კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ყოფილი ხელმძღვანელის, ირაკლი ჩიქოვანის საქმიანობით, შესაძლოა, სამართალდამცავი უწყებები დაინტერესდნენ. ამჟამინდელ თავმჯდომარეს, კარლო კვიტაიშვილს კი, იმპიჩმენტი ემუქრება.
კერძოდ, თინა ხიდაშელის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ უკვე დასკვნა მოამზადა, სადაც კომისიის წევრთა მხრიდან ჩადენილ დარღვევებზეა საუბარი.
როგორც for.ge-ს ხიდაშელმა განუცხადა, ირაკლი ჩიქოვანისა და კარლო კვიტაიშვილის მხრიდან გადაცდომები იკვეთება, რაც იმაში გამოიხატება, რომ ჩიქოვანს ბიზნესინტერესთა შეუთავსებლობა ჰქონდა, ხოლო კარლო კვიტაიშვილი კომისიის წევრობის პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრიც იყო, რაც კანონით აკრძალულია.
„ჩიქოვანის მფლობელობაში არსებული კომპანია „მაგი სტილი მედია“ ამზადებს და სატელევიზიო მაუწყებლების ეთერში განათავსებს რეკლამებს. ამავე დროს, კანონმდებლობით, კომისიას დაკისრებული აქვს ვალდებულება, რომ სატელევიზიო მაუწყებლების მიერ რეკლამის განთავსების ლიმიტის დარღვევის ფაქტები გამოავლინოს და მათზე შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. აღნიშნულ შემთხვევაში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის თანახმად, კომისიის წევრს ინტერესთა კონფლიქტი აქვს, თუ იმავდროულად აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს. ირაკლი ჩიქოვანის ინტერესთა კონფლიქტი იკვეთება, რაც იმპიჩმენტის საფუძველია, მაგრამ მან განცხადება დაწერა და ქვეყნიდან ნოემბერში გავიდა. შესაბამისად, არარსებულ კაცს იმპიჩმენტს ვერ გამოვუცხადებთ. რაც შეეხება კარლო კვიტაიშვილს, ცეესკო-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2005 წლის 27 ივლისიდან 2013 წლის 24 აპრილამდე, იგი ცესკო-ში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი იყო, რაც კანონით აკრძალულია“, - განმარტავს ხიდაშელი.
დეპუტატის ინფორმაციით, კომუნიკაციების ეროვნული კომისია ე.წ. შერჩევით სამართლის მეთოდით მაუწყებლებსა და ოპერატორებს სჯიდა და წლების განმავლობაში, მხოლოდ კონკრეტული სუბიექტები სანქცირდებოდნენ, ხოლო რიგი ოპერატორები და მაუწყებლები კომისიის მხარდაჭერით სარგებლობდნენ.
„ძირითადი ხაზია, კომისიის მხრიდან დისკრიმინაციული მიდგომა, როცა კომისია მსხვერპლს არჩევევდა და ანგარიშსწორებას მხოლოდ მათთან ეწეოდა. ამის მაგალითია, ერთი მხრივ, „მაესტრო“ და მეორე მხრივ, „ალანია“, რომელიც ეთერში სამი წლის განმავლობაში იყო და რომელსაც, კომისიასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ამასთან, ვალდებულებებთან და საქმიანობასთან დაკავშირებით, კომისია ყველა პუნქცს არღვევდა. ამას გარდა, სისხლის სამართლის დანაშაულის მატარებელი ნიშნები იკვეთება, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ კონკრეტულ კომპანიებს სიხშირის დათმობას სთხოვდნენ და მათზე ზეწოლა მიმდინარეობდა. ასევე, საკაბელოებს კონკრეტული ტელევიზიების ჩართვას აიძულებდნენ და ამის თაობაზე საჩივრები მიღებული გვაქვს“, - აღნიშნავს ხიდაშელი.
აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო კომისიის შესწავლის საგანს ასევე წარმოადგენდა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კიდევ ერთ-ერთი წევრის, სოფიო ბრიტანჩუკის ინტერესთა კონფლიქტი - მისი მეუღლის, ნოდარ ჭარხალაშვილის მიერ ტელე-რადიო კომპანია „ობიექტივის“ 51% წილის ფლობასთან დაკავშირებით.
ამას გარდა, საგამოძიებო კომისიამ ასევე.წ. „დაკონსერვებულ სიხშირეებზეც“ იმუშავა და დასკვნაში საგამოძიებო კომისიის განსაკუთრებული ყურადღება სამაუწყებლო ლიცენზიების მოდიფიცირების პროცესში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მოქმედებების შესწავლასა და სააბონენტო ნომრების პორტაბელობას ეთმობა.
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის საქმიანობოს თაობაზე, თინა ხიდაშელის საგამოძიებო კომისიის დასკვნა განსახილველად ორშაბათის პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გავა და არ არის გამორიცხული, საკანონმდებლო ორგანომ აღნიშნული დასკვნა შემდეგი რეაგირებისთვის სამართალდამცავ უწყებებს გადაუგზავნოს.
„რაც შეეხება სხვა ტიპის პასუხისმგებლობას, ამაზე ორშაბათის სხდომაზე ვიმსჯელებთ. ვაპირებთ, რომ მასალები შესაბამის უწყებებს გადავუგზავნოთ და იმედი მაქვს, რომ ეს უწყებები ამ საქმით დაინტერესდებიან, რადგან ჩვენი კომისიის მიზანი ფაქტების მოკვლევაა და არა პასუხისმგებლობის დაყენება“, - აცხადებს ხიდაშელი.
შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის შესწავლის მიზნით, თინა ხიდაშელის კომისია სამი თვის წინ შეიქმნა და მას უფლებამოსილება ერთი თვით გაუგრძელდა. რაც შეეხება ირაკლი ჩიქოვანს, მან დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით პრეზიდენტს მიმართა, რომელიც აღნიშნულ პოსტზე კვიტაიშვილმა აპრილში ჩაანაცვლა. ამჟამად, ირაკლი ჩიქოვანი კომისიის ერთ-ერთი წევრია.