თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი აზრთა სხვადასხვაობას იწვევს

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი აზრთა სხვადასხვაობას იწვევს

თბილისის ომის დროს ხანძრის შედეგად განადგურებული მხატვრის სახლის ადგილას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის მშენებლობამ ხელოვნებათმცოდნეებისა და არქიტექტორების აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ხელოვანებს აინტერესებთ, რატომ უნდა განთავსდეს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ფსევდო ძველ შენობაში, რომელიც 21-ე საუკუნის მოთხოვნებს არ პასუხობს.

არის კიდევ ერთი პრობლემა, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი არ გადაიქცეს დომინანტად და რუსთაველის გამზირის ორიენტირები არ შეცვალოს, მათ შორის, დომინანტობა არ წაართვას მახლობლად მდებარე ქაშუეთის ეკლესიას. თუმცა განსხვავებულ პოზიციას გამოხატავს არქიტექტორთა ნაწილი. მათი აზრით, შენობა რუსთაველის გამზირის მასშტაბს არ არღვევს და ზუსტად იმ კონტექსტს შეესატყვისება, როგორიცაა ეროვნული მუზეუმი, კინოთეატრი „რუსთაველი“ და „თბილისი მერიოტი“.

ამის საპასუხოდ, პროექის ავტორი არჩილ ქურდიანი აცხადებს, რომ, როგორც არქიტექტორი, ეწინააღმდეგება ამ ადგილას შუშის შენობის აშენებას, რადგან ეს უცხო სხეული იქნება რუსთაველის გამზირის არქიტექტურული ანსამბლისთვის.

მთლიანობაში, რუსთაველის №7-ში დაგეგმილია არა მარტო თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის მშენებლობა, არამედ მრავალფუნქციური კომპლექსის აგება, რომელიც მოიცავს სასტუმროს, რესტორანს, საგამოფენო დარბაზს, საცურაო აუზს და მიწისქვეშა ავტოსადგომს.

რატომ გამოიწვია თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის მშენებლობამ აზრთა სხვადასხვაობა?! ამის შესახებ For.ge ხელოვანებს და ამ დარგის სპეციალისტებს ესაუბრა.

ორგანიზაცია „თბილისის ჰამქრის“ გამგეობის წევრი ცირა ელისაშვილი აცხადებს, რომ ამ ნაგებობას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმთან არანაირი კავშირი არ აქვს, რადგან აქ თავად შინაარსსა და პროექტს შორის თანხვედრა არ არის. მეტიც, ძალიან საკამათოა, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი განთავსდეს ძველი სტილით აგებულ შენობაში.

„ეს არც ძველის აღდგენაა, არც თანამედროვე ხელოვნების მუზეუმისთვის საჭირო ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა. თუ ვაშენებთ ახალს, ის არ უნდა იყოს ძველის იმიტაცია და, განსაკუთრებულად, ცუდის იმიტაცია. სამწუხარო ტენდენცია იგრძნობა არა მხოლოდ თბილისში, არამედ ბათუმში და სხვა ქალაქებშიც, ვითომ ძველ სტილში ახალი შენობების მშენებლობის სახით. ეს ტენდენცია, დღესაც გრძელდება და ამის ყველაზე „კარგი“ ნიმუშია თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის ეს პროექტი, რომელიც არ შეესაბამება არც თანამედროვე ქალაქს, არც ისტორიულ ზონას და არც იმას, სად უნდა განთავსდეს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი“, - აცხადებს ცირა ელისაშვილი.

ამასთან, განმარტავს, რომ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი თანამედროვე შენობაში უნდა განთავსდეს. თანამედროვე ნაგებობების ისტორიულ ცენტრში განთავსების პრაქტიკა კი არსებობს, ოღონდ, ასეთ შემთხვევაში, არქიტექტორს არ უნდა ეშინოდეს სიახლის და უნდა გაითვალისწინოს ის გარემო, სადაც აშენებს.

ელისაშვილის თქმით, პარიზში არის „პომპიდუს ცენტრი“, რომელიც ახალი სიტყვაა სამუზეომო ისტორიაში. მართალია, მასაც არაერთგვაროვანი შეფასება ჰქონდა, მაგრამ თავად არქიტექტურაა საინტერესო. თუმცა ჩვენთან „პომპიდუს ცენტრის“ არქიტექტურა ვერ განხორციელდება, რადგან ამას თავისი სკოლა სჭირდება.

ამიტომ ცირა ელისაშვილი საზოგადოების ფართო წრეების მონაწილეობით ხელახალი კონკურსის გამოცხადებას მოითხოვს.

მხატვარი გია ბუღაძე აცხადებს, რომ კონკრეტულად, ამ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის ესკიზი მას არ უნახავს, მაგრამ, რამდენადაც სმენია, ძალიან კარგ არქიტექტორთა ჯგუფი მუშაობს ამ პროექტზე. თუმცა გია ბუღაძის სურვილია, რომ ამ ნაგებობის ფასადი ძველი ისტორიული შენობის მსგავსი იყოს, რომელიც არაჩვეულებრივად მოჩანდა აღნიშნულ ტერიტორიაზე, ხოლო უკანა მხარეს, კერძოდ, გუდიაშვილის ქუჩისკენ, შენობის უკანა ფასადი განთავსდეს, თავისი კომუნიკაციებით, რაც აბსოლუტურად თანამედროვე ფორმებითა და საშუალებებით გაკეთდება. მხატვრის აზრით, სწორედ ეს იქნებოდა ძველისა და ახლის სინთეზი.

გია ბუღაძის თქმით, მსოფლიოში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმების იდეალური ვარიანტები არსებობს და ძველი და ახალი ერთმანეთთან ჰარმონიულ კავშირშია. ამის შესანიშნავი მაგალითია თანამედროვე ხელოვნების ცენტრი მადრიდში. ეს არის მე-19 საუკუნის ბოლო პერიოდში აგებული შენობა, რომლის გადაკეთებაც და სრულიად გათანამედროვეობა განხორციელდა, უკანა მხარეს კი მიშენებულია ულტრათანამედროვე არქიტექტურა და ეს ქმნის არაჩვეულებრივ სინთეზს.

„ასე რომ, ძველი ტრადიციული შენობისა და სრულიად თანამედროვე, გეომეტრიულ-ავანგარდული ფორმების შერწყმის შედეგად მივიღეთ „რეინა სოფია“, რომელიც საუკეთესოთა შორის საუკეთესოა მსოფლიოში თანამედროვე ხელოვნების ცენტრებს შორის. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ მაინც ტრადიციაზე ვდგავართ. როგორც ვიცი, ტრადიციაზე დაყრდნობით შეეცადნენ ამ შენობის ესკიზის გაკეთებას, მაგრამ ეტყობა, მაინც ძალიან ეკლექტურია. ამიტომ ვისურვებდი, ყოფილიყო ბედნიერი კავშირი რუსთაველზე ტრადიციულად არსებულ ძველ ისტორიულ შენობასა და ზედმიწევნით თანამედროვე არქიტექტურულ ფორმებს, მიგნებებსა და ტექნოლოგიებს შორის“, - აღნიშნა გია ბუღაძემ.

არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი აცხადებს, რომ ახალი ნაგებობის აშენებისას მთავარია, დაცულ იყოს რუსთაველის პროსპექტისთვის მისაღები პარამეტრები - სიმაღლე, სიგანე, ქუჩასთან დაშორება. საბედნიეროდ, ეს ყველაფერი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს აქვს და დანარჩენი უკვე მეორეხარისხოვანი და გემოვნების ამბავია - ვიღაც მიიღებს ამ ნაგებობას, ვიღაც არ მიიღებს და ეს ყოველთვის ასე ხდებოდა.

„როდესაც ნაგებობა შენდება, ის თავისი დროის გარკვეულ გამოძახილს გამოხატავს. ამ პროექტშიც თანამედროვე ეპოქის საკმაო გამოძახილია. რაც მთავარია, რუსთაველის პროსპექტის რიტმი, ზომა და წონა, მასშტაბი შენარჩუნებულია, რაც მნიშვნელოვანია“, - განმარტავს გიგა ბათიაშვილი.