რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელის ვალერი გერასომოვის ბრძანებით, შედგენილია იმ ქვეყნების სია, სადაც სტუმრობა ეკრძალებათ რუს სამხედროებსა და თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო თანამშრომლებს, რომლებიც საიდუმლო ინფორმაციებს ფლობენ.
იმ ქვეყნების „შავ სიაში“, სადაც აღნიშნულ პირებს ჩასვლა ეკრძალებათ, საქართველოც მოხვდა. საქართველოს გარდა, ამ სიაში არის ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, თურქმენეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიტვა. ასევე, ჯარისკაცებს შვებულების გატარება ეკრძალებათ ეგვიპტესა და ისრაელშიც. შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი ასეთ გადაწყვეტილებას ამ ქვეყნებში არსებულ სამხედრო-პოლიტიკურ სიტუაციას უკავშირებს.
რაც შეეხება იმ ქვეყნებს, სადაც ჯარისკაცებს ჩასვლის უფლება აქვთ, ამ სიაში 30 ქვეყანა მოხვდა, მათ შორის, - აზერბაიჯანი და თურქეთიც. ასევე, სიაში შეტანილია სომხეთი, საბერძნეთი, იტალია, ტუნისი, საფრანგეთი და სხვა.
ექსპერტი ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში ამ აკრძალვას რამდენიმე დღის წინ აფხაზეთში რუსი სამხედროების ცემის ფაქტს უკავშირებს, როცა ადგილობრივ მოსახლეობასთან დაპირისპირების შედეგად, ერთი რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა და რამდენიმემ მძიმე ტრავმები მიიღო. გარდა ამისა, ექსპერტის განმარტებით, საქართველო-რუსეთს შორის სააკაშვილ-მედვედევ-სარკოზის დროებითი ზავია და დე ფაქტოდ, ჩვენ ისევ საომარი მოქმედებების ზონაში ვიმყოფებით. ამიტომ, ეს ბუნებრივიცაა, რომ რუსებმა ამ სიაში შეგვიყვანეს.
რაც შეეხება ლიტვას, ესეც ცნობილია, რომ ბალტიისპირეთის სახელმწიფოებთან რუსეთს ძალიან დაძაბული ურთიერთობა აქვს, მათ შორის, სამხედრო-პოლიტიკურ დონეზეც. ვახტანგ მაისაია იხსენებს გუშინწინ მომხდარ ინციდენტსაც, როდესაც ლიტვის ტერიტორიიდან უცნობი თვითფრინავი რუსეთის ფედერაციაში შეფრინდა და, ასევე, რუსეთის ფედერაციიდანაც ხდებოდა ინციდენტები ესტონეთის საზღვართან.
ამის მიუხედავად, ექსპერტი თვლის, რომ რუსი გენერალიტეტის მხრიდან ეს შორს მიმავალ ზრახვებს არ უნდა უკავშირდებოდეს. უბრალოდ, ახლა შვებულებების პერიოდია და რუსებმა შეიმუშავეს ე.წ. ჰენდბუკი, ანუ სახელმძღვანელო, თუ სად უნდა დაისვენონ რუსმა სამხედრო მოსამსახურეებმა, რათა შემდგომში ამას გართულება არ მოჰყვეს. მით უფრო, რუსეთის ფედერაციის მთავარ დოქტრინაში შესულია პირდაპირი ცნება, თუ მათ რომელიმე სამხედრო მოსამსახურეს სხვა ტერიტორიაზე შეექმნება სიცოცხლის შემცველი საფრთხე, რუსეთის ფედერცია იძულებულია, იმოქმედოს უკვე სამხედრო მანქანის გამოყენებით, რაც ფაქტობრივად, გახდა აგვისტოს ომის და საქართველოში რუსეთს ფედერაციის ჯარის შემოყვანის საფუძველი.
აგვისტოს ომის შემდეგ რისკავდნენ თუ არა რუსი სამხედროები საქართველოში დასვენებას, ამის შესახებ ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ, თუ არ ჩავთვლით იმავე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, ბუნებრივია, რუსი სამხედროების კერძო ვიზიტით ჩამოსვლა პრობლემა არ არის და ჩვენი მხრიდან სავიზო რეჟიმიც მოხსნილია. ამდენად, როგორც კერძო ვიზიტორები, რუსები საქართველოში ჩამოდიან, ხოლო ოფიციალური წარმომადგენლის სტატუსით ამ პირების ჩამოსვლა წარმოუდგენელია, თუკი სპეციალური რეჟიმით არ განისაზღვრება ეს ვარიანტი.
რაც შეეხება ეგვიპტეში ჩასვლაზე აკრძალვის დაწესებას, ვახტანგ მაისაიას თქმით, ცხადია, იქ არეულობაა და, თუ იქ ტურისტის ამპლუაში ჩასულ რუს სამხედროებზე განხორციელდება თავდასხმა და ის და მისი ოჯახის წევრი დაიღუპება ან მათ მძევლად აიყვანენ, მაშინ რუსეთის ფედერაცია იძულებული იქნება, ჩაერთოს ეგვიპტის ოპერაციაში სამხედრო ძალის მეშვეობით.
ჩვენ დავინტერესდით, რუსეთის მხრიდან ამ სახის ინტერვენცია წინააღმდეგობაში ხომ არ მოდის საერთაშორისო დოქტრინასთან, თუმცა ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ ყველა ეროვნული სახელმწიფო თვითონ განსაზღვავს თავის დოქტრინას. ამიტომ საკუთარი მოქალაქეების დაცვა საერთაშორისო დონეზე გამოყენებული პრაქტიკაა. მეტიც, იგივე დოქტრინა აქვთ ამერიკელებს.
„1993 წელს ამერიკის შეიარაღებული ძალების ინტერვენცია გრენადაში გამოწვეული იყო იმით, რომ კომუნისტური ორიენტაციის მქონე გრენადის მაშინდელმა მთავრობამ მძევლად აიყვანა ჯორჯ თაუნის უნივერსიტეტის სტაჟირებაზე მყოფი 100 ამერიკელი სტუდენტი. ამიტომაც რეიგანის ადმინისტრაციამ პირდაპირი ინტერვენციის გადაწყვეტილება მიიღო, მოახდინა გრენადის ოკუპაცია და დაამხო აღნიშნული რევოლუციური მთავრობა.
იგივე მოხდა საბჭოთა კავშირის მაგალითზეც, როცა ლიბანში 1985 წელს ერთ-ერთი ისლამურ-ტერორისტული ორგანიზაციის - ალ-ჯიჰადის მიერ მიერ გატაცებულ იქნა საბჭოთა კავშირის რამდენიმე დიპლომატი. სხვათა შორის, ერთი მათგანი იყო საბჭოთა სუკის საგარეო დაზვერვის რეზიდენტი და მას დიპლომატიური სტატუსიც ჰქონდა. მაშინ საბჭოთა კავშირის პოლიტიკურმა ბიურომ გადაწყვეტილება მიიღო, რის შემდეგაც ლიბანში მოახდინეს „ალფას“ ჯგუფის გადასროლა, განახორციელეს საარმიო ტიპის სპეცოპერაცია და მოახდინეს მძევლების გათავისუფლება. ამიტომ ამ კუთხით, ეს მიღებული პრაქტიკაა და ამაში ექსტრაორდინარული არაფერია, თუ ეს არ აღემატება გონიერების ზღვარს. რუსეთში კი რეალურ საფრთხედ აღიქმება, თუ რომელიმე ქვეყანაში თავდასხმა მოხდება მათ სამხედრო მოსამსახურეზე“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.
სამხედრო ექსპერტ თეონა აქუბარდიას თქმით, საქართველო-რუსეთს შორის ტურისტების კუთხით არანაირი პრობლემა არასდროს არ ყოფილა და, როგორც წინა ხელისუფლების, ასევე, დღევანდელი მაღალი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ჩვენი კარი ღიაა მათი მოქალაქეებისთვის. მით უფრო ახლა, როდესაც სტატისტიკურად გაზრდილია რუსი ტურისტებისა და დამსვენებლების რაოდენობა საქართველოში. ამიტომ თეონა აქუბარდიას საკმაოდ უცნაურად მიაჩნია რუსი გენერალიტეტის აღნიშნული ბრძანება იმ ფონზე, როცა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დაწყებულია ქართულ-რუსული ურთიერთობების დარეგულირების ინიციატივა და სპეცწარმომადგენლის - ზურაბ აბაშიძის ურთიერთობა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელ კარასინთან.
მისი აზრით, აღნიშნულ ბრძანებას საღი აზრი არ უნდა ახლდეს, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო და რუსეთი ჯერ კიდევ საომარ ვითარებაში არიან და რუსეთი დაფიქსირებულია, როგორც საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტი, რუსი სამხედროების მიმართ ჩვენი მხრიდან რაიმე სახის პირადი აგრესია არ გამოვლენილა.
„როგორც ჩანს, ეს იმ რიტორიკის გაგრძელებაა რუსეთის მხრიდან, რასაც რუსეთი ეწევა სხვადასხვა მიმართულებით. ერთია, რომ სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით მათი მთავარი ვეტერინარი მტრულ განცხადებებს აკეთებს საქართველოსთან დაკავშირებით და მეორეა აღნიშნული ბრძანება, რომ რუსს სამხედროებს ეკრძალებათ საქართველოს ტერიტორიაზე დასვენება. ვფიქრობ, ამით საქართველო არაფერს კარგავს და ტურისტული თვალსაზრისით, დიდ ეკონომიკურ ზიანს არ მიიღებს“, - აცხადებს თეონა აქუბარდია.
მისივე თქმით, რუსეთის გენერალიტეტის და მთავარსარდლის განცხადებები საქართველოსთან მიმართებით ყოველთვის ასეთი იყო. ამასთან, იგი არ გამორიცხავს, რომ ეს ბრძანება იმითაც იყოს მოტივირებული, რომ რუსეთს ჰყავს სამხედრო ბაზები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში, რითაც დარღვეულია ჩვენი კანონი ოკუპაციის შესახებ. ამიტომ შესაძლებელია, მათი გადმოსვლა საქართველოს ტერიტორიაზე დასაშვები არ იყოს, მიუხედავად იმისა, რომ მოხდა კანონში ცვლილებების შეტანა და ერთჯერადი გადმოსვლის პირველადი შემთხვევა ჯარიმას ითვალისწინებს და შემდგომ უკვე, სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება. ამიტომ ექსპერტი ფიქრობს, რომ რუსი გენერალიტეტის განცხადება სწორედ იმ სეგმენტისკენაა მიმართული, რომლებიც დიდი ოდენობით არიან წარმოდგენილნი ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იქ ცხოვრობენ კიდეც.
რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ხელმძღვანელის ვალერი გერასომოვის განკარგულების შემდეგ გავრცელდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას კომენტარი, რომელიც იმედოვნებს, რომ გერასიმოვის აკრძალვა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზეც გავრცელდება.