მაჟორიტარული სისტემა, შესაძლოა, გაუქმდეს

მაჟორიტარული სისტემა, შესაძლოა, გაუქმდეს

მმართველ გუნდში შესაძლოა, მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე იმსჯელონ. მაჟორიტარი დეპუტატების საქმიანობასთან დაკავშირებით, პრეტენზიები პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა გამოთქვა, რომელმაც თანაგუნდელ მაჟორიტარებს საქმიანობის ფორმა დაუწუნა და მათ საკუთარი უფლებამოსილების განსაზღვრა მოსთხოვა.

პრემიერის განცხადებით, მაჟორიტარებთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს და მაჟორიტარული სისტემის გაუქმების საკითხი მან სხვადასხვა დროს, რამდენჯერმე დააყენა.

„მაჟორიტარების პრობლემა იმ დონით არსებობს, რომ ეს საკითხი რამდენჯერმე დავსვი. შეიძლება მაჟორიტარული სისტემა საერთოდ ამოვიღოთ, თუმცა, ამის დიდი სპეციალისტი არ ვარ და ამ საკითხს ძალიან ფრთხილად ვეკიდები. მაჟორიტარები პარლამენტრის წევრები არიან, ისინი კანონმდებლობის ჩამოყალიბებაში მონაწილეობენ, შესაბამისად, მათ კეთილი უნდა ინებონ საკუთარი უფლება-მოვალეობები კარგად გაარკვიონ და საკუთარი მოღვაწეობა ამის მიხედვით გააგრძელონ!“, - აცხადებს პრემიერი.

საკითხზე საუბრისას, კოალიციის ხელმძღვნელი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ მაჟორიტარებისთვის  რეგიონები არ ჩაუბარებიათ.

„ისინი ამ რეგიონებიდან აირჩიეს და მათ ამ რეგიონების მიმართ ვალდებულება აქვთ. შესაბამისად, ეს უნდა განახორციელონ და არა მეტი. შეიძლება უხეში ტერმინი გამოვიყენე, როდესაც ტერმინი - ფეოდალური გამოვიყენე, მაგრამ ის, რომ მათ მიაჩნიათ, რეგიონი თვითონ უნდა მართონ, ეს ასე არ არის. ყველას პრობლემა აქვს, ზოგს ცოტა და ზოგს დიდი, მაგრამ პრობლემები არსებობს. ბევრს პოლიტიკური გამცდილებაც აკლია“, - აღნიშნავს ივანიშვილი.

მართალია, მთავრობის ხელმძღვანელი არ აკონკრეტებს თუ რომელ მაჟორიტარ დეპუტატთან მიმართებაში აქვს პრეტენზიები, თუმცა, მის მოსაზრებას შეფასებები პარლამენტში უკვე მოჰყვა. მმართველი ძალის ნაწილი პრემიერის პოზიციას იზიარებს და მაჟორიტარული სისტემის გადახედვის მომხრეა, ხოლო უმცირესობა ივანიშვილს „ფეოდალების“ ძიებას თავის გუნდში ურჩევს.

როგორც for.ge-ს უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, კობა დავითაშვილმა განუცხადა, მაჟორიტარი დეპუტატი გამგებლის ფუნქციებს ითავსებს, რაც კონფლიქტებსა და დაპირისპირებას იწვევს.

მისი თქმით, თუ მაჟორიტარული სისტემა დარჩება, ის არავითარ შემთხვევაში, რაიმე დაყოფას არ უნდა დაეყრდნოს და ოლქები უნდა გამსხვილდეს.

„საზოგადოებას შეგნებული უნდა ჰქონდეს, რომ მაჟორიტარი არის პარლამენტის წევრი, რომელსაც საკანონმდებლო მუშაობისთვის ირჩევენ და არა იმისთვის, რომ გამგებლის ფუნქცია შეასრულოს“, - აცხადებს დავითაშვილი, რომლის მსგავსადაც, „მრეწველი“ ზურაბ ტყემალაძე მაჟორიტარული სისტემის გადახედვის მომხრეა.

ტყემალაძის განცხადებით, ის პრემიერის წინადადებას იზიარებს, რადგან ამ საკითხზე „მრეწველები“ 10 წელია საუბრობენ.

„იმ დროს, როდესაც ორპალატიანი სისტემა არ გვაქვს, პოლიტიკური პარტიების განვითარების კუთხით, პროპორციული სისტემა უნდა იყოს და თუ მაინცდამაინც მაჟორიტარული სისტემაც გვსურს, მაშინ პროპორციული სია უნდა იყოს და ამავდროულად, რეგიონმა რამდენიმე მაჟორიტარი აირჩიოს“, - განუცხადა for.ge-ს ტყემალაძემ, რომლიც მაჟორიტარი დეპუტატების საქმიანობით კმაყოფილია.

აღსანიშნავია, რომ ტყემალაძისგან განსხვავებით, უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე მაჟორიტარების მუშაობით უკმაყოფილოა და  ამას ის არც მალავს.

for.ge-სთან საუბარში, საგანელიძე ამბობს, რომ რაიონისთვის მაჟორიტარ დეპუტატს ძალიან დიდი ფუნქცია აქვს.

„მაჟორიტარი მეც ვიყავი და ვიცი, ეს თუ რამხელა ტვირთია. ხანდახან, საქმიანობა მაჟორიტარის ფუნქციას სცილდება და ალბათ, ამისი კონკრეტული შემთხვევები არსებობს, რის თაობაზეც ყველაზე კარგად პრემიერმა იცის. შესაბამისად, მისი ეს განცხადება ჩემთვის საგანგაშოა! როგორც ჩანს, შეიძლება ჩემი გადასახედიდან ზოგიერთ რაიონში ბევრი რამ არ ჩანს, თუმცა, ბევრი პრეტენზია მეც მაქვს და, ალბათ, პრემიერის გადასახედიდან ეს ყველაფერი იმ ზღვარზეა მისული, რომ ივანიშვილმა ეს განცხადება გააკეთა“, - აღნიშნავს კანონმდებელი.

დეპუტატის შეფასებით, სავარაუდოდ, განხილვის საგანი იქნება - თუ როგორი სისტემა უნდა არსებობდეს.

„ზოგადად, თუ როგორი უნდა იყოს პარლამენტი - იყოს ორპალატიანი, თუ იყოს მხოლოდ პროპორციული სისტემით, ეს სადაო თემაა და, ალბათ, ეს განსჯის საგანი იქნება. ამასთან, უფლებამოსილებაც უნდა იყოს კარგად გამიჯნული - თუ სად არის დეპუტატის უფლებამოსილება და როგორ უნდა ერეოდეს ის ადგილობრივი თვითმართველობის ფუნქციებში. კმაყოფილების შეგრძნება არასოდეს მაქვს, რადგან  მაქსიმალისტი ვარ. თუმცა, მაჟორიტარების ფუნქციები საზღვრებს არ უნდა სცდებოდეს და ისინი აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციაში არ უნდა იჭრებოდნენ“, - განმარტავს დეპუტატი.

მაჟორიტარულ სისტემაზე საუბრისას, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ყურადღებას მაჟორიტარი დეპუტატების საქმიანობაზე ამახვილებს და ამბობს, რომ რეგიონებში ხალხს ძალიან უჭირს და ხშირად მაჟორიტარებს საკუთარ თავზე იმაზე გაცილებით მეტი ტვირთის აღება უწევთ, ვიდრე ეს საკანონმდებლო საქმიანობაა.

ბესელიას თქმით, მაჟორიატრებს ამომრჩეველი იმის გამო ირჩევს, რომ მათ პარლამენტში რეგიონები წარმოადგინონ.

„რეალურად, მაჟორიტართან ისეთი პრობლემები მიდის, რომელიც მისი გადასაწყვეტი არ არის. კერძოდ, ესენია - ყოფითი, საბინაო თუ ეკონომიკური პრობლემები. რეგიონებში ხალხს ძალიან უჭირთ და ხშირად, მაჟორიტარებს  საკუთარ თავზე იმაზე გაცილებით მეტი ტვირთის აღება უწევთ, ვიდრე ეს საკანონმდებლო საქმიანობაა. როცა ქვეყანა ისე გაძლიერდება, როდესაც  მხოლოდ კანონმდებლობაზე იქნება ფიქრი საჭირო  და არა ამომრჩეველთა პრობლემებზე, ეს ძალიან კარგი იქნება, მაგრამ ჩვენ კანონით გვიწერია, რომ საპარლამენტო კონტროლის უფლება გვაქვს. შესაბამისად, პარლამენტის ფუნქციებში შედის კონტროლი - თუ როგორ მუშაობენ საკრებულოები და გამგეობები. რაიონები აქტიურ ხალხს ითხოვს, იმ ადამიანებს, რომლებიც ხალხზე მზრუნველი და მოამაგე იქნებიან და არა ისეთები, რომლებიც მხოლოდ სხედან და კანონის დაწერაზე ფიქრობენ“, - დასძინა ბესელიამ.

რაც შეეხება მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე უმცირესობის განწყობას, აკაკი ბობოხიძე აცხადებს, რომ პრემიერმა პრობლემები საკუთარ გუნდში უნდა ეძებოს.

როგორც for.ge-ს ბობოხიძემ განუცხადა, როგორც ფეოდალებთან, პრობლემა შეიძლება იყოს უმრავლეობის წევრებთან, რადგან ივანიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარებთან არანაირი ურთიერთობა არ აქვს.

„მისი დამოკიდებულება, მის მაჟორიტარებს ეხება. რაც შეეხება იმას უნდა იყოს თუ არა დამოუკიდებელი სისტემა? - რაიონის ამომრჩევლებმა საკუთარი გადაწყვეტილებით, მისსავე რაიონში დაბადებული მაცხოვრებელი უნდა აირჩიოს და არა რომელიმე პარტიის მიერ შეთავაზებული და ცენტრალური არხებით რეკლამირებული ცნობადი სახეები“, - განაცხადა ბობოხიძემ.