სათაურში გამოტანილ წინადადებას წერტილი მოუხდება, კითხვის ნიშანი, თუ ძახილის ნიშანი, მკითხველმა გადაწყვიტოს. ანალიზი რომ მაქსიმალურად ობიექტური გამოვიდეს, ვფიქრობ, დასაწყისისთვის კითხვითი ფორმა მეტ სამსახურს გამიწევს.
ბიძინა ივანიშვილის წასვლის დღისთვის (თუ ეს გადაწყვეტილება არ გადაისინჯება), ანუ „საპრეზიდენტო არჩევნებიდან ორი-სამი დღის შემდეგ“, მოვლენათა სხვადასხვა სავარაუდო განვითარების შემთხვევაში, პოლიტიკურ ძალთა განლაგების რამდენიმე ვარიანტი შეიძლება მივიღოთ (ყველა შემთხვევაში, პრემიერობის კანდიდატებად ორი ირაკლიდან ერთ-ერთს, ღარიბაშვილს ან ალასანიას განვიხილავ, ხოლო ბატონ ბიძინას სამოქალაქო სექტორის ლიდერ აქტორად წარმოვიდგენ):
1. საპრეზიდენტო არჩევნებს იგებს გიორგი მარგველაშვილი, მეორე ადგილზე გადის „ნაცების“ კანდიდატი.
ვფიქრობ, ეს ვარიანტი ყველაზე არასასურველ სცენარად უნდა ჩაითვალოს. პირველივე დღეებიდან ვიღებთ ყველაზე არამდგრად, არასტაბილურ პოლიტიკურ გარემოს, რომელიც, სავარაუდოდ, ძალიან მალე გადაიზრდება ღრმა პოლიტიკურ კრიზისში. წარმოიდგინეთ: პარლამენტი - თითქმის ნულოვანი ლეგიტიმაციის ხარისხის; პრეზიდენტი - თითქმის ნულოვანი ლეგიტიმაციის ხარისხის (კაცის კაცი); დამნაშავეების მიერ მართული სასამართლო; არარსებული და იმავდროულად არალეგიტიმური ადგილობრივი თვითმმართველობა... აღარაფერს ვამბობ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეკონომიკურ კრიზისზე და სხვა გადმოყოლილ თუ ახალ პრობლემებზე.
2. საპრეზიდენტო არჩევნებს იგებს გიორგი მარგველაშვილი, მეორე ადგილზე გადის ნინო ბურჯანაძე, ან ვინმე სხვა არასაპარლამენტო პარტიებიდან.
ამ შემთხვევაში ოდნავ უკეთეს სცენარს ვიღებთ, რადგან დღის წესრიგში ლოგიკურად დგება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობა. მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ლოგიკა ლოგიკად შეიძლება დარჩეს... ყველაფრიდან ჩანს, მმართველი კოალიციის წევრ პარტიებს გაუჭირდებათ შეელიონ „ღვთის საჩუქარს“. უფრო მეტიც, რამდენიმე „რესპუბლიკელს“ უკვე საჯაროდ „წამოცდა“, რომ მეორე ადგილი „ნაცების“ კანდიდატისთვის უფრო ემეტებათ (თითქოს „ოცნების“ რჩეულს გამარჯვება ჯიბეში ედოს).
ჩანართი I - ჩვენს ანალიზს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ ვთანხმდებით, რომ ერთმმართველობა პოლიტიკური ჩიხია (!) ერთმმართველობის სქემა მარტივია: საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას, აგრეთვე, მედიასა და ე.წ. არასამთავრობო სექტორს უნდა აკონტროლებდეს ერთი პოლიტიკური სუბიექტი. ასეთ დროს იერარქიას და როლების (უფლებების) გადანაწილებას არა კანონი, არამედ შიდა გადაწყვეტილებები განსაზღვრავს (მაგ. კონსტიტუციის თანახმად ქვეყნის მეორე პირი დავით ბაქრაძე არასდროს ყოფილა მეორე, უფრო მეტიც - არ ყოფილა ოცეულის წევრიც კი). ჩვენ შემთხვევაშიც, თუ ქვეყნის მართვის ყველა სადავე ერთი კაცის (პარტიის, კოალიციის, გუნდის, კლანის და სხვ.) ხელში აღმოჩნდება, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ლიდერი პრემიერის რანგში მოგვევლინება, პრეზიდენტის, თუ „უფლებადამცველის“...
ჩანართი II - ერთი წუთით დავუშვათ, რომ სამოქალაქო სექტორში გადართული ბიძინა ივანიშვილი მართლაც წყვეტს ღია თუ ფარულ კავშირებს ხელისუფლებასთან, ან მიზეზთა გამო ვერ ახერხებს მართვის პროცესში მონაწილეობას (წარმოვიდგინოთ მოვლენათა ყველაზე მძიმე განვითარება). ამ პირობებში, პირველი და მეორე ვარიანტის შემთხვევაში, თუ შეიძლება ასე ითქვას, ექსპერიმენტულ გარემოში აღმოვჩნდებით, რომლის განვითარების პერსპექტივადაც სამოქალაქო დაპირისპირება უნდა ვივარაუდოთ.
ჩანართი III - როცა ვამბობ - “ან ვინმე სხვა არასაპარლამენტო პარტიებიდან“, რასაკვირველია, ყველას არ ვგულისხმობ. მაგალითად, არ ვგულისხმობ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. ვფიქრობ, მისი შანსები საკმაოდ მცირეა, დაახლოებით იმდენი, რამდენიც გიორგი თარგამაძის. მიუხედავად ამისა, მაინც ღირს მასზე საუბარი. ეს „თეორიული ვარიანტი“ ადვილად შეიძლება მოვიდეს მოქმედებაში, თუ ზოგიერთი სახელისუფლებო პარტია, გარკვეული ინტერესებიდან გამომდინარე, ზედმეტ მზრუნველობას გამოიჩენს ქალბატონი სალომეს კანდიდატურის მიმართ. ეს ინტერესი, ამ პარტიებისთვის ყველაზე არასასურველი კანდიდატის, ნინო ბურჯანაძის დაბლოკვა გახლავთ.
კოალიციის ყველა სუბიექტის (გარდა პარტია „ქართული ოცნებისა“) მიზანია დღევანდელი სტატუს-კვოს შენარჩუნება და ოთხწლიანი ციკლის ბოლომდე მიყვანა. ეს ფორიაქი განსაკუთრებით „რესპუბლიკელებს“ ეტყობათ. მიზეზების ახსნას არ შევუდგები, რადგან ამაზე უკვე ბევრჯერ ითქვა. სალომე ზურაბიშვილის სათანადო „წახალისების“ (ღია თუ ირიბი „პიარი“ და კიდევ უამრავი სხვა „სიკეთეები“) შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ნინო ბურჯანაძის ხმების გადმოქაჩვა.
თუკი მოხდა და მეორე ტურში მარგველაშვილი-ზურაბიშვილის ტანდემი გავიდა (ამ ორ გვარს შორის თავისუფლად შეიძლება ტოლობის ნიშნის დასმაც), ჩათვალეთ, რომ კოალიციამ გეგმას თავი წარმატებით გაართვა. პოლიტიკურად მარტოხელა(?) სალომე ზურაბიშვილის (მის პარტიას პარტიას ვერ უწოდებ) შერწყმა და „საერთო კოალიციური ინტერესის“ ჩარჩოში მოქცევა, რომ იტყვიან, ტექნიკის საქმეა.
3. საპრეზიდენტო არჩევნებს იგებს ნინო ბურჯანაძე, ან ვინმე სხვა არასაპარლამენტო პარტიებიდან.
ვფიქრობ, შექმნილ ვითარებაში, აღნიშნული სცენარი მოვლენათა განვითარების ოპტიმალური ვარიანტია. ვიყოთ გულახდილი, ქ-ნი ნინო არ წარმოადგენს ბატონ ბიძინა ივანიშვილისადმი ოპოზიციურად განწყობილ პერსონას. იმავეს ვიტყოდი მისი პარტიის მისამართითაც. მორატორიუმის შემდგომ პერიოდში ნამდვილად აქვს ადგილი ახალი ხელისუფლებისადმი მწვავე კრიტიკულ დამოკიდებულებასა და ცალკეულ შემთხვევებში დემარშებსაც კი, მაგრამ აშკარაა, რომ ადრესატი კოალიციის ესა თუ ის სუბიექტი უფროა, ვიდრე მისი ლიდერი.
ამით იმის თქმა მინდა, რომ დასრულდება ის არანორმალური ვითარება, როცა პრეზიდენტი ხელისუფლების ოპოზიციაა. გარდა ამისა, პოლიტიკურ პარტიებს შორის შეიქმნება პროგრესისთვის ესოდენ აუცილებელი კონკურენტული გარემო. ყველაფრიდან ჩანს, რომ ნინო ბურჯანაძე არავითარ შემთხვევაში არ შეეცდება, თვითმიზნურად კრიჭაში ჩაუდგეს მთავრობას, მაგრამ, მეორე მხრივ, გამომდინარე იქიდან, რომ ბიძინა ივანიშვილისადმი არანაირი ვალდებულება არ გააჩნია, ყველა საჭირო შემთხვევაში, აუცილებლად გადაერთვება კონსტრუქციული ოპონირების რეჟიმში.
ეს სცენარი იმითაც არის კარგი, რომ წინ ვეღარაფერი დაუდგება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს, რაც შედეგად მოგვცემს შესაბამისი პასუხისმგებლობებით აღჭურვილ, თვისებრივად ახალ პოლიტიკურ სპექტრს. ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი სამართლიანობის აღდგენის გზაზე. მნიშვნელოვანია აგრეთვე, რომ გაცილებით დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.
ჩანართი IV - “ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის დახასიათებას შეგნებულად ავუარე გვერდი, რადგან სქემებზე და პოლიტიკის „წესებზე და კანონებზე“ საუბარი უფრო ობიექტური ანალიზის საშუალებას იძლევა. გამომდინარე იქიდან, რომ ყველა წესს აქვს თავისი გამონაკლისი, ვინმეს შეიძლება მიაჩნდეს, რომ ბატონი გიორგი სწორედაც რომ გამონაკლისია. ბატონებო, კონკრეტულ შემთხვევაში საქმე გვაქვს აქსიომასთან - ამ წესს გამონაკლისი არა აქვს, რადგან დემოკრატია და ერთმმართველობა ურთიერთგამომრიცხავი ცნებებია.
გიორგი მარგველაშვილის გამარჯვება ძველ წრეზე დაბრუნებას რომ გვიქადის, ამაში ადვილად დავრწმუნდებით, თუ შევეცდებით პასუხი გავცეთ კითხვას - რამდენ პროცენტს აიღებდა ბატონი გიორგი, სხვა პარტიის, ან საინიციატივო ჯგუფის კანდიდატი რომ ყოფილიყო? - ჩემი პასუხი ასეთია - ბევრად ნაკლებს, ვიდრე პაატა ბურჭულაძე, ან თუნდაც შალვა ნათელაშვილი.
რაც შეეხება სათაურში გამოტანილ კითხვას...
ვფიქრობ, ბიძინა უნდა წავიდეს. არგუმენტებად დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებისთვის აუცილებელ ორ, საყოველთაოდ აღიარებულ პირობას მოვიხმობ: 1. პოლიტიკის მთავარი სუბიექტია პოლიტიკური პარტია და არა პიროვნება, ანუ ბელადი; 2. ყველანაირი პროგრესის საფუძველია კონკურენცია.
ბატონი ბიძინას პოლიტიკიდან წასვლის შემთხვევაში, პასუხისმგებლობის მთავარი სუბიექტი ხდება ხალხი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ - აღმოვჩნდებით იმ მდგომარეობაში, რაც ნორმაა ნებისმიერი იმ სახელმწიფოსთვის, რომლებიც ჩვენთვის დიდი ხანია ორიენტირად იქცნენ და რომელთა განვითარების დონის მიღწევისკენაც შინაგანად ვისწრაფვით. ეს გახლავთ ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულებაც. ხშირად გაიგონებთ, საზოგადოება ამისთვის მზად არ არისო. ეს ის შემთხვევაა, როცა წყალში უნდა შეხვიდე, ცურვა რომ ისწავლო.
უნდა წავიდეს, მაგრამ - როდის? ეს არის მთავარი კითხვა. ბიძინა ივანიშვილი ის კაცი არ არის, ფიქრისა და ანალიზის გარეშე იღებდეს გადაწყვეტილებებს. ამიტომ, მისი განცხადების შემდეგ, „ბედის ანაბარა მყოფისა“ და „გარდაუვალი კატასტროფის“ წინაშე დარჩენილის განცდა არ დამუფლებია. პირიქით, უფრო მძაფრად გავაცნობიერე ჩემი უფლებები და მოვალეობები და ჩემს მოსაზრებებს საზოგადოების წინაშე ღიად გამოვხატავ:
წასვლის დრო გარკვეული ეტაპის დასრულებას უნდა უკავშირდებოდეს. ქვეყნის პოლიტიკაში დღეს შექმნილი ვითარება შეიძლება შეფასდეს ნულოვან მდგომარეობად. ჩვენი ბრძოლის შედეგად, თვისებრივად ახალი რეალობის წინაშე დავდექით. კარსაა მომდგარი საპრეზიდენტო, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ვფიქრობ, ეს არის მიჯნა... მიჯნა, საიდანაც იწყება ევროპული გზა.
თუ გვსურს, 1 ოქტომბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში შავი წარსულიდან თავის დახსნის და შეუქცევადი პოზიტიური პროცესების დაწყების დღედ შევიდეს, ბიძინა ივანიშვილის ვალია (მიუხედავად იმისა, წავა პოლიტიკიდან თუ არა), შექმნას გარემო, რომელიც პოლიტიკურ სუბიექტებს საშუალებას მისცემს, გაიცნობიერონ მათ წინაშე არსებული პასუხისმგებლობა, სრულად წარმოაჩინონ თავისი შესაძლებლობები, ხოლო მოქალაქეებს ექნებათ თავისუფალი, ანუ მხოლოდ საკუთარი ნებით განსაზღვრული არჩევანის უფლება. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მომავალი წლის გაზაფხულამდე უნდა ჩატარდეს სამი ისეთი არჩევნები, სადაც ბიძინა ივანიშვილი მხარედ არ იქნება წარმოდგენილი - იქნება პოლიტიკური პროცესის სამართლიანობის გარანტი.
ბატონი ბიძინას ღვაწლს ქვეყნის და ერის წინაშე მომავალი თაობებიც დააფასებენ. ამ ადამიანის მეთაურობით ბრძოლამ მიგვიყვანა დიდ გამარჯვებამდე. ამ გამარჯვების სახელია თავისუფლება. დროა დავფიქრდეთ, რა ვალდებულებებს გულისხმობს ამ ცნების შინაარსი. ქართული პოლიტიკის გამორჩეული ლიდერის ნებისმიერი მცდელობა, საკუთარი გემოვნებით, საკუთარი შეხედულებებით „დაალაგოს“ (როგორც მას უყვარს ხოლმე თქმა) პოლიტიკური სპექტრი, ძველი სისტემის პირობებში ცხოვრების გაგრძელებას ნიშნავს. რჩება მეორე - ხალხმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა.