ნაციონალებისთვის პოლიტიკურ მოუსავლეთში წასვლის ვერდიქტი გაუქმებულია

ნაციონალებისთვის პოლიტიკურ მოუსავლეთში წასვლის ვერდიქტი გაუქმებულია

„მინდა საზოგადოებას ავუხსნა, - იმ დონეზეც არ ვართ განვითარებულები, რომ დალაგებულად მოვახსენო, რას ვაპირებთ. ძალიან მერიდება, მაგრამ ასეა. ძალიან რთულად არის საქმე“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „აჭარასთან“ ინტერვიუში. მისმა ამ ფრაზამ ქართულ საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია, რადგან თუკი პრემიერი მართლაც ასე ფიქრობს, გამოდის, რომ მას თავის ხალხზე ძალიან ცუდი წარმოდგენა აქვს. ისიც ითქვა, რომ შესაძლოა, მოგვიანებით ივანიშვილმა (როგორც სხვა დროსაც სჩვევია) გარკვეული განმარტებები გააკეთოს მის ამ მოსაზრებასთან დაკავშირებით და შესაძლოა, მართლაც ასე მოხდეს. მანამდე კი პრემიერის უკანასკნელი დღეების განცხადებებზე და მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე for.ge-ს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ესაუბრება.

ხათუნა ლაგაზიძე: „მე თავად ამ ინტერვიუსთვის არ მომისმენია, ერთ-ერთ საიტზე წავიკითხე პრემიერის ეს განცხადება, თუმცა თავს ვერ დავდებ, რომ მან სწორედ ასეთი ფორმულირება მოახდინა. თუკი მსგავსი რამ ითქვა, ამ შემთხვევაში შეგვიძლია თუ არა ვივარაუდოთ ის, რომ საქმე გვაქვს პრემიერის უკიდეგანო გულწრფელობასთან? თუ ეს ასეა, ეს კიდევ უფრო ბევრ შეკითხვას ბადებს, რადგან მის ამ ინტერვიუს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი წერდა, - „გვითხარი, რას ფიქრობ, თუკი არჩევნებამდე გვესმოდა და არჩევნებამდე ერთობლივი ბრძოლის შედეგად მოვედით, იქნებ არჩევნების შემდეგაც შეგვრჩა უნარი, რომ მოვლენები და ფრაზები ადეკვატურად შევაფასოთ“.

საზოგადოების გულისწყრომა სრულიად ბუნებრივია. თუკი ეს სიტყვები ნამდვილად ითქვა, ძალიან ძნელი იქნება ამ ფრაზის ავტორის მხრიდან თავის მართლება. ხშირად ვყოფილვართ მომსწრენი, რომ პრემიერი თავისი გამონათქვამების განმარტებას აკეთებს, მაგრამ ეს, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე რთული შემთხვევა იქნება, რადგან აქ გარდა იმისა, რომ საზოგადოების აღქმისა და ანალიზის უნარი ეჭვქვეშ არის, ასევე ღიად იკვეთება ასეთი პოზიცია - ხელისუფლებას მიაჩნია, რომ  საზოგადოებას არ აქვს უნარი ხელისუფლების გადაწყვეტილებები გააანალიზოს და აქედან გამომდინარე, ხელისუფლებას შეუძლია საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების გარეშე მიიღოს ესა თუ ის გადაწყვეტილება. ლოგიკურად, ეს დასკვნა გამოდის, თუმცა, ჩემთვის სანუგეშო ამ ყველაფერში არის ის, რომ დღემდე ხელისუფლებას ამ გზისთვის არ მიუმართავს. ერთია ის, რომ თუკი ეს სიტყვები მართლაც პრემიერს ეკუთვნის, მან აუცილებლად უნდა გასცეს ბევრ კითხვას პასუხი, მაგრამ მეორე მხრივ, მისივე ქმედებები ამ სიტყვების ლოგიკაში არ ჯდება, რადგან თუ ოდესმე შეგვეძლო სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაზე გვესაუბრა, საქართველოში, ამ მხრივ, დღეს ყველაზე საუკეთესო სიტუაციაა. არ არსებობს ადამიანი, რომელიც შეძლებს იმის თქმას, რომ ამ მხრივ მისი უფლებები ირღვევა.

ყოველ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება საზოგადოებას არ უსმენს, გამოხატვის თავისუფლებას მაინც არ ზღუდავს და ეს დღევანდელი ხელისუფლების უდიდესი მიღწევაა. თუმცა, კიდევ ვიმეორებ, რომ თუკი პრემიერმა ეს სიტყვები მართლაც წარმოთქვა, საჭიროა, რომ ამას შესაბამისი განმარტებები მოჰყვეს.

პრემიერ-მინისტრმა ამავე ინტერვიუში ისაუბრა სამართლიანობის აღდგენაზე და თქვა, რომ ძირითადად სამართალი აღდგენილია, რომნაციონალური მოძრაობისწარმომადგენელთაგან მხოლოდ ერთეულებია, ვინც უნდა გასამართლდეს და .. ამდენად, პრემიერი თვლის, რომ სამართლიანობა, ძირითადად, უკვე აღდგენილია, თუმცა საზოგადოებაში სულ სხვაგვარი განწყობაა. რას ნიშნავს ივანიშვილის ეს განცხადება?

- ის ამბობს, რომ (ვციტირებ) „ჩვენ ნელ-ნელა უნდა დავივიწყოთ აგრესია და უნდა შევეგუოთ, რომ არ შეიძლება ტოტალურად და მასიურად დასჯა. პატიებაც უნდა შეგვეძლოს და უნდა დაისაჯოს ის მინიმუმი, რაც აუცილებელია საიმისოდ, რომ დაუსჯელობის სინდრომი არ დარჩეს“. მისი ეს მიდგომა აბსოლუტურად სწორია, მაგრამ ამის იქით არის კიდევ ერთი და გაცილებით საინტერესო რამ, რასაც ის აცხადებს. კერძოდ, ის ამბობს, აუცილებლად უნდა მოვახერხოთ, რომ ოპოზიცია ქვეყნის სამსახურში ჩავაყენოთ და ჩატეხილი ხიდი, უფსკრული ამოვავსოთო. აქვე იგი დასძენს, „უნდა გავიაზროთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყოფნა არ არის დანაშაული, მას შემდეგ, რაც ისინი ქვეყნის სამსახურში ჩადგებიან, იყვნენ ოპოზიციაში და აკრიტიკონ ხელისუფლება. არც ერთ მხარეს არ უნდა დაავიწყდეს, რომ ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს.“

ჩემთვის ეს შემაშფოთებელი მესიჯებია, რადგან ხელსუფლება (პრემიერის სახით) ცნობიერად თუ არაცნობიერად „ნაციონალურ მოძრაობას“, ძირითად, ოპოზიციად აცხადებს. მან მხარეებად დაყო საზოგადოება - ერთ მხარეს არიან „ქართული ოცნების“, ხოლო მეორე მხარეს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები, ეს საფუძველშივე არასწორია. გარდა ამისა, როდესაც ის ამბობს ჩატეხილი ხიდი და უფსკრული უნდა ამოვავსოთო, ეს მიანიშნებს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას ორ ნაწილად აღიქვამს - „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და დანარჩენები. რა ჩატეხილ ხიდზეა საუბარი? ამ საზოგადოებაში ჩატეხილი ხიდი არ არსებობს. არსებობს პოლიტიკური პარტიის („ნაციონალური მოძრაობის“) გარკვეული ნაწილი, რომელსაც პირველ ოქტომბერს საზოგადოებამ უარი უთხრა. სხვანაირად საზოგადოებიდან ნაციონალების გარიყვაზე საერთოდ არ შეიძლება საუბარი იყოს. უფრო მეტიც, რაც თვითმმართველობის ორგანოებში ხდება, აქ ნაციონალების გარიყვაზე კი არა, მათთვის მეორე შანსის მიცემაზეა საუბარი. ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ.

ჩატეხილი ხიდის თემა თითიდან გამოწოვილია და ნაციონალებისთვის იმაზე გაცილებით მეტი წონის მიცემაა, ვიდრე მათ დღეს რეალურად აქვთ. ესეც ძალიან უცნაურად გამოიყურება იმ კაცის მხრიდან, რომლის წინაშეც ქვეყანა ვალშია სწორედ იმის გამო, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას ჩამოაშორა. ბიძინა ივანიშვილი ძირითად ოპონენტად „ნაციონალურ მოძრაობას“ სახავს, რითაც კიდევ ვამბობ, მათ არსებულზე გაცილებით მეტ წონას მატებს.

მე არ ვიცი, ეს დასავლეთისთვის ანგარიშის გაწევაა, თუ საკუთარი კოალიციის გავლენიანი ლიდერების პოზიციის გაზიარება, რადგან პარლამენტის თავმჯდომარეს არც დაუმალავს, რომ მისი ერთ-ერთი ამოცანა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში შენარჩუნებაა. ამიტომ, შესაძლოა, ეს არის პრემიერის ხარკი საკუთარ კოალიციაში ძალიან გავლენიანი პოლიტიკური ფიგურების მიმართ. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ პრემიერის ეს განცხადება და ის ტენდენციები, რაც ბოლო პერიოდში იკვეთება (კოაბიტაციის ძირითად ფიგურად დავით ბაქრაძის წარმოჩენა, რაც მას პოლიტიკურ მომავალს უქმნის), მაფიქრებინებს, რომ სულ რაღაც ცხრა თვეში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მის მიმართ ქართველი ხალხის მიერ გამოტანილი პოლიტიკური მოუსავლეთში წასვლის ვერდიქტი გააუქმა.

დანარჩენი ყველაფერი „ნაციონალური მოძრაობის“ მარიფათზეა დამოკიდებული, რადგან მას ოპოზიციად ყოფნის შანსი ხელოვნურად მიეცა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამისათვის „ნაცმოძრაობამ“ ყველაფერი გააკეთა როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყანაში და კოალიციის ფარგლებშიც. ახლა კი მის მარიფათზეა დამოკიდებული, ოპოზიციაში ყოფნის მინიჭებულ შანსს ხელისუფლებაში დაბრუნების დივიდენდად აქცევს თუ არა. თუ ასე გაგრძელდა და, ზოგადად, ქართული პოლიტიკური სპექტრი განვითარების ამ საფეხურზე დარჩა, „ნაციონალურ მოძრაობას“ კოალიციაში შემავალ ზოგიერთ სუბიექტთან ერთად, პოლიტიკური მომავლის გაცილებით მეტი შანსი აქვს, ვიდრე დანარჩენებს პოლიტიკურ სპექტრს. ეს ძალიან საინტერესო ტენდენციაა, რომელიც ბოლო დროს თვალსაჩინოდ გამოიკვეთა.

კიდევ ერთი თემა, რომელიც ამ ყველაფერთან პირდაპირ არის მიბმული, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგნოებში მიმდინარე პროცესებია, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. თბილისის საკრებულოში დატრიალებულმა მოვლენებმა ეს ძალიან თვალსაჩინო გახადა, მაგრამ თბილისი ამ მხრივ გამონაკლისი არ არის, ეს, უბრალოდ, ტიპიური მაგალითია იმისა, რაც თვითმმართველობის ორგანოებში ხდება. ამ პროცესებს ცოტა არ იყოს გაშარჟებული ხასიათი აქვს, რადგან საინტერესო სანახავია, როგორი მონდომებით იბრძვიან ადგილობრივ საზოგადოებაში, თუ „ქართულ ოცნებაში“ შემავალი სხვადასხვა ჯგუფები და პარტიები საკრებულოებსა და გამგეობებში გამაგრებული ნაციონალების „ქართულ ოცნებაში“ გადმოსაბირებლად.

რეალურად თუ შევხედავთ, ის პროცესი, რომელიც პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საკრებულოებსა და გამგეობებში მიმდინარეობს, ეს სხვა არაფერია, თუ არა ნაციონალების გადმობირება და მათ ხარჯზე „ქართული ოცნების“ უმრავლესობის შექმნა. სხვა რა შეიძლება ეწოდოს იმ პროცესს, რაც თბილისის საკრებულოში ვიხილეთ? თუმცა აქ არის კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ტენდენციის ნიშნები. თუ გავითვალისწინებთ, რამდენად სუსტია „ქართული ოცნების“ ადგილობრივი სტრუქტურები, მომავალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პოლიტიკურად გამოცდილი და თუ შეიძლება ასე ითქვას, კოაბიტირებული ნაციონალები ბევრი პარტიისთვის, შესაძლოა, სასურველი რესურსი აღმოჩნდნენ. გამომდინარე იქიდან, რომ კოალიციაში შემავალ პარტიებს, რაიონებში გამართული პარტიული სტრუქტურები არ აქვთ, მათთვის, შესაძლოა, ძალიან ხელსაყრელები აღმოჩნდნენ „ქართული ოცნების“ მანტიამორგებული ნაციონალები, გასაკუთრებით ნაციონალებთან იდეოლოგიურად ახლოს მდგომი კოალიციაში შემავალი პოლიტიკური ჯგუფებისთვის. ასე რომ, ის, რასაც პირველი ოქტომბრის შემდეგ ამომრჩეველი ძნელად წარმოიდგენდა, საკმაოდ რეალურ კონტურებს იძენს.

ქალბატონო ხათუნა, რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ მხარდამჭერებს მოუწოდა, „რესპუბლიკურ პარტიაზეთავდასხმებისგან თავი შეეკავებინათ, რითაც ღიად გააკეთა ამ პარტიის მხარდაჭერის დეკლარირება. თუმცა რეალურად განვითარებული მოვლენები გარკვეულ კითხვებს აჩენს. კერძოდ, ამ განცხადებიდან მეორე დღეს ცნობილი გახდა, რომ რესპუბლიკელ დავით ზურაბიშვილს განათლების მინისტრის მოადგილის პოსტის დატოვება მოუწია. რესპუბლიკელია ასევე გულიკო ზუმბაძე, რომელიც თბილისის საკრებულოში უმრავლესობის მიერ წარდგენილი კანდიდატის წინააღმდეგ გამოვიდა, მაგრამ ვერაფერს გახდა. თქვენი აზრით, კოალიციაში ძალთა ხელახალი გადანაწილება ხომ არ მიმდინარეობს?

- ეს ცოტა არ იყოს რთული საკითხია. კოალიცია რომ ერთიანი სხეული არ არის, ამას თავადაც არ მალავენ და ამაში ჩვენთვისაც ახალი არაფერია. უშუალოდ ზურაბიშვილის თემას რაც შეეხება, ეჭვი მეპარება, რომ ვინმეს მიმართ, განსაკუთრებით „რესპუბლიკური პარტიის“ მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ჰქონდეს ადგილი, რადგან ამ პარტიის ძალიან ბევრ პოზიციას იზიარებს და აჟღერებს პრემიერი, იგივე, თუნდაც, კოაბიტაციის თემასთან დაკავშირებით, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. ზოგადად, „რეპუბლიკური პარტია“ პრემიერს ბევრ ისეთ სერვისს სთავაზობს, მათ შორის დასავლეთთან ურთიერთობების კუთხით, რასაც ივანიშვილს საკუთარ კოალიციაში სხვა ვერავინ სთავაზობს. ამიტომ არის, რომ მას „რესპუბლიკური პარტიაზე“ ასეთი დიდი წარმოდგენა და გარკვეულ სფეროებში მისი შეუცვლელობის განცდაც აქვს. ყოველ შემთხვევაში, ვერბალურ დონეზე ასე ჩანს. ჩემთვის ამის დასტურად სრულიად საკმარისია ის, რომ პრემიერ-მინისტრი ხშირ შემთხვევაში, ეთანხმება და აჟღერებს პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციებს.

ბოლო დღეებში ძალიან საინტერესო იყო ასევე პრემიერ-მინისტრის განცხადებები, როდესაც მან საკუთარი კოალიციის წევრები ნეპოტიზმისთვის დატუქსა და მაჟორიტარები გააკრიტიკა. თქვენი აზრით, რას ემსახურებოდა მისი ეს განცხადებები?

- მაჟორიტარების წინააღმდეგ განცხადებები და საკუთარი კოალიციის წევრების ნეპოტიზმში დადანაშაულება ფაქტობრივად ერთი მედლის ორი მხარეა. ძალიან კარგია, რომ პრემიერ-მინისტრი ამას ღიად ამბობს და თვალს მიღმა არ ატარებს. გარდა ამისა, მაჟორიტარებით უკმაყოფილება იმანაც გამოიწვია, რომ ზოგიერთი მაჟორიტარი იმაშიც ვერ გარკვეულა, რომ პარლამენტსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს კანონმდებლობა სხვადასხვა ფუნქციებს აკისრებს და, რომ ეს ორი წარმომადგენლობითი ორგანო სხვადასხვა არჩევის წესით არის არჩეული.

გარკვეული პერიოდის წინ, ერთ-ერთი მაჟორიტარის ინტერვიუ წავიკითხე, სადაც ის აღშფოთებული იყო იმით, როგორ არ ემორჩილებიან მას გამგებელი და საკრებულოს თვამჯდომარე და როგორ ბედავენ მასთან შეუთანხმებლად ვიღაცეების დანიშვნას. ეს ადამიანი გულწრფელად აღშფოთებული იყო, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ისინი კანონის მიღმა მოქმედებდნენ, რადგან მას არ ემორჩილებოდნენ. სხვადასხვა დონის არჩევითი თუ აღმასრულებელი ორგანოების დაკომპლექტების წესი და მათ შორის ფუნქციების განაწილება კანონით არის გამიჯნული, რაც სახელმწიფო მართვის მარტივი არითმეტიკაა, მაგრამ, როგორც ჩანს, ბევრი მაჟორიტარისთვის ეს მარტივი არითმეტიკა დაუძლეველი ამოცანაა.

ამიტომაც ძალიან კარგია, რომ პრემიერი ამ პრობლემას გვერდს არ უვლის და საკუთარი ფუნქციების არმცოდნე პირებს ამ ცოდნის შეძენისკენ მიუთითებს, მაგრამ იმისათვის, რომ მათი მადა მოთოკოს, მხოლოდ ეს განცხადებები არ არის საკმარისი. სრული სერიოზულობით ვამბობ, რომ მათი ცოდნის ამაღლებაც არის საჭირო. გაუგებარია, რატომ არ მიიჩნევს პარლამენტის ხელმძღვანელობა საჭიროდ, რომ საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობის არმცოდნე დეპუტატებს ეს საკითხები შეასწავლოს. ეს ის პრობლემაა, რომელიც დავით უსუფაშვილმა ჯერ კიდევ აპრილში დააყენა. როგორც ჩანს, საკუთარი კოლეგების არაპროფესიონალიზმის პრობლემა მას აწუხებდა და როდესაც გამოკლებული დეპუტატების არჩევნები ინიშნებოდა, პრემიერმა მაშინ თქვა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის თხოვნა გაითვალისწინა (რომელიც პარლამენტში არაპროფესიონალების სიუხვით იყო შეწუხებული) და სამივე სადეპუტატო ოლქში იურისტი წარადგინა.

წინა მოწვევის პარლამენტებს რომ გადავხედოთ, პროფესიონალთა დიდი რაოდენობით არც ისინი ბრწყინავდნენ, მაგრამ რაც მათ კვალიფიკაციის ასამაღლებლად ტრენინგები უტარდებოდათ, მათ დღევანდელ კოლეგებს არც დაესიზმრებათ. ამიტომ გაუგებარია, დღევანდელი დეპუტატების კვალიფიკაციის ამაღლებაზე რატომ არავინ ზრუნავს და საკითხავია, ვისთვის არის ხელსაყრელი პარლამენტართა ამხელა მასივი, ვინ წარმოჩნდება ამ ფონზე შეუცვლელ პროფესიონალად და ვისი პოზიციები მყარდება ამით? ესეც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.

პრობლემები საკმაოდ დაგროვდა და ეს პრობლემები უფრო მეტი სიმძაფრით საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოვა ზედაპირზე. თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე მას რეალურად გააჩნია, ეს საშიშროება არჩევნებშიც არსებობს. ბევრი რამიდან, მათ შორის, NDI-ს კვლევებიდანაც გამოჩნდა, რომ დასავლეთის ინტერესებშია, არჩევნებზე მეორე ადგილზე პროდასავლური ძალის ლიდერი გავიდეს. ალბათ, ეცდებიან, ეს მათი სურვილი რეალობად აქციონ, მაგრამ ეს ქართული საზოგადოების განწყობებს სრულიად აცდენილი იქნება.

დემოკრატიის მოთხოვნა არის ეს კოაბიტაცია, რომელიც თავისთავად კარგი რამ არის დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც ხელისუფლებას ხშირად ორი, ან სამი პარტია ინაწილებს, თუმცა, თანამშრომლობის ეს იძულებითი პროცესი არც იქ არის მარტივი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დასავლეთის დემოკრატიები სწორედ ამას ეფუძნება. ჩვენთვისაც ძალიან კარგია, რომ ძალიან მტკივნეულად, თუმცა მაინც მივდივართ ამ დემოკრატიული მოდელისკენ, როდესაც ხელისუფლებას სხვადასხვა პოლიტიკური ძალები ინაწილებენ, თუმცა დღეს ჩვენ სრულიად სხვა რეალობა გვაქვს - ეს ძალები ხელისუფლებას ინაწილებენ, ხოლო პასუხისმგებლობას - არა. ერთმანეთის ქმედებებზე კი არა, საკუთარ ქმედებებზეც არ იღებენ პასუხისმგებლობას, რაც ძალიან ცუდია.

საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილზე გასული პოლიტიკური ძალა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც სერიოზულ ამბიციას განაცხადებს და ხელისუფლებისთვის სიმპტომატური უნდა იყოს, რომელ რაიონებში ექნება უფრო მყარი პოზიციები მეორე ადგილზე გასულ პოლიტიკურ ძალას. ამიტომ, გარკვეულ რაიონებში უფრო ჭრელ ადგილობრივ ორგანოს მივიღებთ, ვიდრე იმ რაიონებში, სადაც სახელისუფლო საპრეზიდენტო კანდიდატი უფრო მეტი უპირატესობით გაიმარჯვებს.

როდესაც ამ ყველაფრის ფონზე პრემიერი ამბობს, რომ ხელისუფლებიდან წასვლას აპირებს, შეძლებს მმართველი ძალა მის გარეშე ქვეყნისათვის სასიკეთო ქმედებების განხორციელებას და სიტუაცია უმართავ პროცესებში ხომ არ გადაიზრდება?

- მიმაჩნია, რომ სულ მცირე, ივანიშვილს ახლა წასვლის უფლება არ აქვს, თუმცა არც იმის უფლება აქვს ვინმეს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვინმემ ხელოვნური სუნთქვა ჩაურთოს და ხელოვნურად მიაკუთვნოს ის როლი, რაც მას საზოგადოებაში არ გააჩნია. როცა პოლიტიკური სპექტრი ზოგადად ძალიან სუსტია, ნაციონალებისთვის მეორე სუნთქვის გახსნა ნიშნავს იმას, რომ ისინი კვლავ უკონკურენტოები აღმოჩნდნენ. აქ უკვე იმედგაცრუებაზე კი არა, არამედ ხალხის გათამაშებაზეა საუბარი. პირველ ოქტომბერს უარნათქვამ პოლიტიკურ ძალას, დღეს ხელოვნური სუნთქვა ჩაურთეს. გასაგებია ამაში დასავლეთის დაინტერესება, რადგან საქართველოში პრორუსული ძალების გაძლიერების საფრთხეს ხედავს და ამის პარალელურად ვერ ხედავს ძლიერ პროდასავლურ ძალას, რომელიც ამ პრორუსული ძალების ძილერი ალტერნატივა იქნება. ამიტომაც ცდილობს, რეინკარნირებულ და სახეცვლილ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩაებღაუჭოს. მაგრამ რამდენად არის ეს ქართველი ხალხის ინტერესებში?

რა ფორმით შეიძლება ხვალ „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდეს და შურისძიების რა მუხტი შეიძლება მას ამოძრავებდეს, ამაზე ფიქრობს „ნაცმოძრაობის“ მთავარ ოპოზიციურ ძალად წარმოჩენის მოსურნე ზოგიერთი ხელისუფალი? გასაგებია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შურისძიება მათ არ შეეხებათ, მაგრამ ვისაც შეეხება, რით დაიზღვიოს თავი?

ეს სერიოზული პრობლემაა და მიმაჩნია, რომ საზოგადოებამ ხელისუფლებას პასუხი უნდა მოსთხოვოს, სანამ გვიან არ არის და სანამ ეს პროცესები უფრო არ გაღრმავებულა.