უნივერსიტეტში ერთმანეთს შეერწყა  პოლიტიკური „კორუფცია  ზემოდან“ და აკადემიური  „კორუფცია  ქვემოდან“

უნივერსიტეტში ერთმანეთს შეერწყა პოლიტიკური „კორუფცია ზემოდან“ და აკადემიური „კორუფცია ქვემოდან“

ინტერვიუ  თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატ, პროფესორ გია ბარამიძესთან.

ბატონო
გია, როგორც პოლიტიკის ფილოსოფიის სპეციალისტი და ანალიტიკოსი, როგორ შეაფასებდით საქართველოში პოლიტიკურ-სოციალური კლიმატის შეცვლას? შეიძლება ითქვას თუ არა, რომ ამ ცვლილელების გარკვეული შედეგები უკვე მოვიმკეთ?

 2012 წ. I ოქტობრის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკურ-სოციალური კლიმატი რადიკალურად შეიცვლა. აშკარაა, რომ ამ ცვლილებების გარკვეულ შედეგებს - სამართლიანობის აღდგენის კუთხით - უკვე ვიმკით. თუმცა საზოგადოებაში  არსებობს განცდა, რომ ეს პროცესი ჭიანურდება. მე ამ განცდის მხოლოდ ფილÏსოფიურ მხარეზე მოგახსენებთ. ცნობილია, რომ ადამიანს სამართალი ეჩქარება, მას უნდა, რომ იგი სწორედ ახლა და აქ აღდგეს. მაგრამ ეს ადამიანური ლოგიკაა, სამართალს თავისი ლოგიკა აქვს;  ხშირად ეს ორი რამ ეთმანეთთან ვერ თანხვდება. გარდა ამისა ახალ ხელისუფლებას უპრეცედენტოდ სავალალო მემკვიდრეობა ერგო.  როგორც ქართული ისე საერთაშორისო საზოგადოება ძირისძირობამდე შეძრული და შეურაცხყოფილია იმ არაადამიანური სისატიკით, რომელიც წინა პოლიტიკური რეჟიმის მიერ, როგორც ირკვევა, მეთოდურად და სისტემურად ინერგებოდა.  საზოგადოება, რომელიც ალბათ კარგა ხანს ვერ გამოვა ციხის საშინელი კადრების  კოშმარიდან,  ისევ შოკირებულია  სამალავებში აღმოჩენილი ამაზრზენი  ჩანაწერების შესახებ ინფორმაციით. გასაკვირი არ არის, რომ სულ უფრო მეტ ინტენსივობას იძენს მოთხოვნა წინა დანაშაულებრივი რეჟიმის გასამართლების შესახებ.

წინა ხელისუფლება თვლის, რომ მისი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი, განათლების რეფორმა იყო. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ თვალსაზრისით მათ მუშაობას?

რა რეფორმაზეა ლაპარაკი?  საზოგადოებას მათი რეფორმირებული არაფერი უნახავს დე ფორმირებული (გადაგვარებული) კი რამდენიც გნებავთ. თუ მაინცადამაინც „ფორმასთან“ მიმართებაში გვინდა მათი იდიოზური „ნაღვაწის“  შეფასება, მაშინ უნდა ითქვას, რომ ამ ხალხმა ჯერ სახელმწიფო გადაი-ფორმა(მიიტაცა),  შემდეგ უნივერსიტეტები და სკოლები. საზოგადოებამ დიდი ხანია შეაფასა მათი მოქმედება როგორც განათლების სისტემის დეფორმირება - გადაგვარება, რაც   ნგრევითა და გაჩანაგებით  დასრულდა. მაგრამ იმავე  საზოგადოებამ კარგად იცის, რომ განათლება ნათელთან არის დაკავშირებული და წყვდიადის ძალები მას ვერ გაეკარებიან.

როგორ გგონიათ, სახელისუფლებო ცვლილებები რა ასახვას ჰპოვებს განათლების სისტემაზე?

იმედს გამოვთქვამ, რომ  ხელისუფლების ცვლილება  სასიკეთოდ აისახება განათლების სისტემაზე თუმცა ეს ძალზე რთული პროცესი იქნება.

თქვენ ერთ-ერთი მათგანი იყავით მათ შორის, ვინც წინა ხელისუფლებამ უნივერსიტეტიდან უსამართლოდ დაითხოვა. რა დასავლურ-ევროპულ თეორიულ გამოცდილებას უკავშირებთ ამ პროცესს და რას გვეტყოდით აკადემიური და თეოლოგიური კორუფციის ცნებათა შესახებ?

წინა პოლიტიკური რეჟიმი სიტყვით, რომ ვითომ ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ იბრძოდა სინამდვილეში საფუძველს უყრიდა საბჭოური ტიპის ახალ ტოტალიტარიზმს. ამ  პროცესის შედეგია ის, რომ მივიღეთ ტოტალიტარული უნივერსიტეტი როგორც სტუდენტობისა და პროფესურის რეპრესიის  დაწესებულება. აქედან გამომდინარე  ყველა ის პროფესორი, რომელსაც ბოლო ცხრა წლის განმავლბაში მოუხდა უნივერსიტეტის დატოვება არის ამ რეპრესიის მსხვერპლი. ახალი ტოტალიტარული  უნივერსიტეტი  გარკვეული თანმიმდევრულობით ახორციელებდა ტოტალურ პოლიტიკურ დევნას.  ამ მხრივ დასავლურ-ევროპულ თეორიულ გამოცდილებაზე  მეკითხებით და არ შემიძლია არ ვახსენო  ადორნოსა და ჰორკჰაიმერის „განმანათლებლობის დიალექტიკა“ ასევე - ლეო შტრაუსის „ დევნა და წერის ხელოვნება.“  დაინტერესებულ მკითხველს ვურჩევ ყურადღებით წაიკითხოს ეს (და არამარტო) წიგნები.  საზოგადოებისთვის ნათელი გახდება, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვითომდა „საბჭოთა ოკუპაციის შედეგებს“ ებრძოდნენ ახალი „ჰომო სოვეტიკუსები“.

წინა პოლიტიკური რეჟიმის პირობებში უნივერსიტეტში ერთმანეთს შეერწყა კორუმპირებული სახელმწიფო ხელისუფლება და  უნივერსიტეტის ადმინისტრაცია. ამან გამოიწვია ძირეული ცვლილება უნივერსიტეტის სტრუქტურაში;  იგი აღარ არის სტუდენტებისა და პროფესორების ერთობა.

ძნელი წარმოსადგნია, მაგრამ ფაქტია, რომ უნივერსიტეტში ირიცხება მხოლოდ 640   პროფესორი, მაშინ როცა ადმინისტრაციის თანამშრომელთა რაოდენობა 3000-ს აღემატება. ძნელი გამოსაცნობი არ არის ტენდენცია, რომელიც მიმართულია იქეთკენ, რომ მთელი საუნივერსიტეტო სივრცე დაიპყროს მხოლოდ ადმინისტრაციამ. ამ ტენდენციის ბოლო არის ის, რომ უნივერსიტეტში არ დარჩებოდა არცერთი ე.წ. ფულთაიმ ანუ სრულშტატიანი პროფესორი.  დაუმატეთ ამას ის შთამბეჭდავი სხვაობა, რაც არის პროფესორისა და ადმინისტრაციის თანამშრომელთა სარგოებს შორის და თქვენ წინაშე იქნება ნაციონალურ-ტოტალიტარული უნივერსიტეტის  სურათი“ უპროფესურო უნივერსიტეტი - უნივერსიტეტი როგორც ადმინისტარციული მონსტრი, რომელიც ნთქავს თავის პროფესურას და სტუდენტებს; დრაკონი, რომელმაჩ თავისი თავი შესანსლა რათა ქვეყნიეებას მოვლინებოდა ბევრად უფრო საშინელი დრაკონი -სიმულაკრი - ტოტალიტალურის ეს მახინჯი სიმბოლო.

ამ გლობალური პროცესის პარალერულად მოხდა ის, რომ საუნივერსიტეტო ადმინისტარციამ, რომელიც კორუმპირებული პოლიტიკური რეჟიმის გაგრძელებად მოგვევლინა  შეისრუტა პროფესურის სოლიდური ნაწილი, ხოლო კორუმპირებულმა ხელისუფლებამ - სტუდეტური  თვითმმართველობები, რამაც დააჩქარა უნივერსიტეტის შინაგანი ხრწნა.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ წინა კორუმპირებული რეჟიმი გარკვეული ფილოსოფიური წანამძღვრებიდან ამოდიდა. იგი ემყარებოდა მაგ. ადამიანის რაღაცნაირ გაგებას. ამ მხრივ ძალზე მოდური გახდა სიტყვა-გაგება - სიმულაკრი, რომელიც ლათინური წარმომავლობისაა და მსგავსს ანდა   მიმგვანებულს გულისხმობს( ამ ფენომენს კარგად ვიცნობ, ვინაიდან მოგეხსენებათ წლების განმავლობაში თსუ-ში ვკითხულობდი თანამედროვე ფრანგული ფილსოფიის კურსს და სხვა ლიტერატურასთან ერთად ფრანგულიდან  ვთარგმნე ჟილ დელეზის „პლატონი და სიმულაკრები“ და ჟან ბოდრიარის „სიმულაკრები და სიმულაცია“). ვინ ანდა რა არის სიმულაკრი?  ნაციონალისტ იდეოლოგთა გაგებით იგი ისეთი რამაა, რასაც არ აქვს ორიგინალი ანდა დედანი. ადამიანთან მიმართებაში იგულისხმება, რომ მას არავითარი კავშირი არ აქვს ღმერთთან და არის მხოლოდ ეგზემპლარი. ადამიანი სიმულაკრი მათი გაგებით არის უფესვო, უტრადიციო, უღმერთო, უზნეო არსება. ასევეა პოლიტიკურ სისტემასთან მიმართებაშიც. ისინი აკრიტიკებდნენ ძალაუფლების სიმულაკრებს, რომელიც მათი აზრით ე.წ. ვარდების რევოლუციამდე არსებობდა თვითონ კი საფუძველი ჩაუყარეს და დაამყარეს სიმულაკრების  ანუ უტრადიციო, უზნეო, უღმერთო ინდივიდების ძალაუფლება, რა დროსაც ადამიანის ღირსებასა და სიცოცხლეს ჩალის ფასი აქვს. ასე რომ, XX-XXI სს. მიჯნაზე საქართველომ მოხაზა ტრაგიკული გზა ძალაუფლების სიმულაკრებიდან სიმულაკრების ძალაუფლებამდე.

ბატონო გია საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ სიტყვები  „გახრწნა“ და „გარყვნა“  წინა პოლიტიკური რეჟიმის შეფასებისას  პირველად თქვენ გამოიყენეთ   2012წ. ოქტომბრის არჩევნებამდე თითქმის ორი კვირით ადრე ჯერ   „FÏÒ.ÂÄ”- ის ტრიბუნიდან  შემდეგ კი მეცხრე არხის მეშვეობით  გადაცემაში „ახალკაცის მატრიცა“.  თქვენი გამოსვლიდან  დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ კი ტელევიზიებმა აჩვენეს ციხის ამაზრზენი კადრები.  

დიახ მე ვახსენე ბიბლიური გაგება שָׁחָת „შახათ“, რომელიც ნიშნავს  გახრწნას, გარყვნასა და ამ აზრით - კორუფციას; ასვე გამოვიყენე ძველი ბერძნული  სიტყვა „პორნეო“, რომელიც იმავე მოვლენას აღნიშნავს. მაშინაც ვფიქრობდი და ახლაც იმ აზრის ვარ, რომ ამ სიტყვებით ყველაზე ადეკვატურად აღიწერება წინა კორუმპირებული ხელისუფლების ბუნება. მან ყოველმხრივ წაახალისა და ხელი შეუწყო ადამიანში ველური, ცხოველური ძალების აშვებას და ამით შეეცადა დაემყარებინა „ახალი ველურობა.“  ზემოთ ადორნო და ჰორკჰაიმერი ვახსენე, რომლებიც  ფაშისტური სინამდვილით შეძრწუნებულები და გაოგნებულები კითხულობენ როგორ მოხდა ის, რომ კაცობრიობა  ნაცვლად წინსვლისა „ახალ ბარბაროსობაში გადიჩეხაო“.  დარწმუნებული ვარ ქართველებსაც ძალზე დიდხანს მოსვენებას არ მოგვცემს შეკითხვა იმის თაობაზე თუ როგორ მოხდა, რომ 21-ე საუკუნის გარიჟრაჟზე   საქართველო ახალ ველურობაში გადაიჩეხა. ციხის კადრებმა სააშკარაოზე გამოიტანა სისტემის ის  შემზარავი შინაგანი  გარყვნილება, რაც ზედაპირზე არ ჩანდა.

აქვე მინდა შევეხო საერთოდ დანაშაულის საკითხს.  ქართველებს გვაქვს სიტყვა ბოროტ მოქმედი. ეს უკანასკნელი ძალზე ტევადი გაგებაა. მკითხველს გავახსენებ, რომ სულხან-საბა პოეტს განმარტავს როგორც სიტყვის მოქმედს. რას ნიშნავს „მოქმედი“? წარმოვიდგინოთ გალაკტიონი როგორ უვლის, ელოლიავება და უყვარს სიტყვა. ბოროტმოქმედი ვინღა არის? ის ვინც უვლის, ელოლიავება და ვისაც უყვარს ბოროტება. მკითხველს თავად შეუძლია წარმოიდგინოს კატასტროფის ის მასშტაბები, რომელიც ამგვარი „სიყვარულიდან“ მომდინარეობს .

როცა ლაპარაკია კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე უნდა ვითვალისწინებდეთ იმას თუ ვინ არის კაცობრიობა. ეს უკანასკნელი სხვა არავინაა თუ არა ჩვენი შინაგანი ბუნება. ამ აზრით კაცობრიობა არათუ ჩვენშია, არამედ თითოეული ჩვენგანი არის კაცობრიობა.  დასავლეთში მას ადამიანის ღირსება უწოდეს. ამიტომაც ნებისმიერი არაადამიანური მოპყრობა, რომელიც ხელყოფს და საბოლოო ჯამში ანადგურებს ჩვენს ღირსებას  კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია.

ბატონო გია, მოდით უფრო დეტალურად შევეხოთ უნივერსიტეტიდან თქვენი გათვისუფლების საკითხს, რამაც სტუდენტთა გამორჩეული ნაწილის მწვავე პროტესტი გამოიწვია. როგორ გგონიათ, რისი შედეგი იყო ეს ფაქტი და, საერთოდ, რა მდგომარეობაა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის მიმართულებაზე

 საქმე ის არის, რომ ყოველივე იმის შედეგად , რაზეც ზემოთ მოგახსენეთ შეიქმნა  ერთობ სავალალო და პარადოქსული ვითარება: უნივერსიტეტი პოლიტიკურ-პარტიულ  დაწესებულებად  გადაგვარდა სახელმწიფო საიდუმლო სამსახურებისა და პოლიციური რეჟიმის საუნივერსიტეტო განშტოებებით.  იგი მთელი ამ წლების განმავლობაში მიზანმიმართულად ახორცილებდა კვალიფიციური პროფესურის დევნას; ხელს უწყობდა და დანაშაულებრივად  ახალსებდა არაკვალიფიციურობასა  და აკადემიურ  კორუფციას.  აქედან გამოდინარე არ ვფიქრობ, რომ ჩემი შემთხვევა განსაკუთრებული იყოს.

თუმცა არის  რამდენიმე არსებითი გარემოება. საქმე ის არის, რომ  წინა ხელისუფლებას ამოძრვებდა ე.წ. მოლოდინის ეფექტი; რაც იმას ნიშნავს, რომ მის კორუმპირებულ ქმედებებს  „ზემოდან“ აუცილებლად ექნებოდა გამოხმაურება „ქვემოდან“ ანუ საზოგადოების გარკვეული წვრილ-წვრილი ჯგუფებიდან(უფრო ზუსტი იქნებოდა თუ ვიტყოდით სექტებიდან), რომელიც სამწუხაროდ ყველა ეპოქაში არსებობს და რომელსაც არანაკლებ ეხალისება კორუმპირებული ქმედებების ჩადენა - რაც ყველაზე სავალალოა  - უზენაესი იდეალების სახელით.  ამ შემთხვევაში მე ვგულისხმობ  ე.წ. აკადემიურ კორუფციას. ეს ის ვითარებაა, როცა დისკვალიფიცირებული  და კვალიფიკაციის არმქონე  ინდივიდები უზნეო  ხერხებით ერთიანდებიან, რათა თავიანთი კორუმპირებული ჩანაფიქრი განახორციელონ.  ასე რომ, ნაციონალურ ტოტალიტალურ უნივერსიტეტში ერთმანეთს შეერწყა  პოლიტიკური „კორუფცია  ზემოდან“ და აკადემიური  „კორუფცია  ქვემოდან“.  შემთხვევითი არც ის არის, რომ  ბოლო დროს ამ ვითარებასთან დაკავშირებით გავრცელდა ტერმინი „ჩანერგილები“ .  ამგვარი სუბიექტები უნივერსიტეტის სტრუქტურების გამოყენებით ხალისით ასრულებდნენ კორუმპირებული პოლიტიკური რეჟიმის დაკვეთებს კონკრეტული  პროფესორების დევნასთან დაკავშირებით.  საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის მიმართულების გარკვეული  ჯგუფი  ამგვარი აკადემიურად კორუმპირებული ლაშქრობის ავანგარდში  ჩადგა. ისიც უნდა ითქვას, რომ ამგვარი ჯგუფები (სექტები) შესაშურ  სიცოცხლისუნარიანობას ამჟღავნებენ და ძალღონეს არ იშურებენ, რომ ახალ ვითარებასაც კომფორტულად მოერგონ. მაგრამ  იმედი მაქვს, რომ ახალ ვითარებაში მათი კორუმპირებული მომსახურება და ანტიგამოცდილება არც სტუდენტებს დასჭირდებათ და არც საზოგადოების სხვა ფენებს, მით უფრო არ დასჭირდება  ახალ ხელისუფლებას. ქართული საზოგადოება მძიმედ, მაგრამ მაინც მოახერხებს იმას, რომ ისტორიულ  მოუსავლეთში გაისტუმროს „ნაციონალური ციხის“ მოდელზე გამოჭრილი ტოტალიტალურ-რეპრესიული უნივერსიტეტი მისი უფროსებიან  - „ნადზორებიანად“ და აკადემიურად კორუმპირებული სექტებიანად.

რაც შეეხება ფილსოფიის მიმართულებას სურათი მეტად სავალალოა:   უნიჭიერესი სტუდენტობა თითქმის  მარტოდ არის დარჩენილი იმ პროფესურის წინაშე, რომლის  ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი  კვალიფიკაციას აბსოლუტურად მოკლებულია და რომელთა თავებში გარდა საბჭოურ-ბოლშევიკური კორუფციული მენტალური სქემებისა  არაფერი მოიპოვება.  საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ ზოგიერთი მათგანმა თავი გამოიჩინა როგორც  ინტელექტუალურმა მეკობრემ და დაუოკებელმა პლაგიატორმა.

ყოველივე აქედან გამომდინარე უპრიანი იქნებოდა ეს სექტორი „ აკადემიური უბედურების ზონად“ გამოეცხადებინა მათ,  ვისაც ეს ხელეწიფება,  ვიდრე ამგვარ კორუმპირებულ სექტებთან პოლიტიკური კეკლუცობა წამოეწყო.

აუცილებლად უნდა ვახსენოთ ბოლო დროის ე.წ. კონკურსების ნოუჰაუ  ადმინისტრაციის ყოვლისშემძლე 3  წევრის სახით - გასული საუკუნის ავადსახსენებელი 30-იანი წლების „ტროიკების“  ანალოგი ე.წ.   „ინტელექტუალური  სიკვდილის  ბრიგადები“.

კორუმპირებული პოლიტიკური ხელისუფლება - აკადემიურად კორუმპირებული “ სექტები“ – „აკადემიური სიკვდილის ბრიგადები“  - აი   ნაციონალურ-ტოტალტარული უნივერსიტეტის რეპრესიული  სტრუქტურა!

მკითხველს აღარ გადავღლი ასეთ საკითხებზე მსჯელობით მით უმეტეს, რომ განზრახული მაქვს დავწერო მამხილებელი წერილების სერია ქართულ და ინგლისურ ენებზე, სადაც შევეცდები კონკრეტული მაგალითების საფუძველზე ვაჩვენო თუ გადაგვარების რა მასშტაბებთან გაქვს საქმე.

მაგრამ  მადლობა ღმერთს, რომ  იმავე უნივერსიტეტში  კვლავაც არსებობენ  და მოღვაწეობენ მაღალკვალიფიციური კოლეგები, რომლებიც  დამსახურებული ავტორიტეტით სარგებლობენ როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის ფარგლებს გარეთაც.  ისინი ართუ მრავალრიცხოვანნი  არიან, მაგრამ როგორც ერთი ფილოსოფოსი ამბობს „მარად დარჩებიან“. სწორედ მათი  თავდადებული ღვაწვის  წყალობითაა, რომ  მიუხედავად ყველაფრისა უნივერსიტეტის ეთოსი არ დაშრეტილა. 

როგორ გგონიათ, რა როლი ეკისრება უნივერსიტეტებს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში და რა ვითარებაა ამ თვალსაზრისით საქართველოში?

ამ საკითხში ჟაკ დერიდას   ცნობილი პოზიციის პერიფრაზს გავაკეთებდი. ცნობილია სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკული ფუნქცია სახელმწიფოსა და ძალაუფლების სხვა ფორმების მიმართ. მაგრამ სამოქალაქო საზოგადოება არ არის კრიტიკის უკანასკნელი ინსტანცია და ასეთი რამ არც არსებობს. ამის გარანტი კი სხვა არაფერია თუ არა  უნივერსიტეტი, რომელიც არიტიკებს კრიტიკულ ცნობიერებას; სამოქალაქო საზოგადოება  სვამს შეკითხვებს, უნივერსიტეტის ფუნქცია კი არის ის, რომ შეკითხვები დაუსვას  თვითონ შემკითხველ ცნობიერებას. უნივერსიტეტში - იურიდიული და ჰუმანიტარული ფაკულეტების  სახით - მუდმივად უნდა ხდებოდეს  იმის გასიგრძეგანება  თუ ვინ არის ადამიანი და როგორ უნდა ხდებოდეს მისი უფლებების  გააზრება. უნივერსიტეტი ეწინააღმდეგება ინტერპრეტაციებზე მონოპოლიების დამყარებას და ამით არ იძლევა მენტალური და სხვა სახის ძალადობრივი სტრუქტურების ჩამოყალიბების შესაძლებლბას.

საზოგადოდ,  სამოქალაქო საზოგადოება და უნივერსიტეტი  ხელს უნდა უწყობდეს ერთმანეთის გაძლიერებას.

როგორია თქვენი ხედვა მომავლის საუნივერსიტეტო განათლებაზე? რამდენად მოხდა განმანათლებლობის რუსოსეული და კანტიანური იდეების ქართულ სინამდვილეში დანერგვა და უკვე არის თუ არა დრო, ვიფიქროთ ამ პარადიგმების გადალახვაზე?

მთავარია, რომ  უნივერსიტეტი დაუბრუნდეს მათ, ვისაც ის ეკუთვნის: სტუდენტებსა და პროფესორებს, ხოლო მათი საშუალებით - ქართველ ერს, საქართველოს მოქალაქეებს .

ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია: უნივერსიტეტს მიენიჭოს ჭეშმარიტი ავტონომია,  პროფესურას აკადემიური -  თავისუფლება, სტუდენტს -  საუნივერსიტეტო კორპორაციის სრულუფლებიანი წევრობა.

ცნობილია უამრავი შემთხვევა, როცა სტუდენტები  აკადემიურად კორუმპირებული პროფესურის მხრიდან განიცდიან ფსიქოლოგიურსა და სხვა სახის ზეწოლას. ამის მიზეზი ხშირად ხდება ის, რომ სტუდენტები ღიად გამოთქვამენ პროტესტს იმის გამო, რომ მათ  სწორედ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ფავორიტი  - კვალიფიკაციას მოკლებული და დისკვალიფიკაცია ქმნილი  - ინდივიდების გამოისობით არ ეძლევათ ხარისხიანი  განათლების მიღების შესაძლებლობა.  სტუდენტები  ექცევიან კორუფციული აკადემიური სქემების ტყვეობაში, რასაც ხშირად გამოძალვის სახე აქვს. საქმე ის არის, რომ იგი იხდის ფულს, რათა მიიღოს  ხარისხიანი განათლება სინამდვილეში კი უხარისხოსა  და გაფუჭებულ პროდუქტს აჩეჩებენ.

ჩვენ გვჭირდება ისეთი უნივერსიტეტი, რომელშიც სტუდენტი არსებით მონაწილეობას მიიღებს როგორც  აკადემიური პროდუქტის ხარისხის უზრუნველყოფაში ისე ამ პროდუქტის მიმწოდებლის შეფასებაში როგორც ხდება ეს მსოფლიოს მოწინავე უნივერსიტეტებში.

რაც შეეხება განმანათლებლობას, კანტმა იგი არასრულწლოვანებიდან გამოსვლას დაუკავშირა.  მიშელ ფუკომ მართებულად აღნიშნა, რომ აქ მთავარია  „ექსოდუს“ - გამოსვლის პარადიგმა. არასრულწლოვანება კომფორტულია, იოლთან და სიადვილესთენ, სიმსუბუქესთან არის დაკავშირებულიო;  ეს კი ტექნიკის ნიშანია.  არასრულწლოვანებას უკავშირდება  აზროვნების და არსებობის ტექნიკური წესი. მაგრამ თუ ამ საკითხს სხვა  კუთხით შევხედავთ ამგვარი „გამოსვლა“  თვითონ არის განპირობებული  კომფორტისკენ სწრაფვით: ადამიანი ასე ცდილობს გაუსხლტეს ღმერთს და იმ პასუხისმგებლობას, იმ ტვირთს, რასაც მას ღვთის წინაშე დგომა აკისრებს.  აქედან გამომდინარე დღეს ბევრი მოაზროვნე უბრუნდება „აღყვანების“ პარადიგმას, რომელიც სიწმინდესა და საკუთარ თავში ღვთის მოძიებაზეა ორიენტირებული.

ამ გაგებით  განმანათლებლობა ფილოსოფიაა; იგი ნათელთან არის დაკავშირებული,  თავისი არსით რელიგიურია (ისე როგორც ჭეშმარიტი აზროვნება) და მართლმადიდებელ რწმენას ეფუძნება.

თქვენ კოლოსალური ცოდნა და გამოცდილება გაქვთ განათლების სფეროში. მხარს გიჭერთ და ძალიან გაფასებთ როგორც უნივერსიტეტის პროფესურა, ისე სტუდენტთა დიდი ნაწილი, რომელმაც შარშან ცნობილ მოვლენებთან დაკავშირებით თქვენი მხარდამჭერი მრავალრიცხოვანი  ჯგუფი ჩამოაყალიბა. მოგეხსენებათ ახლახანს უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დაკავებაზე კონკურსი გამოცხადდა.  უნივერსიტეტში თქვენი მოღვაწეობით აღფრთოვანებული სტუდენტების  დიდმა ნაწილი ამ პოსტზე თქვენს კანდიდატურას აყენებს?

დიდი მადლობა;  ჩემთვის უზარმაზარი პატივია ჩვენი უნიჭიერესი სტუდენტობის მხარდაჭერა და ნდობა. ამიტომაც მე მივიღებ მონაწილეობას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  რექტორის არჩევნებში და შევეცდები ისეთი პროგრამა წარვადგინო, რომელიც  ჩემი ღირსეული კოლეგების მხარდაჭერას  მომაპოვებინებს.

როგორია თქვენი შეფასება იმ კანონპროექტისა, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს პრემიერმინისტრი დანიშნავს?

წინა პოლიტიკური რეჟიმის პირობებში, როგორც მოგახსენეთ, უნივერსიტეტი რეპრესიულ დაწესებულებად იქცა; ეს იმას ნიშნავს, რომ მან მიიტაცა ძალადობაზე უფლება. ეს უკანასკნელი  ანუ ლეგიტიმური ძალადობა მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივაა. სახელმწიფო უბრალოდ ვალდებულია,  უნივერსიტეტი დააბრუნოს ლეგალურსა და ლეგიტიმურ  სივრცეში. ეს უკანასკნელი არ გულისხმობს მარტო კანონიერების სფეროში დაბრუნებას, არამედ სამართლიანობის აღდგენას. სამართლიანობა კი „კანოთა კანონადაა“ მიჩნეული. სტუდენტები და პროფესორები ამ სახელმწიფოს მოქალაქეები არიან და სახელმწიფო ვალდებულია, ისინი  დაიცვას მოძალადე ინსტიტუციის რეპრესიული ქმედებებისგან.  სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ უნივერსიტეტი  დიდი ხანია გაიყვანეს  მომსახურების სფეროდან და როცა მის ვაიმესვეურებს ჯიუტად არ უნდათ მისი ხსენებულ სფეროში დაბრუნება, მაშინ სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს ყველა ლეგიტიმური მეთოდი ამის გასაკეთებლად.

ამასთანავე  ვფიქრობ,  საზოგადოება მიესალმებოდა  თუ უნივერსიტეტი თავისი ჯანსაღი ნაწილის სახით თვითონ გამოიჩენდა  კეთილ ნებას, გამონახავდა შესაბამის რესურსებს  და თვითონვე გადადგამდა  სათანადო ნაბიჯებს ამ მიმართულებით.

წინა ხელისუფლების დამქაშები  ცდილობენ, მოსახლეობას თავგზა აუბნიონ და ავტონომიის ცნებით მანიპულირებენ. მაგრამ ჩვენმა მოქალაქეებმა  კარგად იციან, რომ ავტონომია არ ნიშნავს იმას, რომ უნივერსიტეტი ოდიოზურ ჯგუფებს იზოლირებული, მოწყვეტილი  ჰყავდეთ  დანარჩენი საზოგადოებიდან და მას დანაშაულებრივ ტყვეობაში ამყოფებდნენ.

ალბათ დამეთანხმებით, რომ აბსოლუტური დამოუკიდებლობა არ არსებობს, არცერთი  ინსტიტუტი - მათ შორის სახელმწიფოც - არ არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი.  ალბათ უპრიანი იქნებოდა თუ ვიტყოდით რომ დამოუკიდებლება ყოველთვის ნიშნავს ახლებურ დამოკიდებულებას.  ჩვენი გათვითცნობირებული მკითხველსთვის არ იქნება ძნელი გასაგები ისეთი მოდელი  როგორიცაა „დამოკიდებული დამოუკიდებლობა“.  მკითხველს შევახსენებ, რომ მსოფლიოში ყველაზე  დემოკრატიული სახელმწიფო - ამერიკის შეერთებული შტატები სწორედ ამ მოდელის მიხედვითაა დაფუძნებული: მას საფუძვლად უდევს თეოლოგიური  სქემა, ოღონდ პოლიტიკურ მოწყობაში თეოლოგიური ელემენტი არავითარ როლს აღარ თამაშობს. უნივერსიტეტების დაბრუნება საჯარო სამართლის სფეროში, როგორც ჩანს, ამგვარი  სქემის რეალიზებას გულისხმობს.  მთავარია სახელმწიფო იჩენდეს ე.წ. ჩაურევლობის ნებას, არ ერეოდეს უნივერსიტეტის შიდა საქმეებში და არ ზღუდავდეს მის თვითმმართველობას. მოწინავე დემოკრატიის ქვეყნებში ეს კანონით რეგულირდება. პირველი ბიძგის  ჰიპოთეზას არ ვიზიარებ, მაგრამ შესაძლოა, ამ ვითარების საილუსტრაციოდ გამოდგეს: სახელმწიფო ბიძგს აძლევს უნივერსიტეტის ამოქმედებას და მისი ფუნქცია ამ მიმართებით მხოლოდ ამით ამოიწურება.  

გარდა ამისა, იურისტებსა და სამართლის ფილსოფიიაში ჩახედულ პირებს  კარგად მოეხსენებათ  რადბრუხის ფორმულა(ÙÀÃÁÒÖÝäÓÝäÄ FÏÒÌÄË), რომელიც გულისხმობს, რომ როცა უკანონობა ყოველგვარ ზღვარს  გადადის,  აუცილებელია არა   კანონის მიხედვით მოქმედება,  არამედ  სამართლანობის პრინციპიდან გამომდინარე.

ბატონო გია ცნობილია, რომ  ფილსოფოსობის ის გზა, რომელიც თქვენ აირჩიეთ ფენომენოლოგიასა და ჰერმენევტიკაზე გადის. ისიც ცნობილია, რომ თქვენ მრავალ უცხოურ ენას ფლობთ და შესანიშნავი მთარგმნელიც ბრძანდებით.  რას ფიქრობთ, როგორი უნდა იყოს მშობლიური ენის ადგილი საუნივერსიტეტო განათლების სიტემაში?

მშობლიური ენა განათლების მიღების არა მარტო საშუალებაა, არამედ გარკვეული აზრით მისი მიზანიცაა. რაც შეეხება უცხოურ ენებს დასაბუთებულია, რომ გარდა მრავალი სხვა სიკეთისა  მათი დაუფლება ადამიანს სწორედ მშობლიური ენის სიღრმისეულ ათვისებაში ეხმარება. უნივესიტეტი განსაკუთრებულ მზრუნველობას უნდა იჩენდეს ქართული ენისა და საერთოდ ქართველოლოგიური მეცნიერებებისადმი. მრავლისმეტველია ის ფაქტი, რომ ლოგოსთან, რაც არის ფილოსოფიის სწრაფვის საგანი ბევრად ახლოსაა ფილოლოგია, ვიდრე საკუთრივ ფილოსოფია.

რა თქმა უნდა, იგულსხმება ის, რომ უნივერსიტეტი ასეთსავე მზრუნველობას უნდა იჩენდეს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და სხვა დარგებისადმი.

საზოგადოებას  კარგად ახსოვს, რომ ბოლო წლების ერთერთი ყველაზე მძაფრი სტუდენტური პროტესტი სწორედ იმან გამოიწვია, რომ ისინი განიცდიან თანამედოვე სამეცნიერო ლიტერატურის მწვავე  ნაკლებობას მშობლიურ ენაზე. უნივერსიტეტი კი ჯიუტად არაფერს აკეთებდა მათი სამართლიანი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.  

აუცილებელია , უნივერსიტეტმა ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ  სტუდენტობა უზრუნველყოს კლასიკური და თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურის  მაღალხარისხიანი თარგმანებით. თუმცა ძალისხმევა არ უნდა იქნეს შენელებული უცხოური ენების შესწავლის კუთხით. უპრიანია კარგად გავითავისოთ რენე დეკარტის შეგონება, რომელიც უნივერსალური ცოდის იდეალს განასახიერებს. დეკარტს საყვედურობდნენ  იმის გამო, რომ იგი თავის ნაშრომებს ლათინურად წერდა, იგი კი   ამბობდა:  ჩემი მიზანია  ნიჭიერი ფრანგი ახალგაზრდობა  სიზარმაცის ტყვეობიდან დავიხსნა და იძულებული გავხადო ლათინურად იკითხოსო.

რა შეეხება ფილოსოფიას და მით უფრო მის  ჰერმენევტიკულ ნაირსახეობას შეუძლებელია აქ რაიმეს მიაღწიო თუ თანამედროვე ენებთან ეთად ძველი ბერძნული და ლათინური არ შეისწავლე.  ამის მერე მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება სურვილი იმისა, რომ ძველ ებრაულ ენას დაეუფლოს, ვინაიდან დასავლური სააზროვნო სივრცე, რომლის ნაწილი ჩვენც ვართ წარმოუდგენელია ებრაულ-იუდეური ელემენტის გარეშე. იმისთვის, რომ თანამედროვე პოლიტიკურ - ფილოსოფიურ დისკურსებში სრულყოფილად ჩერთო აუცილებელია არაბულისა და სპარსულის  შესწავლა. ყოველ შემთხვევაში ეს ერთერთი  გზაა თუ ამგვარი გამოცდილება ვინმეს გამოადება. 

პროფესორ გიორგი ბარამიძის როგორც მეცნიერის შეფასება

ბ-ნი პროფესორი, დოქტორი გიორგი ბარამიძე ფილოსოფიას ასწავლის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში(თბილისი, საქართველო). ის როგორც მკვლევარი თავის ვალდებულებად მიიჩნევს, რომ აღადგინოს ფილოსოფიურ ტრადიციაში არსებული მნიშვნელოვანი ფილოსოფომები, ხელახლა გაიაზროს ისინი და ამით ბიძგი მისცემს ფილოსოფოსობის სამომავლო განვითარებას.

მისი მეცნიერული მოღვაწეობის მთავარი მიმართულებებია თეორიული ფილოსოფია, პოლიტიკური ფილოსოფია, მეტაფიზიკა, ქრისტიანული მისტიკა, პოლიტიკურად ორიენტირებული ფილოსოფიური თეოლოგია და რწმენის შესახებ მეცნიერება. იგი შესანიშნავად იცნობს ანგლო-ამერიკულ, გერმანულ, ფრანგულ და იუდეურ აზროვნებას. ამასთანავე  იგი ცნობილია როგორც  -   რაც ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია -  ძველი ებრაული, ძველი ბერძნული, ლათინური, გერმანული, ინგლისური, რუსული, ფრანგული და ესპანური ენებიდან მთარგმნელი. განსაკუთრებით გაითქვა მან სახელი მაქს ვებერის, მარტინ ჰაიდეგერის, იურგენ ჰაბერმასის, პიერ ბურდიეს, ჟან-ფრანსუა ლიოტარისა და იოზეფ რათცინგერის  მრავალი ნაწარმოების თარგმანებით.

პროფ. გიორგი  ბარამიძე  ფენომოლოგიური, ჰერმენევტიკული და დეკონსტრუქციონისტული მეთოდების გამოყენებით ახორციელებს კლასიკური და თანამედროვე - ასევე პოსტმოდერნული - ფილოსოფიური ტექსტების რეაქტუალიზებასა და  რეინტერპრეტირებას; ამით მას ორგანულად შემოაქვს თანამედროვე ქართულ ფილოსოფიაში როგორც ტრადიციული ისე თანამედროვე   მნიშვნელოვანი შინაარსები და მეთოდები, რათა აჩვენოს რომ ფილოსოფიურმა აზროვნებამ   შეძლო და კვლავაც ძალუძს ახალ თვალსაწიერთა გახსნა.

პროფესორი ბარამიძე აზროვნების ვერტიკალურობას მისი ჰორიზონტალურობით ცვლის, რა დროსაც აზროვნება ყოველთვის არის სხვისი აზრის სხვობა; აზრების   ურთიერთ აღიარება კი  აზროვნების წანამძღვრად გვევლინება. ამით ხდება ტრადიციის მიერ ათვალისწუნებული შეხედულების გადააზრება და მისი აყვანა ცოცხალი აზროვნების რანგში, რომელიც თვითმპყრობლურად კი აღარ მოქმედებს, არამედ ღვთაებრივი ერთის თანახმად იღვწის. აქ გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს ის სიტყვები, რომლებიც ოდესღაც პროკლემ წარმთქვა - „ÖÍÖÌ ÉÍ ÍÏÁÉÓ“ – „ღვთაებრივი ერთი ჩვენში“.

სხვისი აზრის სხვობის აღიარება  დაკავშირებულია შემწყნარებლობის იდეასთან, რომელიც მიმართულია ამპარტავანი ეგოცნტრული აზროვნების ნებისმიერი ფორმის წინააღმდეგ.

აუცილებელი ხდება ისეთი პოლიტიკური აზროვნება, რომელიც  ურთიერთგაწონასწორების პრინციპთან ნათესაობას ამჟღავნებს და რომლისთვისაც მთავარია შემწყნარებლობის იდეა; აქედან იბადება ახალი პოლიტიკური ჰუმანიზმი, რომელიც  ტექნოკრატიულ ეგოცენტრიზმს კი არ ემყარება, არამედ ძირეულად ითვალისწინებს წმინდას როგორც წმინდას. 

პროფ. ბარამიძეს მიაჩნია, რომ ისტორიული ფილოსოფიის ქვაკუთხედი  არის რენესანსულ-პლატონური ფილოსოფია, რომელმაც განსაზღვრა ურთიერთაღიარებაზე, ტოლერანტობაზე  დაფუძნებული აზროვნების ჩამოყალიბება. სწორედ პლატონიზმი (განსაკუთრებით მარსილიო ფიჩინო) აძლევს ბიძგს  პროფესორ ბარამიძის ძალისხმევას, როცა ის გაწონასორების ფილოსოფიის როგორც ინსტიტუციურ ისე საზოგადოებრივ რეაქტუალიზებას ესწრაფვის. სწორედ ასე იქცევა ფილოსოფია იმად, რაც ის პროფ. ბარამიძის მიხედვით უნდა იყოს: ინსტანციად, რომელიც იმ ზომამდე ამახვილებს ადამიანის ცნობიერებას, ვიდრე შესაძლებელი არ გახდება ის, რომ დაპირისპირებულმა აზრებმა ერთმანეთი აღიარონ, რაც თავის მხრივ საფუძვლად დაედება სამართლიან მოქმედებებს.

პროფესორ ბარამიძის ორიგინალური აზროვნება უაღრესად ფასეულია. იგი საუცხოოდ იცნობს ფილოსოფიის ისტორიას მისი ნაკლებად ცნობილი ეპოქების ჩათვლით; სწორედ ეს არის საფუძველი, საიდანაც იგი ძირისძირობამდე იკვლევს თანამედროვე აზროვნებას; მრავალი ენიდან მის მის მიერ შესრულებული თარგმანები კი ქართველ მკითხველს საშუალებას აძლევს ამ აზრების ქმნადობის თანამონაწილედ იქცეს. ყოველივე ამით  პროფესორ ბარამიძეს სააშკარაოზე გამოაქვს ფილოსოოფიის ყველაზე უცილობელი ამოცანა: ფილოსოფია ვალდებულია  როგორც სახელმწიფოს ისე საზოგადოებას შეახსენოს ის, რისი დაცვაც მათ  ევალებათ;  ისინი ვალდებულნი არიან დაიცვან აზროვნება, რომელსაც აქვს შემწყნარებლობის უნარი, რაც თავის მხრივ თავისუფლებისა და სამართლიანობის საწინდარია.

პროფესორი ბარამიძე არის უაღრესად გამორჩეული მკვლევარი, რომლის მოღვაწეობა ფილოსოფიისთვის ფასდაუდებელ ღირებულებას წარმოადგენს. მისი  ფილოსოფიური მოღვაწეობა უმაღლეს აღიარებას იმსახურებს.

  ბოხუმი 29 ოქტომბერი 2012წ.            პროფესორი , დოქტორიბურკჰარდ მოიზიში

                                                          გერმანია, ბოხუმის რურის უნივერსიტეტი