სამართლის დოქტორი
ამასწინათ საქართველოში ვიყავი და აქაური ლეგენდა მოვისმინე: მაშინ, როდესაც ღმერთი მიწებს ურიგებდა სხვადასხვა ერებსა და ტომებს, მთელი ღამის ნაქეიფარ ქართველებს გვიან გაეღვიძათ. ისინი ღმერთთან მივიდნენ და მათთვის კუთვნილი ტერიტორია ვედრებით სთხოვეს. მაგრამ ღმერთს აღარ დარჩა არაფერი და ამიტომ ქართველებს მიწის ის მონაკვეთი უბოძა, რომელიც თავისთვის ჰქონდა შემონახული. კავკასიონის მთებს შორის მოქცეული საქართველო არაჩვეულებრივი ადგილია, სადაც ორი ათასამდე მდინარე მოედინება. საქართველოს დედაქალაქი, თბილისი, აბრეშუმის ისტორიულ გზაზე მდებარეობს, გზაზე, რომელსაც „წარსულის ინტერნეტს“ ეძახიან, რადგან ის ევროპას აზიასთან აკავშირებდა. მართლმადიდებლური საქართველო მუსლიმანური ქვეყნებითაა გარემოცული. საქართველო გარშემორტყმულია ისეთი ქალაქებით, როგორებიცაა: გროზნო, ბაქო, თეირანი, ბაღდადი, დამასკო და ანკარა (საინტერესოა, რას იტყოდნენ ქართველი მეზღაპრეები, რატომ არგუნა ღმერთმა მათ მუსლიმანებით გარშემორტყმული ტერიტორია). მიუხედავად იმისა, რომ სამეზობლო მუსლიმანური აქვთ, ბევრი ქართველი ცდილობს, დასავლეთ ევროპასთან ჰქონდეს ურთიერთობა, განსაკუთრებით, გერმანიასთან. ეს მცდელობები იმედგაცრუების მიზეზია, რადგან შავი ზღვა, ბულგარეთი, უკრაინა და სხვა ქვეყნები დასავლეთისკენ გზას უღობავენ. ნახმარი გერმანული მანქანები და სამოქალაქო კოდექსი ქართველებს გადაადგილების საშუალებითა და სამართლებრივი გარემოთი უზრუნველყოფს, მაგრამ მიუნხენი, ფრანკფურტი, ბერლინი და ჰამბურგი მაინც შორს არიან, როგორც ტერიტორიულად, ასევე კულტურულად. ჯერჯერობით გერმანელებს, როგორც ჩანს, დიდად არ აინტერესებთ საქართველო, თუ არ ჩავთვლით მცირეოდენ გერმანელ ტურისტებს, რომლებიც თბილისში ძველ ნანგრევებს ათვალიერებენ და ფილოსოფოსობენ.
საქართველო, ყველა თვალსაზრისით, დაჭრილი ქვეყანაა. საუკუნეების მანძილზე, ქართველებს თავს ესხმოდნენ, იპყრობდნენ, წვავდნენ და ხოცავდნენ არაბები, სპარსელები, მონღოლები და რუსები. მაგრამ დღეს ყველაზე მტკივნეულად აქ რუსეთის ბატონობას იხსენებენ. მუსლიმანური თავდასხმებით შეშფოთებულმა ქართველებმა მეთვრამეტე საუკუნეში რუსეთს მფარველობა სთხოვეს. მფარველობა უსასრულო კოშმარად ექცათ, რადგან რუსეთმა საქართველო დაიპყრო და საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენა – როგორც ბუნებრივი ბუფერი,რომელიც თურქეთსა და ირანს აშორებდა. უფრო მოგვიანებით, საბჭოთა კავშირმა ქვეყანას უღმერთობა, არაყი, პარანოია, პოლიტიკური რეპრესიები და მახინჯი ნაგებობები მოუტანა და საქართველოს სენსიტიურობას ჩასცა ლახვარი. სტალინი საქართველოში დაიბადა და გაიზარდა, მაგრამ მას იმდენად ბინძური სული ჰქონდა, რომ ქართველები მისით ვეღარ ამაყობენ. პარადოქსულია, მაგრამ რუსი ინტელექტუალები სწორედ ქართულ კულტურას და მის უხეშ მამაკაცურ ადათებს აბრალებენ სტალინის დემონიზმს.
ყველაზე მძიმე ჭრილობა საქართველომ 2008 წელს მიიღო, როდესაც რუსეთმა საქართველოს ისტორიულ ტერიტორიებს ორი რეგიონი წაართვა, აფხაზეთი (ყველაზე ლამაზი ადგილი ქართული ფოლკლორის თანახმად) და სამხრეთ ოსეთი. ქართველები დასტირიან ამ გეოგრაფიულ ამპუტაციას და ძალიან ცდილობენ დაიბრუნონ დაკარგული ტერიტორიები, რასაც რუსეთი არ დაუშვებს. უფრო მეტიც, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი იღებენ საერთაშორისო აღიარებას. ბევრი ქართველი დღესაც იმედოვნებს, რომ ამერიკა ჯადოქარივით დაუბრუნებს მათ საქართველოს დაკარგულ მიწებს. ამის შემდეგ კი, საქართველო ამერიკას გაურიგდება და აქ გეოპოლიტიკურ ადგილს დაუთმობს, ახლო აღმოსავლეთსა და რუსეთზე მეთვალყურეობისთვის.
ამერიკის ინტერესები
2005 წელს პრეზიდენტი ჯორჯ ბუში საქართველოს ესტუმრა და იზეიმა მისი ახალშექმნილი დემოკრატია და მიესალმა მის სწრაფვას დასავლეთისკენ. 2008 წლის რუსულ-ქართული კონფლიქტი, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამო მოხდა, გამოცდა იყო ბუშის ერთგულებისა საქართველოსადმი. მაგრამ ბუშის ადმინისტრაცია, რომელიც ამ დროს ჩაფლული იყო თავის უშედეგო ომებში ირანსა და ავღანეთში, ვერ შეძლებდა ქართველების რეალურ დახმარებას. გარდა დამამშვიდებელი რიტორიკისა, ბუშის ადმინისტრაციამ თავი მოუყარა ფულად დახმარებას (გარკვეული პირობებით) და საქართველოს გადასცა, როგორც მხარდაჭერის სიმბოლო. USAID-მა საქართველოს ბიზნესის მოდერნიზაციისა და სამართლებრივი განათლებისათვის ასევე გადასცა ფული.
მაგრამ საქართველოსადმი ინტერესს ძალიან ცოტა ამერიკული კომპანია იჩენს. ომი რუსეთთან, მცირე პოპულაცია და შიდაპოლიტიკური დაძაბულობანი ამერიკულ კომპანიებს აშინებს და ისინი საქართველოში ინვესტირებისგან თავს იკავებენ. ობამას ადმინისტრაციამ თითქმის მიატოვა საქართველო, ძირითადად იმისთვის, რომ რუსეთთან ურთიერთობის „გადატვირთვა“ სურდა. 2011 წელს ობამას ადმინისტრაციამ საქართველო აიძულა, ხმა მიეცა რუსეთის გაწევრიანებისთვის „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში“, სადაც ახალი წევრის მიღებას ყველამ ერთხმად უნდა უყაროს კენჭი. საქართველოს მთავრობამ ვეღარ განახორციელა ზეწოლა რუსეთზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების მოთხოვნით. (სხვადასხვა მიზეზით, ქართველებს რესპუბლიკელები ურჩევნიათ დემოკრატებს და თბილისში უკვე არსებობს ქუჩა, რომელსაც ჯორჯ ბუშის სახელი ჰქვია). ბევრი ამერიკელი, ეს ყველაფერი რომ იცოდეს, სიამოვნებით დაეხმარებოდა პატარა ქვეყანას გოლიათისგან თავის დაცვაში, მაგრამ ახლა ისინი საქართველოზე არ ფიქრობენ.
საქართველოს სამეზობლო
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს გულით უნდა, დასავლეთ ევროპის ნაწილი იყოს, ფიზიკურად ის მუსლიმანურ სამეზობლოში მდებარეობს. მუსლიმანები შეადგენენ ყველაზე დიდ უმცირესობას თვითონ საქართველოს შიგნითაც. სომხეთისგან განსხვავებით, საქართველოს მშვიდობიანი და წარმატებული მეზობლობა აქვს აზერბაიჯანთან, აღმოსავლეთით და თურქეთთან და ირანთან, სამხრეთით. ქართველებს დასავლეთ ევროპაში ჩასასვლელად ვიზა (რაზეც შეიძლება უარი მიიღონ) სჭირდებათ, მაგრამ თავისუფლად მიდი-მოდიან მუსლიმანურ ქვეყნებში. აზერბაიჯანის და საქართველოს ეკონომიკები ერთმანეთთანაა დაკავშირებული. საქართველო იღებს იაფფასიან ნავთობს აზერბაიჯანიდან და ირანიდან. მუსლიმანური პოპულაცია აღმოსავლეთ საქართველოში ქმნის ბუნებრივ პირობებს სიახლოვისთვის აზერბაიჯანის მოსახლეობასთან, რომელიც საზღვრის გასწვრივ ცხოვრობს. დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას შეუძლია მიაგნოს საერთო ეკონომიკურ ინტერესებს და კულტურულ კონტაქტებსაც კი თურქეთის საზღვარზე მცხოვრებ მუსლიმანურ მოსახლეობასთან.
თურქეთი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია. დასავლეთ საქართველოში, ქალაქ ბათუმში, აეროპორტს ერთობლივად მართავენ საქართველო და თურქეთი. ნავთობისა და ბუნებრივი აირის მილსადენებს, რომლებიც აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთისკენ მიდიან, სამივე ქვეყნისთვის მოაქვთ მოგება. ახალი რკინიგზა ერთმანეთთან დააკავშირებს აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს. საბედნიეროდ, ევროპის კავშირი და შეერთებული შტატები მხარს უჭერენ ამ სამმხრივ თანამშრომლობას. მიუხედავად იმისა, რომ წუხს, რუსეთი ითმენს იმ ფაქტს, რომ საქართველოს მუსლიმან მეზობლებთან ურთიერთობები უღრმავდება. აი, ასეთია ისტორიული პარადოქსი – საქართველო, რომელმაც რუსეთს მიმართა მუსლიმანებისგან თავდასაცავად, ახლა მუსლიმანურ ქვეყნებთან ვაჭრობს, რომ უკეთეს ცხოვრებას მიაღწიოს.
ყველა მეზობელს შორის, ყველაზე დამაინტრიგებელი ურთიერთობა საქართველოს ირანთან აქვს. არაბებს დღეს უკვე საქართველოსადმი დიდი ინტერესი არა აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი საქართველოს, მალევე წინასწარმეტყველის გარდაცვალების შემდეგ, სამასი წლის მანძილზე მართავდნენ. მაგრამ, მეორე მხრივ, ირანმა საქართველოს კულტურაზე, არქიტექტურაზე და ენაზე ყველაზე წარუშლელი კვალი დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველებს უნიკალური დამწერლობა აქვთ, ბევრი ქართული სიტყვა ფონეტიკურად სპარსულისგან და აბრუშემის გზის სხვა ქვეყნების ენებისგან წარმოიქმნა. ქრისტიანობამდე დიდი ხნით ადრე სპარსეთმა აქ შემოიტანა ზოროასტრიზმი, რელიგია, რომელმაც გავლენა მოახდინა ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე. განათლებული ქართველებისთვის ირანული კულტურა (და ხალიჩები) ერთგვარი სუსტი წერტილია, მიუხედავად იმისა, რომ არ მოსწონთ ირანული პოლიტიკური თეოკრატია. ამასწინათ საქართველომ მიიღო კანონი, რომელიც ირანელებს საქართველოში უვიზო მიმოსვლის ნებას აძლევდა, მაგრამ ამერიკის ზეწოლით, მან ეს კანონი გააუქმა. საქართველო პოეტების ქვეყანაა და მას ბუნებრივად იზიდავს ირანი, ასევე პოეტების ქვეყანა.
შოთა რუსთაველი, რომელმაც დაწერა ქართული ეპიკური პოემა „ვეფხისტყაოსანი“, აღიარებდა იმ ერების ფასეულობას, რომლებიც საქართველოს სამეზობლოში ცხოვრობდნენ. მის პოემაში მოქმედება ხდება წარმოსახვით არაბეთში, სპარსეთსა და ინდოეთში და არა საქართველოში, ან რუსეთში, ან დასავლეთ ევროპაში. (მე დაჟინებით ვეკითხებოდი ქართველებს, რატომ უშვებენ თავისუფლად ძროხებს თავიანთ გზებზე, რაც საფრთხეს უქმნის მოძრაობას, მაგრამ ისინი ვერ ხედავენ მსგავსებას ასეთსავე ადათთან ინდოეთში). რუსთაველი თავისუფლად იყენებდა სპარსულ პოეზიას, ეს ფაქტი შეიძლება ბევრმა ქართველმა არ იცის. ის იკვეხნიდა კიდეც იმას, რომ სპარსულ სტილისტიკაში შექმნა პოემა. არ არის შემთხვევითი, რომ ირანელი პოეტს ფირდოუსის თავის ნაწარმოებში „შაჰნამე“ გამოჰყავს ძლევამოსილი რაინდი, რომელიც ამაყადაა გამოწყობილი ლეოპარდის ტყავში. რუსთაველი არ იყო პლაგიატორი, მას არ მიუთვისებია სპარსული კლასიკური ლიტერატურის სტილი და არსი, ის უბრალოდ ცდილობდა მიეგნო ხერხისთვის, რომელიც დააკავშირებდა აბრეშუმის გზის პილიგრიმებთან, ნომადებთან, ვაჭრებთან, რომლებსაც მოჰქონდათ აბრეშუმი, სანელებლები, ისტორიები, პოემები, ანეკდოტები, იდეები, ცოდნა, მისტიციზმი, თბილისში.
დასკვნა
ქართველებს დასავლეთ ევროპის ნაწილად გადაქცევა სურთ და ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოცნებობენ. მაგრამ მათ სულ უნდა ახსოვდეთ, რომ საქართველო რუსეთთან მდებარეობს და მისი სამეზობლო მუსლიმანურია. იმის გამო, რომ საქართველოს მძიმე ისტორია ჰქონდა, მრავალი თავდასხმა და ოკუპაცია გადაიტანა, ქართველები სამართლიანად ეძიებენ თავისუფლებასა და სახელმწიფო დამოუკიდებლობას. ისინი ცდილობდნენ მოეპოვებინათ რუსეთის კეთილგანწყობა, რათა თავი დაეხსნათ მუსლიმანებისგან. ახლა ისინი ცდილობენ დასავლეთ ევროპისა და აშშ-ის კეთილგანწყობის მოპოვებას, რუსეთისგან თავდასახსნელად. ამან შეიძლება არ იმუშაოს. შორეულთან ურთიერთობა შეიძლება რომანტიკული რამ იყოს, მაგრამ კარგი ურთიერთობები მეზობლებთან (თუნდაც მოსაწყენ და საშიშ მეზობლებთან) ძალიან მომგებიანი შეიძლება აღმოჩნდეს. საქართველო ვერ მისცემს თავს რუსეთთან ანტაგონიზმის უფლებას და არ უნდა იმედოვნებდეს, რომ რუსეთის დაბალანსებას ამერიკით შეძლებს. აშშ-ს ნამდვილად შეუძლია, საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელი უნარები შეასწავლოს, მაგრამ მთავარი რეალობა ყველა ქვეყნისთვის მისი სამეზობლოა. ეს ითქმის დღევანდელ სამყაროზეც, რომელიც თითქოს დაპატარავდა. ქართველები ლამაზ მომავალზე ოცნებობენ, მაგრამ იქნებ ჯობდეს ცოტა უფრო ადრე ადგომა ისწავლონ, არანაბახუსევზე, რათა ბოლომდე გამოიყენონ თავიანთ სასარგებლოდ დღის სინათლე ანკლავში, რომელიც ღმერთმა უბოძა.
foreignpress.ge