რკინიგზის თანამშრომლებს ვიდეოკამერებით დასდევენ და მათ მიმართ ბუჩქებში ჩამალულნი ახორციელებენ რევიზიას. ამის შესახებ For.ge-სთან საუბარში რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილე ილია ლეჟავა საუბრობს.
მისი თქმით, რკინიგზაში შეიცვალა მხოლოდ ზედა რგოლის მენეჯმენტი, თორემ ყველა სამსახურს ისევ ძველი ხელმძღვანელები ჰყავს. ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ რკინიგზის უსაფრთხოების ინსპექციის სამსახური აღდგა, რომელიც რევიზიას აწარმოებს. თუმცა, სინამდვილეში, ეს სამსახური სადამსჯელო ღონისძიებებს ატარებს მემანქანეებზე, თანაშემწეებზე, ზეინკლებზე და თითქმის ტერორში ჰყავს რკინიგზელები.
- ფარული ჩანაწერებით რკინიგზელთა კონტროლი ხორციელდება, ღამღამობით ვიდეოკამერებით ადგებიან თავზე სამორიგეოში, ორი-სამი საათის განმავლობაში ჩუმად უღებენ კადრებს. პირდაპირ ეუბნებიან, რომ ასეთ სადამსჯელო ღონისძიებებს სწორედ რკინიგზის პროფკავშირებთან ურთიერთობის გამო მიმართავენ, რადგან ისინი ჩვენი წევრები არიან. ამიტომ, ეს ფაქტები უნდა ამოიძირკვოს.
რისთვის იყენებენ ამ ფარულ კადრებს?
- ეს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ხორციელდება. მათ ეუბნებიან, შენი ესა თუ ის მოქმედება გვაქვს გადაღებული კამერით, ამიტომ ეს უკვე შანტაჟის ფორმას იღებს.
ამას სამსახურში დარჩენილი ძველი კადრები ახორციელებენ?
- ეს ჩვენი ვარაუდია, რომ ამას ძველი კადრები სჩადიან, რადგან ახალ ხელმძღვანელობასთან ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, სამუშაო რეჟიმი გვაქვს, მაგრამ ძველ ხელმძღვანელებს არ უნდა აწყობდეთ ჩვენი ქმედებები. ქვედა რგოლის ხელმძღვანელ პირებს უშუალო შეხება აქვთ მუშა-მოსამსახურე ხალხთან. „მოქალაქეთა კავშირის“ დროს ისინი ჩვეულებრივად ახერხებდნენ მოღვაწეობას, შემდეგ იგივე ხალხი „ნაციონალურ მოძრაობას“ მიეტმასნა და დღესაც იმავე მეთოდებს მიმართავს.
ამ ადამიანებს შეუძლიათ თავი იმართლონ, რომ ეს ინფორმაცია რეალური არ არის და არავისაც არ უღებდნენ ვიდეოკადრებს. მოგეპოვებათ ფარული თვალთვალის რეალური ჩანაწერები?
- დავით ვაშაკიძე კოპიტნარის მორიგე გახლავთ, რომელიც რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელია. ღამის ოთხ საათზე იგი თავის სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა, მეორე დღეს ჰქონდა გამოცდები და პარალელურად ტესტებში მეცადინეობდა, მორიგეობისას ღამის 4 საათზე გადაშლილი ჰქონდა ტოიფელის ტესტები და არც უარყოფს, რომ ფეხები ჰქონდა შემოდებული მეორე სკამზე და ისე კითხულობდა ტესტებს. ამ დროს დააკაკუნეს სამორიგეოს კარებზე და რევიზიამ მიაკითხა. სანამ კარის გასაღებად გაემართებოდა, დაინახა, რომ ფანჯრიდან პარალელურად აფიქსირებდნენ ვიდეოკამერით. როდესაც სამორიგეოში შევიდნენ ეს ადამიანები, ჰკითხა კიდეც, ვიდეოკამერით რატომ მიღებთო. უპასუხეს, ჩვენ ასეთი მეთოდი გვაქვს, გადაგიღეთ, თუ როგორ იქცეოდი ოთახშიო. გეგონება, საგამოძიებო ორგანოებიდან იყვნენ. რა თქმა უნდა, სამორიგეოში წიგნის კითხვა დაშვებულია, მეტიც, ეს ადამიანი მთელი ღამის განმავლობაში მორიგეობს, ოთახში ტელევიზორიც აქვს და მისი ჩართვის უფლებაც არავის აუკრძალავს. თუ ფეხების შემოდების ფაქტი შეიძლება შეფასდეს, როგორც არასწორი მოქმედება, ასეთი ფარული შემოწმებების ფორმაც მიუღებელია.
თქვენ აცხადებთ, რომ მემანქანეების თვალთვალის ფაქტიც არაერთხელ დაფიქსირებულა, რის გამოც ისინი პრეტენზიას გამოთქვამენ.
- დიახ, რკინიგზის ელმავალზე უსაფრთხოება ისეთ დონეზე არ არის აყვანილი, რომ სარევიზიო სამსახურს ჰქონდეს იმის უფლება, სადამსჯელო ღონისძიებები ჩაატაროს. მემანქანეს თავისუფლად შეუძლია ელმავალის გამოყვანასა და მუშაობაზეც კი თქვას უარი, იმდენად დარღვეულია მათი უსაფრთხოება, მაგრამ ისინი ასეთ პირობეში მაინც მუშაობენ.
მემანქანეებსაც ვიდეოკამერით უღებდნენ?
- მათი გადაღებები მიმდინარეობს მაშინ, როდესაც მატარებელი გაჩერდება. უფრო ზუსტად, ეს მაშინ ხდება, სანამ მატარებელი შემოწმდება და მწყობრში ჩადგება, თანაც მემანქანე ატარებს ამ პროცედურებს. ძირითადად სატვირთო გადამზიდავის მემანქანეებზეა საუბარი. ამ თვალთვალის გამო, შესაძლოა, მათ სამუშაოები ჯეროვნად ვერ შეასრულონ. მემანქანეები ზედმეტი თვალყურის გამო დაძაბულები არიან. ყველა მატარებელს უტარებენ რევიზიას და მემანქანეების ასეთ პირობეში მუშაობა არავითარ შემთხვევაში, არ შეიძლება. ეს არის უსაფრთხოების ყველაზე დიდი ნორმის დარღვევა, როდესაც მემანქანეს ასეთ დაძაბულ ვითარებაში ამყოფებ. მემანქანეებზე კონტროლის წინააღმდეგნი არ ვართ, მაგრამ ასეთი ფორმა არასდროს გამოუყენებიათ, ვიღაც ერთ ადამიანს მოუვიდა თავში ასეთი აზრი, რომ თვალთვალი განახორციელოს ვიდეოკამერით და ამ მეთოდით გამოასწოროს სიტუაცია. ამიტომ, ვფიქრობთ, ეს უფრო სხვა მიზნებისთვის უნდა იყოს.
ამის შესახებ რკინიგზის ახალ ადმინისტრაციას თუ აცნობეთ?
- კოკა გუნცაძეს შევხვდით მე და ვიტალი გიორგაძე, ჩვენი პროფკავშირის თავმჯდომარე. ვითარებაში გარკვევას დაგვპირდა. სულ მალე გავიგებთ, აქვს თუ არა ამის გაკეთების უფლება სარევიზიო სამსახურს. სამშაბათს ისევ შევხვდებით ბატონ კოკას. სხვათა შორის, სწორედ ამ რევიზიის შედეგად გათავისუფლებულდა შვიდი ახალგაზრდა ბიჭი, რომელთა უკან ოჯახები დგას, ისინი რკინიგზის ინსტიტუტდამთავრებულები არიან, 6-7 წელი აქვთ რკინიგზაში ნამუშევარი და რამდენიმე ოქმის გაფორმების შემდეგ გაათავისუფლეს სამსახურიდან. ამიტომ, მათ დაბრუნებას ვითხოვთ. არ უნდა დაიკარგოს ახალგაზრდების ეს ჯგუფი, რომელთაც დანაშაული არ ჩაუდენიათ. ესენი არიან კონტროლიორები და მგზავრების შემოწმებას ახორციელებენ, მათ ყველა მგზავრს ბილეთის შეძენა უნდა მოსთხოვონ. ამ დროს კი სარევიზიო სამსახურს არ აქვს უფლება, ის ვაგონი შეამოწმოს, სადაც კონტროლიორს ჯერ კიდევ არ აქვს გავლილი და სანამ არ ჩაივლის პირველიდან ბოლო ვაგონამდე. ამის მიუხედავად, რევიზიამ შეამოწმა ისინი, დაუწერა აქტები, რომ ამა და ამ ვაგონში ამდენი უბილეთოაო. საინტერესოა, ერთმა კონტროლიორმა როგორ უნდა გაართვას თავი ერთ მატარებელს, სადაც 600 მგზავრია სექციებში. თუ ასეა, ამ კონტროლიორებს ყოველთვის აღმოვუჩენთ ამგვარ „დარღვევებს“.