„საპრეზიდენტო არჩევნებზე ქართველმა ხალხმა კოაბიტაციას უნდა უთხრას არა“

„საპრეზიდენტო არჩევნებზე ქართველმა ხალხმა კოაბიტაციას უნდა უთხრას არა“

სოციოლოგიური კვლევებით, ექსპერტთა პროგნოზებით, საზოგადოების განწყობის გათვალისწინებით, ყველა თანხმდება, რომ ქვეყნის მომავალი პრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ნამდვილად ვერ გახდება. თუმცა, ისიც კარგადაა ცნობილი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ყოფილი მმართველი ძალა ყველანაირად შეეცდება შექმნას ფონი, რომელიც მის პოლიტიკურ მომავალს უზრუნველყოფს. ერთ-ერთი მეთოდი დასავლეთში საქართველოს ახალი ხელისუფლების მიმართ ნეგატიური განწყობის შექმნაა, რაც ნაციონალური გათვლებით მათ რეიტინგზე პირდაპირპროპორციულად აისახება.

ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსის მხრიდან ქართული საზოგადოება უკვე შეეჩვია, არაობიექტური ინფორმაციის საფუძველზე ტენდენციური განცხადებების მოსმენას. ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მონაწილე ქვეყნების შეხვედრისას, რომელიც ვილნიუსის სამიტის წინ ძალზე მნიშვნელოვან შეხვედრად შეფასდა, „ნაციონალური მოძრაობის“ მეგობარმა პოლიტიკოსებმა ტრადიცია არ დაარღვიეს. ამჯერად შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა საქართველოში არსებული „პრობლემური საკითხების“ და „პოლიტიკური რეპრესიების“ გამო მორიგი შეშფოთება გამოთქვა. სხვათა შორის, ბატონი ბილდტი საპარლამენტო არჩევნების წინაც იმყოფებოდა საქართველოში და არც პოლიტიკური რეპრესიები შეუნიშნავს, არც ოპოზიციის დევნა და ზეწოლა.

დაახლოებით ერთი კვირის წინ კი საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროპარლამენტარებმა მერაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერთან შეხვედრაზე განაცხადეს უარი. როგორც გაირკვა ასეთი შეხვედრა დაგეგმილიც არ ყოფილა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრე დასავლელი პოლიტიკოსები ამ ფაქტსაც საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენებენ. ყველა ერთად კი, როგორც ჩანს, დღევანდელ ხელისუფლებაზე მთავარ დარტყმას, სავარაუდოდ, ვილნიუსის სამიტზე განახორციელებს.

რა შედეგი შეიძლება მიიღოს ამ ტაქტიკით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და რას კარგავს „ქართული ოცნება“ და რატომ უნდა უთხრას ქართველმა ხალხმა საპრეზიდენტო არჩევნებზე კოაბიტაციას არა, ამ თემებზე ექსპერტი ნანა დევდარიანი გვესაუბრება.

ქალბატონო ნანა, ცალკეული უცხოელი პოლიტიკოსების მხრიდან პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით განცხადებები არ წყდება, ქართულ საზოგადოებას ეს შეიძლება აღიზიანებს, მაგრამ ქვეყნის შიგნით განწყობებზე ამ ეტაპზე ნაკლებად მოქმედებს. ამასაწინათ ევროკავშირის მონიოტორინგის ჯგუფის სახელით საკმაოდ სკანდალური განცხადებები გაკეთდა, როდესაც, თითქოს, ევროპარლამენტარებმა ივანიშვილთან შეხვედრაზე უარი თქვეს. იგივე სულისკვეთების განცხადებები ისმის სხვა შეხვედრებზეც... როგორ ფიქრობთ, ეს სერიოზულ შედეგზე გათვლილი კამპანიაა? რაიმე ხელშესახებს მიაღწევს ასეთი დახმარებითნაცმოძრაობა“?

- ევროკავშირის მისიაზე როდესაც არის ლაპარაკი, ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ დეპუტატები დადიან აქ მონიტორინგის განსახორციელებლად. ესენი „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორები არიან ევროპარლამენტში, რომლებიც ჩამოდიან და აქ დემარშს ახორციელებენ. განა რა აკლია მერაბიშვილს ციხეში, რომ ამის გამო პრემიერთან შეხვედრა გადაედოთ?

ამის გარდა, როდესაც სერიოზული დელეგაცია ჩამოდის და შეხვედრა უმაღლეს დონეზე იგეგმება, ამის შესახებ საზოგადოება, ჟურნალისტები, წინასწარ არიან ინფორმირებული. როგორც ჩანს, მათ წინასწარ იცოდნენ, რაც უნდა მომხდარიყო, რადგან თუკი აინტერესებდათ რეალურად რა პრობლემა არსებობდა, პირიქით, ყველას უნდა შეხვედროდნენ და დასკვნებს მერე გააკეთებდნენ. როგორც ჩანს, ეს წინასწარ დაგეგმილი სცენარი იყო.

ვანო მერაბიშვილმა ახლა უკვე თვითონ გაავრცელა განცხადება, რომ ტელეფონზე თავისუფლად ვერ საუბრობს და ოჯახის წევრებს ვერ ხვდება, იგივეს იმეორებენ უცხოელი პოლიტიკოსებიც. სავარაუდოდ, მერაბიშვილის თემა არჩევნების მოახლოებასთან ერთად ქვეყნის გარეთ კიდევ უფრო აქტუალური გახდება...

- ეს მხოლოდ და მხოლოდ იმისი დემონსტრირებაა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, რომ აი, ევროპა ჩვენ მხარს გვიჭერს. ევროპარლამენტში უამრავი დეპუტატი და უამრავი განსხვავებული აზრია, მაგრამ დეპუტატი, რომელიც თავს უფლებას აძლევს, ჩავიდეს სხვა ქვეყანაში და იქაური სასამართლოს ნაცვლად თვითონ გამოიტანოს დასკვნა, რატომ ზის ესა თუ ის ადამიანი ციხეში, ის ადამიანი დეპუტატი საერთოდ არ უნდა იყოს, მითუმეტეს ევროპარლამენტის.

ეს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან შიდა მოხმარებაზეა გათვლილი, რომ თავის მომხრეებს დაანახონ, აი ევროპა მხარს გვიჭერსო. რატომ ჰყავდათ 40 ათასი პატიმარი ციხეში, ამაზე, იგივე იმ ევროპარლამენტარების პასუხიც საინტერესოა.

ქვეყნის შიგნით მხარდაჭერის გაზრდის იმედი აქვთ ნაციონალებს ასეთი ტაქტიკით?

- ცდილობენ, შეინარჩუნონ ის მხარდამჭერები, რომლებიც ჰყავდათ - ფაქტია, რომ რეიტინგის ვარდნა ჰქონდათ და მხარდამჭერებს კარგავენ - ამაზე შეიძლება იყოს გათვლილი. გარდა ამისა, სააკაშვილი აშშ-ში რომ ჩავა, იქაც მოყვება ამ ამბავს. ნათლად ვხედავთ, რომ აშშ-ს და ევროპის პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილი მხარს უჭერს სააკაშვილს და ყველანაირად ცდილობს, მის შენარჩუნებას ქართულ პოლიტიკაში. ის მათთვის მოსახერხებელი და სასარგებლო პარტნიორია. თვითონაც ცდილობს სააკშვილი, რომ დარჩეს პოლიტიკაში თუნდაც ამ მხარდაჭერის ხარჯზე.

არც ის უნდა გაგვიკვირდეს, ერთი და იგივე სიტყვებით რომ ლაპარაკობენ ნაციონალები და მათი უცხოელი მხარდამჭერები, ისინი ხომ ნაციონალებისგან იღებენ ინფორმაციას.

თუმცა სხვა რამ მაინტერესებს, რას აკეთებს ამ დროს საგარეო საქმეთა სამინისტრო?! ბოლოს და ბოლოს, მათ ქვეყნებში ნოტა არ უნდა გააგზავნოს რომ ეს დეპუტატები ქვეყნის საშინაო საქმეებში ერევიან? სუვერენული ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამაზე არაფერი არ უნდა თქვას? თუ მათი საქმიანობა მხოლოდ უცხოეთში ვიზიტებია?

არ ვიცი, ეს რა არის, არაკომპეტენტურობა, თავშეკავებულობა თუ გულარხეინი დამოკიდებულება, მაგრამ ეს კარგს არაფერს მოგვიტანს. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. მინდა გითხრათ, რომ ევროპაშიც, ისევე როგორც საქართველოში, პოლიტიკოსები ხშირად ცრუობენ.

თქვენ თვლით, რომ საქართველოს მხრიდან ამ თემის გამწვავება სასაურველია?

- ვფიქრობ, რომ აუცილებელიც არის. მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს ფუნქცია კი არა, საქართველოს პარლამენტისა და მისი თავმჯდომარის ფუნქციაც არის, რომ იგივე ევროპარლამენტში ჩაიტანოს სიმართლე. ამ ხალხმა ტყუილის მიტანა მოახერხა და სიმართლე როგორ ვერ უნდა მიიტანო?! ვფიქრობ, რასაც ჩვენ ვხედავთ, კოაბიტაციის შედეგებია.

საერთაშორისო სკანდალად შეიძლება იქცეს, როგორ ფინანსდებოდნენ ასეთი ემისრები საქართველოს ბიუჯეტიდან. ეს იცის ძალიან ბევრმა ადამიანმა, ვისაც კი შეხება ჰქონია რაიმე პროცესებთან. ახალი ხელისუფლება ვალდებულია, რომ ეს ინფორმაცია გამოაქვეყნოს და საჯარო გახადოს.

მე არ მაქვს ამისი მტკიცებულებები და ამაზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ კარგად გაარკვიონ, როგორ ფინანსდებოდა მეთიუ ბრაიზა. კიდევ მათიას იორში და სხვა ადამიანები რომ ჩამოდიოდნენ და მათ მხარეს იკავებდნენ. გაარკვიონ ეს ყველაფერი, რადგან საზოგადოებაში გონივრული ეჭვი არსებობს, რომ ამათ 9 წლის განმავლობაში ხელს უანგაროდ არავინ აფარებდა.

რაში აწყობს დღევანდელ ხელისუფლებას რომ ეს ინფორმაცია თუ ხელმისაწვდომია, არ განასაჯაროოს?

- როგორც ჩანს, ეუბნებიან, რომ კოაბიტაციაა, ასეა საჭიროო და ესენიც ითმენენ, თავიდანვე ვამბობდი, რომ არ შეიძლება დამნაშავეებთან კოაბიტაცია და ეს მახინჯი პრაქტიკაა.

თუ დასავლელი, თუნდაც ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად გახშირდება ასეთი განცხადებები, როგორ ფიქრობთ, ეს იმოქმედებს საზოგადოებრივ განწყობაზე?

- ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აისახება საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე. ვფიქრობ, ბაქრაძის პრეზიდენტობა გამორიცხულია, რადგან იმ ეპოქაში დაბრუნება არავის უნდა, მაგრამ მარგველაშვილის გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებზე თუნდაც იმიტომ არ შეიძლება, რომ ეს არის კოაბიტაციის გაგრძელება.

რატომ არის მარგველაშვილის გაპრზიდენტება კოაბიტაციის გაგრძელება?

- ეს ორი ძალა ერთმანეთშია შერწყმული. ამასწინათ, ურეკში, ივანიშვილის რეზიდენციაში რომ შეხვდნენ ერთმანეთს ბაქრაძე და უსუფაშვილი ეს რას ნიშნავს ვინ ამიხსნის? რა რანგით შეხვდნენ პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე უმცირესობის ლიდერს, მოქმედ, ამ წუთას დასახელებულ პრეზიდენტობის კანდიდატს?- ანუ ამით მისი შანსები გაზარდეს. რა საჭირო იყო ასეთი დონის შეხვედრა, საგანელიძე რომ შეხვედროდა როგორც უმრავლესიობის ლიდერი არ შეიძლებოდა?

ეს კოაბიტაციის გაგრძელებაა და საპრეზიდენტო არჩევნებზე ამას ქართველმა ხალხმა უნდა უთხრას არა. როგორც სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ უთხრა არა, ისე უნდა უთხრას კოაბიტაციას არა. მერე ხელისუფლება კეთილს ინებებს და გაიგებს, რა ხდება პარლამენტისა და პოლიტიკური კულუარების გარეთ.

კოაბიტაციისთვის უარის თქმა როგორ უნდა გამოიხატოს არჩევნებში, მარგველაშვილის წაგებით?

- ჩემთვის მნიშვნელოვანია, არა ვინ წააგებს, არამედ ის, რომ ქვეყანამ მოიგოს. ბურჯანაძის მოგებით საპრეზიდენტო არჩევნებზე ქვეყანა და ხალხი მოიგებს. ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაც რაღაცას კარგავს, მთავრობა ისევ მათ ხელში რჩება და პარლამენტიც - უმრავლესობით. 40%-იანი „ნაციონალური მოძრაობა“ სრული აბსურდია, მაგრამ ისინი ისევ არიან და ძალიან მომწონს ბურჯანაძე რიგგარეშე საპარლამებნტო არჩევნებს რომ ითხოვს, რადგან ასეთი პარლამენტი ქართველი ამომრჩევლის მოთხოვნებს უკვე აღარ პასუხობს. ამ ორ ძალას სჭირდება ვიღაც, ვინც შეანჯღრევს. როგორც ჩანს, თვითონ დამოუკიდებლად ვერ ახერხებენ, რომ ზომიერება დაიცვან და ნორმალური პოლიტიკა გაატარონ.