დავით ზურაბიშვილმა და ალუდა გოგლიჩიძემ, შესაძლოა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის პოსტები დატოვონ.
როგორც for.ge-ს საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე, რომელიც ცოტა ხნის წინ, თავადაც გიორგი მარგველაშვილის მოადგილე იყო, აღნიშნულ თანანმდებობებზე დავით ზურაბიშვილისა და ალუდა გოგლიჩიძის დანიშვნას აღარ აპირებს.
სანდო წყაროს ინფორმაციით, განათლების მინისტრმა მოითხოვა, რომ საკუთარი მოადგილეები თავად შეარჩიოს და პოსტებზე ისინი საკუთარი ნება-სურვილით წარადგინოს.
„სანიკიძემ თქვა, რადგან მინისტრი ვარ, უფლება მომეცით მოადგილები თავად შევარჩიო“, - განუცხადა for.ge-ს უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა კულუარულ საუბარში.
განათლების მინისტრის მოადგილის პოსტს ისევ დაიკავებს თუ არა დავით ზურაბიშვილი, ამის შესახებ ინფორმაციას ის თავადაც არ ფლობს და for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ამ დღეებში ყველაფერი გაირკვევა.
„კანონის მიხედვით, ახალი მინისტრის მოსვლის შემდეგ, თანანმდებობიდან მოადგილეები უნდა გათავისუფლებულიყვნენ და ასეც მოხდა, თუმცა, სანიკიძე ამ პოსტებზე იგივე ხალხს წარგვადგენს თუ სხვას, ეს ორშაბათამდე გაირკვევა“, - განუცხადა for.ge-ს ზურაბიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ მინისტრის პირველი მოადგილის თანანმდებობაზე მხოლოდ ქეთევან ნატრიაშვილი დარჩა, რომელიც წლების განმავლობაში, თამარ სანიკიძის მსგავსად, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში აგრარული განვითარების პროგრამის ფინანსური მენეჯერის პოსტზე მუშაობდა.
კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის ყოფილი მოადგილეები დაბრუნდებიან თუ არა განათლების უწყებაში, ეს ცნობილი მომავალ კვირას გახდება, მაგრამ საგულისხმოა ის, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე მინისტრის მოადგილედ მითითებული მხოლოდ ქეთევან ნატრიაშვილია.
შეგახსენებთ, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანანმდებობაზე გიორგი მარგველაშვილი თამარ სანიკიძემ დაახლოებით ორი კვირის წინ ჩაანაცვლა, რომლის გამინისტრების თაობაზე for.ge დაახლოებით ორი თვის წინ წერდა.
რაც შეეხება იმას, დავით ზურაბიშვილი თუ სად გააგრძელებს საქმიანობას, ეს ამ დრომდე გაურკვეველი რჩება და რესპუბლიკელი მოვლენების განვითარებას ელის.