საქართველოში ევრონიუსის პრეზიდენტი მიქაელ პეტერსი იმყოფება. საქართველოსა და ევროპის საინფორმაციო ტელეარხის „ევრონიუსს“ შორის მომავალი თანამშრომლობის საკითხები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და „ევრონიუსის“ პრეზიდენტმა მიქაელ პეტერსმა განიხილეს.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი მატკავა და საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია. შეხვედრასთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტრომ სპეციალური განცხადებაც გაავრცელა.
„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „ევრონიუსთან“ სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილება, რაც, პირველ ეტაპზე, ითვალისწინებს საინფორმაციო კამპანიის წარმოებას ევროკავშირის ქვეყნებში. კერძოდ, ითქვა, რომ საქართველომ წარმატებით დაასრულა მოლაპარაკება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხზე და ევროპელ ინვესტორებს ესაჭიროებათ მეტი ინფორმაცია საქართველოს შესახებ. გარდა ამისა, თანამშრომლობა „ევრონიუსთან“ დადებითად აისახება ტურისტების მოზიდვის პროცესზე იმ ქვეყნებიდან, სადაც „ევრონიუსი“ მაუწყებლობს“, - აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოსა და „ევრონიუსს“ შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ევრონიუსის“ პრეზიდენტთან სამომავლო თანამშრომლობაზე ჰქონდა საუბარი.
„პირველი ეტაპი იქნება საინფორმაციო კამპანია ევროკავშირის ქვეყნებში. შემდგომი ეტაპი კი შეიძლება იყოს უფრო მჭიდრო საპარტნიორო თანამშრომლობა. ვფიქრობ, ეს ინფორმაცია ბევრი კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მინისტრმა.
„ევრონიუსის“ პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ საქართველო მის ევროპულ იდენტობასთან ყველაზე ახლოს დგას.
„მოხარული ვარ საქართველოში ვიზიტით. ვგრძნობ, რომ საქართველო ჩემს ევროპულ იდენტობასთან ყველაზე ახლოს დგას. მოახული კახა კალაძესთან და ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრებით. ჩვენ მთელი რიგი გეგმები განვიხილეთ და წამოვაყენეთ იდეები თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე. ვიმედოვნებთ, ეს დისკუსია უფრო ძლიერი კავშირების დამყარებას შეუწყობს ხელს“, - ამბობს მიქაელ პეტერსი.
უფრო კონკრეტულად რაზე იყო საუბარი ამ შეხვედრაზე და საერთოდ, როგორ მოხდა ამ ვიზიტის დაგეგმვა, for.ge საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელს, გიორგი პერტაიას ესაუბრა. პერტაიას თქმით, ერთი კვირის წინ მას შეხვედრა ჰქონდა „ევრონიუსის“ გაყიდვების დირექტორთან, სადაც „ევრონიუსის“ ახალი პროექტები მიმოიხილეს და იმსჯელეს იმაზე, თუ რა ფორმით შეიძლება ტელეარხსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა შედგეს. ამის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა „ევრონიუსის“ აღმასრულებელი დირექტორი მიქაელ პეტერსი, რომელიც ენერგეტიკის მინისტრ და ვიცე–პრემიერს, კახი კალაძეს, ასევე ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა.
„ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ „ევრონიუსი“ მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ობიექტური ინფორმაციის გადამცემი არხია. ამასთანავე, იგი ძალიან ბევრ ქვეყანაში ამ ქვეყნების ენაზეც მაუწყებლობს. ამდენად, ჩვენთვის ამ არხთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. გუშინწინ, მაგალითად, „ევრონიუსზე“ საქართველოზე იყო რეპორტაჟი. ეს კი ქვეყნის ცნობადობის ამაღლების და მთელი მსოფლიოსათვის ჩვენს შესახებ ობიექტური ინფორმაციის მიწოდების კუთხით უმნიშვნელოვანესია“, – აცხადებს გიორგი პერტაია.
მისი თქმით, „ევრონიუსის“ ხელმძღვანელობამ ვიცე–პრემიერს და ეკონომიკის მინისტრს ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი შესთავაზა, ხოლო რამდენიმე დღეში მათი მხრიდან უკვე წარმოდგენილი იქნება წერილობითი შეთავაზება და ამ თემაზე უფრო კონკრეტულად საუბარი ცოტა მოგვიანებით იქნება შესაძლებელი. ზოგადად კი პერტაია ამბობს, რომ საუბარი იყო ტურიზმის რეკლამაზე და იმაზე, თუ რისი გაკეთება შეიძლება საქართველოში ინვესტირების კუთხით. ამდენად, „ევრონიუსზე“ საქართველოს შესახებ სპეციალური ჩანართები გავა, რომელთა მეშვეობითაც მთელი მსოფლიო საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ ობიექტურ ინფორმაციას მიიღებს.
გიორგი პერტაია აღნიშნავს, რომ „ევრონიუსს“ იმ ქვეყანაში, სადაც „ნიუსები“ იქმნება, ჰყავს ადგილობრივი თანამშრომლები, რაც მას მეტ ხიბლს აძლევს და უფრო მეტი რეალური ინფორმაციის გადაცემის საშუალებას იძლევა.
„ცოტა ხნის წინ „ევრონიუსს“ რუსეთიდან ჰქონდა ასეთი ჩანართი – მატარებელი დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობდა და რუსეთის ყოველდღიურ ცხოვრებას აჩვენებდნენ. სწორედ ასეთი ფორმატი განიხილება საქართველოსთან დაკავშირებითაც“, – ამბობს საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი.
მისი თქმით, „ევრონიუსთან“ საქართველოს თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მიღწეული შეთანხმების კუთხითაც. კერძოდ, პერტაიას თქმით, ერთია ამ ხელშეკრულების გაფორმება, ხოლო მეორეა ევროპის ბაზარზე ჩვენი პროდუქციის შეტანა. ამ მხრივ კი სერიოზული გამოწვევები დგას ჩვენს წინაშე. ამიტომაც ევროპული საზოგადოების საქართველოს შესახებ ინფორმირება იმ არხის მეშვეობით, რომელსაც ევროპაში ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავს, ქართველი ექსპორტიორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.