პრემიერის ახელილი თვალები და ბიზნესკოაბიტაციის საეჭვო დინებები

პრემიერის ახელილი თვალები და ბიზნესკოაბიტაციის საეჭვო დინებები

„ნახევრად ხუმრობით, მაგრამ აბსოლუტურად სერიოზულობით განვაცხადე, რომ ძირითადი ინტერესი მომავალში ჩემი იქნებიან ზუსტად ეკონომიკური ექსპერტები. რამეთუ პოლიტიკაში რა გამოცდილებაც მქონდა გავიგე, მაგრამ უფრო საინტერესო ეკონომიკური სფეროა. მაგრამ პოლიტიკური სტაბილურობის გარეშე ეკონომიკა ვერ იქნება. ქვეყანაში არის ინვესტიციების და ბიზნესის მოლოდინის პროცესი, რომ ამ მხრივ საშიში აღარ არის საქართველო. ამ მხრივ კი პოლიტიკური სტაბილურობის მოლოდინს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ექსპერტებთან შეხვედრისას.

როგორც ცნობილია საუბარი შეეხებოდა ეკონომიკური სტრატეგიის გეგმასაც, რომელიც დამუშავების პროცესშია და სავარაუდოდ, სექტემბრისთვის მომზადებულ დოკუმენტსაც ვიხილავთ. სხვა რა მნიშვნელოვან საკითხებზე გამახვილდა ყურადღება და რა თემებზე საუბარმა „აუხილა თვალი“ პრემიერს, ექსპერტთა კლუბის თავმჯდომარე სოსო ცისკარიშვილი გვესაუბრება. 

ბატონო სოსო, რა იყო ის მთავარი თემები, რომელიც ექსპერტებმა პრემიერთან მსჯელობისთვის მნიშვნელოვნად ჩათვალეს?

- ძირითადად, იმ ძალისხმევის ინტენსიფიკაციაზე იყო საუბარი, რაც აუცილებელია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების დამაჯერებლობისათვის. რაც ძალზე მნიშვნელოვანია, ამ შეხვედრაზე განიხილა ფინანსურ-ეკონომიკურ საკითხებში ვიცე-პრემიერის პოსტის შემოღების საკითხი და პრემიერმა უკვე დაასახელა კიდეც ვიცე-პრემიერად გიორგი კვირიკაშვილი.

ვფიქრობ, სასურველი იქნებოდა, რამდენიმე დარგის ვიცე-პრემიერი გვყოლოდა და საქმის უკეთესად გაძღოლისთვის ისინი სამინისტროებისგან თავისუფლები ყოფილიყვნენ. უდავოდ დადებითი ტენდენციაა, როდესაც ვიცე-პრემიერს ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებში დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების საშუალება ექნება.

შეხვედრის შემდეგ, როგორც პრემიერმა განაცხადა, გაურკვევლობა იმაზე მეტი რჩება დღევანდელ საქართველოს პოლიტიკაში, ვიდრე მე წარმომედგინა. ამ მხრივ მე თვალი ამიხილეს, თუმცაღა დამატებითი გასაღები ვერ გამოვნახეთ. რა კონკრეტუილი პრობლემის შესახებ არ იცოდა ბიძინა ივანიშვილმა და რა იყო მისთვის სიახლე?

- უშუალოდ შეხვედრისას პრემიერს ასეთი აქცენტები არ დაუსვამს, თუმცა ინფორმაცია, რომელსაც ის ისმენდა, ეკონომიკური სფეროს ექპერტებისგან, მისთვის მაღალი ინტერესის საგანი იყო. მაგალითად, საუბარი იყო გასული წლების არნახულ ეკონომიკურ ზრდაზე (მაგ. 11%-იან ზრდაზე) რომელიც თავისთავად უნდა ასახულიყო უმუშევრობის დონის შემცირებაზე, მაგრამ არ ასახულა.

როდესაც საუბარი შეეხო საქართველოში ეკონომიკურ კრიზისს, რაზეც ასე დიდი სიამოვნებით ჭიკჭიკებს „ნაციონალური მოძრაობა“, დაისვა კითხვა, რომ მაგალითად, ისეთი ძირითადი მახასიათებელი ეკონომიკური კრიზისისა, როგორიცაა ინფლაცია, რატომ არ შეინიშნება დღევანდელ ქართულ რეალობაში.

ეკონომიკურ წრეებში პირიქით, დეფლაციურ პროცესებზეა საუბარი..

- შეხვედრის ფორმატში ქება და ქათინაურები ნამდვილად არ მოიაზრებოდა, ეს არ იყო შეხვედრა თვითკმაყოფილებისთვის, ეს იყო კრიტიკული ანალიზი არსებული ვითარების.

როდესაც ფასების კლების პროცესს შეეხო თემა, ამოსავალი წერტილი გახდა, დარგების მიხედვით რა სურათი გვქონდა, მათი დემონოპოლიზაციის კუთხით.

გასულ წლებში დიდხანს ვსაუბრობდით ელიტურ კორუფციაზე, რომლის მასულდგმულებელიც გახლდათ ბიზნესი, რომელიც სახელმწიფო რეკეტის მსხვერპლი ხდებოდა. დღეს გარეგნულად ჩანს ასე, რომ პოლიტიკური დაპირისპირებისა და შეუთანხმებლობის ფონზე, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ბიზნესკოაბიტაციასაც, რომელიც სამწუხაროდ, ქვეყანაში გამჭვირვალედ არ მიმდინარეობს.

ამის თქმის საფუძველს პირადად მე ის ფაქტი მაძლევს, რომ არ გვაქვს ინფორმაცია, მაგალითად, იმპორტიორთა რაოდენობაზე ისეთი მიმართულებით, როგორიცაა ავტომობილის საწვავი, ფქვილი, საბეჭდი ქაღალდი, მარილი და სხვა, რაც ვიცით, რომ თავის დროზე მონოპოლიზებული იყო, დღეს საინტერესოა, ამ სფეროებში იმპორტიორთა რაოდენობა გაიზარდა თუ არა.

კარგი იქნებოდა, გვქონოდა სტატისტიკა, რამდენი სუბიექტი იყო იმპორტიორი და რამდენი გახდა. თუ მათმა რიცხვმა არ მოიმატა, მაშინ სხვა რეცეპტი უნდა ვეძებოთ ფასების შემცირების.

ეს შეეხება წარმოებასაც არა მხოლოდ იმპორტს და როდესაც ლაპარაკი იყო თანხებზე, რომელიც სადღაც ილექებოდა, დღეს კი ეს თანხები არ ჩანს, ცხადია, ჩნდება კითხვები - იგივე სიტუაციაა რაც ელიტური კორუფციის დროს თუ თანხების განთავსების სხვა მისამართები გამოიძებნა.

სხვათა შორის, პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ერთ-ერთი დამადასტურებელი ფაქტორი ასეთი ვარაუდებისა, არის ის, რომ გარკვეულ პროდუქციაზე ფასები არ მცირდება.

ასეთ ფონზე, თუ სადმე ბიზნესკოაბიტაცია მიმდინარეობს, ეს უნდა იყოს აუცილებლად მაქსიმალურად გამჭვირვალე, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაჭირდება ძველი და ახალი პროცესების ერთმანეთისგან გამიჯვნა.

გამოდის, რომ პრემიერ-მინისტრს სრულფასოვანი ინფორმაცია არ აქვს, სხვადასხვა სფეროებსა და დარგებში ზუსტად რა სურათია?

- ვერ ვიტყვი, რომ პრემიერს რაიმე პრობლემის წამოწევა ძალიან გაუკვირდა. თუმცა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ბიზნეს-პროექტების პრობლემას. პრემიერმა განაცხადა, რომ ინვესტიციის შემოტანა კი არა, იმ ბიზნეს-პროექტების სიმცირის პრობლემა იყო, რომელშიც ინვესტიცია ჩაიდებოდა.

ივანიშვილისთვის, მაგალითად, აღმოჩენა იყო, რომ ძალიან ბევრი კარგი, მაგრამ განუხორციელებელი პროექტი არსებობს, რომლებსაც თავის დროზე ფინანსური პრობლემის გამო უარი უთხრეს. ასეთი ბიზნესპროექტების აღნუსხვა მოხდება და ყველა ჩვენთაგანს მიეცემა ასეთი პროექტის მომზადების შესაძლებლობა, ცხადია გარკვეული ანალიზითა და დასკვნებით, რათა განუზომელი ფანტაზიის გამომგონებელთა ბრძოლის ველად არ გადაიქცეს იგი.

როდესაც ფასებზეა საუბარი, ყველას ახსენდება წინასსაარჩევნო დაპირება, რაც საწვავზე ფასის შემცირებას, პარალელურად კი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის შემოღებას გულისხმობდა...

- ეს საკითხიც, რა თქმა უნდა, იყო მსჯელობის საგანი და პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ კანონის მიღება დაგვიანდა, თუმცა ძალიან მალე კანონპროექტი ხელმისაწვდომი იქნება ეკონომიკური პროფილის ექსპერეტებისათვის, რათა მისი საზოგადოებრივი განხილვა დაიწყოს.

საწვავს რაც შეეხება, ბუნებრივ აირზე იყო კონცენტრირებული ყურადღება იმ მხრივ, რომ 2009 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფაქტობერივად, ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი გადადგა, როდესაც დაარღვია ხელშეკრულება „ბრითიშპეტროლიუმთან“, რომელიც მოქმედებაში უნდა ყოფილიყო 2020 წლის ჩათვლით.

ნაცვლად იმისა, რომ შაჰ-დენიზის საბადოდან გაზის მიღებაზე ეზრუნა საქართველოს ხელისუფლებას, სხვა საბადოსთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომელსაც „სოკარი“ ხელმძღვანელობდა.

ეს ძალზე ბევრი კითხვის შემცველი გარიგებაა, რადგან ხარისხი ბევრად გაუარესებულია (ბევრად დიდხანს გვიწევს 1ლ წყლის ადუღება, ვიდრე ბრითიშპეტროლიუმის გაზით სარგებლობისას). ასეთ შემთხვევაში მოსახლეობას ორჯერ ნაკლები დანახარჯი ექნებოდა. რაც მთავარია, არსებობს ჯერ კიდევ შანსი, რომ „ბრითიშპეტროლიუმი“ კვლავ მოლაპარაკებათა მაგიდასთან დავაბრუნოთ.

იგივე ტიპის პრეტენზიები გამოითქვა ქვეყანაში შემოტანილი ბენზინის მიმართ, რომელიც მხოლოდ ფილტვის კიბოს მაჩვენებელს ზრდის და სხვა სიკეთე ქვეყნისთვის არ მოაქვს. გამოითქვა სურვილი, რომ სწრაფი ტესტირება მოხდეს საწვავის თვითონ ბენზინგასამართ სადგურებზე. ასე რომ, ბენზინის იმპორტიორებს ისღა დარჩებათ, ან ბიზნესი მიატოვონ, ან გაიხსენონ, რას ნიშნავს სიტყვა „პატიოსნება“.

ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ჩვენ უნდა დაველოდოთ ოქტომბრის არჩევნებს და ვისურვოთ, რომ გარემო პოლიტიკურად იყოს უფრო მეტად სტაბილური და დაბალანსებული. როგორც ჩანს, დღევანდელი პოლიტიკური გარემო ეკონომიკის ერთ-ერთ სერიოზულ შემაფერხებელ ფაქტორადაც შეიძლება განვიხილოთ...

- ჩემთვის საეჭვო ნამდვილად არ გახლავთ, რომ დღეს ქვეყანა რეალურად ორხელისუფლებიანობის პირობებში იმყოფება. ეს ნიშნავს, რომ არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელსაც ჯერაც ბევრი ბერკეტი უპყრია ხელთ, მუდმივად დემაგოგიით ცილისწამებითა და შანტაჟით არის დაკავებული. თავად პრეზიდენტის უამრავი გამონათქვამი, რომელიც აკნინებს ქვეყნის პერსპექტივას, ყველა ინვესტორისთვის „სდექ“ ნიშნის თანაფარდია. „სდექ“ და „დაელოდე“ ბიზნესისთვის საკმაოდ სენსიტიური სიტყვებია, მითუმეტეს, როდესაც ჰყოფნით თავხედობა ნაციონალებს, რომ საკუთარი დაბრუნების პერსპექტივაც შესთავაზონ ბიზნესმენებს, რომლებსაც ბევრი შავი დღე ახსოვთ მათგან. ცხადია, რომ მოლოდინის რეჟიმში გადასვლა ერთადერთი თავშესაფარია ამ ეტაპზე. ეს ეხება როგორც ქართველ, ასევე უცხოელ ბიზნესმენებს და სწორედ ამ ბარიერს გულისხმობდა პრემიერი, როდესაც ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრობდა.

შევარდნაძის, შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში მთავრობა ექსპერტების კრიტიკის მსუყე ობიექტი იყო, მართალია, დღევანდელი ხელისუფლება თავისი ეკონომიკური პროფილის მინისტრებით ამაყობს, მაგრამ ექსპერტებს აქვთ მათთან შენიშვნები?

- იყო შენიშვნა, ერთ-ერთი მონაწილის მხრიდან, რომ გარედან რჩება შთაბეჭდილება, თითქოს, მინისტრთა უმეტესობას აკლია გაბედულება და დამოუკიდებლობა საკუთარ საქმიანობაში, რადგან დავალების გარეშე ნაკლებად ინიციატივიანები არიან, ხოლო პრემიერი მათ დავალებებით არ ანებივრებს და ცდილობს, რაც შეიძლება მეტად თავისუფლები იყვნენ.

მართალია, პრემიერს გაუკვირდა ამ თემის წამოწევა, მაგრამ ამ საკითხზე საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება არაერთმა ექსპერტმა მოინდომა. მთლიანობაში ერთი რამ გამოიკვეთა - ეკონომიკურ საკითხებზე მსჯელობა ბევრად უფრო საინტერესო აღმოჩნდა პრემიერისათვის, ვიდრე წმინდა პოლიტიკურ საკითხებზე, რითაც გადაღლილები ვართ ერიც და ბერიც ჩვენი მედიის წყალობით.

ბატონო სოსო ძალიან დიდი ხანია, სხვადასხვა ხელისუფლებებიოს პირობებში თვალს ადევნებთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, გულწრფელად რომ გვითხრათ, დაინახეთ ის ნაბიჯები, რაც დალაგებული, განვითარებული სახელმწიფოს შენების წინაპირობა გახდება?

- ქვეყნის დალაგებას უპირველესად სჭირდება, რომ მისმა მოსახლეობამ იგრძნოს შვება. ჯანდაცვისა და სოციალური პროექტების მეშვეობით ეს პროცესი დაიწყო. მართალია, დღეს ხარისხი წინ არ უსწრებს ხელმისაწვდომობას და საყოველთაოობას, მაგრამ მალე, ალბათ, ამის დროც დადგება. იგივე შეიძლება ითქვას სოფლის მეურნეობაზეც - დღეს გლეხები კმაყოფილები არიან. საბავშვო ბაღების სახელმწიფო დაფინანსებაზე გადაყვანა, ღარიბთა ფენის გადასახადებისგან გათავისუფლება და ა.შ.

თუმცა ეკონომისტები თვლიან, რომ სოციალურ პროექტებში დახარჯული ფული წყალში გადაყრილია და ბევრად უკეთესი იქნება, სამუშაო ადგილების შექმნა იყოს პრიორიტეტი, რომ ყველამ თვითონ, საკუთარი შრომის ფასად შეიქმნას სასიცოცხლოდ აუცილებელი პირობები...

- ასეთი „ლიბერალები“ მახსოვს, ფქვილს და შაქარს არიგებდნენ ტომრებით არჩევნების წინ, თან თავს ლიბერალური ეკონომიკის ფუძემდებლებს უწოდებდნენ...

ნაციონალებზე არ ვსაუბრობ...

- რასაკვირველია, ასეა და ეს თემაც, რა თქმა უნდა, განვიხილეთ - ის ბიზნესპროექტები, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ნამდვილად არ იქნება სოციალური სკივრიდან ამოღებული.