ყვარელში, ილიას ტბის მიმდებარედ სასტუმრო „როიალ ბატონი“ გაიხსნა, რომელიც "საპარტნიორო ფონდის" და კომპანია „ვინივერია ჯგუფის“ ერთობლივი დაფინანსებით აშენდა. თბილისიდან 150 კილომეტრის დაშორებით, მაღალი პოტენციალის ტურისტულ ზონაში განხორციელებული ინვესტიციის მთლიანი მოცულობა 2,3 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა. გახსნის ცერემონიალს ეკონომიკის მინისტრი, ვიცე–პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია დაესწრნენ.
სასტუმრო 31 ნომრისგან შედგება. მათ შორისაა 4 ლუქსის ტიპის და 27 სტანდარტული ნომერი. სასტუმროს ინფრასტრუქტურა მოიცავს ბარს, რესტორანს (150 პერსონაზე), 20 მეტრის სიგრძის ღია აუზს, „დუპლექსის“ ტიპის სიგარა ოთახს, ღია ვერანდებს და ღვინის მარანს. სასტუმროში დასაქმებულთა აბსოლუტური უმრავლესობა, კონკურსის წესით, „ვინივერია ჯგუფმა“ ადგილობრივი მოსახლეობისგან შეარჩია. სასტუმრო ორგანულად ეწერება ადგილობრივ ლანდშაპში და ყვარლის ტბის მიმდებარე ტურისტული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება.
სასტუმრო „როიალ ბატონი“ რიგით მეორე ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც საპარტნიორო ფონდის დაფინანსებით დასრულდა. 2013 წლის აპრილში ახალციხეში ფუნქციონირება დაიწყო 38-ნომრიანმა სასტუმრომ. ახალციხეში, ციხე რაბათის მიმდებარედ განთავსებული სასტუმრო „ჯინო ველნესის“ პროექტი საპარტნიორო ფონდმა 2,4 მლნ აშშ დოლარის მოცულობის კონვერტირებადი სესხით დააფინანსა.
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ინფორმაციით ფონდი ტურიზმის განვითარების მიმართულებით კიდევ რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტში მონაწილეობს. კერძოდ, ესენია: ხუთვარსკვლავიანი „რიქსოსის“ სასტუმრო ლიკანში (სპა–კურორტი), რომლის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 38 მლნ აშშ დოლარია და ასევე, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „რედისონი“ წინანდალში 16,8 მლნ აშშ დოლარის საინვესტიციო ღირებულებით.
ეკონომიკის მინისტრის, ვიცე–პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, „როიალ ბატონის“ მსგავსი ობიექტების სიმრავლე ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას. „წლის დასაწყისიდან საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა 25%–ით არის გაზრდილი, რაც ზრდის კარგი მაჩვენებელია. ასეთ ნაკადს რომ მომზადებული შევხვდეთ, თანამედროვედ ინფრასტრუქტურირებული ტურისტული ობიექტების სიმრავლე იქნება აუცილებელი. მივესალმებით და ყოველმხრივ მხარს ვუჭერთ საპარტნიორო ფონდის მისიას, რომელიც საწყის წამახალისებელ ინვესტიციებს ახორციელებს კერძო სექტორის ინიციატივების ხელშესაწყობად“, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, საპარტნიორო ფონდის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საინვესტიციო მიმართულება ტურისტული ინფრასტრუქტურაა. „ჩვენი მიდგომაა ხელი შევუწყოთ იმ პროექტებს, რომლებიც რეგიონებში ხორციელდება და მაღალი ტურისტული პოტენციალით გამოირჩევა. სასტუმრო „როიალ ბატონი“ კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ითანამშრომლოს სახელმწიფომ და კერძო სექტორმა. ვფიქრობ, ყველა ეს პროექტი, სასტუმროები ახალციხეში, ყვარელში, წინანდალსა და ლიკანში, სწორედ ასეთი პოტენციალით ხასიათდებიან. ფონდის საინვესტიციო პრინციპია პროექტების დაფინანსება, მათი დასრულება და ექსპლუატაციაში გაშვება და შემდგომ პროექტიდან გამოსვლა. ასეთი პრეცედენტი უკვე გვაქს, აქ, ყვარელში და ახალციხის „ჯინო ველნესის“ სასტუმროში, სადაც უცხოელმა ინვესტორმა, კერძოდ, სლოვაკეთის ექსპორტ–იმპორტის ბანკმა ჩაგვანაცვლა. თავის დროზე, როდესაც ბიზნეს–სექტორთან ერთად შევარჩევთ მისაღებ და საიმედო ინვესტორს, ასევე მოხდება წინანდლისა თუ ლიკანის სასტუმროებთან მიმართებაში. ფონდი ინფრასტრუქტურული პროექტების შერჩევისას განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს იმ ფაქტორს, გახდება თუ არა განხორციელებული ინვესტიცია რეგიონში ტურისტული ინფრასტუქტურის განვითარების ბიძგის მიმცემი. ვფიქრობ, ამ კუთხითაც 4–ვე პროექტი სწორად და მართებულადაა შერჩეული“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ