უცხოელებზე მიწების გასხვისების შესახებ ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს, თუმცა, არაოფიციალური ცნობით, ამ დროისათვის მათ მფლობელობაში საქართველოს ტერიტორიაზე არსებული 30 000 ჰექტარი მიწაა. ამის პარალელურად საინტერესოა გერმანიის მაგალითი. ამ ქვეყნის საკონსტიტუციო ფედერალურმა სასამართლომ თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ „იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მიწა არ ექვემდებარება გამრავლებას და ის შეუცვლელია, აკრძალულია მისი გამოყენების სრულად მინდობა და დათმობა თავისუფალი ძალების განუსაზღვრელი თამაშისა და ცალკეული პირის შეხედულებისთვის“.
ჩვენში სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადი ჰექტარზე საშუალოდ 100 ლარია, ხოლო ადგილობრივ მუნიციპალიტეტს აქვს მისი შემცირების ან გაზრდის უფლება 150%-ით. ამ დროს კი არასასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადი გაცილებით მეტია და 0,24 თეთრი ღირს ერთ კვადრატულ მეტრზე. ამის მიუხედავად, სოფლად მცხოვრები ჩვენი მოსახლეობა 24 ივლისამდე მასობრივად ცდილობდა მიწის იაფიანი სტატუსი საჯარო რეესტრში ძვირიანი კატეგორიით შეეცვალა, რის მიღმაც მიწის გაყიდვის მერკანტილური ინტერესები იდგა. 24 ივლისის შემდეგ კი მიწებისთვის სტატუსის შეცვლის უკანონო პროცესი შეჩერებულია.
გაამართლა თუ არა დროებითი მორატორიუმის დაწესებამ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე, რომლის შემდეგაც მიწებისთვის სტატუსის შეცვლის ფაქტები გახშირდა, ამის შესახებ For.ge ექსპერტს სოფლის მეურნეობის საკითხებში პაატა კოღუაშვილს ესაუბრა.
ექსპერტები აცხადებენ, რომ ქართული მიწებისადმი უცხოელების ინტერესი გაცხოველებულია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მარტო მიმდინარე კვირის ორშაბათ-სამშაბათს 65 ისეთი შემთხვევა არ დაფიქსირდებოდა, როცა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს ადგილობრივები სტატუსს უცვლიდნენ და ისინი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებად გადაჰყავდათ გასხვისების მიზნით. როგორ გგონიათ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის მიყიდვის საკითხზე მორატორიუმის დაწესება მთლად ზუსტად არ იყო გათვლილი?
- სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებზე გასხვისებასთან დაკავშირებით მორატორიუმი გამოცხადდა 2015 წლის 1-ელ იანვრამდე. თანაც, ხელისუფლებამ გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ამ პერიოდში იმუშავებს მიწათსარგებლობის ახალი კანონის მიღებაზე და, თუ ამ კანონს გაცილებით ადრე მიიღებენ, მორატორიუმი შეჩერდება. ასეთი რამ ცივილიზებული სამყაროსთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. თავის დროზე მსგავსი მორატორიუმები გამოაცხადეს ევროკავშირის ახალმა წევრებმა, მათ შორის, პოლონეთმა, ბულგარეთმა და სხვა. მაგალითად, ასეთი მორატორიუმი 2013 წლამდე ჰქონდა შემოღებული პოლონეთს, ასევე, - ბულგარეთს, ხოლო 2017 წლამდე აქვთ ეს მორატორიუმი დაწესებული ჩვენს მეზობელ და მეგობარ უკრაინელებს. თუმცა საქართველოს პარლამენტს შევთავაზე არა მორატორიუმის გამოცხადება, ანუ დროებითი აკრძალვა, არამედ - რეგულაციები, ანუ ისეთი შეზღუდვები, რომლებიც გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლიდან, რომელიც ამ რეგულაციების დაშვების საშუალებას სოციალური და საზოგადოებრივი მიზნებისათვის აძლევს კანონმდებელს, ამ შემთხვევაში, პარლამენტს.
სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტის აგრარულმა კომიტეტმა, რომელიც აგრარული პრობლემების შესახებ აბსოლუტურად უცოდინარი ხალხითაა დაკომპლექტებული, ეს ვერ გაიგო. საკანონმდებლო წინადადების ავტორები ვიყავით მე, თქვენი მონა-მორჩილი, პროფესორი ანა ფირცხალაშვილი და ცნობილი კონსტიტუციონალისტი და პროფესორი, თავის დროზე პირველი საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობის წევრი ზაურ ჯინჯოლავა. პრაქტიკულად, იქ თუ ვინმე იურისტია, ყველანი მისი მოწაფეები არიან. მათ შორის, იმ აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე, ყოფილი პროკურორი აგულაშვილი. თუმცა, მათ ეს მიითვისეს და საბოლოოდ ასეთი შედეგი მივიღეთ. ამ საკითხზე პარლამენტში, განსაკურებით, რესპუბლიკელებმა და მათსავით ვაი ფსევდო-ლიბერალებმა ატეხეს წივილ-კივილი. სასაცილო იყო ჩემთვის დავით ბერძენიშვილს „ფეისბუკზე“ გავრცელებული წერილი, თურმე მიწის მორატორიუმი ინვესტიციებს შეაჩერებდა. მას ისიც კი არ ესმის, რომ მიწის გაყიდვა ინვესტიცია არ არის. საცოდაობაა მათი აზროვნება, მათ არ აქვთ გათავისებული მიწის როლი, მნიშვნელობა და მარადიულობა ქართველი ერის არსებობის თვალსაზრისით, რომელიც მიბმულია ამ მიწაზე. ამიტომ, ახლა ასეთი გამოსავალი რჩება, რაც შეიძლება სწრაფად ვიმუშაოთ და შევიტანოთ მიწათსარგებლობის ახალ კანონში ის რეგულაციები, რომლებიც თანამედროვე მაღალგანვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებს გააჩნია, როგორიცაა აშშ, საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია, შვეიცარია, პოლონეთი და სხვა.
რა რეგულაციები გააჩნიათ ამ ქვეყნებს?
- თქვენ წარმოიდგინეთ, მიწის ტრიბუნალებიც კი არის შექმნილი ამ ქვეყნებში, რომ ვინმემ ზედმეტად რამე არ იყიდოს. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის კანონმდებლობის თანახმად, კავშირის ნებისმიერ მოქალაქეს უფლება აქვს, შეისყიდოს მიწა იქ, სადაც უნდა, ნახეთ, რა ხდება ჩეხოსლოვაკიაში? სადაც ეს დაშვებულია, განა ვინმემ რამე იყიდა? ირლანდია საერთოდ საოცარ რაღაცებს მოითხოვს, რომ შვიდი წელი უნდა იცხოვრო ამ ქვეყანაში, რომ მიწა იყიდო. გარდა ამისა, იურიდიულ პირებს მიწებს არ აძლევენ. როგორც წესი, უარყოფითადაა განწყობილი ევროპული კანონმდებლობა ამასთან მიმართებით. შეერთებულ შტატებს, რა თქმა უნდა, აქვს კანონი, რომლის თანახმადაც, შეიძლება უცხოელმა მიწა იყიდოს, მაგრამ იქ არის გარკვეული მოთხოვნები. მას უნდა ჰქონდეს სპეციალური სასოფლო-სამეურნეო განათლება, სოფლად ცხოვრების გამოცდილება, აგრარული შრომის გამოცდილება, სათანდო კაპიტალი მიწის დამუშავებისთვის. ამიტომ ჩვენ განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს და ამ სიფრთხილემ უნდა აგვაცილოს ის საფრთხეები, რომლებიც ამ ეტაპზე გვემუქრება. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენმა გლეხებმა დაიწყეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისთვის სტატუსის შეცვლა და ამისთვის მზად არიან, გადაიხადონ გადასახადი, ამის მიზეზი ისევ და ისევ ძველი ხელისუფლებაა.
ყველაფერი გააკეთა სააკაშვილმა და მისმა ხროვამ, ბენდუქიძემ და მისმა დეგენერატულმა აზროვნებამ იმისთვის, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ფუნქცია დაეკარგა. ბენდუქიძემ 2005-06 წლის ცვლილებებით, საქართველოს კანონში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ, გააუქმა სასოფლო-სამეურნეო მიწის მიზნობრივი (ანუ მხოლოდ და მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით) გამოყენების საკითხი. ის ამბობდა, რომ ეს თუ შენი საკუთრებაა, რაც გინდა, ის გააკეთე, ასეთი რამ მსოფლიოში არსადაა. მან გადასახადიც კი გააუქმა, რაც ნიშნავდა, შენ თუ გინდა, შენი მიწა უფასოდ გადაიყვანე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებაში. ამიტომ, ასეთი „ლაზეიკები“ რაც შეიძლება, სწრაფად უნდა გასწორდეს. თვით კომუნისტებმაც კი იცოდნენ, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა რომ გადაეყვანათ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებაში, საჭირო იყო სოფლის თანხმობა, სოფსაბჭოს, მეურნეობის, აგროსამრეწველო გაერთიანების, მიწათსარგებლობის სამსახურის, რაიონის აღმასკომის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანხმობა და, საბოლოო ჯამში, საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრეზიდიუმი იხილავდა ამას. მიწა სასიცოცხლო ბაზაა ნებისმიერი ერისთვის და, განსაკუთრებით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ასეთი ხედვა სჭირდება. ამიტომ მე წინააღმდეგი ვიყავი ამ მორატორიუმის. აჯობებდა, სასწრაფოდ შეგვეტანა ეს რეგულაციები, რომლებიც თავის დროზე, 18 აპრილს გადავეცი საქართველოს პარლამენტს.
აღნიშნული წინადადების მიხედვით, საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდის მხოლოდ 5% შეიძლება იყოს უცხოელთა საკუთრებაში, რადგან იმიგრაციული ნაკადების უკონტროლობა და საქართველოს მოქალაქეების გაღარიბება რეალურ საფრთხეს ქმნის, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილი სხვა სახელმწიფოების მოქალაქეთა ხელში გადავა. 15 მაისს კი მათ ჩემი წინადადება უარყვეს, თანაც უარყვეს არაკანონიერად, არასწორად. გამოვლინდა, რომ პარლამენტის აგრარულმა კომიტეტმა არ იცის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი. გარდა ამისა, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა სრული უვიცობა გამოამჟღავნეს.
სულ ახლახანს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“-ს წევრებმა განაცხადეს, რომ ისინი აპირებენ სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებისთვის მიყიდვის აკრძალვის ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრონ.
- თქვენ წარმოიდგინეთ, როცა მე ეს ყველაფერი გავაჟღერე, იქ წარმომადგენელი იყო ახალგაზრდა ნიჭიერი გოგონა, ზუსტად არასამთავრობო ორგანიზაციიდან „გამჭვირვალობა“, რომელმაც ჩემი ნათქვამი გაიზიარა. დღეს კი ეს ორგანიზაცია ამის კატეგორიული წინააღმდეგია. ეს უბედურება და უვიცობა სჭირს საქართველოს პარლამენტის აგრარულ კომიტეტს. ამიტომ ბიძინა ივანიშვილმა ეს უნდა გაითვალისწინოს. მომავალ წელს ადგილობრივ არჩევნებთან ერთად აუცილებლად უნდა მოხდეს საქართველოს ახალი პარლამენტის არჩევა და ამ საკითხის მიმართ სწორი პოლიტიკა უნდა შეირჩეს. ეს ჩუმად ვიღაცის კაბინეტში კი არ უნდა გადაწყდეს, არამედ ფართო განხილვის საკითხი უნდა იყოს.