30 კმ-იანი გადაულახავი ბარიერი

30 კმ-იანი გადაულახავი ბარიერი

ოკუპირებულ ცხინვალზე მავთულხლართების საერთო სიგრძე დაახლოებით 30 კილომეტრია. ოკუპაციის საერთო ხაზი - 350 კმ-მდე. აღნიშნული პროცესი 2011 წლის გაზაფხულიდან დაიწყო, ხოლო გააქტიურება 2013 წლის დასაწყისიდან შეინიშნება. მავთულხლართების ინსტალაციამ 20-მდე ადგილობრივ მოსახლეობაზე გავლენა უკვე იქონია. ოკუპაციის ხაზის გარკვეულ ტერიტორიაზე გავლებულ ღობეებზე მონტაჟდება მოძრაობის დეტექტორები, რის გამოც გასვლა-გამოსვლა შეუძლებელი ხდება. მავთულხლართების გაბმის პროცესი არ შეინიშნება ახალგორში. შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ ეს პროცესი ახლაგორშიც დაიწყოს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელის, გიორგი ჯიღაურის განცხადებით, მავთულხლართების ფიქსაცია არის პროცესი, რომელიც ძირს უთხრის უსაფრთხოებას ადგილზე, ზღუდავს სასმელი და სარწყავი წყლის, საძოვრებით სარგებლობის საშუალებას. ეს პროცესი აიძულებს მოსახლეობას დატოვონ თავიანთი საცხოვრებლები და გახდნენ იძულებით გადაადგილებული პირები.

როგორც ჯიღაური აცხადებს, მავთულხლართების გაბმის გამო ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა გორისა და კასპის რაიონის სოფლებიც. გორის რაიონის სოფელ ნიქოზში 2-3 კილომეტრს აღწევს გავლებული მავთულხლართი, რომლის დიდი ნაწილიც თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოდის. ამის გამო მიწები უკვე მოექცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

იგივე პრობლემის წინაშე დგას სოფელ გუგუთიანთკარის ადგილობრივი მოსახლეობა. ანალოგიური ვითარებაა დიდ ხურვალეთში, რომელიც მთლიანად თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია იყო, თუმცა მავთულხლართების ფიქსაციის გამო, სამი სახლი მოექცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. სოფელ დვანში მავთულხლართების გარკვეული ნაწილი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, რის გამოც სარწყავი სისტემები და მიწების ნაწილი უკვე ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.

რაც შეეხება დიცს – აღნიშნული ტერიტორია, თითქმის, მთლიანად იქნა შეღობილი. მავთულხლართების ნაცვლად ამ სოფელს ღობე აქვს შემოვლებული. ღობეების საერთო სიგრძე 3 ათას მეტრს აღწევს. კასპის რაიონის გარკვეულ სოფლებშიც დაწყებულია ფიქსაციის პროცესი, რომლის საერთო სიგრძე ამ დროისთვის ნახევარი კილომეტრია.

ანალოგიური ვითარებაა ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორაზე, მავთულხლართების ნაცვლად იქ ტერიტორიის შეღობვა მიწათხრილებით მიმდინარეობს. მიწათხრილების სიღრმე 170 – 180 სმ, სიგანე კი 3-5 მეტრია. ოკუპაციის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწათხრილები შემდეგ სოფლებს შორის ფიქსირდება - ოტობაია-განმუხური-ორსანტიას მონაკვეთი, ნაბაკევი-ხურჩას მონაკვეთი, თაგილონი-შამგონას მონაკვეთი და თაგილონი-ჭუბურხინჯის მონაკვეთი. დღევანდელი მონაცემებით, მიწათხრილების საერთო სიგრძე 3 კილომეტრია, ოკოპაციის საერთო სიგრძე კი 85 კილომეტრამდე.

შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი გიორგი ჯიღაური განმარტავს, რომ მავთულხლართების გაბმის პროცესის დაწყების დღიდან ეს საკითხი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრის ფორმატში მუდმივად დგას.

„როცა „ეფესბე“ - ს სასაზღვრო ძალებს ვესაუბრეთ, გვითხრეს, რომ პროცესი იქნება ბოლომდე მიყვანილი და ყველგან გაავლებენ მავთულხლართებს. რა თქმა უნდა, ჩვენმა მხარემ მკაცრად გააკრიტიკა აღნიშნული პროცესი და მოითხოვა მისი დაუყოვნებლივ შეჩერება. ასევე, აღნიშნული საკითხი განხილულია ჟენევის დისკუსიების 23-24-ე რაუნდებზე. გარდა ამისა, ივნისში ჩვენ მოვიწვიეთ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებსაც არსებული მდგომარეობა გავაცანით“, - აღნიშნა გიორგი ჯიღაურმა.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე გია ვოლსკი აცხადებს, რომ ოკუპაცია ამ ტერიტორიების ძალიან დიდი ლოგიკური ალბათობით, არანაირად არ განხორციელდებოდა, რომ არა „ნაციონალური მოძრაობის“ აბსოლუტურად უსახო და გაუთვლელი პოლიტიკა.

„აუცილებელია შემუშავდეს სტრატეგიული ხედვები, როგორ უნდა მოხდეს იმ ჩიხიდან გამოსვლა, რომელშიც, სამწუხაროდ, დღეს ვიმყოფებით“, - აცხადებს გია ვოლსკი.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი კი განმარტავს, რომ ის პროცესი რომელიც დღეს ოკურებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს, არის იმ არსებული მოცემულობის გაგრძელება, რაც ახალ ხელისუფლებას დახვდა.

„ფაქტიურად ჩვენს ხელისუფლებას არანაირი კოზირი არ უჭირავს გარდა იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოება ერთხმად აღიარებს, რომ ჩვენი ტერიტორია ოკუპირებულია და ამ პროცესში გვიჭერს მხარს. რუსეთის ხელისუფლება როდესაც ამწვავებდა და აგრძელებდა ოკუპაციის პროცეს, მაშინ არგუმენტად მოჰყავდა ის, რომ მისთვის მიუღებელია სააკაშვილი და მისი პოლიტიკა, კვლავაც ელის სააკაშვილისგან აგრესიას და ამიტომ იღებს განსაკუთრებულ ზომებს უსაფრთხოების კუთხით.

მას შემდეგ, რაც მათ დაინახეს ახალ ხელისუფლებას აქვს ცივილიზებული მშვიდობიანი პოლიტიკა, თუმცა მიზანი კვლავაც არის დეოკუპაცია, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ამ ვითარებაში რუსეთისგან უნდა ყოფილიყო შემხვედრი ნაბიჯი. სამწუხაროდ, ჩვენ მივიღეთ არადეკვატური რეაქცია.

იმ ფონზე, როდესაც არის პოზიტიური ტენდენცია, მათ შორის ეკონომიური თუ კულტურული ურთიერთობის თვალსაზრისით, ამ პროცესში, ალბათ, უფრო ლოგიკური იქნებოდა, რომ ის მავთულხლართები რომელიც აქამდე იყო გავლებული აელაგმა რუსეთის ხელისუფლებას, მაგრამ ეს პროცესი გააგრძელა. რუსეთს მაინცდამაინც არ აწყობს ცივილიზებულ ფორმებში მოქცევა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პოზიტიურ პოლიტიკას, პოზიტიური ნაბიჯი უნდა მოჰყვეს“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ქართული მხარისთვის უცნობია, რითი ხელმძღვანელობს რუსეთი ოკუპაციის ხაზთან მავთულხლართების გაბმის პროცესში. 

„რითი ხელმძღვანელობენ, ჩვენთვის უცნობია. რატომღაც ასახელებენ 2006 წლის რუკას, რომელიც არავის არ აქვს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ასეთი რუკა არ არსებობს. რაც შეეხება მექანიზმებს, რითაც დაპირისპირებულ მხარესთან კომუნიკაცია მიმდინარეობს, ერთ-ერთი მექანიზმია ცხელი ხაზი, რომლის საშუალებითაც როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო წარმომადგენლებთან, ისე რუსებთან დაკავშირება ხდება. ეს მექანიზმი ძირითადად გამოიყენება დაკავებების შემთხვევაში“, - აცხადებს გიორგი ჯიღაური.

გია ვოლსკის განცხადებით, რუსეთი ჯიპიარესის და სატელიტური მოწყობილობების გამოყენებით მიჰყვება საბჭოთა კავშირის პერიოდში არსებულ საზღვარს სამხრეთ ოსეთის ავტონიმიური ოლქის ტერიტორიაზე.

„არსებობს სააკაშვილის 2007 წლის 10 მაისის ბრაძანებულება, რომლის მიხედვით არსებობს ასეთი ტერიტორია და ამ ტერიტორიაზე დროებით ადმინისტრაციის ხელმძღვანელად სანაკოევი დაინიშნა. ხელმძღვანელად დანიშვნამდე აბსოლუტურად ანტიკონსტიტუციური არჩევნების ჩატარებას შეუწყო ხელი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და პირადად სააკაშვილმა.

სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის იმ საზღვრებში არსებობა პრეზიდენტის ამ ბრძანებულებითაც დატურდება. სწორედ ამ საზღვარს მიჰყვება დღეს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები. მაგრამ ზუსტად არავინ იცის რომელ მონაკვეთზე, რომელი რუკის მონაცმებს იყენებენ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გია ვოსკიმ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, დაზვერვა ოკუპაციის ზოლში მიმდინარე პროცესებს აკვირდება და ყველა შესაძლო მოვლენისთვის მზადყოფნა გვაქვს.

„ჩვენც ვთვლით, რომ აუცილებელია ძალიან ღია, ვერბალური რეაგირება ოკუპაციის ხაზში მიმდინარე ამ ცუდ მოვლენაზე. ასევე, ადგილობრივი სამართალდამცველი სტრუქტურებიც ჩვენი, გატაცებული მოქალაქეების გამოხსნის მოლაპარაკებების პროცესში არიან ჩართულები.

თავდაცვის სამინისტრო, ჩვენი სადაზვერვო შესაძლებლობებით აკვირდება, თუ რა ხდება ოკუპაციის ზოლში და ასევე ოკუპირებულ ტერიტორებზე და ყველა შესაძლო მოვლენისთვის ჩვენ მზადყოფნა გვაქვს“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ირაკლი სესიაშვილის განცხადებით თავდაცვის სამინისტროს თავისი განსაკუთრებული პოზიცია აქვს. მან უნდა გაანალიზოს ყველა სავარაუდო სცენარები, მზად უნდა იყოს ყველანაირი აგრესიისთვის.

„მაგალითად 2008 წლის აგვისტოში არ იყო და ეს ფაქტია. ამიტომ, თავდაცვის სამინისტრო მუშაობს, რომ მზად იყოს ყველა სცენარისთვის. მათ შორის თავდაცვის ზღუდეების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული. შეიარაღებული ძალები იმისთვის არსებობს და იმისთვის გადის მომზადებას, რომ მუდმივი საბრძოლო მომზადება ჰქონდეთ. ეს არის პრევენცია, ეს არის ძალიან მარტივად ჩვენი თავდაცვის პოლიტიკა და ამ ვალდებულებას სამინისტრო კარგად ართმევს თავს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი სესიაშვილმა.