ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით თომას ჰამერბერგის დასკვნა უკვე არსებობს. საქართველოს მთავრობისთვის სამართლებრივ–კონსტიტუციური რეფორმებისა და ადამიანის უფლებების სფეროში ევროკავშირის სპეციალური მრჩევლის თომას ჰამერბერგის დასკვნა ეხება იმ ფარულ ჩანაწერებს, რომლებიც წინა ხელისუფლების პერიოდში არის შექმნილი და რომელთა გარკვეული ნაწილი ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას შეიცავს.
შეგახსენებთ, 17 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სამეგრელოში იარაღისა და საბრძოლო მასალის სამალავი იპოვეს, სადაც ასევე დიდი ოდენობით ფარული ვიდეო-ჩანაწერებიც აღმოჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაშინ 12 888 ასეთი ფაილი იყო ნაპოვნი, თუმცა მოგვიანებით ეს რიცხვი გაიზარდა და დღეის მდგომარეობით მათ რაოდენობა უკვე 24 000-ს შეადგენს.
„მოპოვებული ფაილების რაოდენობა დათვლის შედეგად 24 ათასამდე გაიზრდა, ეს მოიცავს ფარული ვიდეო, აუდიო, ფოტო და დოკუმენტური მასალას. არ არის გამორიცხული ეს ციფრი კიდევ გაიზარდოს“, - ამბობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნინო გიორგობიანი.
როგორც კი ფარული ჩანაწერების შესახებ ინფორმაცია გახდა ცნობილი, არასამთავრობო სექტორმა ამ ფაილების განადგურება მოითხოვა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციაც თავიდანვე იყო ის, რომ ეს მასალები უნდა გადანდგურებულიყო. ფარული ჩანაწერების განადგურების მონიტორინგისთვის სპეციალური კომისიაც შეიქმნა, რომლის შემადგენლობაც შემდეგნაირად განისაზღვრა - მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის დირექტორი კახი კახიშვილი, გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში, კომისიის ხელმძღვანელი კი შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილია.
კომისიის წევრთა უმრავლესობა ჩანაწერების განადგურებას მოითხოვდა, მხოლოდ კახი კახიშვილი ამბობდა, რომ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ჯერ გამოძიება უნდა ჩატარდეს და შემდეგ მოხდეს მათი განადგურება. კახიშვილი დღესაც ამ პოზიციაზე რჩება და ამბობს, რომ აუცილებელია ამ ვიდეოფირებზე აღბეჭდილმა ადამიანებმა იცოდნენ, ვინ და რატომ უთვალთვალებდა, გამოძიებამ კი აუცილებლად უნდა დაკითხოს ისინი და გაარკვიოს, ფარული ჩანაწერებით შანტაჟის გზით ხომ არ მოხდა ვინმეს დანაშაულის ჩადენაზე იძულება და ა.შ.
რაც შეეხება თომას ჰამერბერგის დასკვნას, მასში წერია, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფაილები უნდა განადგურდეს, თუმცა ამასთან დაკავშირებით მას გარკვეული რეკომენდაციაც აქვს საქართველოს ხელისუფლებისთვის.
კახი კახიშვილი ამბობს, რომ ეს უფრო პოლიტიკური რეკომენდაციაა, ვიდრე სამართლებრივი.
„რა თქმა უნდა, დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ ბატონ ჰამერბერგს, რომ შეწუხდა და რაღაც ტიპის რეკომენდაციებიც გამოაგზავნა, მაგრამ ჩვენთან ეს საკითხები სისხლის სამართლის კანონმდებლობით რეგულირდება. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არეგულირებს მტკიცებულებების განადგურების საკითხს. თომას ჰამერბერგი აცხადებს, რომ გამოძიება აუცილებლად უნდა ჩატარტდეს, აუცილებლად უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც ამას აკეთებდა, მაგრამ აქვე ამბობს, იქნებ მტკიცებულებები, რომლებიც პირად ცხოვრებას შეეხება, განადგურდეს, თუმცა კომისიის წევრებმა ჯერ ნახოთ ეს ჩანაწერები, რათა შემდგომში სასამართლო პროცესზე მოწმედ გამოხვიდეთ და თქვათ, ამ ჩანაწერებში ვინ და რა ფორმით არის ასახული“, - აცხადებს კახი კახიშვილი.
მისი თქმით, ჰამერბერგი ცალსახად აცხადებს, რომ გამოძიება აუცილებლად უნდა ჩატარდეს ყველა ტიპის ფარულ ჩანაწერებზე, თუმცა პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებთან დაკავშირებით ასეთი კონკრეტული რეკომენდაცია აქვს. თუმცა კახიშვილი მიიჩნევს, რომ არ არის მიზანშეწონილი კომისიის წევრებმა კონკრეტული პირების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები ნახონ ე.წ. „დაშტრიხვის“ გარეშე, მისი აზრით, უმჯობესია ეს ყველაფერი შეისწავლოს ერთმა კონკრეტულმა გამომძიებელმა, რომელიც ამ საქმეს იძიებს და თავად მიიღოს გადაწყვეტილებები სამართლებრივ რეაგირებასთან დაკავშირებით. ექსპერტის თქმით, ჰამერბერგის დასკვნაში წერია, რომ იმ 94 ფაილიდან, რომლებიც პირად ცხოვრების ამსახველ კადრებს შეიცავს, ერთი იქნეს შენახული, თუმცა კახიშვილისთვის გაუგებარია, რის მიხედვით უნდა იქნეს ეს ერთი ფაილი შერჩეული.
„აღსანიშნავია, რომ ჰამერბერგი ტელეფონით ესაუბრა ვენეციის კომისიის ერთ-ერთ წევრს. ამდენად, ეს არის არა ვენეციის კომისიის დასკვნა, არამედ მისი ერთ-ერთი წევრის დასკვნა. ვენეციის კომისიის წევრი კი არის გიორგი პაპუაშვილიც და ბარემ მისთვისაც ხომ არ გვეკითხა აზრი? მოგეხსენებათ, ჰამერბერგი იურისტი არ არის და ჩემი აზრით, მან თავისი პოლიტიკური გამოცდილებიდან გამომდინარე მოგვაწოდა კონკრეტული რეკომენდაციები, რისთვისაც მისი მადლობლები ვართ, მაგრამ მე ვრჩები ჩემს პოზიციაზე, რომ მტკიცებულებების განადგურება - არგანადგურების საკითხები საპროცესო კანონმდებლობამ უნდა გადაწყვიტოს“, - აღნიშნავს კახიშვილი.
მისი თქმით, თუკი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები ისე განადგურდება, რომ არ დადგინდება ვინ, ვისი დავალებით და რა მიზნით უთვალთვალებდა ამ ადამიანებს, საძინებლებში დაუმონტაჟა მათ ფარული ვიდეო-კამერები, რა თქმა უნდა, ამ ფირებზე ამსახველ ადამიანებს ხელისუფლების მიმართ ექნებათ პრეტენზია. ამასთანავე, კახიშვილის თქმით, გამოძიებამ უნდა დაკითხოს ეს ადამიანები, ვინც ამ კადრებზეა ასახული და ჰკითხოს მათ, ამ ჩანაწერების გამოქვეყნების მუქარით რაიმე სახის ზეწოლა ხომ არ ყოფილა მათზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, თუ ასეთს ადგილი ჰქონდა, კონკრეტულად ვინ იყო ამ ადამიანებთან კონტაქტზე, რას ითხოვდა და რაიმე დანაშაულში ხომ არ იყვნენ ეს ადამიანები ჩათრეულები.
კახი კახიშვილის თქმით, დავა არის იმაზე, უნდა განადგურდეს თუ არა უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერები. ექსპერტი ამბობს, რომ როდესაც პოლიციელი მტკიცებულებას უკანონოდ მოიპოვებს, არ შეიძლება ეს მტკიცებულება საქმეზე იყოს დართული, მაგრამ როდესაც ეს მტკიცებულებები ნაპოვნია იმ ადგილას, სადაც ეს მასალა დანაშაულის კვალია, ასეთ საკითხს საპროცესო კანონმდებლობა არეგულირებს. კახიშვილის თქმით, ვინაიდან ეს მასალები არის ასლები, გამოძიებამ ისიც უნდა გამოიკვლიოს, ვინ გამოიტანა ეს ჩანაწერები, ვის მიერ არის ეს მასალები შექმნილი და შესაბამისად, სად და ვისთან ინახება დედნები. სხვანაირად, შეუძლებელი იქნება ამ დანაშაულში მონაწილე პირთა დადგენა და კანონის შესაბამისად დასჯა. ასევე, როდესაც საუბარია იმაზე, რომ ჩანაწერების გარკვეული ნაწილი სხვადასხვა სასტუმროებშია გადაღებული, ექსპერტი თვლის, რომ აუცილებლად უნდა დადგინდეს, ვინ დაამონტაჟა ფარული კამერები სასტუმროებში და ვინ მისცა მათ ამის საშუალება, რათა ამ ადამიანებმაც კანონის წინაშე აგონ პასუხი.
ფარული ჩანაწერების განადგურებაზე მონიტორინგის ჯგუფის კიდევ ერთი წევრი, გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი, ლაშა ტუღუში აცხადებს, რომ ჰამერბერგის დასკვნის თანახმად, ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები უნდა განადგურდეს და გარდა ამისა, ჰამერბერგს აქვს კონკრეტული რეკომენდაციებიც, რომლებიც ეხება მაგალითად ე.წ. „ყუთების“ საკითხს, ანუ მობილური ოპერატორებისგან შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაქაჩულ ჩანაწერებს, რომლებიც იქ წლების განმავლობაში გროვდებოდა.
„ჰამერბერგი ამბობს, რომ მსგავსი პრობლემები არსებობს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც და ეს საკითხი უნდა დარეგულირდეს. რაც შეეხება პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს, ჰამერბერგი ამბობს, რომ ეს ფაილები უნდა განადგურდეს, თუმცა აღნიშნავს, რომ გამოძიების ინტერესიც ლეგიტიმურია, რომ ეს მასალები უნდა აღირიცხოს და გამოძიებაც უნდა ჩატარდეს“, - ამბობს ლაშა ტუღუში.
იგი აღნიშნავს, რომ ვინაიდან შეთანხმება იყო მიღწეული, რომ ფაილები უნდა განადგურდეს, ეს ასეც უნდა მოხდეს, მით უმეტეს, რომ ჰამერბერგის დასკვნაც ამას ამბობს.