ბელარუსის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვრის სიახლოვეს საბრძოლო მზადყოფნაში რჩება რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი საჯარისო დაჯგუფებისა და ნაწილობრივი მობილიზაციით გაწვეული 11 ათასამდე რუსი ჯარისკაცი. ეს ციფრი ყოველდღიურად იცვლება, ვინაიდან ახლა რუსეთის ქვედანაყოფების როტაცია ხდება, კერძოდ კი მეორე მოტომსროლელი დივიზია მეექვსე მოტომსროლელთა დივიზიამ ჩაანაცვლა.
როტაციის პარალელურად, უკრაინის საზღვართან დაჯგუფების ზრდა არ შეინიშნება. პარალელურად, უკრაინელი სამხედროები და მესაზღვრეები განაგრძობენ ბელარუსთან საზღვრის გაძლიერებას. გარდა ამისა, იწყება რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი წვრთნები, რომელიც 1-ელ თებერვლამდე გაგრძელდება. ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, წვრთნები, რომელიც მისი საჰაერო ძალები რუსეთთან ერთად დაიწყეს, თავდაცვითი ხასიათისაა, რომლის მიზანია, ბელარუსი-რუსეთის ავიაციის მოსამზადებლად შესაბამისი საბრძოლო დავალების შესრულება. უწყების განმარტებით, წვრთნები მოიცავს მომზადებას საჰაერო დაზვერვისთვის, მნიშვნელოვანი ობიექტების საჰაერო დაცვისა და კომუნიკაციებისთვის.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლები ინდივიდუალურ საუბრებს აწარმოებენ ბელარუს სამხედროებთან. დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ცდილობს ბელარუსი სამხედროები უკრაინასთან ომში ჩართოს და სანაცვლოდ, ფინანსურ დაზღვევას და რუსეთის სამხედრო უნივერსიტეტებში განათლებას პირდება.
თუმცა, ანალიტიკოსებს ნაკლებად სავარაუდოდ მიაჩნიათ, რომ მოსკოვი შეძლებს მინსკის ჩართვას უკრაინის წინააღმდეგ პირდაპირ საომარ მოქმედებებში, რადგან, გარდა იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება უკიდურესად დაასუსტებს ლუკაშენკოს, ვერც ბელარუსის არმია, მისი რიცხოვნობიდან გამომდინარე, ვერ მიაღწევს მნიშვნელოვან წარმატებებს.
პოლიტილოგ სოსო მანჯავიძის განცხადებით, ბელარუსი არის ერთიანი სამოკავშირეო სახელმწიფო და ბუნებრივია, რომ ყველანაირ დახმარებას უწევს რუსეთს, რაზეც განცხადება გააკეთა თვითონ ბელარუსის პრეზიიდენტმა, თუმცა მანჯავიძის თქმით, ბელარუსის ჩართვა ომში, ეს იქნებოდა კონფლიქტის პირდაპირი ნაციონალიზაცია.
„რუსეთი ჯერ კიდევ არ აღიარებს, რომ ეს ომია და ეძახიან სპეცოპერაციას, თუმცა რა სპეცოპერაცია არის, როდესაც 1000 კილომეტრიან ფრონტზე მიდის ომი და ჩართულია მთელი რუსეთის და უკრაინის არმია. ორ ქვეყნის შორის მიდის სამხედრო დაპირისპირება. მხარეებად არის დაყოფილი მსოფლიო, ზოგი იარაღს აწვდის, ზოგი მხარს უჭერს, ზოგი ნეიტრალურ პოზიიციაზეა. მაგრამ პირდპირი ჩართვა რომელიმე სხვა სახლმწიფოსი ჯერ-ჯერობით არ არის.
შესაბამისად, ბელარუსის ასეთი პოზიცია, რომ იგი მაქსიმალურად მხარს უჭერს რუსეთს, გასაგებია. ლუკაშენკოს მშვენივრად ესმის, რომ რუსეთის დამარცხების შემდეგ მათ მომავალი არ აქვთ. აქედან გამომდინარე, ბელარუსი მაქსიმალურად მხარს უჭერს, მაგრამ თვითონ პირდაპირ არ ერთვება ომში“, - აცხადებს სოსო მანჯავიძე.
რაც შეეხება იმას, რა შეიძლება გახდეს ბელარუსის უშუალო ჩართულობის მიზეზი, მანჯავიძის შეფასებით, ეს შეიძლება იყოს ნატოს ქვეყნების უფრო მეტი მონაწილეობა, ასევე, ინტესიფიკაცია მძიმე შეტევითი შეიარაღების, რომლის შესახებ ღიად საუბრობენ. როგორც მანჯავიძე ამბობს, კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში, შეიძლება საბრძოლო მოქმედებები დაირღვეს, მაგრამ ვინ დაარღვევს და რა იქნება ამის მიზეზი, ჯერ-ჯერობით არავის არ შეუძლია ამის თქმა.
„ანუ, მხარეები ერთმანეთს უყურებენ, თუმცა ემზადებიან. ის, რომ ბელარუსიდან შეიძლება განხორციელდეს შეტავა კიევზე, ლვოვზე, ან სადესანტო დიდი ოპერაციის მეშვეობით ოდესის მიმართულებით და იქიდან გასვლა დნესტრისპირეთისკენ, ეს შესაძლებელია. ლვოვი არის ძირითადი ლოჯისტიკური ცენტრი, სადაც მოედინება დახმარება დასავლეთიდან. გეგმა, რომ გადაჭრან დახმარების ეს ხაზები, ბუნებრივია, მომხიბვლელად ეჩვენება რუსეთის გენშტაბს.
გერასიმოვის დანიშვნა, რომელიც ასეთი სტრატეგიული გეგმების შედგენით არის ცნობილი, სწორედ ამას შეიძლება მოასწავებდეს. ამავე დროს, ყურადღება ექცევა იმას, რომ ძალიან სერიოზული ინტენსიფიკაცია ხდება რუსეთის მთავრობაში. მიმდინარეობს განუწყვეტელი თათბირები და შეხვედრები, ვიზიტები ბელარუსში და ირანში. ამ ვიზიტების სპეციფიკა მოასწავებს იმას, რომ რუსეთი ემზადება ფართომასშტაბიანი კამპანიისათვის. ცხადია, რუსეთის ამ გეგმების შესახებ კარგად არიან ინფორმირებული დასავლეთში. სწორედ ამასთან არის დაკავშირებული გააქტიურებული სამხედრო დახმარება და თვისობრივად ახალი იარაღის მიწოდება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.
რამდენად შეიძლება ბელარუსი ჩაერთოს ოფიციალურად ომში და რა გავლენას მოხადენს - დიპლომატი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ამბობს, რომ გააჩნია რაზე იქნება საუბარი. თუმცა, გააკეთებს ამას რუსეთი, თუ არა, დიდი მნიშვნელობა არ ექნება, საბოლოოდ უკრაინის გატეხვას რუსეთი ვერ შეძლებს.
„ბელარუსის არმია დამოუკიდებლად ამ ფრონტზე ბრძოლას ვერ შეძლებს და არც აპირებს. რაც შეეხება ბელარუსის ტერიტორიის გამოყენებას, ეს უკვე ფაქტია დიდი ხანია ასეა. ამ ტერიტორიიდან რუსეთი სარაკეტო დარტყმებსაც აყენებდა უკრაინას, ამ ტერიტორიაზე რუსეთის ჯარებს ზურგის სამსახურიც აქვთ გაშლილი და ამაზე მეტი რა უნდა გააკეთოს მეზობელმა ქვეყანამ. თუკი დაისმება საკითხი ასე - შეიძლება თუ არა რუსეთმა გამოიყენოს ბელარუსი? - ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, - კი. მაგრამ, ბელარუსი შეეცდება ყველაფერი გააკეთოს, რათა დამოუკიდებელი მოთამაშის სახით არ ჩაერთოს ამ საომარ მოქმედებებში საერთაშორისო რეაქციის შიშით. ლუკაშენკოს არ სურს, რომ მას პუტინივით აგრესორის და მეზობელ სახელმწიფოზე თავდასხმის მონაწილის სახელი ჰქონდეს. თუმცა, უნდა თუ არა, ასეთი სახელი უკვე აქვს. იმიტომ, რომ იგი გახლავთ რუსეთის აგრესიის თანამონაწილე“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილმა.
სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია გამორიცხავს, რომ ბელარუსმა ამ ავანტურაში მიიღოს მონაწილეობა. მისი თქმით, რუსეთს ამ რესურსის გამოყენება უნდა, მაგრამ ნაკლებად უნდა ბელარუსს.
„პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ამ მიმართულებით, ალბათ, სიტუაცია არ შეიცვლება. ამ ეტაპზე ნაკლებად ვვარაუდობ, რომ ბელარუსი ომში პირდაპირ ჩაერთოს. ამის ალბათობა არც თუ ისე მაღალია. რაც შეეხება 11 ათასი სამხედროს მობილიზაციას, ეს შეიძლება უბრალოდ იყოს ერთგვარი მანევრი, ერთგავრი სატყუარა თვითონ უკრაინელებისთვისაც, რომ იყვნენ მუდმივ შიშში. შიშის ეფექტზეა საუბარი“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.