„თუ გინდა საქმე არ გააკეთო, კომისია უნდა შექმნა“

„თუ გინდა საქმე არ გააკეთო, კომისია უნდა შექმნა“

პარლამენტში შესაძლოა სახელმწიფოს მიერ საკუთრების ხელყოფის დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნას. ინიციატივა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიას ეკუთვნის და ჯერჯერობით, მხოლოდ პარლამენტის დადგენილების პროექტის სახით არსებობს. პროექტი კი სახალხო დამცველის ანგარიშთან დაკავშირებით მომზადდა.

პროექტში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველის ანგარიშში მითითებული ადამიანის უფლებების დარღვევის უმძიმესი ფაქტების გამო, პარლამენტი მიიჩნევს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა იმსჯელოს საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობის თაობაზე, რომელიც შეისწავლის სისტემურად განცხადებებსა და საჩივრებს, სახელმწიფოს მიერ, კერძო, ან იურიდიული პირების მიერ საკუთრების უკანონო ხელყოფისა და საზოგადოებისთვის მაღალი ინტერესის მქონე დანაშაულებრივ ფაქტებზე.

სახალხო დამცველს, დეპუტატები 30 ივლისს რიგგარეშე სხდომაზე მოუსმენენ. მის მიერ წარდგენილ დოკუმენტს კი პარლამენტი დადგენილების მიღებით უპასუხებს.

მოგეხსენებათ, წინა ხელისუფლების პირობებში საკუთრების ხელყოფის ფაქტები ძალიან ხშირი იყო და დაპირებული სამართლიანობის აღდგენის ერთ-ერთი ასპექტი სწორედ ჩამორთმეული ქონებების მათი კანონიერი მესაკუთრეებისათვის დაბრუნება უნდა ყოფილიყო, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურაში რამდენიმე ათასი ასეთი საქმეა შესული, ჩამორთმეული ქონება ჯერ არავის დაბრუნებია. უფრო მეტიც, საკუთრებაწართმეული ადამიანები ჩივიან, რომ მათ საქმეებზე გამოძიებაც კი შეჩერდა.

ერთ-ერთი ასეთი ადამიანი, რომელსაც ბიზნესიც ჩამოართვეს და პირადი ქონებაც, არის საავტომობილო ფედერაციის დამფუძნებელი, შალვა ოგბაიძე.

„კომუნისტები ამბობდნენ, - თუ გინდა საქმე არ გააკეთო, კომისია უნდა შექმნაო. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, მაგრამ ხუმრობა იქით იყოს და ნებისმიერი საქმე, რომელიც სამართლიანობის აღდგენას შეუწყობს ხელს, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. უბრალოდ, ჩემთვის ერთი რამ არის გაუგებარი - რა საჭირო იყო ამისათვის თითქმის ერთი წლის გასვლა. ეს ხელისუფლება ხომ იმ დაპირებით მოვიდა, რომ სწორედ ეს უნდა დადგენილიყო, ვინ დაიჩაგრა უკანონოდ, ვის აიძულეს, ქონება თითქოსდა თავისი ნებით ჩაებარებინათ და ა.შ. ამისათვის საჭირო იყო მხოლოდ პოლიტიკური ნება, მაგრამ სამწუხაროდ, ეს პროცესი ჯერ არ დაწყებულა“, - აცხადებს შალვა ოგბაიძე.

მისი თქმით, რომ არა რამდენიმე ადამიანის ძალისხმევა (მათ შორის თინა ხიდაშელის, ფინანსთა მინისტრის და ა.შ.) შალვა ოგბაიძის დარჩენილი მოძრავი ქონების გაყიდვა დღესაც დღის წესრიგშია. ამიტომაც, რეპრესირებული ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მხრიდან ცოტა უფრო მკვეთრი ქმედებებია საჭირო, სასამართლო დღეს ისევ კოტე კუბლაშვილის ხელშია და ქონებაჩამორთმეულ ადამიანებში ეს გარკვეულ ეჭვებს აჩენს. კერძოდ, შალვა ოგბაიძე აღნიშნავს, რომ როგორი დასკვნაც უნდა მიიღოს დროებითმა კომისიამ, საბოლოო სიტყვა მაინც სასამართლომ უნდა თქვას, იმ სასამართლომ, რომელსაც კუბლაშვილი აკონტროლებს. ამიტომ, ოგბაიძეს დიდი იმედი არ აქვს, რომ სერიოზული ცვლილებები მოხდება.

„სასწრაფოდ არის საჭირო იმ პროკურორების და ყველა იმ პირის დაკითხვა, რომლებიც ძალადობრივად ერეოდნენ ადამიანების ცხოვრებაში. ამისათვის პროკურატურაში არსებობს განცხადებები. საჭიროა პოლიტიკური ნება და იმედი მაქვს, ეს პროცესი დაიწყება, თორემ გამოთქმას - „არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა“, აქტუალობა არ დაუკარგავს. ხალხს არ აინტერესებს ორ კილომეტრზე დაგებული ასფალტი, ან თუნდაც ვიღაც ეფემერული ინვესტორი. ადამიანს ტანჯავს სამართლიანობის აღდგენის დაგვიანების გამო მიღებული უსიამოვნო შეგრძნება“, - აღნიშნავს შალვა ოგბაიძე.

მისი თქმით, სამართლიანობა უნდა აღდგეს იმ დროში და იმ დოზით, რამდენადაც ეს შესაძლებელია, დანარჩენი ყველაფერი კი დროის გაყვანის ტაქტიკაა.

„ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ თავმჯდომარე, იურისტი ლია მუხაშავრია კატეგორიულად არ ეთანხმება კომისიის შექმნის იდეას, რადგანაც თვლის, რომ კომისიას შეუძლია მხოლოდ პოლიტიკური შეფასება მისცეს ამ მოვლენებს. ახლა კი ამის საჭიროება არ არსებობს, რადგან უდავოა, რომ იყო უკანონობა და გამოძიება არის საჭირო იმისთვის, რომ დარღვეული უფლებები აღდგეს.

„ჩემი აზრით, პარლამენტის მხრიდან ეს არის ფასადური ნაბიჯი, რათა საზოგადოების მოლოდინს რაღაც ლუკმა გადაუგდოს, რადგან ყველა დავრწმუნდით, რომ ამ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პოლიტიკური ნება არ არსებობს. 9 თვეში ბავშვი იბადება და არც ერთი გადაწყვეტილება, რომელიც დღემდე არის მიღებული, არ ემსახურება იმას, რომ სამართლიანობის აღდგენა დაიწყოს“, - ამბობს ლია მუხაშავრია.

მისი თქმით, პროკურატურას ძალიან დიდი ხნის წინ შეეძლო ამ საქმეების გამოძიება და სასამართლოსთვის გადაცემა, მაგრამ პოლიტიკური ნება არ არსებობს. იურისტი აცხადებს, რომ პროკურატურაში საქმეების გამოძიება არ ხდება და ამასობაში ჩამორთმეული ქონება გადაფორმდა ოფშორულ ზონებში, სადაც მისი კვალის მიგნება შეუძლებელია. მუხაშავრიას თქმით, სამართლიანობის აღდგენის ურემი ისედაც ნელა მიდიოდა, ახლა კი მას ამ კომისიის შექმნის შემთხვევაში მეხუთე თვალი დაემატება, რომელიც საქმეს წინ ვერანაირად ვერ წასწევს.

პროფესორი გია მეფარიშვილი („კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი“) აღნიშნავს, რომ ეს პრობლემა ახალი არ არის, დიდი ხანია მასზე მსჯელობა მიმდინარეობს და მისასალმებელია, თუკი ასეთი კომისია შეიქმნება და მას ძალიან ბევრი საქმე ექნება, რადგან 2004-2012 წლებში ბიზნესსამყაროს მიმართ ადგილი ჰქონდა არაერთ აღმაშფოთებელი ძალადობის ფაქტს.

„ქართული სახელმწიფო ბიზნესს ატერორებდა, ამ სიტყვის სრული მნიშნელობით და უკვე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაა შექმნილი, მათ შორის საკმაოდ კოლორიტული სახელწოდების მქონე ორგანიზაცია „დააბრუნე“, რომელშიც 300-ზე მეტი ბიზნესმენია გაერთიანებული“, - ამბობს გია მეფარიშვილი.

მისი თქმით, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საპარლამენტო კომისია მხოლოდ პოლიტიკურ შეფასებას გააკეთებს, თუმცა ეს ვერ მოხსნის იმ სიმწვავეს, რაც ამ პრობლემას ახლავს. იურისტს მხედველობაში აქვს ის, რომ 9300-ს აჭარბებს იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებმაც სახელმწიფოს თავიანთი ქონება „ნებაყოფლობით“ გადასცეს. ამიტომ, მეფარიშვილი მიიჩნევს, რომ თუ საგამოძიებო კომისია ამ ფაქტებს შეფასებას მისცემს, ბევრი წყალქვეშა დინებები იქნება დადგენილი და საზოგადოებისთვის ბევრი არასასიამოვნო ფაქტი გახდება ცნობილი. აქვე იურისტი აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი დროში გაწელილი პროცესია და აუცილებელია ამ ფაქტებზე გამოძიების ჩატარება და შესაბამისი სამართლებრივი შეფასების მიცემა.

გია მეფარიშვილი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ უკანასკნელი 4-5 თვის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა წართმეული ქონებების სხვა პირებზე გადაფორმება და ამიტომ, თუკი, 2-3 თვის განმავლობაში ეს პრობლემა არ მოგვარდება, იურისტი მიიჩნევს, რომ ამის შემდეგ უკვე ეს პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. გარდა ამისა, მეფარიშვილი ყურადღებას ამახვილებს გავრცელებულ ინფორმაციაზე იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, წართმეული ქონებების ღირებულება 4-5 მილიარდს შეადგენს. იურისტი ამბობს, რომ არ იცის, საიდან არის ეს რიცხვი აღებული, მაგრამ მას სერიოზული გამაფრთხილებელი ძალა გააჩნია.