პრემიერ-მინისტრმა მაჟორიტარი დეპუტატები გასულ კვირას გააკრიტიკა და მათ „ფეოდალები“ უწოდა. მართალია, ბიძინა ივანიშვილმა არ დააკონკრეტა თუ რომელ მაჟორიტარ დეპუტატთან მიმართებით აქვს პრეტენზიები, თუმცა, საპარლამენტო კულუარებში იმ პირთა ვინაობა კონკრეტდება, რომელთა პოლიტიკურ საქმიანობასაც მთავრობის ხელმძღვანელი აკრიტიკებს.
For.ge-ს ინფორმაციით, პრემიერის განცხადების ობიექტნი იყვნენ - ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე და პროპორციული სიით გასული კანონმდებლები - ომარ ნიშნიანიძე და დავით ლორთქიფანიძე. ნიშნიანიძე პრემიერის განცხადებას თავის თავზე არ იღებს და პირიქით, for.ge-ს იმ პირს უსახელებს, რომელსაც კოალიციის ხელმძღვანელთან ინფორმაციები მიაქვს. თუ ვინ არის პრემიერის „ინფორმატორი“, ამას ომარ ნიშნიანიძის ინტერვიუდან შეიტყობთ.
ბატონო ომარ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, რომელთა საქმიანობის თაობაზეც პრემიერმა პრეტენზიები გამოთქვა?
- არ ვიცი, თუმცა, რატომ უნდა ვიყო?! ჩვენი გააქტიურება გამოწვეულია არა იმით, რომ რომელიმე რაიონი, საკუთარი მამული და მეურნეობა გვსურს, არამედ იმით, რომ პარტია „ქართული ოცნების“ საქმიანობა გააქტიურდეს და ამ პროცესში ჩვენც აქტიურად ვიყოთ ჩართულნი. შესაძლოა, პრემიერმა უკმაყოფილება ცუდად მიტანილი ენების გამო გამოთქვა.
მთავრობაში „ცუდი ენები“ პარლამენტიდან მიდის?
- არ არის გამორიცხული, რომ ეს ენები პარლამენტიდანაც მიდიოდეს. ფაქტია, რომ ეს ენები პრემიერამდე ვიღაცას მიაქვს. დეპუტატთა ნაწილი ბატონ ბიძინას ერთხელ შევხვდით. პრემიერს ვინც ხშირად ხვდება, მასთან ინფორმაციებიც მას მიაქვს. აბა, სხვამ ვინ უნდა მიიტანოს?! არ მგონია, რომ პრემიერის კრიტიკის ობიექტი მე ვყოფილიყავი. თუმცა, მას აქვს უფლება კრიტიკულად გამოვიდეს და მისი შენიშვნები ჩვენც უნდა გავითვალისწინოთ. ძალიან ბევრი მაჟორიტარი აქტიურობს, მაგრამ როცა საქმე არ კეთდება, ჩემი რაიონი მეც მაქვს და ვალდებული ვარ, ამ პროცესში ჩავერიო. რაც შეეხება მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, ამაზე მსჯელობა შეიძლება, მაგრამ ამ საკითხზე აზრი საზოგადოებას უნდა ვკითხოთ და სხვა ქვეყნების მაგალითებიც ავიღოთ. მთავარია, რომ რაიონებში კლანურ-ფეოდალური სისტემა დავანგრიოთ. დრო იყო, როდესაც, თერჯოლაში ბუცხრიკიძეებს ყველაფერი ჰქონდათ აღებული. მსგავს პრაქტიკას ვებრძვით და იმას არ ვცდილობ, რომ თერჯოლაში მივიდე და იქ ვიყო. შეიძლება, ეს ამბები ბატონ ბიძინასთან სწორად ვერ მიიტანეს.
მმართველ გუნდს პარლამენტში სულ ექვსი ფრაქცია აქვს. შესაბამისად, რომელი ფრაქციიდან მიდის მთავრობაში ამბები?
- არ გამოვრიცხავ, რომ პრემიერთან ენები „ქართული ოცნებიდანაც“ მიდიოდეს. ხელს არავის ვადებ, მაგრამ ბატონ ბიძინასთან ვისაც აქვს წვდომა, ალბათ, მას ყველაფერს ის ეუბნება. თავის დროზე, პრემიერმა თქვა, რომ საკანონმდებლო მუშაობაში ფრაქცია „ქართული ოცნება“ მოისუსტებსო, რაც პრემიერს უთხრეს. არ მგონია, რომ უსაქმურად ვართ. ჩემს სახელზე ასეულობით წერილი შემოდის და ამ ყველაფრეს თავად ვაგზავნი, იმ ფონზე, როცა თანაშემწეც კი არ მყავს, - უზარმაზარ საქმეს ვაკეთებ.
რა სახის ინფორმაციები შეიძლება მიდიოდეს პრემიერთან?
- ალბათ, ისევ ეუბნებიან, რომ „ქართული ოცნების“ ფრაქციას სუსტი დეპუტაცია ჰყავს. მე კი მგონია, რომ პარტია ჩვენს პოტენციალს არ იყენებს, რადგან წიგნიერებით, წესიერებითა და პოზიციით არავის ჩამოვრჩებით.
ბიძინა ივანიშვილის პარტიაა „ქართული ოცნება“, შესაბამისად, რატომ არ იყენებენ თქვენს პოტენციალს?
- ვერ გეტყვით, მაგრამ არმაზ ახვლედიანს შევხდით და კმაყოფილი დავრჩი, განსხვავებით საგანელიძისგან.
რატომ, საგანელიძესთან რა პრეტენზიები გაქვთ?
- ის პირდაპირ აცხადებს, რომ დეპუტაცია არავითარ საკითხებს არ შეეხოს.
კონკრეტულად, რომელ საკითხებს?
- თუნდაც საპრეზიდენტო საკითხებს, ასევე საკადრო თემებსა და რეგიონებს. საგანელიძე გვეუბნება, რომ თქვენ თქვენი საქმე გაქვთ და ის გააკეთეთო, მაგრამ როდესაც ის დეპუტატია, უმრავლესობის ლიდერია და თან, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია, მან ყველა პასუხისმგებლობა უნდა აიკიდოს და ჩვენ, დეპუტატებს რომელიმე რაიონის კურირება არ შეგვიძლია? - ეს რა ლოგიკაში ჯდება?! - ანუ, ჩვენ არ გვენდობა.
საგანელიძე „აკრძალვებს“ გიწესებთ?
- ამ ბოლო დროს მოლბა და თქვა, რომ საკითხებს თქვენთან ერთად გავივლითო, მაგრამ ეს პრაქტიკაში არ ხორციელდება და მხოლოდ სიტყვებია ნათქვამი. სხვა საპრეტენზიო არ გვაქვს.
როგორ ფიქრობთ, დავით საგანელიძე იმ ადამიანთა შორის იქნება, რომელსაც პრემიერთან ამბები მიაქვს?
- პირველ რიგში, მაგი იქნება, აბა, სხვა ვინ?! ალბათ, ამბები მას მიაქვს. მას ხელს არ ვადებ, რომ ინფორმაციები ცუდად მიაქვს, მაგრამ პრემიერთან წვდომა მას აქვს და ასევე დანარჩენებსაც.
რიგითი დეპუტატებისთვის ბიძინა ივანიშვილთან კონტაქტის დამყარება, ძნელია?
- თავდაპირველად, პრემიერთან შეხვედრა გეგმაზომიერად მიმდინარეობდა, მაგრამ ბოლო პერიოდში, დატვირთულობის გამო, ვითარება შეიცვალა. პრემიერთან შეხვედრა ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ გვინდოდა, მაგრამ ურეკში ეს ვერ მოხერხდა. სამაგიეროდ, პრემიერმა არმაზ ახვლედიანს შეგვახვედრა. გვინდა, რომ დროდადრო ფრაქციულ-პარტიული სატკივარი პრემიერამდე მივიტანოთ. ასევე, გვსურს, რომ პარტიულ მუშაობაში ჩვენი მეტი ჩართულობა იყოს და ჩვენი პოტენციალის გამოყენება მოხდეს.
ჩართულობის გარდა, რა პრობლემა გაწუხებთ? გუნდთან სხვა რა შენიშვნა გაქვთ?
- მეტი გუნდურობა და ერთმანეთისადმი მხარდაჭერა გვმართებს. ჩვენი გუნდი დაქსაქსულია. ასევე პიარი არ გვივარგა. ის, რაც ცხრა თვის მანძილზე გავაკეთეთ, ხალხს უნდა ვაჩვენოთ და ამასთან, პარტია „ქართული ოცნება“ პარტიას დაემსგავსოს. ვფიქრობ, რომ პარტიული მშენებლობა არასაკმარისად მიმდინარეობს. სხვა, რა პრეტენზია უნდა მქონდეს?! - ბატონმა ბიძინამ სამშობლო და ოჯახი გადამირჩინა.
როგორ ფიქრობთ, კოალიციაში შემავალი პარტიებიდან, რომელია წამყვანი პარტია?
- ყველას თავისი წონა აქვს, მაგრამ კოალიციაში რესპუბლიკელები და „თავისუფალი დემოკრატები“ უფრო აქტიურობენ. ჩვენი აქტიურობა კი, არ მომწონს და გვეუბნებიან გააქტიურდითო, მაგრამ ხმა რომ ამოვიღე, საყვედური მომხვდა.
ხშირად, მმართველი გუნდის დახურულ შეხვედრებზე ხმაურია და უმრავლესობის სხდომა ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობს.
ყოფილა თემები, რომელზეც თავშეკავება მოგთხოვეს?
- ასეთი რამ არ ყოფილა. უბრალოდ, ბატონი ბიძინა იმას გვასწავლის, რომ გამოთქმებსა და შეფასებებში თავშეკავებულები იყავითო. შენიშნებს კი, ვიღებთ. ხშირად, მოსაზრებებს შორის წინააღმდეგობაა, რაც პოლიტიკური პროცესია. ერთმანეთს კი, არ ვურტყამთ.
რაც შეეხება კოაბიტაციას, ეს პროცესი მოგწონთ?
- არ მომწონს! იმ ადამიანებთან რა კოაბიტაცია შეიძლება, რომელთაც წარსულ საქმიანობაზე ოდნავი სინანულიც კი არ აქვთ?! ამ პროცესის სასტიკი წინააღმდეგი ვარ. თუმცა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვინც კვალიფიციურია, ის უნდა იქნეს გამოყენებული, რადგან ქართველები ერთი მუჭა ერი ვართ და მათ ტანკით გადავურაოთ და გადავყაროთ?! ცხრათვიანი მმართველობის არქიტექტორები ვინც იყვნენ, მათთან კოაბიტაცია დაუშვებელია, მაგრამ აკო-მაკო-კაკოს, რა უნდა ვუთხრა?!