ყოფილი მინისტრი ჟურნალისტის წინააღმდეგ

ყოფილი მინისტრი ჟურნალისტის წინააღმდეგ

ლტოლვილთა და განსახლების ყოფილი მინისტრი, გიორგი ხევიაშვილი გაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ დამფუძნებლის, ელისო კილაძის წინააღმდეგ პროკურატურაში უჩივის. ამის შესახებ განცხადება ხევიაშვილმა დღეს for.ge-ს პრეს-კლუბში გააკეთა. მისი თქმით, როდესაც აქტიურ პოლიტიკაში იყო, მაშინაც მის მიმართ ბევრი არაკეთილგანწყობილი მასალა ქვეყნდებოდა ქართულ მედიაში, მაგრამ ვინაიდან მაშინ გიორგი ხევიაშვილი სახელმწიფო თანამდებობის პირი იყო, თმენის ვალდებულება ჰქონდა და არასოდეს გამოჰკიდებია მსგავს თემებს, მაგრამ ის, რაც „ქრონიკა პლიუსში“ დაიბეჭდა, ყოფილი მინისტრის აზრით არის პროვოკაცია და შეკვეთილი სტატია.

„ეს უკვე მარტო ჩემთვის ტალახის სროლა კი არ არის, არამედ ჩემი ოჯახის და ჩემი შვილების მომავლის დანგრევაა, რის გამოც მე გაჩუმებას არ ვაპირებ. მე უკვე შევიტანე განცხადება მთავარი პროკურორის, ბატონი არჩილ კბილაშვილის სახელზე და ამ განცხადებაში მომყავს სტატიის სათაური და ვუთითებ სისხლის სამართის კოდექსის 373-ე მუხლს, რომლის საფუძველზეც ამ სტატიასთან დაკავშირებით საქმე უნდა აღიძრას, რადგან აქ საქმე გვაქვს მძიმე დანაშაულთან. საგაზეთო სტატიაში მოყვანილი ფაქტები, იგივე კონკრეტულ პიროვნებებთან ჩემი თითქოსდა ნათელ-მირონობა და ა.შ. ეს ყველაფერი ტყუილია და ეს არის ბინძური პროვოკაცია“, - აცხადებს გიორგი ხევიაშვილი.

მისი თქმით, ეს მის წინააღმდეგ მიმართლი მძიმე დანაშაულია, რომელსაც გამოძიება სჭირდება. ამასთანავე, ყოფილი მინისტრი აპირებს ამ ფაქტთან დაკავშირებით დიპლომატიურ კორპუსსაც მიმართოს. ხევიაშვილის თქმით, ერთხელ მაინც უნდა იყოს პრეცედენტი იმისა, რომ პროვოკაციების და შეკვეთილი სტატიების დამკვეთები საქართველოში დაისაჯონ.

„მე ასე ცხოვრებას არ ვაპირებ, რომ ვიღაცას ეს შევარჩინო და ჩემი შვილების მომავალი დავანგრევინო, რადგან ჩემს შვილებს უფლის და სამშობლოს სიყვარულით ვზრდი და ამ სტატიის მიხედვით კი მე თურმე ასეთი ბინძური დანაშაული მაქვს ჩადენილი“, - აღნიშნავს გიორგი ხევიაშვილი.

რა დანაშაულზეა საუბარი და კონკრეტულად რა ბრალდებებს გიყენებთ გაზეთი?

_ საუბარია იმაზე, რომ თითქოს მე ნარკობარიგების ორგანიზებული დანაშაულის შემქმნელი და მფარველი. გაზეთი პირდაპირ წერს, რომ 2007 წლიდან ნარკოტიკების რეალიზაციის ცენტრი გახდა გარდაბანი და ამ პროცესს სათავეში ედგა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, გიორგი ხევიაშვილი. მინდა გითხრათ, რომ მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში ვარ, ანუ დაახლოებით 1999 წლიდან ჩემთვის ბევრი რამ დაუბრალებიათ, ბევრი ცუდი სტატია დაწერილა, მაგრამ ჩემთვის ეს არის ზღვარი, რის პატიებაც არ შემიძლია. რომ იტყვიან, რკინის ქალამნებს ჩავიცვამ და ვეცდები სამართალი ვიპოვო.

ძალიან მჯერა პროკურატურის, მისი ხელმძღვანელი გუნდის, რომ ისინი დამეხმარებიან სამართლის დადგენაში. ამ ადამიანებმა ეს დაადასტურეს, როდესაც მიუხედავად საზოგადოებაში არსებული სხვადასხვაგვარი განწყობებისა, სამართლიანი გადაწყვეტილება გამოიტანეს, ბედუკაძის საქმეს ვგულისხმობ. შეიძლება ამ საქმეში დღეს არსებული პოლიტიკური ძალებიც იყვნენ ჩართულები, მაგრამ მე მჯერა, რომ პროკურატურა ამ საკითხში სამართლებრივ დახმარებას გამიწევს.

თქვენ  საუბრობთ დაკვეთაზე და თქვენი აზრით, ვის შეიძლება სჭირდებოდეს თქვენი დისკრედიტაცია?

_ დაკვეთაზე იმიტომ ვსაუბრობ, რომ ეს სტატიიდან ნათლად ჩანს. მთელს მასალაში სულ სხვა რაღაცაზე მიმდინარეობს მსჯელობა და უცებ ერთ აბზაცში ვარ მე მოხსენიებული, სრულიად უადგილოდ. ბუნებრივია, ისმის კითხვა, რატომ წამოვიდა ეს კამპანია ჩემს წინააღმდეგ, ანუ იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც უკვე დიდი ხანია პოლიტიკას ჩამოშორებული ვარ. მინდა გითხრათ, რომ შემოდგომაზე გარკვეული ეროვნული ძალების კონსოლიდაციას ვგეგმავდი. ამ ძალებს გვაქვს სურვილი, რომ ეს მოძრაობა მონარქიულში გადაიზარდოს და ჩემი აზრით, ჩემს წინააღმდეგ მიმართლი ეს პროვოკაცია სწორედ იმისკენ არის გამიზნული, რომ მე პოლიტიკაში აღარ გამოვჩნდე, ანუ ადამიანებს უთხრან, რომ ეს კაცი ასეთ საქმიანობაშია ჩაბმული და პოლიტიკაში მას არაფერი ესაქმება.

ეს ძალიან მძიმე დანაშაულია, რასაც მე მაბრალებენ. ამიტომაც მივმართავ პროკურატურას, რომ ეს საქმე გამოიძიონ.

როდესაც ადამიანი მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ ცილისწამებას აქვს ადგილი, როგორც წესი სასამართლოს სამოქალაქო სარჩელით მიმართავს პატივისა და ღირსების შელახვის გამო. თქვენ კი პროკურატურას მიმართეთ, რატომ მოიქეცით ასე?

_ აქ აღარ არის საუბარი პატივისა და ღირსების შელახვაზე, საუბარია უმძიმეს დანაშაულზე. თუკი ჟურნალისტი იტყვის, რომ ეს ინფორმაცია მას გარკვეულმა წყარომ მიაწოდა, სისხლის სამართლის კანონმდებლობაში არსებობს ცრუდასმენა და მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში სწორედ ამ დანაშაულთან გვაქვს საქმე. ამიტომაც მივმართე პროკურატურას და გამოძიების დასრულების შემდეგ უკვე შეიძლება სასამართლოსაც მივმართო პატივისა და ღირსების შელახვის გამო.“