ჰამერბერგის 12 რეკომენდაცია საქართველოს მთავრობას

ჰამერბერგის 12 რეკომენდაცია საქართველოს მთავრობას

საქართველოში ევროკავშირის სპეცილური მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში თომას ჰამარბერგი მიიჩნევს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები კრიმინალურია და მისი განადგურება უნდა მოხდეს. რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ ჩანაწერების შესწავლის დროს შესაძლოა მოხდეს ისეთი ელემენტების იდენტიფიცირება, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას სისხლის სამართლის გამოძიებაში. ამასთან, ეს უნდა მოხდეს ისე, რომ არ დაირღვეს მსხვერპლის კონფიდენციალურობის უფლებები.

„რადგანაც ჩანაწერების განადგურება ვერ მოხდება დაუყონებლივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩანაწერების არქივის კონფიდენციალურობა დაცული იყოს და ხელმისაწვდომობა მკაცრად იყოს შეზღუდული. ეს ყოველივე დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს კომისიის წევრებს. კომისიას უნდა გააჩნდეს განსაზღვრული ამოცანა, რომელიც დამტკიცებული იქნება მთავრობის მიერ. მიზანშეწონილი იქნება თუ კომისიას დაემატება წევრები. რეკომენდებულია, თუ ერთ-ერთი წევრი იქნება იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი“, - ასეთია ჰამარბერგის რეკომენდაია.

13 ივლისს ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული კომისიის სხდომაზე, რომელსაც თომას ჰამარბერგიც ესწრებოდა, ინფორმაცია წარმოადგინა მთავარმა პროკურორმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა.

თომას ჰამარბერგი ხელისუფლებას ფარული ჩანაწერების კონფიდენციალურობის დაცვასაც ურჩევს. 
აღნიშნულის თაობაზე იმ რეკომენდაციებშია საუბარი, რომელიც ჰამერბერგმა პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალებთან დაკავშირებით შეიმუშავა.
რეკომენდაციებში ჰამარბერგი საქართველოს მთავრობას 12 რეკომენდაციას აძლევს: 
1. კომისიის მანდატი და შემადგენლობა უნდა განისაზღვროს მთავრობის გადაწყვეტილებით.
2. კომისიამ უნდა განსაზღვროს მისი წევრების როლი, სამუშაო მეთოდები და პრიორიტეტები. რეკომენდებულია, რომ პრიორიტეტი მიენიჭოს ინტიმური პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების, ასევე წამების ამსახველი ჩანაწერების საკითხს. 
3. ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი უნდა იყოს შსს-ში არსებული ვიდეოფაილების არქივის მართვის წესების განსაზღვრა. მასალების კონფიდენციალურობა უნდა იყოს დაცული. ხელმისაწვდომობა უნდა იყოს უკიდურესად შეზღუდული და რეგულირებადი, რათა თავიდან ავიცილოთ ინფორმაციის გაჟონვის რისკი. 
4. კომისია უნდა შეთანხმდეს, რომ კონფიდენციალურობის უფლების დაცვა არის მთავარი და ჩანაწერები, რომლებიც არღვევენ ამ უფლებას, უნდა განადგურდეს. 
5. ვიდეოების განადგურების მომზადების მიზნით და ასევე იმის გასარკვევად, თუ რომელი ნაწილის ამოღება შეიძლება მოხდეს ვიდეოებიდან გამოძიებისათვის, უნდა მოხდეს ამ ვიდეოჩანაწერების სწრაფი და ეფექტური გაანალიზება. 
6. გადახედვის პროცედურები უნდა განისაზღვროს კომისიის მიერ ისე, რომ კონფიდენციალურობა იქნას დაცული. 

7. თუ მასალა მიჩნეული იქნება როგორც აბსოლუტურად მნიშვნელოვანი მტკიცებულება და თუ კონფიდენციალურობის უფლებების დაცვა სრულად იქნება გარანტირებული, შესაძლოა, ჩანაწერები შენახულ იქნას როგორც მაგალითი სასამართლო გამოძიებისათვის, (ხოლო გამოძიების შემდგომ მოხდება მისი 
განადგურება). თუმცა, თუ არსებობს კონფლიქტი კონფიდენციალურობის უფლებებსა და საგამოძიებო ინტერესებს შორის, უპირატესობა უნდა მიენიჭოს კონფიდენციალურობის უფლებას. 
8. უნდა მოხდეს ასევე წამების სცენების ამსახველი ვიდეოების გადახედვა. კონფიდენციალურობა უნდა იქნას დაცული, როგორც მსხვერპლთა ასევე იმ დამნაშავთა, რომელთა ბრალი არ არის დამტკიცებული სათანადო სასამართლო პროცედურებით. 
9. სხვა ჩანაწერების გადახედვა უნდა მოხდეს ჩანაწერების შემდგომი კატეგორიზაციის მიზნით. 
10. კომისია უნდა იყოს უფლებამოსილი მოახდინოს უკანონო ჩანაწერების მსხვერპლთა ინფორმირება. 
11. კომისიის მუშაობა უნდა იყოს გამჭვირვალე გარდა იმ ნაწილისა, რაც ზიანს აყენებს კონფიდენციალურობის პრინციპების ან ხელს უშლის გამოძიებას. კომისამ საზოგადოებისთვის საინტერესო ყველა მისი ნაბიჯი უნდა გაასაჯაროოს. 
12. კომისიამ საბოლოო ანგარიშში დეტალურად უნდა ასახოს თავის საქმიანობა და ასევე წარმოადგინოს რეკომენდაციები იმის შესახებ თუ როგორ უნდა დარეგულირდეს სათვალთვალო ქმედებები მომავალში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ამბობს, რომ დასკვნაში ევროკომისარი ყველა იმ პრობლემას ეხება, რომლის წინაშეც ვდგავართ.

„ის პირდაპირ ამბობს, რომ ნამდვილად სისტემურ დანაშაულს ჰქონდა ადგილი და ის აღარ უნდა განმეორდეს. ამისთვის თომას ჰამერბერგი ფიქრობს, რომ საკანონმდებლო ბაზის გამართვაა მნიშვნელოვანი, რომელიც ახლა განუსაზღვრელ უფლებამოსილებას აძლევს საგამოძიებო ორგანოებს. ეს არის პირველი რეკომენდაცია, რომელსაც ის იძლევა და გვირჩევს, რომ კანონმდებლობა შეიცვალოს და ევროპული სტანდარტების შესაბამისი გახდეს“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის წევრ, კახი კახიშვილს ევროკომისარ თომას ჰამერბერგის რეკომენდაციების ნაწილისგან განსხვავებული მოსაზრება აქვს. როგორც კახიშვილი ამბობს, გამოძიებას სჭირდება მტკიცებულება იმ პირთა ბრალის დასადასტურებლად, ვინც დანაშაულებრივ საქმიანობაში გამოიკვეთება. ეს მასალები სწორედ მტკიცებულებას წარმოადგენს იმ ყოფილი პოლიციელებისთვის ბრალის დასამტკიცებლად, რომლებიც წლების განმავლობაში აგროვებდნენ მოქალაქეების პირად მონაცემებს, რათა შემდგომში მათი დაშანტაჟება მომხდარიყო. ბატონი ჰამერბერგი წერს, რომ ძიება უნდა დაიწყოს, მაგრამ თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, მტკიცებულებები განადგურდეს.

„საუბარია 94 ვიდეოზე და მადლობა ღმერთს, რომ 12 888 მასალის განადგურებაზე აღარ ვლაპარაკობთ, რაზეც თავიდან იყო საუბარი. ევროკომისარი მიიჩნევს, რომ განადგურებამდე მასალები კომისიის წევრებმა და კომისარმა უნდა ნახონ, საჭიროების შემთხვევაში სასამართლოში მოწმეების სახით წარდგნენ და შინაგან საქმეთა სამინისტროში ასეთი მასალების არსებობა დაადასტურონ. მე ვფიქრობ, რომ კომისიის წევრების მიერ ჩანაწერების ნახვას, სჯობს თვითონ ეს მასალა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მტკიცებულების სახით და თუ საჭიროა გრიფი „საიდუმლო“ დაედოს“, - აცხადებს კახიშვილი.

როგორც კახიშვილი ამბობს პასუხი უნდა აგონ იმ ადამიანებმა, ვინც მოქალაქეების საძინებლებში ძვრებოდნენ და კამერებს ამონტაჟებდნენ.

„როცა საუბარია, რომ ამ საკითხის გამოძიება არ შეიძლება, მე მაინტერესებს, კითხეთ თუ არა იმ ადამიანებს, უნდათ თუ არა იმ პირთა დასჯა, რომლებიც მათ საძინებელში შეიჭრნენ. დარწმუნებელი ვარ, ყველა იტყვის, რომ უნდათ გაიგონ ვინ და რა მიზნით ამონტაჟებდა მათ საძიენებელში კამერას“, - აღნიშნა კახი კახიშვილმა.

ჰამერბერგის რეკომენდაციას გამოეხმაურნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები. დეპუტატები თვლიან, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები უნდა განადგურდეს. მათივე განცხადებით, გარკვეულ კითხვებს ის ნაწილი იწვევს, რომლის მიხედვით, შესაძლოა, კომისიის წევრებს ფარული მასალის ნახვა მოუწიოთ. დეუტატებს აინტერესებთ როგორ უნდა მოხდეს გამოძიებისთვის საინტერესო მასალის დიფერენცირება.

„ჩანაწერი, ანუ მასალა რომელიც ასახავს ადამიანთა პირად ცხოვრებას და სასამართლოსთვის არანაირად არაა საინტერესო, რა თქმა უნდა დაუყონებლივ უნდა განადგურდეს. უბრალოდ პრობლემა მდგომარეობს შემდგეგში, რადგანაც არის ფაილები და საკმაოდ დიდი რაოდენობა სახელდება, გარკვევა იმისა, რომელი არ წარმოადგენს სასამართლოსთვის საინტერესო ფაილს და რომელი არის საინტერესო სასამართლოსთვის, ეს ვიღაცამ ხომ უნდა დაადგინოს და ვიღაცამ ხომ უნდა მიიღოს ამაზე გადაწყვეტილება“, - აცხადებს გედევან ფოფხაძე.