შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები წელს, პირველად, „მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტულ ოლიმპიადა“-ში მიიღებენ მონაწილეობას.
შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, საქართველო წელს, პირველად, მონაწილეობას მიიღებს ოლიმპიადაში, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და მასში მსოფლიოს 70 ქვეყნიდან ათასობით პოლიციელი სპორტის 67 სახეობაში ასპარეზობს. ოლიმპიადა ორიენტირებულია პოლიციელების ფიზიკური მონაცემების გაუმჯობესებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაზე.
საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შსს-ს თანამშრომლები, რომლებსაც წარმატებული სპორტული კარიერა ჰქონდათ, 1-დან 12 აგვისტომდე ირლანდიაში, ქალაქ ბელფასტში გაემგზავრებიან.
16 ქართველი პოლიციელი „მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტულ ოლიმპიადა“-ზე სპორტის 7 სახეობაში იასპარეზებს: ძიუდო, თავისუფალი ჭიდაობა, მძლეოსნობა, მკლავჭიდი, კრივი, სროლა, ცურვა.
შს სამინისტრო მომავალში, აღნიშნული ოლიმპიადის ფარგლებში, სპორტის უფრო მეტ სახეობაში მონაწილეობის მიღებას გეგმავს.