ვისი ფულით გვესტუმრა რონალდუ?

ვისი ფულით გვესტუმრა რონალდუ?

გასული კვირა ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის მოვლენებით დახუნძლული გამოდგა. რონალდუ, მოსკოვის “დინამო”, საფეხბურთო-პოლიტიკური აქცია...

დაჩრდილული შევჩენკო

მოხდა სასწაული და მსოფლიოს საფეხბურთო პროვინციისკენ თანამედროვე მეგავარსკვლავმა გამოიხედა. მადრიდის “რეალის” და პორტუგალიის ნაკრების ლიდერი, კრიშტიანუ რონალდუ ვიტალი დარასელიას სახელობის თბილისის “დინამოს” საფეხბურთო აკადემიის გახსნას დაესწრო.

ეს იმდენად ხმაურიანი ამბავი იყო, რომ თბილისში ანდრეი შევჩენკოს ჩამოსვლაც დაჩრდილა. არადა, სულ რაღაც ხუთიოდე წლის წინ უკრაინელი “მილანში” რონალდუზე არანაკლებ კაშკაშებდა.

საყურადღებო იყო ინტერნეტში გავრცელებული კადრები: “დინამოს” პრეზიდენტი რომან ფიფია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და თვით შევჩენკოს მეგობარი, საქართველოს ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახა კალაძეც რონალდუს დაეხვივნენ.

ამ დროს, უკრაინელი ვარსკვლავი მარტო დასეირნობდა და უყურადღებობით ნაწყენი სულაც არ ჩანდა – მას ხომ დღემდე გულშემატკივართა მრავალმილიონიანი არმია მოსვენებას არ აძლევს. ეტყობა, მშვიდად გავლა მოეწონა.

ანდრეი სარკმელიდან აკადემიას ათვალიერებდა და გაოცებულმა იკითხა, ეს რა კარგი საჩოგბურთო კორტი აგიშენებიათო. რა იცოდა შევჩენკომ, რომ “დინამოს” აკადემია საჩოგბურთო ცენტრის ადგილზე აშენდა.

კიდევ კარგი, ქართული არ ესმის

კადრს მიღმა კიდევ ბევრი საინტერესო ამბავი დარჩა. რონალდუს მოლოდინში, ახლადგახსნილი აკადემიის ბაზაზე სამართალდამცველებმა კარგად ორგანიზებული დაცვა ჩააყენეს.

მაგრამ იმ დღეს გავრცელებულმა მოულოდნელმა ამბავმა ქართველი გულშემატკივრები, დიდები თუ პატარები, გოგონები თუ ვაჟები ისე გაახარა, “დინამოს” აკადემიას უამრავი ხალხი მოაწყდა.

ყველას რონალდუსთან ავტოგრაფის აღება და სურათის გადაღება სურდა. პორტუგალიელი ვარსკვლავი უარს არ ამბობდა. მაგრამ აკადემიის გახსნის ცერემონიალი დაიწყო და მსურველთა ნაკადი არ წყდებოდა.

რომან ფიფია გაბრაზდა:

- ბოლოს და ბოლოს, მიეცით სტუმარს საშუალება, რომ ილაპარაკოს.

ამასობაში, მიკროფონიც გამოირთო, ბავშვებმა ამით ისევ ისარგებლეს და “დინამოს” მეპატრონე აბობოქრდა.

როგორც იქნა, აბეზარები მოიშორეს და ფიფიამ უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა, - კიდევ კარგი, ქართული რომ არ იცის.

შეიკის აწეული ფეხები

აბა, ეს ვის გაუკვირდება, ირინა შეიკი უფრო ხშირად გახდილია, ვიდრე - ჩაცმული. მაგრამ ცნობილი სუპერმოდელი და კრიშტიანო რონალდოს საყვარელი გოგონა თბილისს ისეთი გრძელი კაბით ესტუმრა, რომლითაც მუსულმანურ ქვეყანაშიც აღარ დადიან – კოჭები დაფარული ჰქონდა.

ირინა შაიხლისლამოვა (ირინა შეიკის ნამდვილი სახელი და გვარია) რუსეთში, ჩელიაბინსკში დაბადებული გოგონაა და ბუნებრივია, იცის, რა ტემპერამენტიანი მამაკაცების ქვეყანაში მოდიოდა. “უკარებლის” სამოსი ამიტომაც მოირგო.

ამის მიუხედავად, მისმა ფეხებმა ყურადღება მაინც მიიქცია – “დინამო-არენას” ვიპ-ლოჟაში გრძელ რიგში გავლა დაეზარა და  წინა რიგში დასაჯდომად ონავარი ბავშვივით სკამს გადააბიჯა.

ამ დროს მოხდა ეს ამბავიც: ირინა ფეხებაწეული დააფიქსირეს. ამ დროს, ქართველმა ჯენტლმენმა ხელი შეაშველა, წელზეც შეეხო და ირინას გაახსენა, რა მამრების ქვეყანაში ჩამოვიდა – ამ დროს, რონალდუმ ქართველს ეჭვნარევი მზერა გააყოლა.

დააგემოვნა ხინკალი?

მცირე ხნის წინ, ქართული მედია მოიარა ამბავმა, რომ თბილისში ჩამოსვლამდე კარგა ხნით ადრე, ირინა შეიკმა ხინკალი დააგემოვნა.

ფაქტის ამსახველი ფოტო შეიკმა "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. ირინა ჟურნალ HELLO!-ს რუსულენოვანმა გამოცემამ, რუსეთში წლის ყველაზე მოდურ პერსონად აღიარა და ყოველწლიური დაჯილდოების საღამოზე გასინჯა ირინამ ქართული კერძი და უზომოდ მოეწონა.

თბილისის “დინამოსა” და მოსკოვის “დინამოს” მატჩის შემდეგ მთაწმინდის რესტორანში გრანდიოზული ბანკეტი გაიმართა, სადაც რონალდუ და მისი გოგონაც მიიწვიეს. იმ სუფრაზე ხინკალიც იყო. მაგრამ ვერაფრით დავადგინეთ ეს “უმნიშვნელოვანესი” მოვლენა კიდევ ერთხელ მოხდა, თუ ამჯერად ხინკალზე ხელი გვიკრა?

არადა, დღის მოვლენა იყო, მის მიერ ფეხების საჯაროდ აწევაზე მნივშნელოვანიც.

ეეჰ, რა დროს აღარ გრიმიტობს “მაღალი”, თორემ რონალდუზე მეტად,. შეიკის ჩამოსვლას ხომ გააპიარებდა?!

პატარა გადახვევა ჭორზე

კი ვთქვით, რონალდუმ ქართველ მამაკაცს ეჭვნარევი მზერა გააყოლაო, მაგრამ ორიოდე დღის წინ, პოპ-მომღერალმა რიანამ რონალდუსთან გადაღებულ სურათს მიაწერა – მე ბევრი გეი მეგობარი მყავსო.

დიახ, დიახ, სინამდვილში პორტუგალიელი ვარსკვლავი პიდ... უკაცრავად (არ დაგვაჯარიმონ), გეია, ხოლო შეიკი გვერდში ნამდვილი სექსუალური ორიენტაციის გადასაფარად დაიყენაო.

ამის მთქმელიც თბილისში რომ ყოფილიყო, რონალდუს თაყვანისმცემელი ქართველი გოგონები ხომ თმებით ითრევდნენ?

თუმცა, ეს უფრო იმ ვერსიას ჰგავს, რომელსაც უმცირესობები შეგნებულად ავრცელებენ, აქაოდა, “ჩვეულებრივი” ბევრი ცნობილი პერსონა არისო.

გადაფარული მოვლენა

რონალდუს ჩამოსვლა ისეთი ამბავი იყო, 100 კაციდან 10-მაც შეიძლება ვერ გაიხსენოს, “რეალის” მეგავარსკვლავი რასთან დაკავშირებით ჩამოვიდა – მთავარი იყო, რომ ჩამოვიდა, დანარჩენი ამბავი დაიფარა.

ამ ფაქტმა ძალიან მაგარი აკადემიის გახსნის ფაქტიც გადაფარა. არადა, ამ აკადემიაში ბავშვები უფასოდ ვარჯიშობენ, ფორმასა და ტურნირებში მონაწილეობსითვის, აგრეთვე, შეკრებაზე გამგზავრებაში ფულს არ მოსთხოვენ.

აკადემიის გახსნაზე “დინამოს” პრეზიდენტმა, რომან ფიფია ტყუილად არ თქვა: – გაივლის წლები, აქ აღზრდილი ბავშვები თბილისის “დინამოსა” და ქართულ ფეხბურთს სახელს გაუთქვამენ. ამაში ეჭვიც არ მეპარება. საქართველოში ჩამობრძანებისთვის ჩვენს სტუმრებს მინდა მადლობა გადავუხადო.

 

პორტუგალიელი იმავე საღამოს გაფრინდა და გულშემატკივრებსა და ფოტოგადაღებისა და ავტოგრაფების მოყვარულებს მშვენიერი ემოციები დაუტოვა.

მაგრამ საქართველოსთვის ამ “დინამოს” სასწავლო ცენტრის გახსნა უფრო დიდი მოვლენა იყო, ვიდრე თუნდაც, რონალდუს ჩამოსვლა – იმ დღეს, უფასო საფეხბურთო აკადემია ამოქმედდა.

ვინ მოგვიძღვნა საჩუქარი?

იმ დღეს, კიდევ ერთი დიდი საფეხბურთო მოვლენა მოხდა: 24 წლის შემდეგ, ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდნენ თბილისის და მოსკოვის "დინამოები". ამხანაგური მატჩი ასევე ამხანაგური შედეგით, 1-1 მორჩა.

7 ივლისის უხვი საფეხბურთო მოვლენები “დინამოს” მიერ გულშემატკივრებისთვის გაღებული საოცარი საჩუქარი იყო. თუმცა, რომელი “დინამოსი” – თბილისის თუ მოსკოვის?

მართლაც საინტერესოა, როგორ მოახერხა “დინამომ” რონალდუს ჩამოყვანა, რომლის წლიური შემოსავალიც 30 მილიონ ევროს აღემატება და მსგავს ღონისძიებებში უდიდეს ჰონორარებს იღებს?

მით უფრო საინტერსოა, ეს როგორ მოახერხა კლუბმა, რომელმაც ზაფხულში ერთ-ერთი ლიდერი, მიკელ ალვარო ვერ შეინარჩუნა და ერთი ხმაურიანი ტრანსფერიც ვერ განახორციელა?

საიდან "ვითიბი" ბანკი?

შორიდან მოვუაროთ: ივნისის დასაწყისში უკრაინულმა "პრივატბანკმა" როგორც თბილისის, ასევე კიევის "დინამოს" სპონსორობაზე უარი თქვა – ეს უკანასკნელი უფრო გასაოცარი იყო, რადგან უკრაინაში სპონსორები კიევურ გრანდთან პარტნორობისთვის რიგში დგანან.

უკრაინული "ფორბსის" ცნობით, "პრივატბანკის" მთავარ აქციონერს, იგორ კოლომოისკის ფეხბურთის მიმართ ინტერესი გაუნელდა და კლუბების დაფინასებაზე სახსრების შემცირება გადაწყვიტა.

ამ დროს გამოჩნდა თბილისურ სარბიელზე "ვითიბი" ბანკი – რუსულმა გამოცემამ, “იზვესტიამ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი ხდებოდა ჩვენი "დინამოს" სპონსორი.

ამის შემდეგ ჩამოვიდა თბილისში კრიშტიანუ რონალდუ. მოსკოვის “დინამოსთან” შეხვედრა კი კარგა ხნის წინ იყო დაგეგმილი.

ჭორიკნები ამტკიცებენ თითქოს, რომალდუს ჩამოსვლა "ვითიბი" ბანკმა დააფინანსა და არა “დინამოს” მეპატრონე რომან ფიფიამ, ხოლო თბილისურ კლუბში ამ თემაზე არ ლაპარაკობენ.

ასეც რომ ყოფილიყო, ფიფიას ამაგს ესეც ვერ დააკნინებს. მან თუ რუსების ასეთ დონეზე “შეკერა” შეძლო და ჯიბეში ხელი ღრმად ჩააყოფინა, ბარაქალა მის გამჭრიახობას.

 რა მიზნები აქვთ რუსებს?

"ვითიბის" პრეზიდენტის თანაშემწეს, ვასილი ტიტოვს თუ დავუჯერებთ, შესაძლოა, ბანკმა სპონსორობა რამდენიმე სპორტულ გუნდს გაუწიოს.

- უახლოესი პროექტი თბილისის "დინამოს" მხარდაჭერა იქნება. ჩვენ კლუბებს შორის კარგი ურთიერთობის ისტორიული ტრადიცია არსებობს. ამას გარდა, საქართველოში საფეხბურთო გუნდის სპონსორობა სულ სხვა თანხასთან არის დაკავშირებული, ვიდრე - რუსეთში. ფეხბურთი ისეთი სფეროა, სადაც სპონსორობა ბრენდის ცნობადობის გაზრდის კუთხით შესაძლოა, საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდეს, - აცხადებდა ტიტოვი.

მისი თქმით, მოსკოვისა და საქართველოს კლუბებს შორის კარგი ურთიერთობაა და ისტორიული ტრადიციებიც არსებობს. ამასთან, საქართველოში, საფეხბურთო გუნდის სპონსორობა, რუსეთისგან განსხვავებით, სულ სხვა თანხასთან არის დაკავშირებული.

მაგრამ, სპონსორობის თაობაზე თბილისისა და მოსკოვის "დინამოების" შეხვედრის შემდეგ დაანონსებული პრესკონფერენცია დაპირებად დარჩა. კითხვები კი გაჩნდა - მიზნები აქვთ რუსებს და საერთოდ, რა ხდება?

ცნობილი გამოთქმის პერეფრაზირება რომ გავაკეთოთ, ქართველების გულისკენ მიმავალი გზა პურზე და სანახაობაზე გადის. ბევრი ფიქრობს, რომ რუსებმა სწორედ ეს ფაქტორი გაითვალისწინეს და ურთიერთობების აღდგენა ქართველებისთვის უაღრესად მგრძნობიარე თემით, ფეხბურთით დაიწყეს.

გასათვალისწინებელია, რომ ვასილი ტიტოვი მოსკოვის "დინამოს" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა. მთავარი კითხვაა –რატომ უტრიალებენ ყველაზე ისტორიულ ქართულ კლუბს? თბილისის “დინამოს” საკონტროლო პაკეტის შესყიდვა სურთ თუ მისი ეს-ენ-გე-ს გაერთიანებულ ჩემპიონატში მონაწილეობაზე დათანხმება?

თარსი კატა, შავი კატა

მატჩამდე და მის შემდეგაც იყო ბევრი თბილის სიტყვა და ქართულ-რუსული ურთიერთობების აღდგენის ფრთხილი მცდელობა.

მაგრამ იყო ინციდენტებიც: "დინამო არენაზე" სტუმართა ფანებმა იმპერიალისტური დროშები გამოფინეს, რაც თბილისური კლუბის გულშემატკივრებმა გააპროტესტეს, მეორე ტაიმის დასაწყისში, ტრიბუნები დატოვეს და მოსკოველებს დროშების ჩამოხსნა მოსთხოვეს.

საბოლოოდ რუსებმა მდგომარეობა არ გაამწვავეს, დროშები ჩამოხსნეს და მატჩიც მშვიდობიანად დასრულდა. მაგრამ მერე “ნაციონალმა” ახალგაზრდებმა "დინამოს" სტადიონთან რუსეთის "დუმის" წევრების საქართველოში ჩამოსვლა გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეები განსაკუთრებით მოსკოვის “დინამოს” პრეზიდენტის, КГБ-სა და Фсб-ს გენერალ-ლეიტენანტის, გენადი სოლოვიოვის ჩამოსვლამ აღაშფოთა, ეს კაცი საქართველოს მუდამ ლანძღავდაო.

მაგრამ რუსეთის დეპუტატების ჩამოსვლის გაპროტესტება იყო კი აქციაზე გასულთა რეალური მიზანი? მაგრამ მათ რონალდუს ჩამოსვლა მაინც ვერ გადაფარეს.