მარიკა ვერულაშვილი ახალ ფრაქციას ქმნის

მარიკა ვერულაშვილი ახალ ფრაქციას ქმნის

ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარიკა ვერულაშვილმა შესაძლოა, ფრაქცია შექმნას. სავარაუდოდ, ფრაქციაში გაერთიანდებიან უმცირესობიდან წამოსული მაჟორიტარები, ფრაქციის თავმჯდომარის პოსტზე კი სწორედ მარიკა ვერულაშვილი მოიაზრება.

რაც შეეხება ახალი ფრაქციის წევრებს, როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე წევრებად მოიაზრებიან იაშა შერვაშიძე, გოჩა ენუქიძე, გურამ მისაბიშვილი, ანზორ ბოლქვაძე და გიორგი ფეიქრიშვილი. 

ჩვენ შევეცადეთ, დავკავშირებოდით მარიკა ვერულაშვილს და ახალი ფრაქციის სავარაუდო წევრებს, თუმცა გიორგი ფეიქრიშვილის გარდა, ტელეფონს არცერთმა არ უპასუხა.

ფაქტია, რომ დამოუკიდებელი დეპუტატების მხრიდან ახალი ფრაქციის შექმნის მოლოდინი ისედაც არსებობდა, თუმცა ისინი კარგა ხანს ტაიმ-აუტს ინარჩუნებდნენ. ამდენად, საინტერესოა, ახალი ფრაქციის შექმნა რამდენად აისახება ქართულ პოლიტიკაზე, გადანაწილდება თუ არა ხმები „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ და, ზოგადად, ამიერიდან როგორი იქნება ძალთა ბალანსი ამ მოწვევის პარლამენტში?! 

ამის შესახებ For.ge ექსპერტებს ესაუბრა.

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ, შეიძლება ითქვას, დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ახალი ფრაქციის შექმნა დააგვიანეს კიდეც, მაგრამ  ამ ფრაქციის შექმნა მოსალოდნელი იყო და მის ჩამოყალიბებაში გასაკვირი არაფერია. ექსპერტის თქმით, იმთავითვე გასაგები იყო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებიდან წამოსვლა უკვე ნიშნავდა გამიჯვნას ნაცმოძრაობასთან, თუმცა ვახტანგ ძაბირაძე იმასაც დასძენს, რომ, სიმართლე არც ის იქნება, რომ ეს ფრაქცია „ქართული ოცნების“ უპირობო მხარდამჭერი იქნება.

მეტიც, ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ისინი რაღაც ეტაპზე შეინარჩუნებენ დამოუკიდებლობას, თუმცა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ქვეყნისთვის პრიორიტეტულია და არა - „ქართული ოცნებისთვის“, იქნებიან უპირობოდ მხარდამჭერნი „ქართული ოცნების“.

ამასთან, ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ, ბუნებრივია, „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ ძალთა ასეთი განლაგება და გადანაწილება ხელს აძლევს, ვინაიდან წინ არის საკონსტიუტუციო ცვლილებები. ამიტომ საამისოდ ფრაქციის შექმნა ერთ-ერთი ნაბიჯია.

„შესაძლოა, „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰყავდეს, მაგრამ ასეთი დამოუკიდებელი ფრაქციების მხარდაჭერით მან შექმნას საკონსტიტუციო უმრავლესობა. ისეთი საკონსტიტიციო საკითხი, როგორიცაა თბილისში პარლამენტის გადმოტანა, ალბათ, უპრობლემო იქნება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ასე რომ, ძალთა ასეთი განლაგება ხელს აძლევს „ქართულ ოცნებას“, მაგრამ არც ის მგონია, თუ ეს ფრაქცია არ შეიქმნებოდა, რომელიმე მათგანისგან პერსონალურად შეექმნებოდა „ოცნებას“ რაიმე წინააღმდეგობა, როცა საჭირო იქნებოდა მათი ინიციატივის მხარდაჭერა. ასე რომ, ამით უფრო მეტს იღებენ თვითონ აღნიშნული ფრაქციის წარმომადგენლები, ვიდრე - „ქართული ოცნება“, - განმარტავს ვახტანგ ძაბირაძე.

ამასთან, ფიქრობს, რომ უმცირესობიდან დეპუტატების წამოსვლის პროცესი უფრო მოსალოდნელი იქნება საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში. უფრო მეტიც, საკმაოდ სერიოზული გადაჯგუფება მოხდება არჩევნების შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობაში“.

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული დეპუტატები, სავარაუდოდ, ისედაც ხმას აძლევდნენ „ქართულ ოცნებას“. ამდენად, თუკი იგივე დეპუტატები გადავლენ ახალ ფრაქციაში, რომლებიც უკვე ადრევე გამოეყვნენ „ნაციონალურ მოძრაობას“, მაშინ ცვლილებებზე საუბარი ზედმეტია.

„თავად მაჟორიტართა სერიოზული ნაწილი ჯერ კიდევ საპარლამენტო საქმიანობის დაწყებისას აცხადებდა მზაობას, რომ ყოფილიყვნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერნი, ოღონდ არავის აძლევდნენ გარანტიას, რომ მხარს დაუჭერდნენ პრეზიდენტის იმპიჩმენტს. ასეთი საუბრები იყო და დეპუტატების დღევანდელი  გადაადგილება საინტერესოა მხოლოდ ქალბატონ ვერულაშვილის ნაბიჯის შესაფასებლად“, - მიიჩნევს სოსო ცისკარიშვილი.

ჩვენ დავუკავშირდით ახალი ფრაქციის სავარაუდო წევრს - ანზორ ბოლქვაძეს, თუმცა ის  აგრესიული იყო და მხოლოდ იმის თქმით შემოიფარგლა, რომ არ მოგვცემდა კომენტარს, ხოლო, რაც მოხდებოდა, დაიბეჭდებოდა და ისედაც, თურმე, გავიგებდით გაზეთებით.

For.ge ახალი ფრაქციის მეორე სავარაუდო წევრს - გიორგი ფექრივილსაც ესაუბრა. მან აღნიშნა, რომ მოვლენებს წინ არ გაუსწრებდა, თუმცა ვერც დაგვიდასტურებდა და ვერც უარყოფდა ამ ინფორმაციას.

„თუ შეიქმნება ფრაქცია, ეს ინფორმაცია დამალული არ იქნება. ფაქტია, რომ ვინც დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატები ვართ, ისინი ერთმანეთთან ვმეგობრობთ და, ცხადია, თუ გადაწყდება, ერთ ფრაქციასაც შევქმნით“.

ჩვენ დავინტერესდით, იქნებოდა თუ არა  ფრაქციის თავმჯდომარე მარიკა ვერულაშვილი, რაზეც გიორგი ფეიქრიშვილმა აღნიშნა, რომ მას ამასთან დაკავშირებით პრეტეზია არ აქვს და, ვინც უნდა იყოს თავმჯდომარე, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს.

იქნება თუ არა ახალი ფრაქცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, ამის შესახებ გიორგი ფეიქრიშვილმა დაადასტურა, რომ, რა თქმა უნდა, ისინი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იქნებიან.