უზენაესმა სასამართლომ ადვოკატი მამუკა ნოზაძე გაამართლა

უზენაესმა სასამართლომ ადვოკატი მამუკა ნოზაძე გაამართლა

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უახლეეს დღეებში, ადვოკატი მამუკა ნოზაძე უზენაესი სასამართლოს 26 ივლისის გადაწყვეტილებას გადააგზავნის, რომლითაც ადვოკატ ნოზაძის საჩივარი დაკმაყოფილდა - უზენაესმა სასამართლომ ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას ნოზაძისადმი დაკისრებული დისციპლინარული სახდელის გაუქმება და საკითხის ხელახლა შესწავლა დაავალა. ამ სიახლის შესახებ for.ge-ს მამუკა ნოზაძემ აცნობა.

საქმე ისაა, რომ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება, ადვოკატ ნოზაძის გარდა უკავშირდება ევროპული სასამართლოს განსახლველი საქმეთა სიიდან იმ საჩივრების ამორიცხვას, რომელზეც ევროპულ სასამართლოს განხილვის ეტაპი უკვე დასრულებელი ჰქონდა - ესაა ადვოკატ მამუკა ნოზაძის დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრების საქმეები, რომელთაც ციხის ჯალათებად ცნობილმა პირებმა საჩივარზე უარი ძალადობითა და მუქარით ათქმევინეს. ამ საკითხის ირგვლივ ჩვენს ვებ-გვერდზე 21 ივლისს გამოქვეყნდა სათაურით - „უზენაესი სასამართლო „დასჯილი“ ადვოკატის საჩივარს განიხილავს“. მამუკა ნოზაძის თქმით, უზენაესი სასამართლოს 26 ივლისის გადაწყვეტილებამ განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხული საჩივრების ბედი შეიძლება შეცვალოს.

ევროპულმა სასამართლომ პატიმართა საჩივრები განსახილველ საქმეთა სიიდან 2012 წლის აპრილში ამორიცხა და გადაწვეტილებაში მიუთითა, რომ ადვოკატმა ნოზაძემ ევროსასამართლოში წერილები, თითქოსდა, მისი დაცვის ქვეშ მყოფებთან შეუთანხმებლად გაგზავნა და ამით ევროპული სასამართლო შეცდომაში შეიყვანა. ამის შემდეგ ჟურნალ „ტაბულაში“ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სტატია გამოქვეყნდა, რის შემდეგაც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო შეიკრიბა და ეთიკის კომისიას საკითხის შესწავლა დაავალა. მამუკა ნოზაძე ამბობს, რომ კომისიამ საქმის შესასწავლად განსაზღვრული ერთთვიანი ვადა დაარღვია და გადაწყვეტილება რვა თვის შემდეგ გამოიტანა, რომლითაც მას გაფრთხილების სახით დიცისპლინარული სახდელი დაადეს.

ადვოკატმა უზენაეს სასამართლოს საჩივრით მიმართა. ახლა ამბობს, რომ უზენაეს სასამართლოს სადისციპლინო საბჭოს აქამდე, არც ერთი საჩივარი არ დაუკმაყოფილებია - „ესაა პირველი შემთხვევა, როცა საჩივარი დაკმაყოფილდა, რადგან ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელი იყო. ეთიკის კომისიამ დაარღვია „ადვოკატთა შესახებ“ კანონი და ადვოკატთა ეთიკის კოდექსი, რომლითაც მოქმედებს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია. დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში კონკრეტულად იქნება მითითებული, თუ როგორ დაირღვა განხილვის ვადები და ის პროცედურები, რაც კანონით რეგულირდება. 26 ივლისის გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ მე ევროპული სასამართლო შეცდომაში არ შემიყვანია და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებთან შეუთანხმებლად ევროპულ სასამართლოში დოკუმენტაცია არ გადამიგზავნია“, - ამბობს მამუკა ნოზაძე.

მისივე განმარტებით, ეთიკის კომისიაში მანკიერი პრაქტიკაა დამკვიდრებული და კანონის დარღვევას სისტემატიური ხასიათი აქვს.

„ამიტომ, უზენაესი სასამართლოს 26 ივლისის გადაწყვეტილების შემდეგ ნებას იბოძებენ და ადვოკატთა უფლებებს აღარ შელახავენ. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ გარდა პროცედურული დარღვევისა, სახეზე იყო ადვოკატის საქმიანობაში უხეში ჩარევა, მაშინ, როცა, ადვოკატი დამოუკიდებელია და მხოლოდ კანონს ემორჩილება. უზენაესმა სასამართლომ ამ მხრივაც მნიშვნელოვანი დასკვნა გააკეთა, ჩემი მოტივაციის გათვალისწინებით. ეთიკის კომისია ცდილობს ადვოკატები მართულნი იყვნენ, რაც არ გამოუვათ.

საქართველოს მთავრობა არაეთიკურად მოიქცა. კერძოდ, ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებები ჯერ მე არ მქონდა ჩაბარებული და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის მოადგილემ, გოჩა ლორთქიფანიძემ ფარულად და უკანონოდ მოპოვებული გადაწყვეტილებები ევროპულ სასამართლოში გადააგზავნა. ამის დამადასტურებელი მტკიცებულელები ევროპულ სასამართლოში 6 ივნისს გადავაგზავნე. ყველაფერ ამაზე ევროპული სასამართლო საქართველოს მთავრობას წერილობით კომენტარს სთხოვს“, - აცხადებს მამუკა ნოზაძე. მისივე აზრით, ეს მოხდა ეთიკის კომისიის წევრების, ან წევრის არაეთიკური წევრების მეშვეობით.

for.ge დაინტერესდა უზენაესი სასამართლოს 26 ივლისის გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს თუ არა ევროპული სასამართლოს განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხულ კონკრეტულ საქმეებზე, რაც ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ ასე განმარტა:

„ამ გადაწყვეტილებამ ამორიცხულ საქმეებზე დადებითი გავლენა შეიძლება იქონიოს. კერძოდ, მომჩივნები ევროპულ სასამართლოში საქმის განახლებას ითხოვენ და მათ მოთხოვნას უზენაესი სასამართლოს 26 ივლისის გადაწყვეტილება დადებითად წაადგება, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ წარსულში ამგვარი რა მოხდა - სიიდან ამორიცხული საქმეები ევროპულმა სასამართლომ განაახლა“.