საბრძოლო მოქმედებების დროს დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურეები რეგიონალური და ეროვნული მასშტაბის სპორტულ შეჯიბრებებში მიიღებენ მონაწილეობას. ამ მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ეროვნულ პარაოლიმპიურ კომიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დღეს გააფორმა. დოკუმენტს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და კომიტეტის პრეზიდენტმა ლელა აფციაურმა მოაწერეს.
მემორანდუმის საფუძველზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სამხედროებისთვის სპორტული კლუბების გახსნა და სავარჯიშო პირობების შექმნა იგეგმება. თავდაცვის სამინისტრო პარაოლიმპიურ კომიტეტთან ერთად, სამხედრო მოსამსახურეებისთვის სპორტული ღონისძიებების განსახორციელებლად გეგმებს პერიოდულად შეიმუშავებს.
მემორანდუმის პირობებისა და მის ფარგლებში განსახორციელებელი სპორტული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურეებმა პარაოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობისგანაც მიიღეს.
„საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სამხედრო მოსამსახურეების დასაქმება, რეაბილიტაცია და საზოგადოების სრულფასოვან წევრებად მათი დაბრუნება უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენს პარტნიორებთან ერთად საქართველოში სარეაბილიტაციო ცენტრი იქმნება. გარდა ამისა, ჩვენ ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სპეციალური პროგრამა შევიმუშავეთ, სადაც მათი დასაქმების პროგრამა დაიწყო. მოხარული ვარ, რომ მემორანდუმი გავაფორმეთ პარაოლიმპიურ კომიტეტთან ერთად. დარწმუნებული ვარ, რომ მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, ჩვენი სამხედროები - პარაოლიმპიელები ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევენ იმიტომ, რომ ბოლომდე ბრძოლის უნარი ჩვენ სისხლში და გენში გვაქვს. ჩვენი სამხედროებისგან დიდი წარმატებების იმედი გვაქვს“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა მემორანდუმის გაფორმების შემდეგ.
როგორც პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლელა აფციაურმა აღნიშნა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სამხედრო მოსამსახურეების სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში ჩართვა ხელს შეუწყობს მათ საზოგადოებაში ინტეგრირებას, სოციალურ ადაპტაციასა და რეინტეგრაციას.
ხელმოწერის ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი პირები, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი დაესწრნენ.