კახი ასათიანის მკვლელობის საქმეში შესაძლოა ახალი დეტალები გამოიკვეთოს. მთავარ პროკურატურაში გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე კომენტარი არ კეთდება. თუმცა პირად საუბარში ადასტურებენ, რომ საქმეში ახალი დეტალები გამოიკვეთა. კახი ასათიანი 2002 წლის 20 ნოემბერს, საღამოს 7 საათზე საკუთარ მანქანაში მოკლეს. ასათიანის მძღოლს ასათიანის ცოლის დის, პარლამენტარ ნანა ბიჭიაშვილისთვის მოსაწვევები უნდა გადაეცა. რამდენიმე წუთში მანქანაში დარჩენილ კახი ასათიანს უცნობი ახალგაზრდა მიუახლოვდა და მაყუჩიანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ცეცხლი გაუხსნა. 16 ტყვიიდან მსხვერპლს მხოლოდ 7 მოხვდა. ასათიანი მაშინვე გარდაიცვალა.
მეორე დღეს საქართველოს გენერალური პროკურატურა საზოგადოებას არწმუნებდა, რომ სამართალდამცავებმა სავარაუდო მკვლელის ვინაობა იცოდნენ და მისი დაკავება მხოლოდ დროის საკითხი იყო. იმ დროისთვის მკვლელობის მოტივების რამდენიმე ვერსიაც გავრცელდა. გამოძიება კახი ასათიანის მკვლელობას მის ბიზნესინტერესებს უკავშირებდა.
პარალელურად, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თენგიზ კიტოვანმა განაცხადა, რომ მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ბადრი პარკაციშვილი კახი ასათიანს ელაპარაკა „აირზენას“ საკონტროლო პაკეტის შესყიდვის თაობაზე, რაზეც მისივე განცხადებით ასათიანმა თანხმობა არ მისცა და დახმარება ყოფილ პრეზიდენტს, ედუარდ შევარდნაძეს სთხოვა.
ის, რომ „აირზენას“ საკონტროლო პაკეტის ხელში ჩაგდებით პატარკაციშვილი დაინტერესებული იყო, ამას for.ge-სთან საუბრისას „აირზენას“ გენერალური დირექტორის, თამაზ გაიაშვილის და, ლეილა გაიაშვილიც ადასტურებს.
„ენდომებოდა პატარკაციშვილსაც, რატომ არ ენდომებოდა? - გამზადებული კომპანია იყო და ხელში ჩაგდება უნდოდა, არაფერი საეჭვო ამაში არაა“, - აღნიშნა ლეილა გაიაშვილმა.
პოზიციას არ ცვლის კიტოვანი და აცხადებს, რომ ასათიანის მკვლელობის უკან პატარკაციშვილის ბიზნეს-ინტერესები დგას. For.ge თენგიზ კიტოვანს ესაუბრა.
თქვენ ერთ-ერთ განცხადებაში თქვით, რომ ბადრი პატარკაციშვილსა და კახი ასათიანს შორის დაძაბული ურთიერთობა იყო. რითი იყო მათ შორის ეს დაპირისპირება გამოწვეული?
თენგიზ კიტოვანი: დაპირისპირების მიზეზი იყო „აირზენა“ რასაც კახი გადაყვა კიდეც. „აირზენას“ ყიდვა უნდოდა ბადრი პატარკაციშვილს, ეს იყო კახის განადგურების მთელი მიზეზი. ეს კახის ბიზნესი იყო, მისი გაკეთებული იყო, შევარდნაძის დროს გააკეთა. მერე ბადრი პატარკაციშვილი გამოჩნდა, რუსეთიდან ჩამოვიდა საქართველოში. მიიღო იმის უფლება, რომ ეცხოვრა საქართველოს ტერიტორიაზე და ინგლისში, მოუნდა ბიზნესის გაფართოება და დაინტერესდა „აირზენათი“, რაზეც კახისგან უარი მიიღო.
შევარდნაძეს მართლაც სთხოვა პატარკაციშვილმა რომ დახმარებოდა „აირზენას“ ყიდვის საქმეში?
- შევარდნაძე მეგობრობდა პატარკაციშვილთან და მის ოჯახთან. ერთად-ერთი კაცი იყო შევარდნაძე, რომელმაც მიიღო პატარკაციშვილი და მისცა უფლება, რომ ეცხოვრა საქართველოს ტერიტორიაზე. რუსეთი დასდევდა დასაპატიმრებლად, ეტყობა, ბევრი დანაშაული ჰქონდა ჩადენილი. ვფიქრობ, რომ კახი ასათიანმა არ დათმო თავისი ბიზნესი და ამიტომაც იქნა განადგურებული.
კახი ასათიანთან ამ თემაზე გქონდათ საუბარი?
- მაშინ არ ვიყავი საქართველოში და კახი დიდი ხნის უნახავი მყავდა. აკრძალული მქონდა საქართველოში ჩამოსვლა და ამიტომ, მასთან ბოლო წლებში ურთიერთობა არ მქონია. კარგად ვიცნობდი კახის, მაგრამ მაგ თემაზე არ გვქონია ლაპარაკი.
როდესაც ხელისუფლებამ პატარკაციშვილების ოჯახს რამდენიმე საკუთრება დაუბრუნა „იმედის“ გარდა, ამ პერიოდში ხელისუფლებასა და პატარკაციშვილების ოჯახს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც დღემდე გასაიდუმლოებულია. ამ მოვლენებამდე ცოტა ხნით ადრე საქართველოში ბერეზოვსკი ჩამოვიდა ორ ქართველთან ერთად, რომლებიც ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ადეიშვილს შეხვდნენ. როგორ ფქირობთ, ყველა ეს ფაქტი უკავშირდება თუ არა ასათიანის მკვლელობის საქმეს?
- კახის შეხების წერტილი კომპანია „აირზენასთან“ ჰქონდა. მეტი მაგას ბიზნესში არავისთან არ ჰქონია შეხება. ვფიქრობ, რომ მისი მკვლელობა უკავშირდება „აირზენას“. ზოგიერთებს ვუთხარი კიდევაც მაშინ, რომ არ შერჩებათ კახის მკვლელობა მაგათ-თქო. არც ერთმა ხელისუფლებამ არ გამოიძია რატომ იქნა მოკლული კახი ასათიანი.
ეს ისე მიაფუჩეჩეს, რომ ამ დრომდე უცნობია მისი მკვლელობის დეტალები. მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს მკვლელობა მოდიოდა პატარკაციშვილისგან. დღესაც რომ ვუყურებ „იმედს“ იცავს იმ დანაშაულებრივ ხელშეკრულებას, რაც დადო პატარკაციშვილმა მამუკა ხაზარაძის კომპანიასთან და მთლიანად იყიდეს „ბორჯომი“ თავის მიწიანად. ქართველმა კაცმა რომ მოინდომოს ბორჯომს ვერ დალევს. ასეთი რამე საქართველოში არ ყოფილა.
ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ კახი ასათიანის მკვლელობის კვალი პატარკაციშვილამდე მიდის?
- დიახ, კვალი მიდის პატარკაციშვილთან და ეს უკავშირდება კომპანია „აირზენას“. იმიტომ, რომ სხვა ბიზნესი კახის არ ჰქონია და არც მტრები ჰყავდა. რაღაცა ჭორები დაყარეს მერე, მაგრამ ეს არაა სწორი.
რაც შეეხება ბერეზოვსკის საქართველოში ვიზიტს, თქვენ თუ გაქვთ ამის შესახებ ინფორმაცია?
- სააკაშვილის ხელისუფლება ყველაფერს კადრულობდა. ბერეზოვსკის ჰქონდა ძალიან ბევრი ფული და ესენი ფულის გულისთვის ყველაფერს კადრულობდნენ. ფულზე დახარბებული იყვნენ. ბერეზოვსკი ჩადიოდა საქართველოში ხშირად და ხვდებოდა მაშინდელი ხელიუსფლების უმაღლესი თანამდებობის პირებს.
სავარაუდოდ ხომ არ იცით ვინ შეიძლება იყვნენ ის ქართველები რომლებიც ბერეზოვსკიმ საქართველოში ჩაიყვანა და მერაბიშვილს და ადეიშვილს შეახვედრა?
- არა. ნამდვილად არ ვიცი. რაც არ ვიცი იმას ვერ გეტყვით.