საპრეზიდენტო არჩევნებამდე, 14 პოლიტიკური პარტია საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებს. კერძოდ, შვიდი საპარლამენტო პარტიისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 2 მლნ 100 ათასი ლარი, ხოლო შვიდი არასაპარლამენტო პარტიისთვის - მილიონ 50 ათასი ლარი გამოიყოფა. ამასთან, ერთჯერად დაფინანსებას - 150-150 ათასი ლარის ოდენობით, კიდევ ოთხი - ე.წ. არაკვალიფიციური სუბიექტი მიიღებს.
აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს გაახმოვანა, თუმცა, ჯერ კიდევ გასულ კვირას, დავით უსუფაშვილი აცხადებდა, რომ პარტიების დაფინანსების საკითხი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განიხილებოდა.
თუ რატომ შეიცვალა ხელისუფლებამ პოზიცია, ამის ოფიციალური მიზეზი არ კონკრეტდება, თუმცა, როგორც for.ge-ს საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებაზე გავლენა ბიძინა ივანიშვილმა მოახდინა.
წყაროს ცნობით, რამდენიმე დღის წინ, ურეკში გამართულ შეხვედრაზე, პრემიერ-მინისტრმა უმრავლესობას მოუწოდა პარტიების დაფინანსების თაობაზე პარლამენტში შესაბამისი ინიციტივა წარედგინა, რადგან „მთავრობას არასაპარლამენტო ოპოზიციის ყიჟინის თავი არ აქვს“.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი დაფინანსების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას პარტიების არსებულ რეალობას უკავშირებს.
„პარტიების დაფინანსების თემა მეტად მტკივნეულია, რადგან მათ წინასაარჩევნოდ დაფინანსება არ აქვთ და როგორც თავად პარტიები ამბობენ, ისინი არათანაბარ პირობებში დგანან, რის გამოც, შეჯერებული ვერსიის გამოტანა და ცვლილებების მიღება გადავწყვიტეთ“, - განუცხადა for.ge-ს იმერლიშვილმა.
რაც შეეხება პარტიების დაფინანსების მოდელს, ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელის, ზაქარია ქუცნაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 14 პოლიტიკური პარტია ფინანსდება, რომელთაგან შვიდი საპარლამენტო პარტიაა, ხოლო დანარჩენი შვიდი პარტია კვალიფიციური სუბიექტია, რომლებიც არიან - „ახლები“, „საქართველოს გზა”, ზურაბ ნოღაიდელის ყოფილი პარტია, „ქდმ”, „ქდმ”-ს სატელიტი პოლიტიკური გაერთიანება, „ევროპელი დემოკრატები“ და „ხალხის პარტია”.
„აღნიშნულ 14 პარტიას კიდევ ოთხი პარტია დაემატება, რომელსაც არცერთ ბოლო არჩევნებზე ბარიერი გადალახული არ აქვს. ესენი არიან - „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“, „ლეიბორისტული პარტია“, „თავისუფალი საქართველო“ და „ქართული დასი“. ისინი ერთჯერად დაფინანსებას მიიღებენ. ამასთან, ამ ოთხი პარტიის გარდა, ერთჯერად დაფინანსებას ასევე მიიღებენ - „ახლები“, „ქდმ“ და „ხალხის პარტია“. საკითხის განხილვისას პრინციპი ასეთი იყო - ბიუჯეტიდან დაფინანსება ან ყველას მოემატებოდა, ან - არავის“, - აცხადებს ქუცნაშვილი.
კანონმდებელის განმარტებით, შვიდი საპარლამენტო პარტია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 300-300 ათასს ლარს, ხოლო შვიდი არასაპარლამენტო პარტია, რომელმაც საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა, დაფინანების სახით 150-150 ათასი ლარს მიიღებს.
„ამას გარდა, საბაზისო დაფინანსება 14-ვე კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს გაეზრდება“, - აღნიშნავს კანონმდებელი.
პარტიების დაფინანსების თაობაზე, მმართველი გუნდის ინიციატივას საპარლამენტო ოპოზიცია მხარს უჭერს, თუმცა, ამავდროულად, კანონპროექტით გათვალისწინებულ დეტალების გასაჯაროებას ელოდება.
პავლე კუბლაშვილის განცხადებით, კარგი იქნებოდა თუ, ინტერფრაქციული ჯგუფი დამატებითი დეტალების შეთანხმებას მეტ დროს დაუთმობდა.
„თუ როგორი იქნება პარტიების დაფინანსების ფორმულირება, ეს კიდევ უნდა ვნახოთ. დარწმუნებული ვარ, ეს არასაპარლამენტო ოპოზიციასაც აინტერესებს და ამ დეტალებზე მსჯელობა კიდევ იქნება. დღეს არსებული ინფორმაციით, კოალიციაში შემავალი პარტიები 2 მლნ 100 ათასს ლარს მიიღებენ, ხოლო არასპარლამენტო ოპოზიცია მილიონ 50 ათას ლარს. „ნაციონალური მოძრაობა“ კი, არასაპარლამენტო ოპოზიციის დაფინანსების მესამედს მიიღებს. ეს პროცესი ჩვენი მხრიდან მხარდაჭერილი იქნება და მას პრობლემებს არ შევუქმნით. იმედი მაქვს, ამ საკითხებზე პარტიები შეთანხმდებიან“, - განუცხადა for.ge-ს კუბლაშვილმა.
პარტიების დაფინანსების საკითხებზე, ინტერფრაქციულ ჯგუფში მომზადებული წინადადება საკანონმდებლო ინიციატივის სახით, პარლამენტში ხვალ დარეგისტრირდება და მასზე მსჯელობა დაჩქარებული წესით წარიმართება.