საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ დეპუტატებს მკაცრ მითითებას მისცემს, რადგან „სააღსრულებო წარმოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მათ პირველი მოსმენისას მიიღეს და ამით უპასუხისმგებლოდ მოიქცნენ. საუბარია იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე, რომელზეც აღსრულების ღონისძიება 6 თვით, ანუ 1-ელ თებერვლამდე უნდა შეჩერდეს. თუმცა აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივით უკმაყოფილონი არიან როგორც კერძო კომერციული სტრუქტურები და კერძო იპოთეკარები, ასევე, საკითხს მხარს არ უჭერს მთავრობა.
ივანიშვილის შეფასებით, ბანკებთან შეუთანხმებლად, მსგავსი კანონპროექტის მიღება აბსოლუტურად გაუაზრებელი ნაბიჯია, რადგან არ შეიძლება, ბიზნესთან შეუთანხმებლად ბიზნესს უკარნახო. მეტიც, ბანკებს იპოთეკური სესხები აქვთ გაცემული და შესაძლებელია, ისინი დაზარალდნენ. პრემიერის აზრით, ზუსტად ეს არის „სიყმაწვილე პოლიტიკაში“. ამიტომ ივანიშვილი იპოთეკით დატვირთული ქონების შესახებ კანონპროექტის მოსმენის შეჩერებას ითხოვს.
საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალიაც მიიჩნევს, რომ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე აღსრულების პროცესის ექვსი თვით შეჩერება წარმოუდგენელი პრეცენდენტია, რომელიც საბანკო სექტორზე ძალიან ცუდ გავლენას მოახდენს.
თავის მხრივ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ ვითარება ძალიან რთული და კრიტიკულია. კერძოდ, ერთი მხრივ, არიან ადამიანები, რომლებსაც ემუქრებათ სახლებიდან გამოსახლება, რადგან მოვალეთა რეესტრი არის ძალიან დიდი და შეიძლება, უსახლკაროდ ათასობით ადამიანი დარჩეს. ამიტომ მათი მოთხოვნაა, მიეცეთ გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი სესხი. მეორე მხარეს კი არიან ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. ამდენად, ბესელიას თქმით, პარლამენტი ცდილობს, მოძებნოს ოპტიმალური გამოსავალი ისე, რომ ორივე მხარის ინტერესი იყოს გათვალისწინებული და არავინ დაზარალდეს.
ჩვენ დავინტერესდით, რატომ დაიმსახურეს დეპუტატებმა პრემიერის მკაცრი გაფრთხილება და ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ბანკების ამგვარი მხარდაჭერა ხომ არ იქნება არაპოპულარული ნაბიჯი იპოთეკარებისგან დაზარალებული ადამიანების თვალში?!
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ პრემიერის ნათქვამის მიუხედვად, დეპუტატების მხრიდან ეს გაუაზრებელი ნაბიჯი ნამდვილად არ ყოფილა, რადგან მდგომარეობა ძალზე ცუდია და აქ ბანკების ზარალზე საუბარი მთლად გამართლებული არ არის.
ექსპერტის თქმით, არავინ დავობს, რომ გადახდილ უნდა იყოს ეს სესხები, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ ბანკები ყაჩაღურად, უპასუხისმგებლოდ მოქმედებდნენ. ამიტომ მათი დაცვა ამ ეტაპზე სწორი არ უნდა იყოს.
დემურ გიორხელიძეს დღევანდელი სიტუაციიდან გამოსავლად ესახება, რომ მთავრობამ და ბანკებმა ერთმანეთში მოილაპარაკონ, რათა უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს ვალების რესტრუქტურიზაციის საშუალება მიეცეთ. მით უფრო, რომ აგვისტოს ომით გამოწვეულ კრიზისს მსოფლიო ფინანსური და ეკონომიკური კრიზისიც დაემატა და წინა ხელისუფლების პოლიტიკის გამო ათასობით ადამიანს დაენგრა გეგმები, აწყობილი ბიზნესები და ა.შ.
„რა გვინდა ახლა, რომ ბანკები იყვნენ ბედნიერად და კარგად და ამ დროს 75 ათასი ადამიანი გამოსახლებულ იქნას საკუთარი ბინებიდან? სად წავა ეს ხალხი? პრობლემას ისევ პრობლემა დავუმატოთ? ისედაც სოციალურ ჭაობში ვიმყოფებით. ამიტომ საჭიროა გონივრული გადაწყვეტილებების მიღება. მთავარია, ბანკებმაც გაიგონ, რომ ქვეყანაში, სადაც სიღარიბე დომინირებს და სახელმწიფო პოლიტიკის გამო ადამიანების უმრავლესობა პრობლემების წინაშეა, დღეს ყელზე ხელის მოჭერა და მათი დახრჩობა კონტრპროდუქტიულია და ეს ძალიან ცუდად მოუბრუნდება ჯერ ბანკებს და შემდეგ - ხელისუფლებასაც. შეუძლებელია, ისეთი სახელმწიფო არსებობდეს, რომელიც საკუთარი მოქალაქეების გაღარიბებას უწყობდეს ხელს, იცავდეს ერთის ინტერესს და იგნორირებას უკეთებდეს მეორის ინტერესს. ეს უკვე აღარ არის ფინანსური თემა, ეს პოლიტიკური თემაა“, - აღნიშნა დემურ გიორხელიძემ.
მანვე ახსნა მოუძებნა პრემიერის მხრიდან ბანკების მხარდაჭერის ფაქტს. მისი აზრით, შესაძლოა, პრემიერს არ ჰქონდა სრული ინფორმაცია პრობლემის თაობაზე ან ინფორმაცია იყო ცალმხრივი. მით უფრო, რომ აქ საუბარი არ არის ფულის ჩამოწერაზე ან იმაზე, რომ, დაზარალებული ადამიანების ნაცვლად, სახელმწიფო ბიუჯეტმა გადაიხადოს თანხა.
„საით წავალთ? - სრული ჩიხისკენ, სადაც გამოსავალი შეიძლება იყოს მხოლოდ აფეთქება, რადგან ასი ათასობით უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანი რას გააკეთებს, ძნელი მისახვედრი არ იქნება“, - მიიჩნევს ექსპერტი.
ეკონომიკის საკითხებში ექსპერტ გიორგი აბაშიშვილის აზრით, სახელმწიფო ცდილობს გამოსავლის პოვნას და ამ პერიოდის გადავადებას, თუმცა ერთი რამეც გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში ერთადერთი, ყველაზე განვითარებული სექტორი სწორედ საბანკო სექტორია. ამიტომ, ისეთი გადაწყვეტილება არ უნდა იქნას მიღებული, რომ ეს სექტორი დაზარალდეს და ამით გაცილებით უარესი სოციალური ფონი მივიღოთ ეკონომიკისთვის.
გიორგი აბაშიშვილი მიიჩნევს, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი იქნება, თუკი პრობლემა ბანკებსა და დაზარალებულ ადამიანებს შორის მოლაპარაკებით გადაწყდება. ამიტომ სახელმწიფომ არცერთ მხარეს არ უნდა მოსთხოვოს და არ უნდა დააკისროს ვალდებულებები.
„მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ბიზნესსაც და ადამიანებსაც. ამიტომ პრემიერის ეს განცხადება ქვეყნის ეკონომიკური ინტერესებითაა ნაკარნახევი, რადგან იგი ბიზნესიდან მოსული ადამიანია და კარგად იცის, რას ნიშნავს ბიზნესის დაზარალება. შესაძლოა, ბანკებში დასაქმებულები სამსახურის გარეშე დარჩნენ და ვინ შეინახავს ამ ადამიანებს? ბუნებრივია, ბანკებისგან დაზარალებული მოსახლეობა ამით შეიძლება განაწყენდეს, მაგრამ პრემიერს რისი გაკეთება შეუძლია? თუმცა სესხის მიმღებმა ადამიანებმაც ხომ უნდა იფიქრონ იმაზე, რომ, როცა სესხს იღებდნენ, ამას გარკვეული სანქციები მოჰყვებოდა?!“ - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
ამასთან, განმარტა, რომ, შესაძლოა, ეს პროცესი ინდივიდუალურად იქნას შესწავლილი და რეალური გაჭირვებული ადამიანები გამოვლინდნენ. გარდა ამისა, ექსპერტმა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, ამ ტიპის გადაწყვეტილებით სარგებელი მიიღონ იმ ადამიანებმა, რომლებიც გადახდისუნარიანები არიან, რადგან ისინი საერთო ფონით ისარგებლებენ და ბანკებთან ვალდებულებას თავს აარიდებენ.
პრემიერის გამონათქვამებს შედეგი უკვე მოყვა და 26 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე, მეორე მოსმენით ჩანიშნული „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონპროექტის განხილვის პროცედურა შეჩერდა, რომლის გათვალისწინებითაც, იპოთეკით და სასესხო ვალდებულებებით დატვირთულ უძრავ ქონებაზე აღსრულების პროცესი 1-ელ თებერვლამდე ჩერდება.
იპოთეკით დაზარალებული პირები პრემიერ-მინისტრს ძალაუფლების უზურპაციაში ადანაშაულებენ და საკანონმდებლო ორგანოს მოუწოდებენ იპოთეკით დატვირთულ ქონებასთან დაკავშირებით მომზადებული ცვლილებების განხილვის პროცესი მიმდინარე კვირას განაახლონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი განცხადებით, მთავრობა საპროტესტო გამოსვლებს მიიღებს.
პრემიერის განცხადების მეორე დღეს, უმრავლესობასა და მთავრობის ხელმძღვანელს შორის შეხვედრა ურეკში გაიმართა. ქუთაისში, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა და ფრაქციის ლიდერებმა კი, 20-მდე ბანკის ხელმძღვანელი პირები მიიღეს, რომელთა შეფასებითაც, ცვლილებები საბანკო სექტორზე ძალიან ცუდ გავლენას მოახდენს.
„პროკრედიტ ბანკის“ წარმომადგენელის, ქეთევან ხუსკივაძის განცხადებით, კანონპროექტი საბანკო სისტემას დიდ პრობლემას შეუქმნის, რადგან ბანკებს რეზერვების აწევა მოუწევთ.
„ცვლილება სახარბიელო არ არის, რადგან ეს გარემოს დაკრედიტების შეცვლის, რაც ეკონომიკაზეც უარყოფითად აისახება. ამასთან, ეს რეგულაცია სესხების პროცენტს გააძვირებს, იმიტომ, რომ ბანკებისთვის პრობლემური სესხების ამოღება ძვირი იქნება. ამის პარალელურად, ბანკები შეზღუდულები იქნებიან და სესხებს თამამად ვერ გასცემენ, რადგან აქაც გირავნობის საგანი იქნება საძებარი“, - აცხადებს ხუსკივაძე.
საკითხზე საუბრისას, საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია აცხადებს, რომ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე აღსრულების პროცესის ექვსი თვით შეჩერება წარმოუდგენელი პრეცედენტია, რომელიც საბანკო სექტორზე ძალიან ცუდ გავლენას მოახდენს.
გვასალიას შეფასებით, ინიციატივის წარმოდგენილი სახით მიღება, ძალიან ცუდ და არასწორ მოლოდინებს გააჩენს.
„დეპუტატები ამ თემას სახელმწიფოებრივ და ეკონომიკურ ჭრილში განიხილავენ. დაპირება მივიღეთ, რომ მაქსიმალურდ იქნება გათვალისწინებული ის შედეგები, რომელიც ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება მიიღოს. ამასთან, შეხვედრისას, ჩვენ მათ მივაწოდეთ ინფორმაცია, რომელიც პრობლემის მოგვარებისას აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული. კერძოდ, რა ოდენობის სესხია გაცემული, როგორია ეს სესხები, რამდენია პრობლემატური და რა ვითარებაა საფინანსო სისტემაში იპოთეკურ სესხებთან მიმართულებით. მონდომება და მიდგომები დავინახეთ, რომელიც ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით პრობლემის მოგვარებისკენ წაგვიყვანს“, - განაცხადა გვასალიამ.
პარლამენტში განახლდება თუ არა ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვა და თუ რა შესწორებები შევა კანონპროექტში, ეს ამ დრომდე უცნობი რჩება და დეპუტატები მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ მთავრობა და პარლამენტი გონივრულ წინადადებაზე ფიქრობს.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, ძალიან რთული და კრიტიკული ვითარებაა შექმნილი, რადგან ერთის მხრივ, არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღე გამოსახლებას ელოდებიან, ხოლო მეორეს მხრივ, საბანკო სექტორი საკუთარი უფლებების დაცვას ცდილობს.
„იპოთეკურ სესხებზე კონკრეტული ისტორიები და ტრაგედიები ვიცით. ამასთან, საბანკო სექტრის პოზიცია ვიცით, რომლებიც საკუთარი უფლებების დაცვისთვის იბრძვიან. რაღაც ნაბიჯები უნდა გადაიდგას და სწორ გამოსავალზე ვფიქრობთ. კერძოდ, ფორმაზე, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ეს პრობლემა რაღაცნაირად გადაწყდეს, თუნდაც, ადამიანებს საშუალება მივცეთ, რომ დროებით მაინც თავიანთი რესურსების მობილიზება მოახერხონ. ამავე დროს, ჩვენ ვფიქრობთ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლითაც რეგულაცია შემოვა, რადგან ასეთი უკონტროლო საპროცენტო დანარიცხები არ შეიძლება იყოს. კონსულტაცია გრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული“, - განაცხადა ბესელიამ.
საკითხზე საუბრისას, ინიციატივის ავტორი გედევან ფოფხაძე ვერ აკონკრეტებს, თუ რა ალტერნატიულ მექანიზმებზე შეიძლება იყოს საუბარი.
მისი თქმით, საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება და საბოლოო, შეჯერებული პოზიცია ჩამოყალიბდება.
„მთავრობას თავისი ხედვები აქვს და ამ თემაზე ერთმანეთში დეპუტატები ვსაუბრობთ. შესაბამისად, შეჯერებული გადაწყვეტილების მიღებას შევეცდებით. შესაძლებელია კანონპროექტს წარმოდგენილი ფორმით დეპუტატთა უმრავლესობამ მხარი არ დაუჭიროს. შეიძლება მართლაც უფრო მოქნილი და გონივრული გადაწყვეტილება გამოინახოს, რაც ასეთ რადიკალურ გზებს აღარ მოითხოვს“, - აღნიშნა კანონმდებელმა, რომელმაც საკითხის საკომიტეტო მოსმენებისას, დაიმუქრა, რომ ცვლილებების ჩაგდების შემთხვევაში, უმრავლესობის რიგებს დატოვებს და ხელისუფლებას ექვს თვეში, ბორჯომში, ახალი მაჟორიტარული არჩევნების ჩატარება მოუწევს.
რაც შეეხება იპოთეკით დაზარალებულ პირთა შეფასებებს, 26 ივლისს მას შემდეგ, რაც საკითხის შეჩერების შესახებ ცნობილი გახდა, მათ უკმაყოფილება გამოთქვეს და პრემიერი გაკეთებული განცხადების გამო მკაცრად გააკრიტიკეს. აღნიშნული პირები საკუთარი მოსაზრებების გამოთქმას არც ეკა ბესელიასთან მოერიდენ და ბიძინა ივანიშვილი პარლამენტის „დატერორებაში“ დაადანაშაულეს, მათი დამშვიდება კი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სცადა, თუმცა, უშედეგოდ.
როგორც for.ge-ს იპოთეკით დაზარალებულმა პირმა, ავთანდილ კვარაცხელიამ განუცხადა, 2000 წელს, მას ბიზნესი წაართვეს და შემდეგ დაიჭირეს.
„ქვეყნააში ვითარება არც ამ ხელისუფლების დროს არ იცვლება. საქართველოში, ადრე, თუ ყველაფერს სააკაშვილი წყვეტდა, ახლა ამას ივანიშვილი აკეთებს. ამდენი უსამართლობით დავიღალეთ. ხალხის გაჭივრება და ტკვილი არავის აინტერესებს. ჩვენი ტრაგედიით იპოთეკარები უფრო წუხან და ნერვიულობენ, ვიდრე ხელისუფლების წარმომადგენლები. მათ ვეცოდებით და მთავრობას არა. ეკონომიკა არავისზე ნაკლებად არ მესმის და თუ ბანკებთან დაკავშირებით პრობლემას 0,1 პროცენტი წარმოადგენს და თუ ეს ქვეყნის ეკონომიკას აქცევს, საქმე ძალიან ცუდად ყოფილა. თუ საკითხის მიღება არ მოხდება, ხელისუფლებას მძიმე შედეგები დაუდგება, რადგან მათ დაპირებები გასცეს, რასაც არ ასრულებენ. მართალი გითხრათ, როცა ბიზნესი წამართვეს, ის პროცესები ასე არ განმიცდია, როგორც სახლის წართმევა. ჩემი სიმართლე ვერცერთი ხელისუფლების დროს ვერ გავიტანე“, - აცხადებს კვარაცხელია, რომლის პათოსაც კიდევ ერთი დაზარალებული ლია ჯიბლაძეც იზიარებს, რომელიც იმუქრება, რომ სახლიდან გამოსახლების შემთხვევაში, სახლსაც დაწვავს და საკუთარ თავსაც.
„პოლიცია თუ მოვა, ბენზინს სახლსაც მივასხამ და თავსაც დავიწვავ, რადგან ჩემთვის არაფერია. წინასაარჩევნოდ, სააკაშვილმა ბანკებს ერთი თითი დაუქნია და მათ გამოსახლების პროცესი შეაჩერეს და ივანიშვილს თითი არ აქვს?!“, - განუცხადა for.ge-ს ჯიბლაძემ.
შეგახსენებთ, რომ საკითხის მეორე მოსმენით მიღებას პრობლემა 25 ივლისს საკანონმდებლო ორგანოს შენობის ევაკუაციამ შეუშალა, მეორე დღეს კი, განხილვის პროცედურა თავად უმრავლესობამ შეაჩერა, რომელიც for.ge-ს ინფორმაციით, ურეკში, პრემიერმა „დატუქსა“ და უწყებას ცვლილებების შეჩერება მოსთხოვა. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა მმართველი გუნდის მისამართით, დაპირებისამებრ „მკაცრი მითითებები“ გასცა.