„ადეიშვილმა მითხრა, ცეზარ ჩოჩელს თუ ჩაუშვებ, ყველაფერს უკან დაგიბრუნებთო“

„ადეიშვილმა მითხრა, ცეზარ ჩოჩელს თუ ჩაუშვებ, ყველაფერს უკან დაგიბრუნებთო“

„ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში სამშენებლო ბაზარზე კონკურენცია სერიოზულად გაიზარდა და ბიზნესმენთა უმრავლესობას თავის გადასარჩენად ხელისუფლებასთან დასაახლოებელი გზის გამოძებნა სჭირდებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ბიზნესთან თავად მიდიოდა და საქმე წილის დათმობით თუ არა, ქონების წართმევით, უფრო სწორად, კი სახელმწიფოსთვის ნებაყოფილობით საჩუქრად გადაცემით სრულდებოდა. არასამთავრობო ორგანიზაცია „დააბრუნეში“ გაერთიანებულ ბიზნესმენთა ისტორია წვეთი წყალივით ჰგავს ერთმანეთს. იშვიათი გამონაკლისის გარდა ყველას საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი გლდანის მერვე საპყრობილის კოშმარები.

შპს „ჯავარდენი“ „კბპ-1“-ის ბაზაზე შეიქმნა, ეს იყო კომპანია, რომელიც გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან თბილისს სამშენებლო მასალებით ამარაგებდა. პრივატიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ „ჯავარდენმა“ თავისი ფუნქცია შეინაჩუნა და სს „ინჟმშენის“ საინჟინრო სამუშაოებით უზრუნველყოფა ევალებოდა. როგორც კომპანიის დირექტორი გენადი ხელაშვილი აცხადებს, კომპანიას გააჩნდა გაჯის, სანტექნიკის, რკინა-ბეტონის კონსტრუქციების, ლითონის კონსტრუქციების საამქროები. შევარდნაძის ეპოქაში, როდესაც წარმოება თითქმის შეჩერდა, არ იყო ელექტროენერგია, კომპანია საკუთარი ელერქტრო-ქვესადგურის ბაზაზე აგრძელებდა მუშაობას, თუმცა დაახლოებით 6-წლიანი პაუზის გაკეთება მაინც მოუხდა, რადგან ელექტროენერგიის დეფიციტმა თავისი შედეგი მაინც გამოიღო.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კომპანია კვლავ ამოქმედდა, რადგან ელექტროენერგიის პრობლემა ქვეყანას მოეხსნა, თუმცა ახალი ეპოქის წარმატებები არც ისე ხანგრძლივი აღმოჩნდა, რადგან როგორც ხელაშვილი ამბობს, 2010 წელს ის დააკავეს.

გენადი ხელაშვილი: როგორც მივხვდი, დაახლოებით 2-3 წელი მითვალთვალებდნენ, ავტომანქანაშიც და სხვა ადგილებშიც, სადაც მიხდებოდა ყოფნა, რამდენჯერმე ე.წ. ჟუჩოკები აღმოვაჩინე სხვადასხვა დროს.

სავარაუდოდ, ხელშესახები ვერაფერი იპოვეს რადგან დავა ეხებოდა პრივატიზაციის პროცესს. პრივატიზებული მქონდა შენობა-ნაგებობები, ხოლო მიწა აღებული მქონდა იჯარა-გამოსყიდვის უფლებით. 2006 წელს ეს იჯარა-გამოსყიდვაც დავასრულე.

ის ადამიანები დაიჭირეს, ვინც თავის დროზე პრივატიზაცია ჩაატარა, ათქმევინეს, რომ საბუთები გააყალბეს. ბრალდებაში ლაპარაკი იყო იმაზე, თითქოს, მე დავიქირავე დამნაშავეთა ჯგუფი, რომელთა დახმარებითაც 8 ჰა მიწის შესყიდვა გავაყალბე და სახელმწიფოს ზარალი მივაყენე. 1 კვადრატული მიწის ღირებულებად 3 დოლარის ნაცვლად 37 დოლარი აიღეს, 8 ჰექტარზე გაამრავლეს და გამოიყვანეს ზარალი, რომელიც სახელმწიფოს მივაყენე.

რეალურად რას ითხოვდნენ, ქონების ჩამორთმევა უნდოდათ თუ უბრალოდ წილში ჩაჯდომა?

- 10 თვე ციხეში გამატარებინეს, ბოლოს მომაწერინეს ხელი, რომ თითქოს, ვაღიარებდი საბუთების გაყალბებას. რა თქმა უნდა, მიწა წამართვეს, საპროცესო შეთანხმებაშიც 50 ათასი ლარი გადამახდევინეს და ყველა ანგარიშზე ყადაღა დამიდეს. ანგარიშები დღესაც დაყადაღებულია.

როგორც ვიცი, ციხეში გაწამებდნენ, ეს ამ 8 ჰექტარი მიწის გამო ხდებოდა, არ თანხმდებოდით?

- როდესაც უკვე ციხეში ვიყავი, ამ საქმის რეალურ მიზეზს მერე მივხვდი. ორი თვის დაკავებული ვიყავი, ერთ-ერთ შაბათს ადვოკატთან გამომიძახეს. გამიკვირდა, შაბათ-კვირას ადვოკატთან არავის იძახებდნენ. მივხვდი, რაღაც სხვა ხდებოდა. ჩამსვეს მანქანაში, გამიყვანეს ციხის ტერიტორიიდან და როგორც მიხვვდი იქვე გლდანში, უფრო შორს არ წავსულვართ, რომელიღაც საცხოვრებელ კორპუსთან მიმიყვანეს. მეორე სართულზე ავედით. ხელბორკილები არ მოუხსნიათ ისე შემიყვანეს, ოთახში, რომელიც სამუშაო კაბინეტს ჰგავდა, მაგიდასთან კი ზურაბ ადეიშვილი იჯდა. ვკითხე, რაში იყო საქმე. მიპასუხა, კანონის წინაშე ყველა თანაბარი ვართ და რაც დააშავეთ ყველაფერზე პასუხი უნდა აგოთო.

მარტო იყო ადეიშვილი?

- რამდენიმე ადამიანთან ერთად. არ ვიცი, ვინ იყვნენ. ვუთხარი, რომ თვითონაც კარგად იცოდა არაფერი რომ არ მქონდა დაშავებული. მითხრა, რომ რაღაც დოკუმენტები ჰქონდა მომზადებული, თუ ხელს მოვაწერდი, ქვემოთ, სადარბაზოსთან ავტომანქანა მელოდებოდა, რომელიც სახლში წამიყვანდა, ამის გარდა, ფულსაც უკან დამიბრუნებდნენ.

რა დოკუმენტებზე იყო საუბარი?

- გამოვართვი და წავიკითხე, რაზედაც მთხოვდნენ ხელმოწერას - ორი კაცი უნდა „ჩამეშვა“, რომლებმაც თითქოს, ჩემთან ერთად გააყალბეს საბუთები.

ვისზე იყო საუბარი?

- ვინმე ჩიგოგიძე და ჩოჩელი. ეს ჩოჩელი მაგათი კაცი იყო და მე რატომ უნდა „ჩამეშვა“, ვერ მივხვდი.

ცეზარ ჩოჩელზეა საუბარი?

- დიახ, ცეზარ ჩოჩელზე. ვერ მივხვდი რა უნდოდათ, რისი წართმევაც უნდოდათ ყველაფერი უკვე წართმეული ჰქონდათ და ეს ადამიანები რატომ უნდა ჩამეშვა, აზრს ვერ მივხვდი. შესაძლოა, ეს ყველაფერი სწორედ ამის გამო იყო მოწყობილი, ვერ გეტყვით. რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი.

ცეზარ ჩოჩელთან რა შეხება გქონდათ?

- ცეზარ ჩოჩელს ჩემთან შეხება არ ჰქონია-მეთქი. როგორ არაო და ფოტო მაჩვენეს, სადაც მე და ჩოჩელი ვიყავით გადაღებული - სიმამრი გარდაეცვალა ჩოჩელს და როდესაც შევხვდი მივუსამძიმრე. ეს მომენტი იყო გადაღებული. ჩოჩელის მეუღლე და ჩემი რძალი მეგობრობენ, აქედან გამომდინარე, გარკვეული ურთიერთობა მქონდა, მაგრამ არა საქმიანი.

როდესაც საბუთების ხელმოწერაზე კატეგორიული უარი ვუთხარი, რომელიღაცამ ისე დამარტყა, მხოლოდ ციხეში მოვედი გონს. ისედაც, როცა კი შანსი მოეცემოდათ, ციხეშიც არ მაკლდა წამება. თითებს კარის ღრიჭოში მაყოლებდნენ და კარს კეტავდნენ. ორივე თირკმელი დამიზიანეს. ბოლოს 10 თვის შემდეგ გამომიშვეს ციხიდან დაავადებული. სპორტსმენი ვიყავი, საკმაოდ ჯანმრთელი. სპორტის სასახლესთან „მზეჭაბუკის“ ქანდაკება რომ დგას, ნატურა მე ვიყავი. ახლა ყოველდღე ექიმთან დავდივარ...

ციხიდან გამოსვლის შემდეგ ცეზარ ჩოჩელს მოუყევით ეს ყველაფერი? იმ პერიოდში ისნაციონალური მოძრაობისერთ-ერთი სახე იყო...

- შევუთვალე, რაც მოხდა და, ალბათ, თვითონ გაარკვევდა...

ახლა ვის ეკუთვნის თქვენი ქონება?

- როგორც გავიგე, კომპანია „კნოუფს“ გადაეცა, რომელიც, თითქოს, გერმანული კომპანიაა, მერე გაკორტდა და ახლა ერთ-ერთი კრედიტორი ბანკის ხელშია გადასული. უფრო დეტალურად არ დავინტერესებულვარ, რადგან მე აღარ მეკუთვნის.

როგორც მივხვდი, უკანონოდ წართმეული ქონების დაბრუნება გსურთ და პროკურატურაშიც შეტანილი გექნებათ სარჩელი...

- რა თქმა უნდა, შევიტანე, მაგრამ რატომღაც იგივე პროკურორს დაავალეს მისი შესწავლა, ვინც თავის დროზე „შეკერა“ ეს საქმე. როგორ დავიჯერო, რომ ობიექტური გამოძიება ჩატარდება? არ ვიცი რა იქნება, მაგრამ დიდი იმედი არ მაქვს. მანქანა იმათ რომ დამიყადაღეს, ამათ წამართვეს. რეალურად, საძიებელი იქ არაფერი არ არის, ყველაფერი ძალიან მარტივადაა, მაგრამ როგორც ჩანს, საკუთარ თავზე აღება არავის უნდა.