ჩატარდება თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები?! ამის შესახებ საზოგადოების ცალკეული წევრები სულ უფრო ხშირად საუბრობენ. მათი აზრით, ამ მოწვევის პარლამენტმაც არ გაამართლა სამართლიანობის აღდგენის მომლოდინე ხალხის იმედები და ისინი არაფრისმომცემი გადაწყვეტილებების მიღებით არიან დაკავებულნი. ასე რომ, ახლანდელი პარლამენტიც კოაბიტაციის ხანგრძლივვადიან პროცესშია ჩართული.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ რეფერენდუმის გამართვის საკითხთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი უკვე შეიქმნა. მისი წევრები არიან ნანა კაკაბაძე, ტატიანა ხოხიაშვილი, ავთანდილ რეხვიაშვილი, გელა ნიკოლაიშვილი და გია ტაბლიაშვილი. მათ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის სახელზე მიმართვა შეიტანეს და სარეფერენდუმოდ გატანილი საკითხის მკაფიო და კონკრეტული ფორმულირებაც წარადგინეს: „გსურთ თუ არა, რომ საქართველოში 2014 წელს ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები?“
მოსალოდნელია თუ არა ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და ხანმოკლე პერიოდის მიუხედავად, გაამართლა თუ არა მოლოდინი ამ მოწვევის პარლამენტმა? ამის შესახებ For.ge ექსპერტებს ესაუბრა.
ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ რეფერენდუმს ეღობება კანონი იმის თაობაზე, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, რისი საშუალებაც დღეს არ გაგვაჩნია. გარდა ამისა, ამ თემაზე მსჯელობა უპრიანი იქნება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რადგან რეალობის შეფასების უკეთესი საშუალება იქნება და უფრო დამაჯერებელი გახდება ვადამდელი არჩევნების აუცილებლობა.
„ვინაიდან რეფერენდუმი პრობლემატური ნაბიჯია და აქაც საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო, ვფიქრობ, უფრო შედეგიანი იქნება, გამოვკითხოთ თავად დღევანდელი პარლამენტარები - ვინ უჭერს მხარს ვადამდელ არჩევნებს. ეს იქნება მკაფიო სურათი, რომელიც დაგვანახებს, თუ ვინ ფიქრობს დემოკრატიულ განვითარებაზე და ვის ეძვირფასება საკუთარი სავარძელი“, - აღნიშნა სოსო ცისკარიშვილმა. ამასთან, განმარტა, რომ დღევანდელი პარლამენტი არ არის ჩვენი საზოგადოების მრავალფეროვნების გამომხატველი.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ არ უნდა დავუჯეროთ მითს, თითქოს, გასული წლის ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები, იმ პერიოდის წინააღმდეგობების გათვალისწინებით, სამართლიანი იყო. უბრალოდ, ახლა მთავარია, შევაფასოთ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები, არის თუ არა ახალი ხელისუფლება მზად გამჭვირვალე, სამართლიანი არჩევნებისთვის. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გავრცელდეს არგუმენტები საზოგადოების გასაგონად, თუ რატომ არის აუცილებელი ქვეყნის წინსვლისთვის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.
სხვა მხრივ, თუკი არ დაველოდებით მოვლენათა განვითარებას საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ეს აღიქმება გარკვეულ ახირებად და არსებობს იმის საფრთხე, რომ მივიღოთ იგივე შედეგი.
ექსპერტი კახა კახიშვილი ადასტურებს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა აუცილებელია, ოღონდ არა ამ საარჩევნო პირობეში. მისი თქმით, სულ სხვა განწყობა აქვს ხალხს და, თუ ვინმე იტყვის, რომ ის ხალხის რჩეულია, რეალურად, ყველამ ვიცით, როგორი არჩეულიცაა ეს პარლამენტი. ამიტომ ამ მოწვევის პარლამენტი, ცხადია, ადეკვატურად ვერ ასახავს მოსახლეობის განწყობას და არც 1-ელ ოქტომბერს ასახავდა ამ რაოდენობით „ნაციონალური მოძრაობის“ წარმოდგენას, როგორი განწყობაც იყო ხალხში. ექსპერტის თქმით, ფაქტობრივად, სპეცნაზი აჯამებდა ოქმებს, წინასაარჩევნო კამპანია კი ყველანაირი დარღვევით წარიმართა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება იქნებოდა ეს, კონტროლის პალატის ჩარევა, ჯარიმების დაწესება, ოპონენტების დევნა თუ სხვა.
„2012 წლის 1-ლი ოქტომბრის არჩევნებისთვის ძირითადი მოწოდება იყო, შუა უნდა გაიკრიფოს. ამიტომ ამომრჩევლები დაიყვნენ ორ კატეგორიად - „მე მინდა მიშა“ და „მე არ მინდა მიშა“. ასეთ ვითარებაში ხელოვნურად მოხდა არჩევნებში ამომრჩევლების ხმების განაწილება. თუმცა, ვფიქრობ, კონტრასტული არჩევნები მაშინ არ იქნებოდა სწორი, რათა მრავალფეროვანი პოლიტიკური პარტიების გამო ხმები არ გახლეჩილიყო. არც ის არის სწორი, რომ ორი პოლიტიკური ფიგურა იყოს წარმოდგენილი. ჩვენ არასტაბილური უმრავლესობა გვყავს პარლამენტში და ვიცით, რომ ადრე თუ გვიან დაიშლებიან. 60 რომ დაიშალოს და დაგვრჩეს 40, რომელიც არ იშლება, როგორ ფიქრობთ, შემდგომში ვინ აღმოჩნდება უმრავლესობაში?! ამიტომაც, ყველა შემთხვევაში, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ფარული ალიანსები შეიქმნება, რადგან პოლიტიკაში ფული ბევრ რამეს წყვეტს“, - აცხადებს კახა კახიშვილი.
ექსპერტი ვანო მაჭავარიანი ფიქრობს, რომ ნებისმიერი საინიციატივო ჯგუფის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის უფლებაა, გამოხატოს საკუთარი აზრი ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით. მეტიც, ამ ადამიანებს აქვთ საკუთარი დღის წესრიგი და პოლიტიკური მიზნები და, როგორც ჩანს, ისინი უკმაყოფილონი არიან პოლიტიკოსებით. ამდენად, ექსპერტის აზრით, ამ ჯგუფს ცალსახად ძალიან ვიწრო ინტერესი აქვს და არ არის გასაკვირი, რომ მსგავსი მოთხოვნით გამოვიდნენ.
თუმცა, ვანო მაჭავარიანის აზრით, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ვადა იმიტომ არის განსაზღვრული, რომ ქვეყანა პოლიტიკურად სტაბილური იყოს. შესაბამისად, ყოველ რვა თვეში ერთხელ ვერ ჩატარდება არჩევნები იმის მიხედვით, თუ როგორ იცვლება საზოგადოების განწყობა. ასე რომ იყოს, ჩვენ ვიქნებოდით არასტაბილური პოლიტიკური სისტემის მქონე ერი, სადაც არადემოკრატიული მეთოდებითაც შეიძლება, მთავრობა ან პარლამენტი გადაყენებულ იქნას.
„ამიტომ ეს არასერიოზულია და უფრო ვაჭრობის ერთ-ერთი ინსტრუმენტია ნანა კაკაბაძის და სხვების ხელში, რათა ახალი მთავრობისგან მეტი მიიღონ, ვიდრე ახალი მთავრობა მზად არის, ამ ეტაპზე, ქვეყნის სტაბილურობიდან გამომდინარე, რაიმე მოიმოქმედოს - იქნება ეს კოაბიტაცია, სამართლიანობის აღდგენა თუ დასავლეთთან დაახლოება. არა მგონია, ამ საინიციატივო ჯგუფის აზრი ცალსახად განსაზღვრავდეს საზოგადოებრივ განწყობას, რადგან შიდა გამოკითხვებითაც ჩანს, რომ ხალხს ჯერ კიდევ აქვს მიცემული კრედიტი ახალი ხელისულებისთვის დაპირებების შესასრულებლად. ამიტომ, მოსახლეობა ამ იდეას მხარს არ დაუჭერს“, - მიიჩნევს ვანო მაჭავარიანი.
გაამართლა თუ არა ამ მოწვევის პარლამენტმა მოსახლეობის იმედები, ამის შესახებ ექსპერტი ფიქრობს, რომ ჯერ ძალიან მოკლე ვადაა გასული და ერთი წლის შემდეგ ამის შესახებ მსჯელობა უკეთ შეგვეძლება.
„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფს აქვს რეფერენდუმის მოთხოვნის უფლება. ამიტომ, მათ კანონის შესაბამისად, მიმართეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ამის მიუხედავად, ნანა კაკაბაძე არ გამორიცხავს, რომ კანონის გვერდის ავლით მათ უარი უთხრან რეფერენდუმთან დაკავშირებით. ასეთ შემთხვევაში, ამოქმედდება მეორე ფორმატი.
„კერძოდ, ჩვენ პრეზიდენტობის კანდიდატებს ვთხოვეთ, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რამდენადაც, არჩევის შემთხვევაში, გამარჯვებულ პრეზიდენტს 30 დღეში აქვს რეფერენდუმის დანიშვნის უფლება. როდესაც მომავალ პრეზიდენტს ეცოდინება, რომ ეს არის საზოგადოების დაკვეთა, იგი შეასრულებს ამ დაკვეთას და ჩატარდება ვადამდელი არჩევნები. რომელი საპრეზიდენტო კანდიდატიც ამას მხარს არ დაუჭერს, ჩვენ დავიწყებთ კამპანიას, რათა ამ კანდიდატს ხალხმა მხარი არ დაუჭიროს. ამიტომ დაგვარეგისტრირებენ თუ არა, მაინც ვაპირებთ ხელმოწერების შეგროვებას“, - გვითხრა ნანა კაკაბაძემ.
მისივე თქმით, ნაციონალების 40 %-ს უზურპირებული აქვს ძალაუფლება და გაყალბების გზით არიან მოხვედრილნი პარლამენტში. საპარლამენტო უმრავლესობამ კი ვერ შეასრულა საზოგადოების მთავარი დაკვეთა, რომ შეეფასებინა რეჟიმი და პოლიტიკისთვის ჩამოეშორებინა დღესაც თანამდებობაზე მყოფი დამნაშავე ადამიანები.
ცნობისთვის, რეფერენდუმზე ამ საკითხის გატანას 200 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერა სჭირდება.