„ბუნტის მზადება არ მიმდინარეობს, სამინისტრო სიტუაციას  აკონტროლებს“

„ბუნტის მზადება არ მიმდინარეობს, სამინისტრო სიტუაციას აკონტროლებს“

სასჯელაღსრულების მე-15 და მე-17 დაწესებულებაში პატიმრები შიმშილობენ. ისინი მათი საქმეების გადახევდას და პირობით ვადამდე გათავისუფლებას ითხოვენ. პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართა გიორგი ხურციძემ და ლევან კუტალაძემ, რომლებსაც პირი მავთულით აქვთ ამოკერილი.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტების ინფორმაციით მე-17 დაწესებულებაში ორმოცდაათი პატიმარი შიმშილობს.

პატიმრები უნდობლობას უცხადებენ უდოს კომისიას, მოითხოვენ სასჯელის გადავადებას, უკანონო განაჩენების გადასინჯვას და სასჯელისაგან გათავისუფლებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტების შეფასებით ლევან კუტალაძისა და გიორგი ხურციძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

აღსანიშნავია, რომ საქმეების გადახედვა სამინსიტროს კომპეტენციაში არ შედის. ამ შემთხვევაში მსჯავრდებულებმა ოფიციალურად უნდა მიმართონ შესაბამის უწყებებს. რაც შეეხება იმ მსჯავრდებულებს, რომლებსაც პრეტენზიები პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიასთან აქვთ, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი კომისიის გადასაწყვეტია.

ადვოკატ თინათინ ნაკაშიძის ინფორმაციით კი, ციხეში ბუნტი მზადდება, რომლის ორგანიზებაც ტარიელ ფოცხვერიას უნდა დაბრალდეს.

„მეორდება ბაჩო ახალაიას დროინდელი ისტორია, რაც მიუთითებს ახალი ხელისუფლების უნიათობაზე, დაიცვას ნებისმიერი ჩვენი თანამოქალაქის ინტერესები. თინათინ ნაკაშიძე მიმართავს არასამთავრობო ორგანიზაციებს, კონტროლზე აიყვანონ ტარიელ ფოცხვერიას საქმე, რათა არ განმეორდეს შემზარავი ისტორია პატიმრებთან მიმართებაში“, - აღნიშნა თინათინ ნაკაშიძემ.

ადვოკატის ინფორმაციას უკვე გამოეხმაურა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, რომლის ინფორმაციით სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ბუნტის მზადება არ მიმდინარეობს და სამინისტრო სიტუაციას აკონტროლებს.

„ადვოკატმა თინათინ ნაკაშიძემ გააკეთა განცხადება, რომ სხვადასხვა დაწესებულებებში შიმშილობენ მსჯავრდებულები და თითქოს, მზადდება ბუნტი, რომლის მიზეზიც საპატიმროებში არსებული მძიმე ვითარებაა, განსაკუთრებით სამედიცინო კუთხით არსებობს პრობლემები.

არავითარი საფუძველი არ არსებობს იმის სათქმელად, რომ ბუნტის მზადება მიმდინარეობს. სამინისტრო სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სიტუაციას აკონტროლებს. ასევე დაუყოვნებლივ გადავამოწმეთ თინათინ ნაკაშიძის განცხადება სამედიცინო მიმართულებით და დავადგინეთ, რომ მოშიმშილეთაგან მხოლოდ 5 ადამიანს აღენიშნება ჯანმრთელობის არსებითი პრობლემები“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ხუთივე პაციენტზე დახარჯულია სამედიცინო და ადმინისტრაციული პერსონალის დიდი დრო და 23 000 ლარზე მეტი. ნაკაშიძე მიმართავს ყველა ადვოკატს, რომ სამედიცინო საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაცია არის გახსნილი და ნებისმიერს შეუძლია მომართოს სამინისტროს.

„სპეციალისტებთან ერთად განვიხილოთ ცალკეული შემთხვევები. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ჯანმრთელობის საკითხებით ვაჭრობას არ დავუშვებთ. კონკრეტულად, დასახელებულ 5 პაციენტს რაც შეეხება, ამ ხუთ პაციენტს დიდი ხანია სათანადო ყურადღება ექცევა და მიექცევა მომავალშიც“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულებაში მოშიმშილე მსჯავრდებულებს შეხვდა სახალხო დამცველი. უჩა ნანუაშვილმა მოისმინა პატიმართა პრობლემები და გაეცნო მათ მოთხოვნებს. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ აუცილებელია დაჩქარდეს სისხლის სამართლის საქმეების გადახედვის პროცესი, მართლმსაჯულების ხარვეზის დამდგენი კომისიის შექმნის გაჭიანურება უარყოფითად მოქმედებს არაერთი მსჯავრდებულის მდგომარეობაზე.

სახალხო დამცველის აზრით, აუცილებელია რაიმე მექანიზმის შექმნა, რომელიც რეაგირებას მოახდენს პატიმართა საჩივრებზე, განსაკუთრებით მწვავედ დგას იმ პატიმრების საკითხი, ვისაც ბრალი არ უღიარებია და თავს უდანაშაულოდ და უკანონო პატიმრად მიიჩნევს.

„შეკრებითობის პრინციპის გაუქმების საფუძველზე მსჯავრდებულთა მცირე ნაწილს შეუმცირდა სასჯელის ზომა, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, გაუგებარია სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველი. არაერთი პატიმარი პირობით ვადამდელ გათავისუფლებას ითხოვს“, - აცხადებს ნანუაშვილი.

მისივე განცხადებით, ავადმყოფობის გამო სასჯელის გადავადებას ითხოვს ასევე რამდენიმე პატიმარი. სახალხო დამცველის აზრით, ბევრი მსჯავრდებული უკანონობის, მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის მსხვერპლი გახდა და სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მათ რეაბილიტაციაზე.

წამებისა და ცუდი მოპყრობის არაერთი მსხვერპლი დღეს სათანადო ყურადღების და მკურნალობის გარეშეა დარჩენილი და ყველა სახელმწიფო უწყებამ უნდა იზრუნოს ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ამ პრობლემებთან დაკავშირებით სახალხო დამცველი, უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, შესაბამისი წინადადებებით სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს მიმართავს.

მოშიმშილე პატიმრებს შეხვდნენ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტები. მათ შორის გიორგი ხურციძესა და ლევან კუტალაძეს, რომლებსაც პირი მავთულით აქვთ ამოკერილი. როგორც ცენტრის წარმომადგენლები აცხადებენ, მე-17 დაწესებულებაში ორმოცდაათი პატიმარი შიმშილობს. 

„პატიმრები უნდობლობას უცხადებენ უდოს კომისიას, მოითხოვენ სასჯელის გადავადებას, უკანონო განაჩენების გადასინჯვას და სასჯელისაგან გათავისუფლებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო“, - აცხადებენ ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტები.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით კი, სამინისტრო ჯანმრთელობის საკითხებით ვაჭრობას არ დაუშვებს.