ბიზნესმენი კობა კილაშვილი საკუთარი ქონების დაბრუნებისთვის ბრძოლას იწყებს. მან მთავარ პროკურორს განცხადებით ორჯერ მიმართა. მოგვიანებით მიიღო პასუხი, რომ მისი საქმე ქალაქის პროკურატურას გადაეცა. ბიზნესმენი ერთხელ შეხვდა გამომძიებელ დავით ძნელაშვილს, თუმცა ეს იყო მხოლოდ ზედაპირული საუბარი, არანაირი დოკუმენტი (ოქმი) არ გაფორმებულა. 27 მარტს მისივე ხელმოწერით მიიღო წერილი, რომელშიც გამომძიებელი მიუთითებდა, რომ განცხადებაში მოყვანილი გარემოებები საკმარისი არ იყო.
2004 წელს შპს „რადიომაუწყებლობა ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის“ დაფუძნდა. 60% - ს კობა კილაშვილი ფლობდა, 20% - ს ფონდი „საქართველოს ბავშვთა ფედერაცია“ და დარჩენილ 20% - ს მოქალაქე ციური ბაბილოძე. საერთო სპეციალიზებულ რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსი 2004 წლის 10 დეკემბერს გამოცხადდა. 2005 წლის 11 მარტს გაიმართა კონკურსი და როგორც გამარჯვებულებმა ლიცენზია მიიღეს. რადიო ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის სახელწოდებით „ახალი ტალღა“ 2005 წლიდან 2007 წლამდე მაუწყებლობდა „FM 97,1“ რადიო სიხშირეზე. პარალელურად ფუნქციონირებდა ნორჩ ჟურნალისტთა სკოლა.
2007 წლის 21 თებერვალს კობა კილაშვილს ტელეფონით დაუკავშირდა ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე,(რომელიც დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის აპარატის უფროსია), რომელმაც კულტურის მინისტრის მოაგილის ლადო ვარძელაშვილის ე.წ. შემოთავაზება გადასცა - ყოველგვარი ზედმეტი ხმაურის გარეშე, საკუთარი ნებით უნდა გადაეფორმებინა შპს-ს 100% მათ მიერ განსაზღვრულ პირზე, თანაც მიანიშნა, რომ ეს მხოლოდ შემოთავაზება არ იყო და რომ მისი მიუღებლობის შემთხვევაში, მოვლენები მისთვის და სხვა მეწილეებისთვის არასასიამოვნოდ განვითარედებოდა.
სიტუაციის სერიოზულობის გათვალისწინებით, კობა კილაშვილმა შემდგარი საუბრის თაობაზე საქმის კურსში ჩააყენა თანადამფუძნებლები და რადიოს ადმინისტრაცია. იმ პერიოდში, ქონების უკანონო, ძალისმიერი ფორმით წართმევაზე საზოგადოებაში ხმები უკვე აქტიურად იყო გავრცელებული. რადიოს მესაკუთრეები შეეცადნენ კანონიერი საშუალებების გამოყენებით შეენარჩუნებინათ ქონება, მაგრამ მათ ერთმნიშვნელოვნად მიუთითეს, რომ ეს შეუძლებელი იქნებოდა, რადგან რადიოს ხელში ჩაგდებით გავლენიანი მაღალჩინოსნები იყვნენ დაინტერესებულნი და, რომ ყველა მცდელობა უნაყოფო და მათთვის საზიანო იქნებოდა.
აღსანიშნავია, რომ რადიოს გადაფორმებაზე ლადო ვარძელაშვილის წარმომადგენელ ირაკლი ნადირაძესთან რამდენიმე შეხვედრა შედგა. მოლაპარაკება კილაშვილთან მისივე სამუშაო ოთახში მინდინარეობდა. ნადირაძესთან ერთად მოლაპარაკებაში ჩართული იყო დავით იმედაშვილი, რომელიც ასევე ვარძელაშვილის ნდობით აღჭურვილი პირი იყო. სწორედ იმედაშვილი იყო რადიოს საქმიანობითა და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობით დაინტერესებული, რადგან ამ ყველაფრის მოთავედ მათ მიერ ლადო ვარძელაშვილი იყო დასახელებული.
4 თვიანი უშედეგო ბრძოლის შემდეგ კილაშვილმა გადაწყვიტა ოფიციალურად შეხვედრა ვარძელაშვილთან და მასთან გაერკვია, რატომ ართმევდნენ მას კუთვნილ ბიზნესს. თუმცა, მისი ყველა მცდელობა უშედეგოდ აღმოჩნდა, ვინაიდან მინისტრმა ვარძელაშვილმა არ ისურვა მასთან ამ საკითხზე შეხვედრა. შეხვედრის სანაცვლოდ ვარძელაშვილმა მისივე მოადგილის პირით კილაშვილს შეუთვალა: „ჯერ რადიო გადააფორმეთ, ამის მერე კი შეხვედრაც შედგებაო“.
2007 წლის 18 მაისს რადიოს დამფუძნებლები დაიბარეს სანოტარო ბიუროში, ნოტარიუს თინათინ დევდარიანთან. ადგილზე დაახვედრეს ხელმოსაწერად წინასწარ გამზადებული დოკუმენტები, მათ შორის, წილის გადაფორმების თაობაზე ფონდ „საქართველოს ბავშვთა ფედერაციის“ გამგეობის თითქოსდა გამართული სხდომის ოქმი და სანოტარო აქტები წილების გადაფორმების შესახებ, რასაც დამფუძნებლებმა ხელი იძულების წესით მოაწერეს.
აღსანიშნავია, რომ წილის დათმობის შესახებ ხელშეკრულებაზე მეორე მხარედ მითითებული იყო კახი ბექაური, თუმცა თავად ბექაური ნოტარიუსში არ ყოფილა. მოგვიანებით მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში ჩნდება ჩანაწერი, რომ შპს-ს 100%-იანი წილის მფლობელია ვინმე დავით იმედაშვილი. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მოგვიანებით მასაც დაათმობინეს წილი.
რადიოს გადაფორმება ისე მოხდა, რომ არანაირი საკომპენსაციო თანხა რადიოს კანონიერ მესაკუთრეებს არ მიუღიათ. ამას დაემატა ისიც, რომ დაიტოვეს რადიომაუწყებლობის ფუნქციონირებისთვის საჭირო აპარატურის სრული კომპლექტი და რაც მთავარია, უკვე პროფესიონალებად ჩამოყალიბებული ახალგაზრდა ჟურნალისტები, ტექნიკური პერსონალი, მოუბოდიშებლად დაითხოვეს სამსახურიდან.
როგორც კობა კილაშვილი ამბობს, პერიოდულად მისდიოდა ინფორმაცია რადიოს მეპატრონეების ცვლის თაობაზე. დღეის მდგომარეობით რადიოს სიხშირის მფლობელია გიორგი კორახაშვილი, რომელიც ასევე გახლავთ ტელეკომპანია „იმედის“ ხოლო ამჟამად რადიო „აფხაზეთის ხმის“ მესაკუთრე. სამწუხაროდ, ამხელა დროის გასვლის მიუხედავად, კორახაშვილს არ უგვრძნია სულ მცირე უხერხულობაც კი იმის გამო, რომ უკანონოდ მიღებული ქონება კანონიერი მფლობელისთვის გადაეცა. მეტიც, კორახაშვილი თვლის, რომ ის კეთილსინდისიერი მყიდველია.
რადიოს კანონიერი მესაკუთრე კობა კილაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ კორახაშვილმა პირად საუბარში განუცხადა, - მისთვის უცნობი იყო თუ რადიო წართმეული იყო კანონიერი მესაკუთრისთვის, შესაბამისად თვლის, რომ კეთილსინდისიერი მყიდველია. რამდენად არის კეთილსინდისიერი მყიდველი, ამას, როგორც კილაშვილი აცხადებს გამოძიება გაარკვევს.
კობა კილაშვილი: 2006 წელს დაიწყო ჩემი ბიზნესით დაინტერესება. ლადო ვარძელაშვილი, რომელიც ამ ბიზნესის წართმევაში მონაწილეობდა, ჩემზე ჰქონდა გავლენა. მე ვიყავი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის უშუალო დაქვემდებარებაში ვიყავი, ჩემი უშუალო კურატორი იყო ვარძელაშვილი. მოვიდა მისი მოადგილე და მითხრა, რომ თქვენით ძალოვანები არიან დაინტერესებული, თუ არ გინდა პიროვნული პრობლემები შეგექმნას რადიო უნდა გადაგვიფორმო, დაწერო განცხადება და სამსახურიდან უნდა წახვიდეო. 4 თვის განმავლობაში ვუწევდი წინააღმდეგობას. ვითხოვდი ლადო ვარძელაშვილთან შეხვედრას და არ შემხვდა.
4 თვის შემდეგ თქვენ მაინც მიიღეთ გადაწყვეტილება და თქვენი ბიზნესი გადააფორმეთ ვარძელაშვილთან დაახლოებულ პირებზე...
- სხვა გამოსავალი არ იყო. მოხდა ისე, რომ ახალი ბიუჯეტი დამტკიცდა. ჩვენ კი ბიუჯეტიდან საერთოდ ამოგვაგდეს. 2007 წელს უკვე ნულოვანი დაფინანსება ჰქონდა ორგანიზაციას. ყველანაირად გვავიწროვებდნენ. პარალელურად ჩემთან მოდიოდა ვარძელშვილის მოადგილე ირაკლი ნადირაძე და ვარძელაშვილთან დაახლოვებული პირი დავით იმედაშვილი, რომელიც ლადოს მეჯვარეა. სწორედ ეს იმედაშვილი ხელმძღვანელობდა რადიოს გადაბარების პროცესს. ამას დაადასტურებს რადიოს ყველა თანამშრომელი.
თუ სცადეთ, რომ საქმის კურში ჩაგეყენებინათ მაშინდელი კულტურის მინისტრი?
- ვეცადე, რომ კულტურის მინისტრზე გავსულვიყავით. მაშინ მინისტრი იყო გოკა გაბაშვილი ჩვენს საერთო ახლობელს ვთხოვე დახმარება მაგრამ, იქიდან შემომითვალეს, რომ მინისტრი არაფერს არ წყვეტს და უხერხულ მდგომარეობაში ნუ აყენებთ მინისტრსო. დავინახე, რომ ამ სიტუაციაში არ შეიძლებოდა ამათთან ბრძოლა.
თქვენ გაგაფრთხილეს, რომ რადიოს ხელში ჩაგდებით გავლენიანი მაღალჩინოსნები იყვნენ დაინტერესებული. კვალი ვისთან მიდიოდა?
- გიორგი კორახაშვილისა და ვანო მერაბიშვილის ურთიერთობა ყველასათვის ცნობილია. ვარძელაშვილის მოადგილეზე რადიოს გადაფორმება ეს იყო შუალედური პლაცდარმი. მერე მოხდა ამ რადიოს გაჩერება და ამის შემდეგ მოხდა სიხშირის გადაყიდვა როგორც კეთილსინდისიერ მყიდველზე. მაგრამ რამდენად კეთილსინდისიერი მყიდველია გიორგი კორახაშვილი ეს კიდევ მეორე საკითხია. რადიოს სიხშირე გაიყიდა 5 330 ლარად. ეს არის 1 საათის სარეკლამო დრო.
წილის დათმობის შესახებ ხელშეკრულებაზე მეორე მხარედ მითითებული იყო კახა ბექაური, თუმცა თავად ბექაური ნოტარიუსში არ ყოფილა. თუ გქონდათ ამ საკითხზე ბექაურთან საუბარი?
- იქ კახა არ დამხვედრია და ზუსტად ამაშია საქმე. იქ დამხვდა დათო იმედაშვილი. ჩემი წილი 60% გადაფორმდა, მე ხელი მოვაწერე დოკუმენტებს. ნოტარიუსმა დაამტკიცა, რომ თითქოს, კრებას ესწრებოდა ფონდის ყველა დამფუძნებელი. ამ დროს ეს ასე არ იყო. ნოტარიუსი იყო ქალბატონი თინიკო დევდარიანი. სხვათაშორის ასეთ ანალოგიურ საქმეებზე ახლა სასამართლო პროცესი აქვს ქალბატონ თინათინს. ასეთ რაღაცეებს თინიკო დევდარიანთან აკეთებდნენ.
ყველა დოკუმენტაცია იყო გამზადებული და დოკუმენტალურად იმის დადგენაც შეიძლება, რომ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვინც თითქოს, კრებას ესწრებოდა, ამ დროს სამსახურეობრივი მივლინებით იმყოფებოდა ინგლისში. ჩემთვის ყველაზე მთავარი მტკიცებულება ის არის, რომ კახა ბექაურს პირადად შევხვდი და დამიწერა იმ ადამიანმა, რომ ჩემგან ეს სიხშირე არ უყიდია, საერთოდ არ მიცნობდა და არავითარი ინტერესი არ ჰქონდა.
მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში ჩნდება ჩანაწერი, რომ შპს-ს 100%-იანი წილის მფლობელია ვინმე დავით იმედაშვილი, შემდეგ, როგორც ჩანს, მასაც დაათმობინეს წილი. როგორ და რა ფორმით მოხდა ეს თუ არის თქვენთვის ცნობილი?
- სანამ გიორგი კორახაშვილზე გადაფორმდებოდა და ამ ადამიანის უკან ვინც დგას ყველამ იცით, მანამდე ლადო ვარძელაშვილის ახლობელზე მოხდა გადაფორმება. ამის შემდეგ მოხდა მესამე პირზე, ანუ კორახაშვილზე გადაფორმება, როგორც „კეთილსინდისიერ“ მყიდველზე.
თქვენ რამდენი გადაგიხადეს სიხშირეში?
- არაფერი. ეწერა, რომ რადიოს ნომინალური ღირებულება იყო 2000 ლარი და აქედან მე უნდა ამეღო 1200 ლარი. ამ დროს სიხშირეში გადახდილი მქონდა 10 ათასი ლარი. არც ერთი თეთრი არაა გადახდილი, მეტიც აპარატურაც დაიტოვეს და ახლა დავიბრუნე. სიხშირე ვერ დავიბრუნე, რადგანაც გადაყიდული აქვთ სხვა ადამიანზე. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ გახლავთ ის, რომ სასამართლო წესით ვერ ვდაობთ, რადგან ხანდაზმულობის ვადა აქვს. თუმცა, პარლამენტში შეიქმნა კავშირგაბმულობის მარეგულირებელი კომისიის საქმეების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია, თინა ხიდაშელი არის მისი ხელმძღვანელი. ეს კომისია ერთ-ერთ საქმედ ჩვენს საქმესაც სწავლობს. ჩაბარებული გვაქვს ყველა დოკუმენტაცია.
შეხვდით კომისიის თავმჯდომარეს?
- ერთხელ უკვე შევხვდი ქალბატონ თინას. კომისიაზე დაგვიბარებენ სექტემბერში. შესაძლებელია, რომ ამ საქმეში გამოიკვეთოს ახლად აღმოჩენილი გარემოებები.
ანუ რამდენად კეთილსინდისიერი მყიდველია კორახაშვილი?
- დიახ, უნდა დადგინდეს ეს გარემოება.
კორახაშვილთან თუ გქონდათ ამ საკითხზე საუბარი?
- კორახაშვილი არის არაკეთილსინდისიერი მყიდველი. რადიო „აფხაზეთის ხმა“ შეიქმნა და დაფუძნდა იმ ორგანიზაციაში, სადაც მე ვიყავი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ლადო ვარძელაშვილმა მოიყვანა ეს შემადგენლობა, იქ იყო ფართი, რომელსაც სხვა დატვირთვა ჰქონდა. მითხრა, რომ ეს ფართი უნდა დაუთმო „აფხაზეთის ხმასო“. ხელმძღვანელი რომ გავალებს რა უფლება გაქვს ამაზე უარი თქვა?! ირაკლი დათეშიძე, რომელიც იყო რადიო „აფხაზეთის ხმის“ დირექტორი და რომელიც დღეს ასევე არის რადიო „დარდიმანდის“ დირექტორი, კორახაშვილის უახლოესი ადამიანია. მეორე სართულზე იყო „აფხაზეთის ხმა“ და მესამე სართულზე ვიყავით ჩვენ. რაც ხდებოდა ჩვენთან ზეპირად იცოდნენ ყველაფერი.
როცა ამ რადიოს გადაფორმება მიდიოდა და კორახაშვილი იფორმებდა, ირაკლი დათეშიძეს დირექტორად ნიშნავდა, თუ კეთილსინდისიერი მყიდევლი იყო დირექტორი ხომ ეტყოდა, რომ ეს წართმეულია და არ გინდა ასეთი რაღაცის ყიდვაო. მეორე, შპს რადიო კი არ გადაიფორმეს, არამედ გადაიფორმეს მარტო სიხშირე. სიხშირე იყიდეს 3 530 ლარად, ეს არის სასაცილო ფასი. ასეთი რამე არ არსებობს.
კორახაშვილს მივმართე ოფიციალური წერილით, - თქვენთვის უნდა იყოს ცნობილი, რომ ეს რადიო სიხშირე არის წართმეული, დავიწყეთ სამართლებლივი დავა ჩვენი ქონების დაბრუნებისთვის და გაყენებთ საქმის კურში, რომ ამ პერიოდში არ მოახდინოთ ამ რადიოს გასხვისება-თქო.
რა პასუხი მიიღეთ კორახაშვილსგან?
- წერილობით კორახაშვილსიგან არავითარი პასუხი არ მიმიღია, მაგრამ პირად საუბარში მე მან დამიდასტურა, რომ მისთვის უცნობი იყო ეს ფაქტი და, რომ ამის შესახებ არაფერი არ იცოდა და ძალიან წუხს ამ ამბავზე. ის თვლის, რომ კეთილსინდისიერი მყიდველია. რამდენად არის კეთილსინდისიერი მყიდველი, ამას გამოძიება გაარკვევს.
რამდენად დამაჯერებელია მისი არგუმენტი, რომ არაფერი არ იცოდა?
- ღრმად ვარ დარწმუნებული, კორახაშვილმა იცოდა რომ ეს იყო წართმეული ქონება. ასევე შეეძლო ეთქვა, რომ ტელეკომპანია „იმედის“ შესახებაც არაფერი იცოდა, რომელშიც 33%-ის მფლობელი იყო. კორახაშვილის ბიზნესების გაფართოება მოხდა რევოლუციის შემდეგ, ზუსტად, ამ პერიოდში მიაღწია მან ყველაფერს ვანო მერაბიშვილის ხელით. მისი დახმარებისა და ხელშეწყობის გარეშე ეს არაფერი ხდებოდა. მე უფლებაც არ მაქვს, რომ ჩემი ბიზნესი არ დავიბრუნო.
რაც შეეხება ბექაურს, რა მოგწერათ მან?
- იმან დამიდასტურა, რომ არ მიცნობდა და არავითარი ფული ჩემთვის არ გადაუხდია. ბექაურმა მითხრა, რომ დათო იმედაშვილმა შემომთავაზა, - ჩემს ახლობლებს აქვთ რადიო, არ სჭირდებათ და მოდი გადავიფორმოთ, დიდი გამოცდილება გაქვს და მოდი ჩვენ გავაკეთოთო. როგორც ბექაური ამბობს, - დათანხმდა, მაგრამ საქმეში რომ ჩავიხედე, დავრწმუნდი წართმეული იყო ეს რადიო და გამოვედი მაგ საქმიდანო.