთან გადაემოწმებინა გავრცელებული ინფორმაცია. ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებელი, მამუკა ღლონტი ჩვენთან საუბარში სრულ სიცრუეს უწოდებს იმას, რაც მედიით გავრცელდა. ღლონტი ამბობს, რომ „ევრიკას“ შენობაში „მაესტროს“ გადასვლა სრული აბსურდია, ხოლო სიხშირესთან დაკავშირებით „მაესტროს“ დირექტორთან დაკავშირება გვირჩია. ტელეკომპანია „მაესტროს“ დირექტორი, ილია კიკაბიძე აცხადებს, რომ „მაესტროს“ არავის შენობაში გადასვლის საჭიროება არ აქვს, რადგან თვითონ აქვს საკუთარი შენობა და ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ გააჩნია. რაც შეეხება სიხშირეს, ილია კიკაბიძე ამბობს, რომ ამ სფეროში „მაესტრო“ „ევრიკასთან“ თანამშრომლობს.

„ვერ ვხვდები, სხვა ინფორმაცია როგორ უნდა წაიკითხო იმ მედიასაშუალების, რომელიც შენზე ასეთ ზღაპარს წერს. არ მესმის, რატომ იგონებენ ასეთ რამეს და რატომ იმარგინალებენ თავს. „ევრიკას“ შენობაში ჩვენი გადასვლა სრული სიცრუეა, ხოლო სიხშირესთან დაკავშირებით ჩვენ „ევრიკასთან“ ვთანამშრომლობთ და ეს ეთერშიც ჩანს“, - აღნიშნავს ილია კიკაბიძე.

მისი თქმით, ვერ ხვდება, ვის რაში დასჭირდა ამგვარი სიცრუის გამოქვეყნება და თუკი ვინმეს ეს ყველაფერი მართლაც აინტერესებდა, ჟურნალისტს შეეძლო ეს ინფორმაცია ილია კიკაბიძესთან გადაემოწმებინა.

„მეცხრე არხის“ გენერალურ დირექტორს, ლუბა ელიაშვილს გავრცელებულ ინფორმაციაზე ეცინება და აცხადებს - „იქნებ „პრაიმტაიმს“ დაურეკოთ და ჰკითხოთ, სად არის ის 20 მილიონი, გავიქცევი და ავიღებ.“

ლუბა ელიაშვილსაც არ აქვს პასუხი კითხვაზე, თუკი ეს ყველაფერი სიცრუეა, მაშინ ვის რაში უნდა დასჭირვებოდა ამგვარი ინფორმაციის გავრცელება.

კომპანია „კავკასუს ონლაინის“ დამფუძნებელი, მამია სანადირაძე ამბობს, რომ არ იცის, საიდან და რატომ გავრცელდა ეს ინფორმაცია, თუმცა აღნიშნავს, რომ თუკი პრემიერი სამართლიანობის აღდგენით და „კავკასუს ონლაინის“ მესაკუთრისთვის დაბრუნებით დაინტერესებულია, ამას მხოლოდ მიესალმება, რადგან კომპანიას ჯერ კიდევ სანადირაძის მფლობელობაში ყოფნის პერიოდში სერიოზული პროექტები და გეგმები ჰქონდა, რომელთა განხორციელება არ დასცალდა.

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ხელმძღვანელობასთან ჩვენი არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, დაკავშირება ვერ მოხერხდა. თუმცა მოგვიანებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით „რუსთავი2“-ის დამფუძნებლებმა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ გაავრცელეს განცხადება.

„მედიასაშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ „რუსთავი 2“-ის მფლობელები, შესაძლოა, კიდევ ერთხელ შეიცვალონ. ამასთან დაკავშირებით, გვსურს განვაცხადოთ: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დაარსების დღიდან 2004 წლის 18 ივნისამდე, ვიყავით კომპანიის 60% -ის მფლობელები. 2004 წლის ივნისში, იმდროინდელმა უმაღლესი თანამდებობის პირებმა იძულებით დაგვათმობინეს კუთვნილი წილი. გასული წლების განმავლობაში კომპანია მრავალჯერ გადაფორმდა ხელისუფლებასთან დაახლოებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე, რაც მიზნად ისახავდა, კანონიერი მფლობელებისთვის მაქსიმალურად გაერთულებინათ „რუსთავი 2“-ის დაბრუნების პროცესი.

საჯაროდ ვაცხადებთ, რომ ამჟამად, ჩვენი საჩივრის საფუძველზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. ყველა ის პირი, რომელთა მიერაც დანაშაულებრივად განხორციელდა ჩვენი წილების მითვისება, პასუხს აგებს კანონის მთელი სიმკაცრით. ამავე დროს, გვსურს გავაფრთხილოთ ყველა, ვისაც შესაძლოა გაუჩნდეს აღნიშული წილების შესყიდვის სურვილი, თავი შეიკავონ ამგვარი ქმედებისგან რათა არ გახდნენ ამ დანაშაულებრივი ჯაჭვის კიდევ ერთი რგოლი“, - ნათქვამია „რუსთავი2“-ის დამფუძნებლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.