კახა დევდარიანი: „ბიჭებმა ფუტსალში “ჯაყოს ხიზნები” მოინდომეს“

კახა დევდარიანი: „ბიჭებმა ფუტსალში “ჯაყოს ხიზნები” მოინდომეს“

ბოლო წლებია, საქართველოს ფუტსალზე დაპირისპირებების ამბები უფრო ისმის, ვიდრე წმინდა სპორტულ მოვლენები. ორიოდე დღის წინ მორიგმა კონფლიქტმა ფუტსალის ასოციაციის (სფა) გახლეჩვა გამოიწვია.

თემა იმდენად არის საინტერესო, რამდენადაც ჩვენს საზოგადოებაში არსებულ პრობლემებს ასახავს და წარსულში მომხდარის გამოძახილია.

ჯერ მოკლედ ცნობილ ამბებზე: სფა-ს მორიგ ყრილობაზე, დელეგატებს ასოციაციის პრეზიდენტის ლევან ცქიტიშვილის ფინანსური ანგარიში უნდა მოესმინათ. თუმცა, სფა-ს გამგეობის წევრის, გიორგი დარჯანიას ინფორმაციით, პრეზიდენტი თანამდებობიდან გადააყენეს.

 “ცქიტიშვილი კონფერენციაზე არ გამოცხადდა და ამის შესახებ წინასწარ დელეგატებსაც არ აცნობა. რამდენიმე თვეა, ასოციაციის გამგეობის წევრები და დელეგატები უშედეგოდ ითხოვენ ცქიტიშვილისგან, წარადგინოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ფუტსალისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების გახარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტები. მათზე ცქიტიშვილს რეაგირება არ მოუხდენია. შედეგად, კონფერენციაზე მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგა, დელეგატებმა კი ფარული კენჭისყრით გადააყენეს. მომდევნო არჩევნებამდე პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი ლევან გრიგოლია შეასრულებს” – აცხადებს დარჯანია.

მოვლენები მოულოდნელი სცენარით განვითარდა. პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ სფა-ს საპატიო პრეზიდენტმა კახა დევდარიანმა, გენერალურმა მდივანმა ბექა კვიციანმა, ვიცე-პრეზიდენტმა აკა ქავთარაძემ, ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა, ავთანდილ ასათიანმა და პეტრე თაბუკაშვილმა, ცქიტიშვილთან ერთად, სფა-ს ალტერნატიულ ორგანო, “საქართველოს ფუტსალის კავშირი” დააფუძნეს.

ამ გაუთავებელი დაპირისპირებების გამო, გულშემატკივრები ორივე მხარეს დაუპირისპირდა, რაც ფორუმებში მათი რეპლიკებიდანაც ჩანს:

„ან გაერთიანდით და ერთად აკეთეთ ქართული ფუტსალისთვის საქმე, ან დაანებეთ ამ სახეობას თავი და ფუტსალი ქართული სპორტის ჩამონათვალიდან ამოიღეთ. 15 წელია, სულ 10 კაცი ჭამს ერთმანეთს, სირცხვილია!“

„აი, ეს არის ქართული ფეხბურთის სახე... საქმე ყველას ცალ ფეხზე კიდია, მარტო ჯიბეების გასქელებაზე ფიქრობენ, სხვა არ აინტერესებთ!“

რა უბედურება ხდება ამ ციდა სამყაროში, რომელიც 2000 კაცს თუ ითვლის? ფუტსალის ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი, კახა დევდარიანი ამბობს, რომ უმცირესობა უმრავლესობის გაყრას უკანონოდ შეეცადა:

ახალი ორგანიზაცია რატომ ჩამოაყალიბეთ?

- ხომ წაგიკითხავთ “ჯაყოს ხიზნები”? ზუსტად ასეთ საქმესთან გვაქვს შეხება. ამას ღრმა ფესვები აქვს. ფუტსალი პოლიტიკოსებისთვის ისეთივე შეუღწეველი სფერო იყო, როგორც ფილმ “მე-13 კვარტალშია”, ფრანგული პოლიცია რომ ვერ შედიოდა.

მაგრამ 2009 წელს, შანტაჟით, მუქარითა და ვანო მერაბიშვილთან დაახლოებულ პირთა ხელშეწყობით, “ნაციონალების” მოყვანილმა ზვიად სიჭინავამ მაიძულა, ფედერაციის პრეზიდენტობაზე უარი მეთქვა.

ხელისუფლება შეიცვალა და აღარავინ გვაშანტაჟებს. ერთი თვის წინ, პრესკონფერენციაზე 2009 წლის მოვლენები გავიხსენე და სიჭინავას გადადგომა მოვითხოვე. ამის შემდეგ დაიწყო ჩვენს წინააღმდეგ ფარული მოძრაობები და ჩვენი მარგინალიზაციის მცდელობა.

ყოველთვის ვერიდებოდი შიდა პრობლემების გარეთ გატანას, რადგან ამას უეფა-ფიფა ითხოვს. ვცდილობდი, პრობლემები უხმაუროდ, ადამიანურად მომეგვარებინა და შერიგებისკენ ნაბიჯი გადამედგა. მაგრამ სფა-ს თვითმარქვია ყრილობის თვითმარქვია დელეგატებმა ლევან ცქიტიშვილი პოსტიდან უნამუსოდ გადააყენეს. ეს უკვე მეტისმეტი იყო და ვეღარ მოვითმენთ.

ესეც სამი წლისწინანდელი მოვლენების “გმირთა” ხელით გაკეთდა. თვითმარქვია ყრილობით კი, შეეცადნენ, ჩვენი საქმიანობისთვის წერტილი დაესვათ.

ამიტომ იყო საჭირო ახალი ჯანსაღი ორგანიზაცია, რომელშიც გაერთიანდებოდა ფუტსალის სამყარო და არა - ინტრიგანები და მედროვეები.

ეს ხალხი თავად გდებთ ბრალს, რომ სანაკრებო მივლინებების დროს, 6130 ლარის ხარჯვა ვერ დაასაბუთეთ.

- ესეც სიცრუეა, რადგან ივნისის ბოლოს, სფა-ს ვიცე-პრეზიდენტს, ირაკლი ქავთარაძეს და ფინანსურ მენეჯერს, მზია კალანდარიას სფფ-ში საბოლოო კონსულატაცია უნდა გაევლოთ. საეჭვოა ისიც, რომ ყრილობის დღის წესრიგში იდგა ფინანსური საკითხი და კალანდარიას მიწვევა არ ისურვეს. თქვენი აზრით, ეს ნორმალურია? ან საშეჯიბროს უფროსმა, ქალბატონმა ნინო ნებიერიძემ რატომ არ მიაწოდა ყრილობას ინფორმაცია კლუბების მიერ ბოლო ჩემპიონატში ჩარიცხულ თანხებზე?

დღეს პირველად ვაცხადებ: საქართველოს წლევანდელმა ჩემპიონმა და ოთხთა ფინალის მონაწილე “იბერია სტარმა” სფა-ს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობისთვის საწევრო 5 000 ლარი არ გადაუხადა. თუმცა 2012 წლის სექტემბრიდან 2013 წლის მაისის ბოლომდე გვპირდებოდა.

ქართული ფუტსალის ბედს ეს 5 ათასი წყვეტდა?

- წყვეტდა, რადგან  ჩვენი ფუტსალი იმდენად ღარიბია, რომ ამ დანაკლისის გამო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ჩაშლის პირას აღმოჩნდა. კლუბის ავტორიტეტს ვუფრთხილდებოდით, არაფერს ვამბობდით და იძულებული გავხდით, დახმარებისთვის სპორტის სამინისტროსთვის მიგვემართა.

დავუბრუნდეთ ყრილობას, სადაც რამდენიმე წესი დაირღვა. კანონში პირდაპირ წერია, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში, პარტნიორთა საერთო კრება წელიწადში ერთხელ ტარდება. კრების მოწვევის თაობაზე ყველა პარტნიორს უნდა შეატყობინონ, რასაც ადრესატი ოფიციალურად უნდა ადასტურებდეს.

რა მოხდა ჩვენს შემთხვევაში? ყრილობას ფუტსალის ასოციაციის გამგეობის 8 წევრიდან მხოლოდ 2 დაესწრო, 6 წევრს კი შეტყობინება არ მიგვიღია და ბუნებრივია, არც დღის წესრიგი ვიცოდით.

საინტერესოა, რომ ფუტსალის ასოციაციის ყრილობაზე არ მიგვიწვიეს (?!) პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები, ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების მწვრთნელები, ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე გუნდების ნაწილი და მხოლოდ მომხრეებს დაუძახეს.

ამ თვითმარქვიებმა საზოგადოებას გასცენ პასუხი, რით ახსნიან იმ ფაქტს, რომ ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტები და საპატიო პრეზიდენტი 24 ივლისს, გაზეთით შევიტყვეთ, რომ ყრილობა იყო დანიშნული?!

კანონის თანახმად, ყრილობას პრეზიდენტი უნდა გაძღოლოდა, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში - ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი. არც ერთი ასეთი პიროვნება შეკრებას არ ესწრებოდა.

ლევან გრიგოლია ხომ არის ვიცე-პრეზიდენტი?

- ეს მათ გამოაცხადეს, მაგრამ როგორ და როდის მიიღო ეს პოსტი, ამის დასაბუთება მოუწევთ. სამეწარმეო და საჯარო რეესტრში გარკვევით წერია ასოციაციის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტების გვარები, გრიგოლია და დარჯანია კი გამგეობის რიგითი წევრები არიან. სხვათა შორის, დარჯანია ფუტსალში 2009 წლიდანაა. ის ერთდროულად გახლდათ ფუტსალის გამგეობის წევრი, “იბერია სტარის” დირექტორი და პლუს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფუტსალის კოორდინატორი. ფიფა-უეფა-ს რეგულაციით, ამ თანამდებობების შეთავსება დაუშვებელია.

კი, ბატონო, ფუტსალშია ნინო ნებიერიძე, რომელიც მე მოვიყვანე და 2012/13 წლებში საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელად გავუწიე რეკომენდაცია. მაგრამ საიდან გახდა ყრილობის დელეგატი ჟურნალისტი ალეკო  ლეჟავა?

რუსთავი 2”-ის სიუჟეტში მითითებული იყო, რომ ის ფუტსალის ასოციაციის დამფუძნებელია.

- რაც თავი მახსოვს, ფუტსალში ვარ, მაგრამ ვერც ლეჟავას დამფუძნებლობას ვიხსენებ და ვერც გრიგოლიას ვიცე-პრეზიდენტად არჩევას. გარდა ამისა, ყრილობას ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორები არ ესწრებოდნენ და გადაწყვეტილებები არაუფლებამოსილმა პირებმა მიიღეს.

სატელევიზიო სიუჟეტებში ვცდილობდი, დელეგატები ამომეცნო და მხოლოდ რამდენიმე გამახსენდა – ასეთმა ხალხმა გადაწყვიტა ფუტსალის საკითხების გარჩევა. ეს არის ფუტსალში “ჯაყოს ხიზნობა”.

მათ ყრილობის გამართვის უფლება რომ არ ჰქონდათ, ამიტომ იყო, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მათი დადგენილების სარეგისტრაციო წარმოება რომ შეაჩერა და 30 დღეში თავის შეცდომას არ გამოასწორებენ, ამ ე.წ. დელეგატებს და მათ წამქეზებლებს ცუდი დღე ელით.

ეს რას ნიშნავს?

- ეს უახლოეს დღეებში გამოჩნდება, რადგან ამ საქმეს ცუდი სუნი უდის. ჯერ იმიტომ, რომ ე.წ. დელეგატთან უმრავლესობას, ფუტსალთან შეხება არც აქვს და შესაბამისად, არც გადაწყვეტილებების მიღების უფლება ჰქონდათ, რაც დანაშაულია. ჩვენი ადვოკატი ნინო ნიშნიანიძე ნებიერიძეს დაუკავშირდა და ყრილობის სრული დოკუმენტაცია მოსთხოვა. მაგრამ მან უარი თქვა, საბუთების გამოთხოვნა ნოტარიული წესით არ არის დამტკიცებულიო. თუ ყველაფერი წესრიგშია, რას მალავს და წელავს? სამეწარმეო რეესტრში მოვიპოვეთ ცნობა, რომ ყრილობას თავმჯდომარეობდა გამგეობის ერთ-ერთი წევრი, მაგრამ ვინ, არაა მითითებული. კრების ოქმით არ დგინდება რამდენმა დელეგატმა დაუჭირა მხარი დღის წესრიგით განსახილვევლ საკითხებს და ა.შ.

მეეჭვება, ეს და სხვა შეცდომები გამოასწორონ. ამ ხალხმა, სკამების გულისთვის, ყველაფერი იკადრა. ფაქტობრივად, ფუტსალის წართმევა მოინდომეს. მათ ნამოქმედარს ნაციონალების პერიოდში ქონების წართმევის ფაქტებს შევადარებდი, როდესაც სრულიად უცნობი მეპატრონეები ჩნდებოდნენ.

ფაქტია, რომ ამ ყრილობის ლეგიტიმაცია ვერ მოხდება. მათ საჯარო რეესტრში საკადრისო პასუხი უკვე გასცეს. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამ თვითმარქვია ყრილობას ფედერაციის წარმომადგენელი ესწრებოდა და ამ უკანონობაზე ხმა არ ამოუღია – გამოდის, ფედერაციაც დანაშაულის თანამონაწილეა. ამისთვის ფედერაციას პასუხი მოეთხოვება.